სიცოცხლის ხე| ბორჩალოს ხალიჩების მქსოველი ქალები

ფოტოგრაფი: ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო

25.05.22

ქვემო ქართლის რაიონში, ქალები ულამაზესი ხალიჩების ქსოვით იყვნენ განთქმულნი. ამ ტრადიციას ისინი თაობიდან თაობას გადასცემდნენ. მათი ნამუშევრები მაშინდელი საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურას ირეკლავდა. ამ ხალიჩების სახელი, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარის, ბორჩალოს მაზრის სახელს უკავშირდება. ბორჩალოური ხალიჩები ქსოვის ტექნიკით და დიზაინით კავკასიასა და ირანში მოქსოვილი ხალიჩებისგან განსხვავდებოდა.

ბორჩალოს ხალიჩებზე, ძირითადად,  არა რელიგიური, არამედ მითოლოგიური სიმბოლოებია გამოსახული. ყველაზე ხშირად გვხვდება სიცოცხლის ხე, რომელიც ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის ტრადიციას გამოსახავს: როცა ოჯახში ბიჭი იბადება, მშობლები ალვის ხეს რგავენ.

როგორც წესი, გოგოებს დედები და ბებიები ასწავლიდნენ ქსოვას - ხელნაკეთ ხალიჩებს ისინი მზითვისთვის ამზადებდნენ. თუმცა, ქალებმა ეს ტრადიცია ნელ-ნელა დაივიწყეს, რადგან საბჭოთა კავშირში ადგილობრივი კულტურა შეიცვალა. დღეს მქსოველი ქალების უმეტესობა 50 წელს გადაცილებულია. ქვემო ქართლში სოფელი ქოსალარი ერთადერთი ადგილია, სადაც ამ ტრადიციას დღესაც აცოცხლებენ. ეს დიდწილად, 2007 წელს შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია reWoven-ის დამსახურებაა.

31 წლის ელნურ ალისოი კავკასიის კვლევების დოქტორანტი და reWoven-ის აღმასრულებელი დირექტორია. თავდაპირველად, ეს ორგანიზაცია ამერიკელმა ოჯახმა დააფუძნა. მათი ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ, ელნურმა და სხვა მოხალისეებმა გადაწყვიტეს, ეს საქმე გაეგრძელებინათ.

“ეთნიკური მრავალფეროვნება მხოლოდ ამდიდრებს ჩვენს ქვეყანას. ბევრმა ჩვენგანმა არც იცის, რა ხდება ეთნიკურად განსხვავებულ რეგიონებში. ამ პროექტით მინდოდა მეჩვენებინა, როგორ აღდგა ტრადიცია და თაობიდან თაობაზე გადაცემამ როგორ შემოგვინახა ის დღემდე,” გვეუბნება ელნური.

სოფელი ქოსალარი.

ორ სოფელში - ქოსალარსა და იორმუღანლოში - დღეს 15-20 ქალია დასაქმებული. მათი მოქსოვილი ხალიჩები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. ხალიჩის ზომის მიხედვით, ფასი 400-დან 2000 დოლარამდე მერყეობს. ერთი ხალიჩის მოქსოვას ქალები ერთი თვიდან 4 თვემდე ანდომებენ. ისინი ბუნებრივი ფერის 100%-იან ნატურალურ  მატყლს იყენებენ.

სოფლის მეჩეთი ქოსალარში. ხალიჩები, რომლებსაც მეჩეთში ნახავთ, ძირითადად, მეჩეთის ფორმასა და მექას სახეს გამოსახავენ.

ქალების მთელი თაობა ხალიჩებს სახლების გასათბობად, საჩუქრად და მზითვისთვის ქსოვდა.  გოგოები, ტრადიციულად, ექვს ხალიჩას ქსოვდნენ თავიანთი მზითვისთვის: ოთხს კედლისთვის, ერთს იატაკისთვის და ერთსაც ჭერისთვის. 

73 წლის ფატიმა კაჯაროვა (მარცხნივ) და 31 წლის ელნურ ალისოი, არასამთავრობო ორგანიზაცია reWoven-ის აღმასრულებელი დირექტორი, მსჯელობენ როგორ აღადგინონ დახეული ხალიჩა, რომელიც 66 წელს ითვლის.

მქსოველი ქალი  ხალიჩისთვის ძაფს ჭრის. არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, ქალები ხალიჩებზე შეკვეთას მთელი მსოფლიოდან იღებენ.

