რატომ ტოვებენ ქვეყანას ისინი, ვისაც დარჩენა უნდა

$item->name

40 წლამდე ბევრი არაფერი გიკლია, საყვარელი პროფესია გაქვს, რომლისთვისაც თავდაუზოგავად იშრომე, მეტ-ნაკლებად სასურველი სამსახური გაქვს, ნორმალური სამუშაო პირობებით და ანაზღაურებით, თვიდან თვემდე თავი გაგაქვს, პერიოდულად მოგზაურობასაც ახერხებ მეგობრებთან, შეყვარებულთან ან ქმართან ერთად, ბანკის სესხსაც პატიოსნად იხდი, კაფე-ბარშიც დადიხარ, თითქოს შენს მომავალსაც უფრო სტაბილურს წარმოიდგენ, საქმეში უფრო თავდაჯერებულიც გახდი, ნელ-ნელა საშუალო კლასის ადამიანის შესაფერისად იწყებ ცხოვრებას და უცებ ყველაფერი დრამატულად იცვლება. ისე სწრაფად უარესდება გარემო შენ გარშემო და ყოველდღიურობაც ისეთი აუტანელი და რეპრესიული ხდება, რომ ვეღარაფერზე ფიქრობ, გარდა გაცლისა, გაქცევისა. 

ამ პირობით აღწერაში მოიაზრებიან ისინიც, ვინც წლებია წინააღმდეგობაშია ხელისუფლების პოლიტიკასთან და დღესაც არ ნებდება. სამეგობროებში, სამეზობლოებში, სამსახურში, ნაცნობებში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად კითხულობენ რას აპირებ? რა ვქნათ? სად წავიდეთ? იქ რა გავაკეთოთ? 

მიგრაციას საქართველოში ყოველთვის განაპირობებდა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები. დიდი ცვლილებების ფონზე, ადამიანები უკეთესი მომავლის კონტურებს საზღვრებს მიღმა ხედავენ, ძირითადად, მაინც ევროპასა და ამერიკაში. 90-იანი წლების საქართველოში საშუალოდ 40 წელს მიტანებულმა ქალებმა მაშინ ემიგრაციით ოჯახები გადაარჩინეს, ნათესავებს უმკურნალეს, შვილები გაზარდეს, უძრავი ქონება შეიძინეს, რაც იმდროინდელ საქართველოში მიგრაციის გამოცდილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 90-იანი წლების მიგრაცია დღემდე ყველაზე მასშტაბურ გადინებად ითვლება, როცა ქვეყანა თითქმის მილიონმა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, მიგრაციის დინამიკა სრულყოფილად ვერ აისახებოდა, თუმცა დღეს არსებული მონაცემებით, 1994-2000 წლებში მიგრაციის უარყოფითი სალდო 924 000 ადამიანს  გაუტოლდა.  

90-იან წლების მიგრაციას თავისი უნიკლაური მახასიათებლები ჰქონდა ემიგრაციაში ოჯახის ერთი წევრი მიდიოდა, ძირითადად ქალები, რომლებიც უცხო ქვეყანაში სახლის დამხმარედ ან მოხუცის მომვლელად მუშაობდნენ. წასვლის მიზეზი კი უკიდურესი სიღარიბე იყო. მიგრაცია გამოწვევაა დღევანდელი საქართველოსთვისაც. სტატიისთვის ათზე მეტ ადამიანს ველაპარაკეთ, მათი მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მიგრაციის ახალ ტალღასაც აქვს საერთო მახასიათებლები. 

2023 წელს ემიგრაციაში საქართველოს 163 480 მოქალაქე წავიდა, მათგან თითქმის  43% (70 003) 15 წლამდე ასაკის ბავშვი/მოზარდი. არასრულწლოვნების გადინების მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ტენდეცია შეიცვალა და თუ აქამდე ემიგრაციაში ოჯახიდან მხოლოდ ერთი წევრი კაცი ან ქალი მიდიოდა, ახლა მოქალაქეები ქვეყანას პატარა ბავშვებთან ან მოზარდებთან ერთად ტოვებენ.

გვანცა* 35 წლის ჟურნალისტია დამოუკიდებელ მედიებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით. ის ქმართან და 3 წლის შვილთან ერთად ჩრდილოეთ ევროპაში გადადის საცხოვრებლად. როგორც თვითონ ამბობს, ახლა ბიუროკრატიულ დრაკონებს ებრძვის, რომ იქ ცხოვრების უფლება ლეგალურად მოიპოვოს ოჯახმა. მარტივი გზა არ არის. საბუთების მოწესრიგებას, ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციას თვეები სჭირდება. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც გეგმავენ, გვანცას ოჯახი ოქტომბრიდან დატოვებს საქართველოს. 

მკვლევარი მეკო ჩაჩავა, რომელიც 5 წელზე მეტია მიგრაციის საკითხებს სწავლობს, ამბობს, რომ ოჯახებით ემიგრაციაში წასვლა ახალი ტენდენციის შთაბეჭდილებას ტოვებს და სათანადოდ შესწავლილი ჯერ არ არის. ჩაჩავას ვარაუდით, ეს ახალი ტენდაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ რყევებთან. 

გვანცაც 2020 წლიდან გრძნობდა უკვე, რომ სიტუაცია უარესობისკენ იცვლებოდა სამსახურშიც და ქვეყანაშიც. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები მათთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„იმ ღამეს მე და ჩემმა ქმარმა ვთქვით, რომ ყველა რესურსი ამოწურულია. მაგრამ 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, ზუსტად ერთ საათში რუსთაველზე ამდენი გაბრაზებული ხალხი რომ დავინახეთ, ისევ დამიბრუნდა რწმენა, რომ  ყველაფერი დამთავრებული ჯერ კიდევ არ იყო. ამიტომ, დავრჩით“.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლის ბოლომდე აჩერებდა. მას მერე თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ექვსი თვეა უწყვეტი საპროტესტო გამოსვლებია. დღეს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი ჰყავს ქვეყანას და პარალელურად, დაჩქარებული წესით მიღებული რეპრესიული კანონები მოქმედებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული. 

განსაკუთრებით სახიფათო გახდა მედიის წარმომადგენლების მუშაობა. საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა კრიტიკულად აღწერეს საქართველოში არსებული დღევანდელი მედიაგარემო. კვლევითი ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ (CMIS) მიხედვით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა გამოვლინდა. გვანცას პირდაპირ ეხება ეს კრიზისი. 

„შეიძლება მალე აღარავინ დარჩეს, ვინც სიმართლეს იტყვის და ადამიანის გასაჭირს მოჰყვება. და მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც კი დასჭირდებათ თავისუფალი მედია და სასამართლო, აღარც ერთი იქნება და აღარც მეორე“, ამბობს გვანცა და დიდი გულისტკენით იმასაც აღიარებს, რომ ამ ქვეყანაში მისი პროფესიული კარიერა დასრულებულია. საკუთარ შვილს თავისი საქმიანობით ის საფრთხეს ვერ შეუქმნის: 

„სამწუხაროდ, ყველა რესურსი ამოწურულია. დღეს მედიაში დამოუკიდებლად მუშაობა ამ პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია, ამიტომაც გადავწყვიტეთ წასვლა და ყველაფრის ნულიდან დაწყება“. 

გვანცა ჯერ ენის კარგად სწავლას გეგმავს, მოგვიანებით კი სამსახურის ძებნასაც დაიწყებს. მისი ქმარი დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას ევროპიდან და ფიქრობს, რომ ფინანსურად დასაწყისში ძალიან არ გაუჭირდებათ.

საქართველოს ბოლო წლების მიგრაციის დინამიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ემიგრაციის ყველაზე მაღალი უარყოფითი სალდო 2023 წელს აღირიცხა, როცა ქვეყნიდან წასულ და ქვეყანაში დაბრუნებულ ადამიანებს შორის სხვაობა 39 207 ადამიანს გაუტოლდა.  2023 წელი ბევრი მოვლენით და თარიღითაა მნიშვნელოვანი წლის დასაწყისში მმართველმა ძალამ „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, ამას წინ უძღოდა ხელისუფლების დასავლეთისგან დისტანცირების ტენდენციაც, რომელიც თვალშისაცემი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განსაკუთრებულად გახდა. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმაც (NDI) ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2023 წელს ჩაატარა. ამ გამოკითხვის შედეგებით, საქართველოს ყოველი მე-6 ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობდა. სოციალური მდგომარეობა, როგორც მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ქვეყნის ცხოვრებიდან არასდროს გამქრალა, თუმცა სოციალურ გამოწვევებთან ერთად, ადამიანი სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილებას უკვე გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის, ძალაუფლების კონსოლიდაციის და დემოკრატიის უკუსვლის გამოც იღებენ. 

„უფრო და უფრო ბევრი ადამიანი გეგმავს და ეძებს ქვეყნის დასატოვებელ გზებს. ეს უკავშირდება ყველა იმ შიშს, რაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც აქტიურად თუ პასიურად ჩართულია სამოქალაქო ცხოვრებაში. და არა მარტო მათ ყველა თანმდევი ეკონომიკურ-სოციალური რისკი, რის წინაშეც ქვეყანა დგას, ნებისმიერ ადამიანზე აისახება“, ამბობს მკვლევარი მეკო ჩაჩავა.

თათია* და გიორგი* ესპანეთში მიდიან. თათია 28 წლის არის, ფსიქოლოგია. გიორგი 32 წლის ეკონომიკის მაგისტრია. როგორც თავად ამბობენ, ცოლ-ქმარს კარგი სამსახური და მაღალი ყოველთვიური შემოსავალი აქვს. წელიწადში სამჯერ მაინც ახერხებდნენ სამოგზაუროდ წასვლას. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას და იქ სამუშაო გამოცდილების მიღებას ისინი აქამდეც გეგმავდნენ, მაგრამ საქართველოდან სამუდამოდ წასვლაზე არასოდეს უფიქრიათ. 

„არ მინდა, აზრის თავისუფლად გამოხატვისა და რუსთაველზე დგომის გამო, ციხეში ჩაჯდომის მეშინოდეს. არ მინდა, ჩვენი ცხოვრება და საუკეთესო წლები სულ ბრძოლაში გაილიოს. კარზე კაკუნი რომ მესმის, სულ მგონია, საჯარიმო ქვითარი მომიტანეს. გუშინ ფოსტიდან დამირეკეს, არ ველოდებოდი ამანათს და პირველი რაც გავიფიქრე, ჯარიმა იყო. მუდმივად საფრთხის ქვეშ ყოფნა აღარ მინდა”.

ამბობს თათია და ამატებს, რომ მისთვის ახლა ყველაზე მტკივნეული იმის ყურებაა, როგორ ძლიერდება მის თვალწინ რუსული გავლენები და როგორ შორდება საქართველო ევროპულ მომავალს.

თათიამ და გიორგიმ ესპანური ენის სწავლა დაიწყეს და სერთიფიკატიც აიღეს. სამსახურის პარალელურად, არც ერთ დამატებით სამუშაოზე უარი არ თქვეს დანაზოგისთვის, რომ ემიგრაციის პირველი თვეები მაინც მშვიდად იყვნენ. ისინი ამ ეტაპზე ევროპაში ლეგალურად წასვლის სამ ვერსიას განიხილავენ:  3-წლიანი ე.წ. სამეწარმეო ვიზის (Entrepreneur visa) აღებას, რისთვისაც ბიზნესიდეა უკვე მოფიქრებული აქვთ, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას ან სამუშაოს მაძიებლის ვიზის მოპოვებას.

საქართველოდან ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი უკავშირდება ამერიკაში ადვოკატ ანა აბაშიძესაც. მათ რიგებში არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამ დრომდე ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ და დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში. ანა ამბობს, რომ ეს ხალხი ქვეყნის დატოვების გზებს ეძებს. ანა უკვე 8  თვეა ამერიკაში ჩასულ ქართველ ემიგრანტებს სამართლებრივად ეხმარება:

„თვეში სულ მცირე 3-4 ადამიანთან ვმუშაობ და მათგან დაახლოებით 80% პოლიტიკური ნიშნით დევნილია. ესენი არიან ოპოზიციური პარტიის წევრები, ზოგადად, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც დააშინეს, რომლებზეც იძალადეს და ფიზიკურად თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ საქართველოში”, - განმარტავს ანა.

თავად ანაც ამერიკაში დროებით, სასწავლებლად და სამუშაოდ, წავიდა. მაგრამ, რადგან ბოლო ერთ წელში ასე დრამატულად შეიცვალა საქართველოში სიტუაცია, დაბრუნებაზე ჯერჯერობით აღარც ფიქრობს.

ოჯახთან ერთად ევროპაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება პრივილეგირებულთა გამოსავალია და ამ გზასაც უკვე ისინი ადგანან, ვისაც სტაბილური შემოსავალი, კარგი განათლება და სამსახური ჰქონდა საქართველოში. ეს ხალხი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესშიც მონაწილეობდა და დოვლათსაც ქმნიდა. 

სოციოლოგი და ისტორიკოსი ქეთი სართანია მეორე წელია, ბერლინში ცხოვრობს და დოქტორანტურაზე ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სწავლობს. ქეთი ამბობს, რომ მიგრაციის პირველი ტალღა ყოველთვის ინტელექტუალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ელიტას მოიცავს ხოლმე. ამ პროცესს Brain Drain-ს ეძახიან, იგივე ტვინების გადინებას. ქეთი სოციოლოგსა და პოლიტოლოგს ზიგმუნდ ბაუმანის იხსენებს, რომელიც ამბობს:

პირველი ვინც მიდის, ის არ არის ღარიბი, უქონელი ანდა ჩაგრული. ქვეყანას პირველი ტოვებს ინტელექტუალური და ეკონომიკური ელიტა, რომელიც კარგად ცხოვრებას მიჩვეულია და ამის დაკარგვის ეშინია. 

„როგორც წესი, ეს არის ხოლმე პირველი ტალღა მიგრაციის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე, უკეთ აანალიზებენ და აცნობიერებენ, რა მოხდა და რა შეიძლება, ამას მოჰყვეს. მათ მერე უკვე მიჰყვება საშუალო კლასი, რომელსაც შეუძლია წვალებით რაღაცები გაარკვიოს და წავიდეს, როგორც სამუშაო ძალა, ვისაც ფიზიკური მუშაობა შეუძლია“, გვიხსნის ქეთი სართანია. 

ამის მაგალითია 25 წლის პოლიტიკის მეცნიერი ნიკა*, რომელმაც გერმანიაში სამუშაოს მაძიებლის ვიზა აიღო. არ გაჭირვებია, რადგან გერმანიაში პირველად სასწავლებლად 17 წლის ასაკში წავიდა და საბაკალავრო პროგრამა ბრემენის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანალიტიკურ ცენტრში - Center for European Policy Analysis (CEPA) დაიწყო მუშაობა. ამის მერე საქართველოში დაბრუნდა და უკვე თბილისში გააგრძელა მუშაობა ევროპულ ანალიტიკურ ცენტრ PPMI-ში (Public Policy and Management Institute). ნიკა ევროკომისიას ეხმარებოდა უმაღლესი განათლების პოლიტიკის რეფორმის შემუშავებაში. გერმანიაში საცხოვრებლად 2024 წლის დეკემბერში დაბრუნდა. საბოლოო გადაწყვეტილება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებამ მიაღებინა:

„ანდრო ჭიჭინაძეს ველაპარაკებოდი რამდენიმე წუთით ადრე, სანამ აიყვანდნენ. France 24-სთვის ვამზადებდი სტატიას და ინტერვიუ ჩავწერე მასთან. სიგარეტის მოსაწევად გავედი აივანზე, გავაგზავნე სტატია და იმ წუთებში ტელევიზორიდან მესმის წამყვანის სიტყები: დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. ეს ამბავი ძალიან განვიცადე. საერთოდ, სინდისის პატიმრების ყოლა ქვეყანაში ჩემთვის ტრაგედიაა”.

ნიკას თავისი საქმით უნდოდა ამ ქვეყანას და ამ საზოგადოებას გამოდგომოდა, მაგრამ როგორც ამბობს, ამისთვის უბრალოდ სივრცე აღარ დაუტოვეს არც მას და არც მის მეგობრებს:

„მე ვიყავი სამეგობროში უკანასკნელი მოჰიკანი, რომელიც უარს ამბობდა წასვლაზე და ახლა უკვე მეც მათ შევუერთდი. უსაფრთხოების რისკები ახლა ისე გაიზარდა, რომ მივხვდი, ჯობდა, წავსულიყავი“. 

კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც მიგრაციის ამ ტალღას 90-იანი წლების მიგრაციისგან განასხვავებს, არის ის, რომ ახალი თაობის ემიგრანტები ლეგალურად ცდილობენ ახალ ქვეყანაში სამუშაოს პოვნას. ყველა რესპონდენტი, ვისაც Chai Khana ესაუბრა, ცდილობს, არამხოლოდ ლეგალურად, არამედ საკუთარი ან მომიჯნავე პროფესიით დასაქმდეს. კვალიფიციური სამუშაო ძალის დაკარგვა ერთ-ერთი კვალია, რომელსაც მიგრაცია ქვეყანაზე ტოვებს, მით უფრო ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა. 

როგორც წესი, ამ დროს ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლა უწევს და გადინებულ სამუშაო ძალას იაფი სამუშაო ძალით ანაცვლებს. მეკო ჩაჩავას  სხვა ქვეყნების გამოცდილება აფიქრებინებს იმას, რომ საქართველოც შრომის ბაზარზე დანაკლისის შევსებას იმიგრანტების ხარჯზე შეეცდება, თუმცა ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, როგორშიც ახლა საქართველოა, ძალიან გაუჭირდება კვალიფიციური მუშახელის დაინტერესება და მოზიდვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს 680 833 ადამიანს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ  მოსახლეობის 18.4%-ი  მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 14.7%-ია, არასრულად გამოყენებული სამუშაო ძალის მაჩვენებლები კი, 2024 წლის მონაცემებით, 28.8%-ს უტოლდება.

არსებულ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება უმუშევარი. სამსახურებს კარგავენ ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო თუ არასამთავრობო სექტორში მუშაობენ. ასევე, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ის ადამიანები, ვინც ღიად გააკრიტიკა მმართველი პარტიის პოლიტიკა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ 2025 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მხოლოდ 5 თვეში რეპრესიები უკვე შეეხო ათობით საჯარო უწყებაში მომუშავე 700-ზე მეტ თანამშრომელს:

„რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ“, - ნათქვამია კვლევაში.

წასვლის გადაწყვეტილებას სტატიის თითოეული რესპონდენტისთვის თავისი ფასი აქვს. ზოგს მოხუცი მშობლების და ბებიის დატოვება უჭირს, ზოგს იმის გააზრება თრგუნავს, რომ ძალიან ძვირფას და ახლობელ ადამიანებთან მხოლოდ დისტანციურ ურთიერთობას შეძლებს. ისინი თითქოს უკვე იაზრებენ, რომ სამეგობრო კავშირებისა და ოჯახის გახლეჩა მათზე თავისებურ კვალს დატოვებს. პირადი დანაკარგის მიღმა კი, ქვეყანა კარგავს არამხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, მათთან ერთად კარგავს იმ ადამიანებსაც, ვისაც უკეთესი საქართველოსი სჯეროდა და ამისთვის ყოველდღიურად შრომობდა.  

შენიშვნა: რესპონდენტების თხოვნით, გვანცას*, თათიას* ნიკას* და გიორგის* სახელები შეცვლილია