საქონლის მოვლა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე

ავტორი: მერი ემირიძე

13.09.22

ყოველ ზაფხულს, ტრადიციულად, მთიანი აჭარის თითქმის ყველა სოფლიდან მემთეური ქალები პირუტყვის მოსავლელად ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, საზაფხულო საძოვრებზე ადიან. იალაღები იმდენად თვალწარმტაცია - ბორცვები და ბალახის ტალღები, რომლებსაც ციდან ჩამოშვებული ნისლი ასაზრდოებს - რომ ის ტურისტებსაც ძალიან იზიდავთ. თუმცა, ამ ქალებისთვის მთაში მთელი ზაფხული მძიმე შრომასთან ასოცირდება. ბარში დატოვებული ოჯახი მათ მრავალსაათიან შრომაზე დგას. 

ბევრ კულტურაში, მემთეურობა ტრადიციულად “კაცის” საქმედ ითვლება. აჭარაში ეს პასუხისმგებლობა ოჯახის ყველაზე უფროს ქალს აკისრია. იმის გამო, რომ კაცები მთელი სეზონი (რომელიც ოთხ თვეს გრძელდება), პირუტყვის გამოსაკვებად ბარში სამსახურს ვერ ტოვებენ, მემთეური ქალები ალპურ საძოვრებზე მეურნეობას ხშირად სულ მარტო უძღვებიან. მაისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ხულოს მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლიდან ქალები, კურორტ ბეშუმთან ახლოს, ჩაკიდულას იალაღზე რძის ნაწარმს ამზადებენ და ზამთრისთვის მარაგს აგროვებენ. შვილიშვილებთან ერთად, ტრადიციულ ხის სახლებში ცხოვრობენ. პირველ სართულზე საქონელს და ფრინველს აბინავებენ, მეორე სართულზე კი სამზარეულო და საძინებლები აქვთ.

ზაფხულობით, დაახლოებით, 250 ოჯახი ადის საძოვარზე. მათგან 70%-ი მემთეურების ოჯახია, დანარჩენი ტურისტი.

მარინა ჩოგოვაძე, 30

 

“არ მინდა ჩემმა გოგომ ამდენი იმუშაოს. სირცხვილი იქნება. მირჩევნია ისწავლოს, სამსახური და თავისი შემოსავალი ჰქონდეს,”გვეუბნება 30 წლის ფარმაცევტი მარინა ჩოგოვაძე, რომელიც მემთეურად წელს პირველად ჩამოვიდა.

იძულებული გახდა ხულოში სამი სამსახური დაეტოვებინა, რომ ამ ზაფხულს, სეზონზე, აჭარის მაღალმთიანეთში პირუტყვისთვის მოევლო.

 

“ჩემმა დედამთილმა, რომელიც წლებია უკვე საქონელს აძოვებს, მთაში ამოსვლიდან ათი დღის თავზე, ხელი მოიტეხა. ის ჩავანაცვლე, ამის გამო სამი სამსახური დავტოვე. მიხარია, რომ ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინეს და სექტემბერში სამსახურში დაბრუნებას შევძლებ,” ამბობს მარინა, რომელიც სანამ საზაფხულო საძოვრებზე ამოვიდოდა, აფთიაქში მორიგეობის გარდა, ერთდროულად მუშაობდა საბავშვო ბაღში  აღმზრდელად და სკოლასა და სოციალური მომსახურების სააგენტოში დამლაგებლად. 

მარინა ჩაკიდულას იალაღზე წელს ყველაზე ახალგაზრდა მემთეურია. ეს იალაღი ბეშუმთან ახლოს, თავისი სოფელი დეკანაშვილებიდან 37 კილომეტრზეა. მემთეური ქალების უმრავლესობას სკოლის განათლება აქვს და დიასახლისია. ისინი წლებია უკვე მთაშიც და ბარშიც მეურნეობას უძღვებიან. მარინა ოცნებობს, რომ თავის შვილებს განათლება მისცეს. იქნებ მათ მაინც გაუადვილდეთ სამსახურის პოვნა, რომ სახლში ეს მძიმე შრომა აღარ მოუწიოთ.

მერი დუმბაძე, 74

“ოთხი შვილიშვილიდან, სამი გოგო მყავს და სამივემ მინდა ისწავლოს. თუ განათლება გაქვს, უხელფასოდაც რომ მოგიწიოს მუშაობა, საზოგადოებაში გახვალ, კულტურა გეცოდინება, მეტი მეგობარი გეყოლება. ნასწავლსა და უსწავლელს შორის დიდი სხვაობაა,”ამბობს 74 წლის მერი დუმბაძე, მემთეური აჭარის სოფელ ქვედა დეკანაშვილებიდან. 

მერის ოცნებაა შვილიშვილებს ის პირობები შეუქმნას, რაც თვითონ ყველაზე მეტად აკლდა. როცა მერის დედა ავად გახდა, როგორც ყველაზე უფროსს ოჯახში, მხოლოდ 8 კლასი დაამთავრებინეს და სახლის საქმეებში ჩართეს.

6 წლის იყო პირველად ძროხა რომ მოწველა და მას შემდეგ ერთი დღეც აღარ დაუსვენია. დღეს უბანში მერი  ყველაზე ხანდაზმული მემთეურია, რომელიც 4 ძროხას, 2 ხბოს, 35 ფრთა ქათამს, კარტოფილის ბაღსა და 4 შვილიშვილს მარტო უვლის.

“ერთ დღეს, როცა ძილი გამიტყდა, ვითვალე-ვითვალე მეზობლები და მივხვდი, რომ ძველი მემთეურებიდან აღარავინაა დარჩენილი. ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც რძლებმა ჩაანაცვლეს. მხოლოდ მეღა დავრჩი.”

რადგან მერის რძალი არ ჰყავს, მთელი საქმე მის კისერზეა. ბოლო ექვსი წელია შვილიშვილებს დედობას თავად უწევს, ძროხებს უვლის, საძოვარზე აჰყავს, რძის პროდუქტს ამზადებს. ამის შემდეგაც არ ისვენებს: ბავშვებს ტანსაცმელს უქსოვს და მათი მზითვის ლეიბებისთვის მატყლს ჩეჩავს.

ნაზი სოლომონიძე, 65

მიუხედავად მძიმე შრომისა და დაუსრულებელი პასუხისმგებლობებისა, 65 წლის ნაზი სოლომონიძე ფიქრობს, რომ ქალი მემთეურების ცხოვრება გაუმჯობესდა. 

“ძველად სამეზობლოში ერთი ტელევიზორი გვქონდა და ყველა იქ ვიკრიბებოდით. სარეცხს ხელით ვრეცხავდით და ძალიან ვწვალობდით. ადრე გასათხოვარ ქალს თავსაბურავი უნდა ეტარებინა, ვერ მოიხსნიდა. ახლა ხედავთ სადმე თავშლიან ქალს?”

დარიკო ბოლქვაძე, 50

“იაილებზე”(ადგილობრივი დიალექტით საძოვრები) დატვირთული დღის შემდეგ, მემთეურები ყავის დასალევად ერთმანეთთან იკრიბებიან. 50 წლის დარიკო ბოლქვაძე, რომელიც მთაში საქონლის გარდა, ლოგინად ჩავარდნილ 88 წლის დედამთილს უვლის, ყავის დასალევად იცლის, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ ხედავს. “ჩემი თავისთვის აღარ მცალია, ჩემო გოგო. იმდენი საქმეა, თმა ვერ შემიღებია. მაგრამ რა ვქნა, მოხუცია, ავად არის და მოვლა უნდა. არავინ იცის, ხვალ და ზეგ ჩვენ რა გველის.”

ეთერ შავაძე, 45

“ბავშვობიდან არ მიყვარდა მთა. ბებოსთან ერთად რომ ვიყავი, ხან რას მოვიგონებდი და ხან რას ავიტკიებდი, რომ ბარში დავბრუნებულიყავი,” იხსენებს ეთერი ღიმილით. “მაგრამ რა გინდა, რომ გააკეთო, თუ სხვა გამოსავალი არ არის? დედაჩემს უკვე აღარ შეუძლია ჩემს ძროხებსაც რომ მიხედოს, ამიტომ წელს მთაში  მასთან ერთად ამოვედი. აქაურობა ჩემთვის ციხესავითაა. არსად ხე არ არის, ტრიალი მინდვრები არ მიყვარს.” ეთერი შუამთობის დღესასწაულისთვის კერძებს ამზადებს. დედასთან ერთად ის 14 ძროხასა და ხბოს უვლის იალაღებზე. 

შუამთობის ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელიც აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება, მთაში გახიზნულ მემთეურებს ბარიდან ნათესავები სტუმრობენ. ამ დღეებში კონცერტები და სხვადასხვა სპორტულ-გასართობი ღონისძიება იმართება. დღესასწაულის შემდეგ, სტუმრები ბარში ბრუნდებიან, მემთეური ქალები კი მთაში ცხოვრებას და მძიმე შრომას სექტემბრის შუა რიცხვებამდე აგრძელებენ.


ეს ფოტო-ისტორია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და Chai Khana-ს პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია