თვალისგან და გონებისგან შორს

ჟურნალისტი: სოფიო შარაძე, , ფოტოგრაფი: ბასა მეტრეველი
15.12.22
გამოცემა: მომავალი

ტყით დაფარულ ხეობაში, თბილისიდან 260 კილომეტრში, ოღროჩოღრო, მიუვალი გზის ბოლოს, სოფელი ჭვებარია. ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ოსურ სოფლებს შორის, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. 

ოცდაათი წლის წინ, ორი ომის შემდეგ, ქართველები და ოსები ჭვებარში ერთად ცხოვრობდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ და ერთმანეთის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს იზიარებდნენ. ცხინვალის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებული კონფლიქტების შემდეგ, მოსახლეობის უმეტესობა მეზობელ რუსეთში, ან ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად. ცხინვალი (რომელსაც სამხრეთ ოსეთად ან სამაჩაბლოდაც მოვიხსენიებთ) რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს კონტროლს მიღმაა.

ბესო იხსენებს, როგორ ამუშავებდნენ სოფლის გარშემო მიწებს და ნაკვეთებს. მან და მისმა ნათესავებმა ეს ფოტოც მიწის დამუშავების დროს გადაიღეს.
ჭვებარი, 1975.
ბესო გაგიშვილის პირადი არქივიდან.

სოფელ გადამშისა და ჭვებარის სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე ონში. 9 მაისი, 1987

“მე 1940 წელს დავიბადე. მაშინ ჭვებარში, დაახლოებით, 80-დან 120 კომლამდე ცხოვრობდა,” იხსენებს 82 წლის ბესო გაგიშვილი, ეთნიკურად ოსი, რომელიც დღემდე ჭვებარში ცხოვრობს.

ბესო მარტო ცხოვრობს. ორი წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა. როცა ბევრ საქმეს ვეღარ აუდის, მისი უმცროსი ვაჟი ან ქალიშვილი მოდიან დასახმარებლად. თუმცა, ძირითადად, მარტოა.

ხის დანგრეული სახლები სოფლის დაცლაზე მიგანიშნებს. ბესო ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არსად წასულან. მისი დები, ძმები და შვილები ვლადიკავკაზში - რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონის დედაქალაქში - ცხოვრობენ. ბესოს სოფელი არც მაშინ დაუტოვებია, როცა ორი წლის წინ, მეუღლე გარდაეცვალა. სჯერა, რომ ადამიანი იქ უნდა მოკვდეს, სადაც დაიბადება.

ჩვენ, ოსები უკვე 300 წელზე მეტია აქ ვართ. თუმცა ვინღა დავრჩით…პოლიტიკისა და სიღარიბის გამო, ძირითადად, რუსეთში გადავიდნენ.”

კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეთნიკური ოსების მასობრივი მიგრაცია საქართველოდან ხელისუფლების წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგია. ეს პოლიტიკა კი ეფუძნება კონფლიქტს და არა ურთიერთობის აღდგენას.

“ეს ოსები იდენტობით ქართველები იყვნენ, მათი ენა ქართული იყო, მათი ლიტერატურაც ქართული იყო, ქართულ სკოლებში დადიოდნენ, ქართველებად მიიჩნევდნენ თავს და ამით ამაყობდნენ. იმის მიუხედავად, რომ მათი უმრავლესობა ვლადიკავკაზში წავიდა, მერე თითქმის ყველა უკან დაბრუნდა, იმიტომ რომ ეს მათი მიწაა, აქ გაიზარდნენ. ამიტომაც უნდათ აქ დაკრძალვა,”ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

“თუმცა, ცოტა რამ გაკეთდა მათ დასახმარებლად და წასახალისებლად, რომ საქართველოში დარჩენილიყვნენ, ისტორიულად, ამ ორ ხალხს შორის მჭიდრო კავშირები არსებობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენ საქართველოში უფრო მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე თვითონ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. დაახლოებით 160 000 ეთნიკური ოსიდან 60 000 ცხოვრობდა სამხრეთ ოსეთში, 100 000 საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე: კასპში, გორში, დუშეთში…ბევრგან იყვნენ.”

2002 წლიდან მათგან დაახლოებით მესამედი დარჩა - 38.028, 2014 წლის აღწერით კი ნახევარზე მეტი. პაატა ზაქარეიშვილი ამის მიზეზს 2008 წლის ომში ხედავს.

“2008 წელს ჩვენ გულიდან მოვიგლიჯეთ ქართველი ოსები და საყრდენი კედელი მოვანგრიეთ.”

მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოს ხალხთან ურთიერთობის აღდგენის სტრატეგია გამოაქვეყნა. თუმცა, 10 წლის შემდეგაც მათთან პირდაპირი კომუნიკაციის ნიშნებს თითქმის ვერ ვხედავთ.

“2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა ერთმანეთთან გულწრფელად გველაპარაკა, მოგვენანიებინა რაღაცები და ერთად დაგვეძლია კონფლიქტი,”ამბობს ელიკო ბენდელიანი, თბილისში ნაციონალიზმისა და კონფლიქტების შემსწავლელი ინსტიტუტის წევრი.

“არაფერი ვიცით ერთმანეთის წუხილისა და ტკივილის შესახებ. კიდევ უფრო უარესი, ქართველი ახალგაზრდების უმეტესობამ არც კი იცის, რომ წლების წინ ოსებს ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ. ამ ხნის განმავლობაში ქართველების დუმილი ოსებს სწყინდათ.”

მე მგონია, რომ ახლა ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ურთიერთობას იმ ოსებთან, რომლებიც დღემდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მათზე ვზრუნვათ,”გვეუბნება ელიკო ბენდელიანი და მთავრობის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს, რომელმაც მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები უნდა შექმნას.

მწირი მტკიცებულება გვაქვს საიმისოდ, რომ სოფელ ჭვებარში ეს მცდელობა დავინახოთ. ოსური სოფლები საქართველოში ძალიან ცოტა შემორჩა და მათ შორის რამდენიმე რაჭაშია. მთიანი რეგიონის მოსაზღვრედ რუსეთი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაა.

ეთნიკურად ოსი ცოლ-ქმარი - ბიჭიკო და ციალა - ახლომდებარე სოფლიდან, გადამშიდან. პირველად სოფელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული მიგრაციის ტალღის დროს დატოვეს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკას “ქართველები ქართველებისთვის” ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ კამპანია მოჰყვა.

ამ პოლიტიკამ ქართველები და ოსები ერთმანეთს ძალიან დააშორა.

“სამი და მყავს ქართველებზე გათხოვილი. ქართველი დისშვილები მყავს. ბევრი მეგობარიც გვყავს. ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც ქართველი ან სიძე, ან რძალი არ ჰყავდეს. ძალიან გადახლართულები ვართ ერთმანეთში, თუმცა ეს კავშირები მაინც არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ კონფლიქტი აგვერიდებინა,” ამბობს ბიჭიკო.

ციალა იხსენებს, რომ იმ პერიოდში ზოგიერთ ოსს ეთნიკური წარმომავლობის ხმამაღლა თქმის ეშინოდა. აქ მცხოვრები ქართველები ხშირად შეურაცხყოფასაც გვაყენებდნენ და წადითო გვეუბნებოდნენ. 

“მაგრამ მე ოსი ვარ და რატომ უნდა დავმალო? აქ დავიბადეთ. აქაური ჩვევებით და ტრადიციებით გავიზარდეთ. ქრისტიანები ვართ. ყველაფერი რაც გამაჩნია, ამ ადგილიდან მაქვს,” ამბობს ციალა.

ბიჭიკოს ახსოვს, რომ იმ პერიოდში, ოსებს რესტორანში მომსახურებაზე უარს ეუბნებოდნენ და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის უფლებას აძლევდნენ.

“არაფორმალები” (სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც 90-იან წლებში ქვეყანას აკონტროლებდნენ) მოდიოდნენ და საქონელს გვართმევდნენ, ჩვენი მიწა დატოვეთო გვეუბნებოდნენ. რა უნდა გვექნა? ნელ-ნელა მივდიოდით…რა დავაშავეთ, რომ ეს დავიმსახურეთ?”ამბობს ბიჭიკო.

ოჯახი ვლადიკავკაზში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა იქ დასახლება გაუჭირდათ. “გზაში ყველაფერი გავყიდეთ, მაგრამ ციალამ იქ მაინც ვერ გაძლო. ამბობდა, სუფთა ჰაერი არ არისო. მეც არ მინდოდა დარჩენა,”გვეუბნება ბიჭიკო.

ბიჭიკო და ციალა მაგიდის ფეხებს ქილაში ათავსებენ. ეს ძველი ტრადიციული მეთოდია მღრღნელებმა მაგიდაზე ასვლა რომ ვერ შეძლონ.

რამდენიმე წელი სტუმრობდნენ სოფელს და ბოლოს, 2014 წელს, ცარიელ სახლში დაბრუნდნენ. 

თვალწარმტაცი სოფელი გადამში მდინარე სონტარულას ნაპირებზეა გაშენებული. სოფლის ბოლოს, ძველი წყლის წისქვილთან მათი ხის სახლია, ბეღელი და პატარა ეზო, სადაც ქათმები, უამრავი სკა და ძაღლი ჰყავთ.

გადამშისა და ჭვებარში მცხოვრები ოსური ოჯახებისთვის ხარის ყოლა ყოველთვის სიმტკიცისა და სიძლიერის სიმბოლო იყო.

ბიჭიკო თავისი ბიძაშვილის მიტოვებული სახლის ეზოში ფუტკრებს ინახავს. ოჯახისთვის თაფლის წარმოება შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ბიჭიკო მეზობლად მიტოვებულ სახლს სიმინდის გასაშრობად იყენებს.

სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო პირობები მძიმეა. სტაბილურად არც ელექტროენერგია აქვთ და არც გათბობა.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მთავრობას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. მიგრაციის პრობლემა წლებია უკვე არსებობს. 

“ეს პრობლემა 20 წლის წინ დაიწყო, ამიტომ ამაზე ლაპარაკი მიჭირს.  არც მთავრობაში ვიყავი მაგ დროს. ამის მიუხედავად, იმის თქმა კი შემიძლია, რომ ქართველი და ოსი ხალხი წლები თანაცხოვრობდა და დღეს ჩვენ შორის გაბმული მავთულხლართები ამ ურთიერთობებს აზიანებს.” მავთულხლართით სეპარატისტები თავიანთი კონტროლის ქვეშ მოქცეული ტერიტორიის საზღვარს ნიშნავენ.

სერგო ხიდეშელი ამბობს, რომ რამდენიმე ინიციატივა საბაზისო მომსახურებებზე უკვე მზადდება გადამშისა და ჭვებარის სოფლებისთვის. “ონის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს, რომლებიც ამ სოფლებიდან ხალხის მიგრაციას შეუშლის ხელს. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, ორივე ოჯახს მზის პანელები დავუმონტაჟეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ელექტროენერგია აქვთ.”

ბიჭიკოსა და ციალას სახლის გასათბობად ეს მზის პანელები ზამთარში საკმარისი არ აღმოჩნდა. სოფელში დარჩნენ, მაგრამ ძლივს გადარჩნენ. საჭმლისთვის და გასათბობად შეშას იყენებდნენ. 

საღამოობით ბიჭიკო ხშირად  ძველი წყლის წისქვილის წინ ზის და საქონლის სახლში დაბრუნებას ელოდება.

“ხშირად მეკითხებიან, დაბრუნდება ხალხი გადამშში?” კი, როგორც დამინახავენ, სირბილით გამოიქცევიან,” ამბობს ბიჭიკო სიცილით. “რატომ უნდა დაბრუნდნენ? ამ ტყეში ვინ მოვა? თუ ხელისუფლებას მართლა უნდა ხალხის უკან დაბრუნება, ჩემნაირ ადამიანებს ადგილზე კარგი საცხოვრებელი პირობები უნდა შეუქმნას.”


სტატია მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში, ზაფხული/შემოდგომა, 2022


სტატია მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია