ცხოვრება გალში: ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის

ავტორი: ანონიმი

ილუსტრატორი: თინა ჩერტოვა

30.04.21

მდინარე ენგურიდან მაშველებმა, 7 აპრილს, სამი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს. ისინი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ. მდინარე ენგური წლებია უკვე გალის რაიონს საქართველოსგან გამოყოფს. ამ საშინელმა ტრაგედიამ ის დამთრგუნველი რეალობა შეგვახსენა, რომელიც გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ყოველდღიურობად ექცათ. ყველა მცდელობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, შიშთან და უბედურებასთან ასოცირდება. 

მათთვის თავისუფლად გადაადგილება 2008 წლის შემდეგ განსაკუთრებით გართულდა. ამ წელს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ ფაქტს წინ რუსეთ-საქართველოს ომი უძღოდა. 

2020 წლის თებერვლიდან, ანუ პანდემიის დაწყებიდან, მიმოსვლა თითქმის შეუძლებელი გახდა. ყველა ლეგალური გზა ჩაიკეტა.

პანდემიამდე, ეთნიკურ აფხაზებს, რომლებსაც აფხაზური პასპორტები აქვთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სამედიცინო მომსახურებისთვის შეეძლოთ. თუმცა, იგივე უფლებით გალში მცხოვრები ქართველები ვერ სარგებლობდნენ. მათ ხუთწლიანი ბინადრობის უფლება უნდა მოითხოვონ, თუკი მაგალითად, თბილისში ჩამოსვლა მოუნდათ. გადმოსვლის მიზეზი სხვადასხვაა. მათ შორის ერთ-ერთი პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად ყიდვაა ზუგდიდში; ზოგიერთს ოჯახის წევრის ნახვა უნდა, ზოგს სამიდიცინო მომსახურების მიღება, ან სწავლის გაგრძელება.

დღეს გალში ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლაა გადარჩენისთვის. ყველას გაუჭირდა. ოჯახები გაყოფილია, ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ, პროდუქტები გაძვირებულია. 


 

მ.კ. გალში ცხოვრობს. მან გალის რაიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიები შეაგროვა და Chai Khana-ს გაუზიარა. უსაფრთხოებისთვის ანონიმურად დარჩენა გვთხოვა. Chai Khana არც რესპონდენტების სახელებს ასაჯაროებს.

მ.კ-მ სტატიისთვის თითოეული ადამიანის ისტორია ცალ-ცალკე გამოგვიგზავნა Facebook მესინჯერში მობილურით. წერის დროს რამდენჯერმე შუქიც ჩაუქრა. ინტერნეტი გაეთიშა. სამ საათში ერთხელ გალში თურმე ელექტროენერგია ითიშება. ამ შუალედებში უნდა მოესწრო ტექსტის აკრეფა და გამოგზავნა.

მ.კ. გალში მცირეწლოვან შვილთან ერთად არის. 3 თვეა ბავშვს ახველებს და ექიმთან კონსულტაციისთვის თბილისში ჩასვლა უნდა. ნერვიულობს, ვერ გადაუწყვეტია გარისკოს თუ არა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. გალში კარგ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყველა პროფილის ექიმი არც ჰყავთ და ეშინია, რამე არ გამოეპაროთ.

FB-ზე შექმნილ სამედიცინო ჯგუფს მიაგნო და გაწევრიანდა. ექიმები ამ ჯგუფში პაციენტებს ონლაინ კონსულტაციას უწევენ. გაუმართლა, გულისხმიერი ექიმი შეხვდა. ტელეფონით ელაპარაკა, ბავშვის მდგომარეობა აუხსნა, ახალი დანიშნულება მიიღო მისგან და ისევ გალში გააგრძელა მკურნალობა. ბავშვი მაინც ვერ გამოჯანმრთელდა, ამიტომ ბოლოს, იძულებული გახდა თბილისში შვილთან ერთად ჩასულიყო.

 

ი.ჭ. 46 წლის არის, მკერდის მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი აქვს. თბილისში სახლი არ აქვს. პანდემიამდე, ყოველ სამ თვეში ერთხელ, გალიდან თბილისში ჩამოდიოდა ექიმთან კონსულტაციისთვის და დანიშნული პროცედურებისთვის.  2020 წლის მაისში ექიმთან ერთ-ერთი მორიგი ვიზიტი ჰქონდა ჩანიშნული ადმინისტრაციული საზღვრის მოულოდნელად დაკეტვის გამო, დროულად ვერ ჩამოვიდა. სხვადასხვა ინფორმაცია ესმოდა და ვერც ვერავინ ეუბნებოდა ზუსტად, როდის შეძლებდა ჩამოსვლას.  მაისში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამწვავდა. ამ დროს გამოცხადდა, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეები საქართველოში 15 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიდნენ. იგივე ეხებოდა გალში მცხოვრებ მოსახლეობასაც. ი.ჭ-ისთვის ეს ერთადერთი გამოსავალი იყო თბილისში ჩამოსასვლელად. ივნისის ბოლოს, გალის ადგილობრივმა საავადმყოფომ მას ჯანმრთელობის ცნობა მისცა და ის ზუგდიდში ჩავიდა, სავალდებულო კარანტინიც იქ გაიარა.

დაგვიანებული ქიმიოთერაპიის გამო, მისი მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში ყოფნაც უფრო დიდხანს მოუწია, ფინანსურად ნათესავები რომ არ დახმარებოდნენ, ვერც შეძლებდა მკურნალობის გაგრძელებას. გალში ი.ჭ. სექტემბერში დაბრუნდა. შვიდი თვის თავზე, ქიმიოთერაპიის მორიგი კურსი უწევს. იგივე გზა უნდა გაირაოს. დღეს ისევ ჯანმრთელობის ცნობას ელოდება საავადმყოფოდან…

 

კ.ქ. 32 წლის არის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. ცოლი და ორი ბიჭი ჰყავს, მაგრამ ერთ წელზე მეტია ისინი არ უნახავს. მისი ცოლი თბილისში გაიზარდა. თბილისში უნდა ეცხოვრათ მათაც, მაგრამ მოულოდნელად კ.ქ-ს მშობლები ავად გახდნენ და მათ მოსავლელად სოფელში დაბრუნება მოუწია. შეთანხმდნენ, რომ შაბათ-კვირას ნათესავი შეცვლიდა და თვითონ ოჯახის სანახავად თბილისში დაბრუნდებოდა ხოლმე. გზის ჩაკეტვამ ყველა მისი გეგმა თავდაყირა დააყენა. ისედაც რთული ყოველდღიურობა კიდევ უფრო დაუმძიმდა. ავადმყოფ მშობლებს სოფელში მარტო ვერ ტოვებს, თან მტვირთავად მუშაობს კვირაში ერთხელ. შვილებისა და ცოლის სანახავად ყოველ ჯერზე ორკვირიან კარანტინს ვერ გაივლიდა, ვერც მშობლებს ტოვებს დიდი ხნით. 

“ერთი ბიჭი 8 წლის მყავს, მეორე 12-ისაა. მეუღლეს მარტო მათი მოვლა ძალიან უჭირს, ისიც მუშაობს. სანამ პანდემიაა, გეგმაც არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. ქორეოგრაფი ვარ პროფესიით, სანამ ვირუსი გავრცელდებოდა, სოფელში ბავშვებს ცეკვას ვასწავლიდი, კლასები მყავდა, ახლა ესეც შეუძლებელია.”

 

ს.მ-ს 2 წლის შვილი ჰყავს და მეორეს ელოდება. ქმარმა მშენელობაზე დაიწყო მუშაობა სხვა ქალაქში და სახლში კვირაში ორჯერ ჩადიოდა. ს.მ. მოხუც მამამთილთან ერთად ცხოვრობს. დამხმარე არავინ ჰყავს და ოჯახში ყველაფერს მარტო აკეთებს. 

“5 თვეა ადგილობრივი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ორსულობის მე-6 თვეში ტკივილები დამეწყო. თითქმის ერთი თვეა ყრუ ტკივილს ვგრძნობ მუცელში. ექიმი კი მეუბნება, საშიში არაფერიაო, მაგრამ მე მაინც ძალიან ვნერვიულობ. ხანდახან ძალიან ვიღლები, მაგრამ ჩემმა ქმარმაც რომ არ იმუშაოს, ვინ გვარჩენს. მეშინია, ამ ნერვიულობამაც არ იმოქმედოს ნაყოფზე.”

როგორც კი შეძლებს, თბილისში ჩამოსვლას გეგმავს 2 წლის ბავშვთან ერთად. “გზა რომ გახსნილი იყოს, რეგულარულად ვივლიდი ექიმთან და ამდენ ნერვიულობასაც ავიცილებდი.”

 

თ.კ. 83 წლის, გალის რაიონის სოფელი დიხაზურგიდან. 40 წლის წინ გარდაეცვალა ქმარი, შვილები არ ჰყავდათ. ნათესავები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. რაც გზა ჩაიკეტა, ვერავინ მიდის მის სანახავად, ვერც თვითონ ჩამოდის. არც მეზობლები ჰყავს გარშემო, ომის შემდეგ, სახლები თითქმის ყველამ მიატოვა. მისგან მოშორებით სამი ოჯახი ცხოვრობს. სოფელში ყველაზე ბოლო თ.კ-ს სახლია. დიდი ბოსტანი აქვს, ერთი ძროხა და ქათმები ჰყავს. ამით არსებობს.

“მე რომ ახალგაზრდა ვიყავი განა დაავადება არ იყო, მაგრამ უფრო ადვილად გადაგვქონდა ყველაფერი. უფრო მეტი სიკეთე იყო აშკარად. ეს რომ გაქრა, ეგ მაშინებს, ვირუსი კი არა. დავაკვირდი და ტელევიზორი ვისაც აქვს და ხშირად უყურებს, ყველა ცუდად არის. იქ გამოუცხადებიათ, მოხუცებს ვირუსის გამო ერიდეთო და ყველა გამირბის, არავინ მაკითხავს. ჭირიანი ვგონივარ. ხანდახან მგონია, მარტო ვარ დედამიწაზე. საკუთარი შვილები ღმერთმა არ მომცა, დისშვილები მყავს ქუთაისში. წელიწადზე მეტია არ მინახავს. სანამ გზას ჩაკეტავდნენ, ზუგდიდში გადავდიოდი პროდუქტის საყიდლად, აქ ყველაფერი ძვირია. დისშვილებიც იქ მაკითხავდნენ, გამასეირნებდნენ, მე ცოტა ჭკუას დავარიგებდი, ყველაფერს მიყიდიდნენ რაც მჭირდებოდა და გამომაცილებდნენ მერე სახლში. ახლა პენსიასაც ვერ ვიღებ. გავიგე, რომ ახლახანს დაუწყიათ პენსიონერების გადაყვანა პენსიის ასაღებად, მაგრამ ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, ეტყობა ჩემი სახლი შორს რომ არის, ჯერ ვერ მოაგნეს. მეზობლებმა დარეკეს და უთხრეს ჩემზე. ამ კვირაში ველოდები.”  

ინტერვიუდან რამდენიმე დღეში მ.კ-მ გაიგო, რომ 83 წლის მოხუცი 12 მარტს გარდაცვლილა. პენსია ვერ აუღია.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. ამ გამოცემაში Chai Khana იკვლევს რა გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ურთიერთობებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მობილურ აპლიკაციებს, ტაბლეტებს, კომპიუტერებს; ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თითქოს წარმოუდგენელია უკვე  არსებობა. თქვენი კონტრიბუციით ავტორებს ამ ამბების მოყოლაში ეხმარებით. 
გააკეთე დონაცია