მამა, გამჟღავნებული
მამა, გამჟღავნებული
მას შემდეგ, რაც მამის გადაღებულ გაუმჟღავნებელ ფირებს აღმოაჩენს, ელენე გარდაცვლილი მამის დახმარებით, მისთვის საკრალური ფილმის პროექტზე მუშაობას იწყებს.
90-იანი წლების საქართველოში პოლიტიკური ვითარება მძიმდება და გულის უკმარისობით გარდაცვლილთა შემთხვევები ქვეყანას ეპიდემიასავით ედება. განსაკუთრებით, ახალგაზრდა კაცებში მძვინვარებს და ბავშვების თაობას უმამოდ ტოვებს. ელენეც იმ თაობის შვილია და ბევრი თანატოლის მსგავსად, მამას არასოდეს შეხვედრია.
ერთ დღესაც ის გარდაცვლილი მამის ნივთებს აღმოაჩენს: ძველ ანალოგურ კამერას, ცოტა უცნაურ განათების სისტემას, ყვითელ ლინზებს და მტვრიან ნეგატივებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში თურმე სახლის ერთ კუთხეში იმალებოდა. ამ აღმოჩენით ელენეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, მამის მეხსიერება და მასთან კავშირი, მამის გადაღებული ფოტოებით გააცოცხლოს.
ორ სამყაროს შორის ერთი ბნელი ოთახი ხდება ერთადერთი სივრცე, სადაც მამისა და ქალიშვილის გზები შეიძლება გადაიკვეთოს. სოსოს მიერ გადაღებული ფოტოების გამჟღავნებით, ელენე ცხოვრებაში პირველად მამასთან ახლო კავშირს აღადგენს.
ფილმმა საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარება მოიპოვა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმი საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად დასახელდა და ოქროს პრომეთე გადაეცა, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალმა „მამა, გამჟღავნებული“ სპეციალური აღნიშვნით დააჯილდოვა. ფილმი ასევე შეირჩა იჰლავას საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამისთვის.