უხილავი შრომა: ქალები მეთევზეობაში

ავტორი: სალომე ქინქლაძე

10.08.22

ხმელეთზე ადამიანის სხეულის ნაწილები ნაყოფად იქცევა; ზღვაში კი - თევზებად. ორივე მათგანი საკვებია ჩვენთვის - ტობი ელის ვოლკმენი, ანთროპოლოგი

ქალები მეთევზეობაში უმეტესად არაფორმალურად მუშაობენ, შესაბამისად, ქვეყანაში მათ მიერ გაწეულ შრომაზე ზუსტი მონაცემების შეგროვება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მათი შრომა უხილავია, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ქალები ახარისხებენ, წმენდენ, აშრობენ და ყიდიან თევზს. საქართველოში ქალებისა და კაცების შემოსავლებს შორის სხვაობა ყველაზე მეტად მეთევზეობის დარგში ჩანს. მონაცემები გვეუბნება, რომ ქალები დაახლოებით იმდენს გამოიმუშავებენ სამ წელიწადში, რამდენსაც კაცები - ერთ წელიწადში. 

ყველაზე უხილავია ის, რასაც ქალები თევზჭერამდე ასრულებენ. ეს სათევზაო ბადეების ქსოვაა. როგორც წესი, საქართველოში სათევზაო ბადეს სელის ბოჭკოსგან ამზადებდნენ და სჯეროდათ, რომ ის ქალებსა და ბავშვებს „ავი თვალისგან“ იცავდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია თბილისში, სახელმწიფო მუზეუმში დაცული „მშობიარე ქალის ბადე.“ 

ანთროპოლოგები სხვადასხვა მიმართულებით იკვლევდნენ ქალების როლს მეთევზეობაში. მათ შორის, ქალებისა და კაცების მობილობას ამ პროფესიაში.

სხვადასხვა კულტურაში ძირითადად კაცები გადიოდნენ ზღვაში და მოგზაურობდნენ, ქალები კი შინ, ხმელეთზე რჩებოდნენ. ანთროპოლოგებმა  ეჭვქვეშ დააყენეს წყალში სათევზაოდ გასვლისა და შინ დარჩენის დიქოტომია, რადგან ხმელეთზე დარჩენა ძალაუფლების დათმობად მიიჩნეოდა. ამის საპირისპიროდ, მეთევზეობით განთქმულ საზოგადოებებში, კაცების შედარებით ხანგრძლივი გასვლა ზღვაში, სახლის, ე.წ. კერძო სფეროში ქალების დომინაციას, მათ ძალაუფლებასა და თავისუფლებას განამტკიცებდა.


წყალწმინდა

ნონა, 37 

ნონა წყალწმინდაში (სოფელი დასავლეთ საქართველოში), გზად გადახურულ ფარდულთან დგას ყველა სეზონზე და დაახლოებით, 12 სხვა ქალთან ერთად  თევზს ყიდის.  დილის 6 საათზე უწევთ გაღვიძება, რომ საოჯახო საქმეებიც მოასწრონ და სოფელი შრომიდან წყალწმინდის გზას დაადგნენ. ხშირად ღამის 10 საათზე ბრუნდებიან სახლში, რადგან ადგილობრივების გარდა, თევზს ტურისტები და რეგიონში გზად მიმავალი მგზავრები გვიან ღამემდე ყიდულობენ.

,,ძალიან დაბალი შემოსავალია. დიდი შრომა უნდა იმას, რომ დღეში 10 ლარი დაგრჩეს. ჯანმრთელობასაც სწირავ, ფსიქოლოგიურადაც იღლები. 67 წლის ქალი რომ ქუჩაში დადგება, რთულია. ვერ ვახერხებთ, არც დრო გვაქვს, რომ ჩვენს ჯანმრთელობას მივხედოთ.’’

ლილი, 67 

ლილის თევზის გაწმენდის, დამუშავებისა და გაყიდვის გარდა, სხვა მეთევზეებთან ერთად, ბადით თევზი ამოაქვს ურეკის, შეკვეთილის, გრიგოლეთის ზღვიდან, ასევე, სუფსისა და ნატანების მდინარეებიდან. პროფესიით ეკონომისტია და წლების განმავლობაში კერძო და საჯარო სამსახურში მუშაობდა, თუმცა მერე სამსახური დაკარგა. 

,,იცვლება დრო, იცვლება ყველაფერი და ვიცვლები მეც. მერე რაღაც გამოსავალი უნდა ნახო, რომ მშიერი არ მოკვდე.’’

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალებთან ერთად, დილიდან დაღამებამდე მუშაობს, შემოსავალი მცირეა და ამ საქმიანობის პარალელურად, საოჯახო მეურნეობასაც მართავს. 

,,კაცები რომ იჭერენ თევზს, ალბათ, ანაზღაურება უფრო მეტი აქვთ. დიდი რაოდენობით იჭერენ, თუმცა, ბრიგადები მუშაობენ და შემოსავალი ერთმანეთში უნდა გაინაწილონ. არც იმათი ანაზღაურებაა ბევრი, იმდენი ხარჯი აქვთ. საწვავი უნდათ, ჭამა უნდათ. 100 კილო თევზიც რომ დაიჭირონ, 20 კაცში ეს დიდი ვერაფერია. თუმცა, პურის ფული იმათაც აქვთ და ჩვენც. ისე არ ვართ, რომ მშივრები ვიყოთ.’’


ფოთი

იამზე, 63

იამზე 63 წლისაა და უკვე 25 წელია თევზის წარმოებაშია ჩაბმული. ახლა თავის დასთან და კიდევ სამ ქალთან ერთად მალთაყვაში, საკუთარი თევზის მაღაზიაში მუშაობს. მანამდე სხვადასხვა ადგილას უმუშავია, მათ შორის, ქობულეთის ბაზარში. თევზით დატვირთული სათავსოებით წლების წინ, ადგილობრივების სახლებშიც დადიოდა ტრანსპორტის გარეშე. 

,,მერე აქვე, მალთაყვის ხიდზე დავდგი მაგიდა, კარგი გადასაფარებელი გადავაფარე, თვალი რომ მოეჭრა გამვლელისთვის. ვინც გაივლიდა, დაინახავდა და გააჩერებდა მანქანას. გულში ვფიქრობდი, რაღა მინდა ქობულეთში, აქ უფრო მეტ ფულს ვიშოვი-მეთქი. მეთევზეების ბრიგადისგან ვყიდულობდი ახალ თევზს და ვყიდდი. მერე ხიდთან დავდგი დახლი, გადავხურე, სხვა ქალებიც შემომიერთდნენ და ოთხნი ერთად ვმუშაობდით. ისე მოხდა, რომ ხიდიდან აგვყარეს, ცუდი ადგილია სავაჭროდ, ცოტა გზიდან მოშორებით უნდა შეიწიოთო, გვითხრეს. იმ ქალებს გული აუცრუვდათ და ისევ  ბაზარში დაბრუნდნენ. მე წამოვედი აქეთკენ, წყლისკენ და არენდით ავიღე ეს შენობა. 

ახლა სულ ახალ თევზს ვიღებ მეთევზეებისგან, მერე ვყიდი. არის ზღვიდან შემოსული თევზი, პალიასტომის თევზიც. გვაქვს ლოქო, კეფალი, ორაგული, ბარაბულკა. თევზს ვწმენდთ, ვასუფთავებთ. როგორც კი შემოვა, მაშინვე უნდა გაიწმინდოს. ახლა მინდა ისეთი ადგილი მოვაწყო, რომ ვინც მოვა, აქვე, წყლის პირას შევუწვა თევზი. გოგოებსაც დავასაქმებ.

მე მიმუშავია ბაზარში და ვიცი, როგორია იქ მუშაობა, რა შრომაში არიან ქალები. უკეთესი პირობები უნდა შეუქმნა, კაცები ისედაც კი არიან დაფასებულები. ჩემთან დასაქმებულ ქალებს  დღეში,  დაახლოებით, 50 ლარს ვაძლევ; როცა ძალიან ცოტა თევზია, 30 ლარი გამოსდით. ბევრი ხარჯია მაინც, საგადასახადოსთვის, პარკებისთვის ცალკე. ჭამაც გვინდა, დილიდან საღამომდე სამსახურში ვართ. ჩემთვის მთავარი მაინც ის არის, რომ კარგი, ახალი თევზი მივყიდო კლიენტს და კმაყოფილი გავუშვა.“ 

ამალია, 60 

 

ამალია იამზეს დაა. ორი წელია, რაც თავისი დის საწარმოში დაიწყო მუშაობა. იქამდე ქობულეთში, საცხობში მუშაობდა. იამზე ყოველ დღე აკითხავს სახლში ტრანსპორტით და უკანაც ერთად ბრუნდებიან.

,,აქ ყველა მეორე ოჯახი თევზით ირჩენს თავს. მამა მეთევზე იყო. დედა  ქობულეთში ყიდდა თევზს. კარგი მზარეული იყო; როცა მოხუცდა, თევზი ფოთში, ბათუმში დაჰქონდა. ხშირად მივყავდი მეც. ჩანთით რომ მიჰქონდა და წვალობდა, დამიტოვებდა ჩრდილში და მეტყოდა, ყურადღება მიაქციეო. თვითონ წავიდოდა და თევზი ქუჩაში, სახლებსა და ზღვის სანაპიროზე დაჰქონდა.’’

ლალი, 56

10 წლისას მამამ თევზის საჭერი ბადის ქსოვა რომ ასწავლა, იმ დროიდან დაიწყო ზღვასთან ლალის ყველაზე ახლო და ხანგრძლივი კავშირი. მეთევზეების ოჯახში გაზრდილი ამბობს, რომ ბადის ქსოვა ოჯახის ტრადიცია იყო. ბაბუა ვერც ერთი თვალით ვერ ხედავდა, მაგრამ მთელი სიზუსტით ქსოვდა. თვითონ სულ ხალისით ეხმარებოდა მამას. მალე შეკვეთებსაც იღებდა და სკოლის მოსწავლეს უკვე საკუთარი ფული ჰქონდა. 

,,ქალაქ ფოთში დავიბადე და გავიზარდე. ტანვარჯიშზე დავდიოდი, ძალიან მიყვარდა. თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები, ფოთიდან 7 ბიჭი და 1 გოგო აგვარჩიეს და წაგვიყვანეს. მერე დედამ ფოთში დამაბრუნა, გოგო რომ ვიყავი, არ გამაჩერა, მარტო საშიში იქნებაო. გაბრაზებული ვიყავი, სწავლაც აღარ მინდოდა. მერე ხელბურთზე შევედი და ჩუმად დავდიოდი. ბოლოს ბადის ქსოვამ დამაინტერესა. ბებიაჩემის ძმამ და ბაბუაჩემმა აქ პირველებმა მიიღეს თევზაობის უფლება. მაშინ ფოთში არავინ თევზაობდა. 

90-იან წლებში, როცა შუქი ქრებოდა, კი არ ვწვებოდი, ვიჯექი და ველოდებოდი; თითქოს წინასწარ ვიცოდი, როდის მოვიდოდა. შუქის მოსვლა და თვალის გახელა ერთი იყო, რომ მაშინვე ბადის ქსოვას ვაგრძელებდი. ამ საქმემ გადამარჩინა მაგ პერიოდში.

ადრე ბადეები კი არ იყიდებოდა. ფალს ვშლიდი, პატარა მორგვებს დავახვევდი,  ძაფად ვაქცევდი და იმისგან ვქსოვდი ბადეს. მაგის დაშლას იმდენი დრო უნდოდა… ახლა კაპრონით ვქსოვთ, ამიტომ მყარია.’’

ფალი, იგივე თოკი, რომელსაც, ძირითადად გემზე, ან ნავზე იალქნების ასაწევად იყენებენ.

ლალი სხვადასხვა ზომის ბადეს ქსოვს. როგორც ამბობს, არსებობს 22 მილიმეტრიანი, 40 მილიმეტრიანი, 100 და 200 მილიმეტრიანი ბადეები. გააჩნია დასაჭერი თევზის ზომას. 

,,ყველანაირ ბადეს ვქსოვ. არსებობს სამკედლიანი ბადეები, არის ორკედლიანიც. არის თევზი, რომელსაც, მაგალითად, ერთკედლიანი ბადე სჭირდება, ასეთია,  ქაშაყი. ბადეს ბაწარი სჭირდება, ბაწარზე ზევით უნდა ავაცვათ საცობები, ქვედა ბაწარზე ტყვიას ვამაგრებთ და მერე თვითონ ბადეს ვკინძავთ. ზემოთ 100 და ქვემოთ 100 მეტრ ბადეს ვქსოვ დღეში ერთს. ამ საქმეს მათემატიკის ცოდნა, სისწრაფე და აზროვნება სჭირდება. მთელი სიზუსტით უნდა გაზომო. ბადე თუ არასწორად გაკეთდა,  ის თევზს ვერ დაიჭერს’’.

ერთკედლიანი ბადე

ლალი იხსენებს, რომ საბჭოთა პერიოდში, ბადის მასალას სუფსაში, თევზის კოლექტიურ ფერმასთან არსებული გემებიდან ყიდულობდნენ. ახლა კი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოაქვს.

,,გააჩნია ბადე რამდენხანს გაძლებს. შეიძლება, ერთხელ იხმარო და გაიხეს. მერე მორჩა, აღარ ვარგა. მეთევზეებს იმის საშუალება აღარ აქვთ, რომ ერთი ხმარების შემდეგ, ბადე მთლიანად გადააგდონ. ყველაფერი გაძვირდა. ამიტომ ნაწილებს, მაგალითად, ტყვიას და საცობებს აჭრიან და ისევ იყენებენ.“

ბადის საქსოვი ძაფები სისქით Ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს ლალის კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე წვრილი ძაფია.

ბადის საქსოვი ნემსი.

,,ამ ძაფის ფასები ყველგან გაძვირდა. ადრე ამხელა ფასი არ ჰქონდა. ფოთში არც იყიდება, ნამეტანი ძვირი ჯდება ჩამოტანა,’’ ამბობს დევიზი, ლალის მეზობელი მეთევზე.

ძაფის გარდა, ბადისთვის ტყვიასა და საცობებს ზოგჯერ სახლშიც ამზადებენ.

,,ადრე შიმშილობა რომ იყო, ვიღაცამ, თავის გადასარჩენად, აქ ფოთში ამ ბადეების ქსოვა მოიგონა. მაშინ ასეთი ბადე არ არსებობდა. მხოლოდ ბამბის იყო. წაიღებდნენ სათევზაოდ და დახეული მოჰქონდათ. უცებ წყდებოდა. მერე შეაკეთებდნენ ხოლმე. ახლა ამას ლალი აკეთებს. მეთევზეების დედაა,“ გვეუბნება ვალერი, რომელიც ადრე მეთევზე იყო, ახლა კი ლალის ბადეების ქსოვაში ეხმარება.

უკანასკნელი რამდენიმე წელია, ლალიმ, თავის ორ შვილთან ერთად, ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩაზე შენობა იქირავა და პატარა სასადილო მოაწყო. გამვლელებს უკვე ადგილზე შეუძლიათ თევზის შეკვეთა. ზოგჯერ მეთევზეებისგან იღებს ახალდაჭერილ თევზს, ზოგჯერ თვითონ გადის სათევზაოდ.

,,როცა აკრძალულია თევზაობა, ხალხს ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება. ჯარიმა 2000 ლარიდან იწყება, ამიტომ ვერც რისკავენ. მაგდენი ფული რომ ჰქონდეთ, სულ არ ითევზავებდნენ. ფოთში შემოსავლის წყარო, ძირითადად, ეს არის. ამით არჩენენ ოჯახებს. ცოტა საწარმოა ჩვენთან. სადაც დაიწყეს ადგილობრივებმა მუშაობა, მაგალითად, მეტალურგიაში, თუ სპილენძის ქარხანაში, ყველამ ფილტვები დაიავადა. იქ საერთოდ უმძიმესი პირობებია, ორი გარდაიცვალა კიდეც.“

მდინარე რიონის სანაპირო ქალაქ ფოთში.

შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ფოთში, შუქურის მისადგომებთან.

,,ჩვენ, ქალებს, თევზიდან რა გვრჩება, აბა?! 50 თეთრი კილოში, ან ერთი ლარი. მე, მით უმეტეს. ქირით მაქვს ეს შენობა აღებული. ინდ. მეწარმეზე კიდევ უფრო მეტი გადასახადებია.’’


ბათუმი

ია, 24  

ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც 24 წლის ია ბათუმის თევზის ბაზარში მეუღლესთან და თავის 18 წლის დასთან ერთად მუშაობს. მცირეწლოვან შვილს დედასთან ტოვებს. ამბობს, რომ დამღლელი საქმეა, თუმცა, საწუწუნო არაფერი აქვს;  ქალები აქ 20-25 წელია ყოველ დღე მოდიან თევზის გასაყიდად. 

,,დაახლოებით 8-9 თვეა აქ ვმუშაობ. ახლობელმა შემომთავაზა. მითხრა, აქ არის დახლი და თუ გინდა, სცადეო. მალევე ავუღე ალღო ამ საქმეს. აქ რომ ვარ, ვყვირი, კლიენტებს ვეძახი, რომ თევზი იყიდონ. მერე ვუწონი, ვუსუფთავებ და ვატან. დღიური მოგება რაც მაქვს, მაგ ფულით ისევ თევზებს ვყიდულობ. თავის გასატანად, ცოტა მაინც მრჩება. ძალიან დამღლელი კია. დილას, 7 საათზე მაინც უნდა ადგე, არაფრის ძალა აღარ მაქვს. ჭამის თავიც არ მაქვს ხოლმე.  პატარა ბავშვი მყავს და თუ რამეს გამოვიმუშავებ, მხოლოდ მისთვის იქნება.  სხვა სურვილი, ან ოცნება მაქვს-მეთქი, ვერ გეტყვი. მხოლოდ წვრილმან რამეებზე ვოცნებობ.’’

მარინა, 62 

მარინა 42 წელია რაც თევზის ინდუსტრიაშია. თევზის ბაზარში მასთან ერთად დაახლოებით, 50 ქალი მუშაობს.

,,სურამში ვცხოვრობდი და ბათუმში შვილთან ერთად ჩამოვედი. ერთი ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი, რომელმაც მითხრა, რომ თუ სანაპიროზე წამოვიდოდი სამუშაოდ, გემებისგან თევზის აღება და გაყვიდა შემეძლო. ბათუმი ჩემი დაბადების ადგილია. სადმე რომ მივდივარ და ბათუმში ვბრუნდები, შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ დავიბადე და გავიზარდე. ყველა ჩემი კლიენტი - უკრაინელი, რუსი, უზბეკი, ტაჯიკი - ოჯახის წევრივით არის. ურთიერთობა, თანაგრძნობა, სიყვარული ამ საქმეში მნიშვნელოვანია.

აქაური ხელმძღვანელობა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას გვაძლევს და გამოდის, რომ სამუშაო პირობები ჩვენ უნდა შევიქმნათ. დასვენებაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. იმდენად შრომატევადია, რომ სხვა ცხოვრება ვეღარ გექნება. წასვლასა და მოსვლაში ყოველთვის შეზღუდული ვიყავი.

გულით უნდა იმუშაო. ნებისმიერი ინვენტარი, თევზის ჩასაყრელი მოწესრიგებული უნდა გქონდეს. თევზს ბავშვივით მოვლა უნდა. ყოველთვის ხელდაბანილი უნდა შეეხო, დახლზე ბევრი ერთად არ უნდა დააწყო, თორე მალე გაგიფუჭდება. იმხელა გამოცდილება მაქვს უკვე, რომ თევზს რომ ვხედავ, მაშინვე ვცნობ, ახალია თუ ძველი. თევზს მოვლა, სიყვარული და მზრუნველობა სჭირდება.“


ეს ფოტოპროექტი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მხარდაჭერით. ყველა გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს FES-ის ან Chai Khana-ს შეხედულებებს.

 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია