MAC Georgia-ს და Chai Khana-ს მოკლე ფილმების კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ
დედლაინი
ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2024
დღე
საათი
წუთი
წამი
MAC Georgia და Chai Khana მოკლე ფილმების ერთობლივ კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური კინოს რეჟისორებს. კონკურსი ეძებს გამორჩეულ ისტორიებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრებას გვაზიარებს. კონკურსის მთავარი მიზანია, შშმ ადამიანების ყოველდღიურობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლოს და შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრების რეალობა ასახოს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსი ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, პროფესიონალი თუ მოყვარული რეჟისორებისთვის, მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შშმ ადამიანების ისტორიები კინემატოგრაფიული და შემოქმედებითი გზით გადმოსცეს. კონკურსი მონაწილეობისთვის არ აწესებს ასაკობრივ შეზღუდვას; ამასთანავე, ერთ მონაწილეს რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნის უფლება აქვს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, თუ შემოქმედებითი ჯგუფის ერთი წევრი მაინც (რეჟისორი, ოპერატორი, ანიმატორი, სცენარის ავტორი ან პროდიუსერი) საქართველოს მოქალაქეა.
მოთხოვნები
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ანიმაციური, დოკუმენტური ან მხატვრული ჟანრის დასრულებული ფილმი, რომლის ხანგრძლივობა იქნება 3-დან 7 წუთი და 59 წამამდე. აუცილებელია, რომ მონაწილე ნამუშევარზე ფლობდეს სრულ საავტორო უფლებას. ფილმი არ უნდა აღემატებოდეს კონკურსის მიერ დაწესებულ ქრონომეტრაჟს და უნდა იყოს HD ფორმატში (1920x1080, mp4). მონაწილეს აქვს ფილმის ინგლისური სუბტიტრებით წარდგენის ვალდებულებაც.
შეფასების კრიტერიუმები
კონკურსის ჟიური ფილმებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:
- რამდენად შეესაბამება ფილმი კონკურსის თემას;
- რამდენად საინტერესო გმირები ჰყავს ფილმს;
- თემისადმი დამოკიდებულება;
- რამდენად ძლიერია ფილმში მოთხრობილი ამბავი/სიუჟეტი;
- იდეის ორიგინალურობა;
- ვიზუალური მიდგომა და ფორმა;
- ხმისა და გამოსახულების ხარისხი;
- ფილმისადმი შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა;
- გზავნილის სიცხადე და ემოციური ძალა
კონკურსი ეძებს შემოქმედებით ფილმებს. პოპულარული ფილმებისგან თუ ვიდეოებისგან განსხვავებით, ამგვარი კინოს მთავარი პრინციპი შემოქმედებით თხრობას, გამორჩეულ ვიზუალურ სტილს და რთული თემების აღმოჩენას ეფუძნება. შემოქმედებითი კინო რეჟისორის უნიკალურ ხედვას, სიუჟეტისადმი ორიგინალურ მიდგომას და ექსპერიმენტულ თხრობის ტექნიკას აერთიანებს.
მონაწილეობა
მონაწილეებმა დასრულებული ფილმები უნდა ატვირთონ Vimeo-ზე დაცული პაროლით ან Youtube-ზე (დახურული ბმული - Unlisted) და ფილმის ბმული უნდა მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმის შესაბამის ველში.
ფილმების შემოტანის ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი, 2024 წელი
საპრიზო ფონდი
კონკურსის ფარგლებში ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს:
- პირველი ადგილი - 14 000 ლარი;
- მეორე ადგილი - 9 000 ლარი;
- მესამე ადგილი - 5 000 ლარი
ფილმის შეფასება და შედეგები
კონკურსის ორგანიზატორები შერჩეული ფილმების ავტორებს დაუკავშირდებიან ელექტრონული ფოსტით. ფინალში გასული ფილმები Chai Khana-ს და MAC Georgia-ს ვებგვერდებსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნდება. ფინალში გასული ფილმების ჩვენების შემდეგ გამარჯვებული ფილმები დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.
ჟიური
ნამუშევრების საკონკურსო კრიტერიუმებთან შესაბამისობას, ფინალში გასულ ფილმებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს კონკურსის ჟიური.
ჟიურის შემადგენლობა:
გიორგი მრევლიშვილი - დოკუმენტალისტი;
ნინო ორჯონიკიძე - დოკუმენტალისტი;
მარიამ ჭაჭია - დოკუმენტალისტი;
დიანა ჯანაშია - პროგრამის მენეჯერი, MAC Georgia;
ანა გოგუაძე - ფოტოგრაფი.
კონტაქტი
დამატებითი ინფორმაციისთვის, დახმარებისთვის ან შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით MAC Georgia-ს კომუნიკაციების სპეციალისტს, მედეა შარიქაძეს:
ელ-ფოსტა: medea.sharikadze@macgeorgia.org
ტელეფონი: +995 593 718 718