ხალიჩებს სოფელ ქოსალარში ქსოვენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია reWoven არის დაფუძნებული. ხელობა მე-19 საუკუნეში იღებს სათავეს; იმ პერიოდიდან, როცა თემს ბორჩალოს სახელით იცნობდნენ. დღეს ეს ხალიჩები მათი უნიკალური ორნამენტებით გამორჩეულია.

73 წლის ფატიმა კაჯაროვა,საქსოვი დაზგის წინ. ხალიჩა, რომელიც იატაკს ფარავს, მან სწორედ აქ მოქსოვა. ის 10 წლის იყო ხალიჩების ქსოვა, რომ დაიწყო. იხსენებს, თავის უფროს დასთან ერთად ბებოს გვერდით როგორ მიუსხდებოდნენ ხოლმე და ქსოვას სწავლობდნენ. ხელნაკეთი ხალიჩები ოჯახისთვის დამატებითი შემოსავალი იყო, თუმცა 90-იან წლებში ფატიმამ ქსოვას თავი დაანება, რადგან გადარჩენისთვის უნდა ებრძოლა. როცა არასამთავრობო ორგანიზაცია reWoven-ი გაიხსნა, მან სამსახურის შემოთავაზება მიიღო და ახლა წელიწადში დაახლოებით 4-5 ხალიჩას ქსოვს. მის ოჯახში, შვილიშვილის ჩათვლით, ხუთმა თაობამ იცის ქსოვა.

70 წლის ტუკაზბანი ფატიმას დაა და ისიც სოფელ ქოსალარში ცხოვრობს. მან ქსოვა 7 წლის ასაკში ისწავლა. “ჩემი ჰობი იყო და მე გამონაკლისი არ ვიყავი. სოფელში გოგონების უმეტესობა ასე იყო,” გვეუბნება ტუკაზბანი.  ის სოფლის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი იყო.  დაინტერესებულ მოსწავლეებს ქსოვასაც ასწავლიდა. ყველაზე ძველი ხალიჩა, რომელიც სახლში აქვს, 40 წლისაა.

ტუკაზბანი ‘სიცოცხლის ხეს’ ქსოვს ხალიჩაზე.

ხელნაკეთი ძაფი ფატიმა კაჯაროვას სახლში.

ქსოვის ინსტრუმენტები და ‘სიცოცხლის ხის’ ხალიჩის ნიმუში.

60 წლის მინაია გარაგაშოვა ყარაჩოფის ხალიჩას ქსოვს, რომლის დასრულებასაც 3-დან 4 თვემდე მოანდომებს.

მინაიამ ხალიჩებისა და კაბების ქსოვა ბავშვობაში ისწავლა. მასთან სახლში, ქოსალარში, მეზობლები ხშირად იკრიბებიან და ქსოვის ტექნიკებს განიხილავენ.

უკაზბან კაჯიროვა დაზგაზე ძაფს უკან ახვევს და ხალიჩას გვაჩვენებს.

62 წლის ზენფირა კაჯაროვა ქოსალარში საცხოვრებლად გათხოვების შემდეგ გადავიდა. მაშინ 17 წლის იყო.  დაახლოებით 45 წლის წინ, ქსოვა დედამთილმა ასწავლა. ხალიჩა, რომელსაც მის უკან ვხედავთ,  სიცოცხლის ხეს გამოხატავს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინი, რომელიც მითოლოგიას/ლეგენდას ეფუძნება.

მინაია და მისი მეზობელი ქალები ქსოვისგან ცოტა ხანს ისვენებენ და  მინაიას სახლში ხალიჩების ორნამენტებსა და ქსოვის ტექნიკაზე მსჯელობენ.

ამ ფოტოზე მინაია და მისი მეზობლები პატარა ხალიჩის ზუსტი ასლის შესაქმნელად საუკეთესო ტექნიკას განიხილავენ.

მირანა რამაზანოვა (მარცხნივ) რუსეთიდან, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა, სოფელში დაბრუნდა. 60 წლის მირანამ ძველი ჰობი გაიხსენა და ქსოვას დაუბრუნდა. გვეუბნება, რომ ხელნაკეთი ხალიჩების გამო, რუსეთში თავისი მეზობლებისგან ხშირად მიუღია კომპლიმენტები.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია