მომავლის შენება საზღვარგარეთ|ქართველი სტუდენტების არჩევანი

ავტორი: სოფიო შარაძე
30.11.22

სამხრეთ კავკასიაში სტუდენტები და ახალი თაობის პროფესიონალები უკეთესი განათლების მისაღებად და სამუშაოს საძებრად საზღვარგარეთ მიდიან. მთავრობის მცდელობა, ახალგაზრდები სამშობლოში დააბრუნოს, ხშირად წარუმატებელია.

პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ, 21 წლის ნიკა გოგიტიძემ საქართველოში სამსახურის ძებნას თავი დაანება და კატარში კომპიუტერული მეცნიერებების სწავლა განაახლა.

კოვიდის დროს მკაცრი რეგულაციები რომ დაწესდა, სახლში  დაბრუნდა. რამდენიმეთვიანი უიმედო ძიების შემდეგ მიხვდა, რომ საქართველოში მისი ცოდნა არავის სჭირდებოდა.

“ინტელექტუალური რესურსების გადინება საქართველოსთვის, რომელსაც ისედაც დემოგრაფიული და ინტელექტუალური რესურსები მწირი აქვს, კომპლექსური პრობლემაა,” ამბობს ნათია გორგაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამის მენეჯერი და განათლების საკითხების სპეციალისტი.

“სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის დასაქმების ბაზარი შეზღუდულია. არის სფეროები, სადაც დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელია, ან ღირსეული ხელფასი ვერ გექნება. ამიტომ, ჩვენ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ წარმატებას მხოლოდ სხვა ქვეყნებში ხედავენ და განუსაზღვრელი დროით სამშობლოს ტოვებენ.”

ეკონომისტი და მეწარმე მარინა ფხოველიშვილი ფიქრობს, რომ ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიც არის, რომ ის ნიჭიერი სტუდენტების ცოდნას და უნარებს ქვეყნის საკეთილდღეოდ ვერ იყენებს. ზუსტად ეს უბიძგებთ ახალკურსდამთავრებულებს სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად, საზღვარგარეთ დარჩნენ. 

“სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს ისეთი ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც “ტვინების გადინების” პროცესში შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდებოდა.”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე ახალი უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელიც სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებზეა ორიენტირებული (მაგალითად, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი), ამ უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები სტუდენტი აბარებს მათემატიკის, ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფიზიკის მიმართულებით. 

საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული სფეროა ენოლოგია, მეღვინეობის შემსწავლელი მეცნიერება.

ქართული ღვინო ქართული კულტურისა და ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში ის ქვეყნის ექსპორტში მე-5 ადგილს იკავებდა.

კახეთში მოსავლის აღების შემდეგ, 25 წლის თეონა დოლიძემ იცოდა, რომ ღვინის ექსპერტობა უნდოდა. თუმცა, ენოლოგიის შემსწავლელი უნივერსიტეტების სიმწირე მისი მიზნის მიღწევას ართულებდა.

“აბსოლუტურად ყველა ქართული უნივერსიტეტი მოვძებნე, ღია კარის დღეებს დავესწარი. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მევენახეობის დარგში მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტი მთავაზობდა კურსებს. მაშინვე გავაფართოე ძებნის არეალი და საზღვარგარეთ დავიწყე უნივერსიტეტების შერჩევა. ასე მოვხვდი იტალიაში,” ამბობს თეონა.

ის ტურინის უნივერსიტეტში სტიპენდიით ჩაირიცხა.

“იტალიის მოქალაქეებისთვის ენოლოგიის შესწავლა 8.900 ევრო ღირს. მაგრამ, რადგან უცხოელი სტუდენტი ვიყავი და იტალიურ ენაზე შემეძლო სწავლა, არაფერი გადამიხდია, სწავლის სტიპენდია თვითონ უნივერსიტეტმა მომცა.”

რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უარი გვითხრა ინტერვიუზე. გვაინტერესებდა, როგორ ითვალისწინებს ის თანამედროვე მოთხოვნებს უმაღლესი განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას. 

2022 წლის ოქტომბერში გამართულ ფორუმზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს შორის ქვეყანაში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერაა. 

“ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს მეცნიერების, კვლევისა და განათლების რეგიონული ჰაბი, სადაც გამორჩეულ მკვლევარებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევები უახლესი ტექნოლოგიებით ჩაატარონ.”

სამინისტროს 2022-2030 წლების ერთიანი ეროვნული სტრატეგია მოიცავს განათლების ინტერნაციონალიზაციას. ეს ნაწილობრივ გაცვლითი პროგრამებით (მაგალითად, Erasmus +) მიიღწევა. გარდა ამისა, არსებობს მთავრობის მიერ დაფინანსებული ათობით სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს საზღვარგარეთ განათლების მიღებაში ეხმარება. 2021-2022 წლებში 31.000 ქართველი სტუდენტიდან 480 გაემგზავრა ბელგიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, თურქეთში, იტალიასა და ბუდაპეშტში.

ზოგიერთი კერძო სკოლა საქართველოში სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ამზადებს.  გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეების 90%-ი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას უცხოეთში განაგრძობს.  2005-2022 წლების მონაცემებით,  938 მოსწავლიდან საქართველოში მხოლოდ 92 დარჩა. ამერიკული აკადემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული სკოლაა თბილისში, ამიტომ მის მაგალითს ქვეყნის მასშტაბით ვერ განვაზოგადებთ.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საგარეო ურთიერთობების დეკანი ია თოფურია ამბობს, რომ მოსწვალის მთავარი მოტივაცია სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს, განათლების მაღალი ხარისხია.

“ადრე ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო ბიზნესის ადმინისტრირება და საერთაშორისო ურთიერთობები, მაგრამ დღეს ახალგაზრდებს ისეთი პროფესიები აინტერესებთ, რომლებიც საქართველოში კარგად არ ისწავლება. მაგალითად, ინჟინერია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, მეცნიერება. ამ მიზეზით ირიცხებიან ამერიკისა და ევროპის ტექნიკურ უნივერსიტეტებში.”

ია თოფურიას თქმით, მათი უმრავლესობა სამუშაოდ საქართველოში ბრუნდება. 

თავიდან თეონას იტალიაში დარჩენა არც უფიქრია, ახალი ცოდნის მიღებას და მოგვიანებით საქართველოში მეღვინეობას გეგმავდა. სწავლის დასრულების შემდეგ სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს და სამშობლოში დაბრუნებაც გადაიფიქრა.

“იტალიაში სწავლის პარალელურად, მეგობრები შევიძინე, საუკეთესო პროფესიონალები გავიცანი, საოცნებო სამსახური ვიპოვე კარგი ანაზღაურებით. მითხარით ერთი მიზეზი მაინც, რატომ უნდა მივატოვო ეს ყველაფერი და დავბრუნდე?”

თეონა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდ როლს თამაშობს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ამ დარგის სპეციალისტები დაფასებულები არ არიან და ამის საილუსტრაციოდ ხელფასებს შორის სხვაობა მოჰყავს.

“იტალიაში ენოლოგის საშუალო თვიური ანაზღაურება 3,100 ევროა, მაშინ როცა საქართველოში ის 1100 ლარია.”

სხვა სტუდენტებიც ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთ გაცილებით მეტი შეუძლიათ გამოიმუშაონ.

“შარშან უნივერსიტეტში ჩემმა პროფესორმა ასისტენტობა შემომთავაზა. საათში 20-25 ევრო გამომდიოდა ჰონორარი. შედარებისთვის, ქართველ კოლეგებს, რომლებიც IT კომპანიებში დღე და ღამე მუშაობენ, საათში 17 ლარზე მეტი არ აქვთ,”ამბობს ნიკა, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს.

ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ ამდენი ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდის ქვეყნიდან გადინებას რამდენიმე წელში აუცილებლად ექნება უკუშედეგი. 

“ამ პროცესის გრძელვადიანი შედეგი შეიძლება იყოს: ადამიანური კაპიტალისა და ინვესტიციების დაკარგვა, კვალიფიციური მეცნიერების სიმცირე, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის შეზღუდული შესაძლებლობები,”ამბობს ფხოველიშვილი.

“სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული “ტვინის გადინება” ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე დიდი უკუსვლაა.”


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და Chai Khana-ს პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია