ხვიჩას შეეძლო ამ ყველაფრის დასრულება | მაგდა კლდიაშვილის ამბავი
ჟურნალისტი: ელენე ხაჭაპურიძე
ფოტოგრაფი: მზია საგანელიძე
მაგდას აგვისტოს დასაწყისში ვხვდებით, შეხვედრას ერთ-ერთი სასტუმროს კაფეში დავთქვით. ადგილზე შეთანხმებულ დროს მივედი და ის-ის იყო სასტუმროს ფოიეში უნდა შევსულიყავი, ჩემ წინ ხვეულთმიანი ახალგაზრდა ქალი დავინახე, წითელი კაბა ეცვა და თავდაჯერებული მიდიოდა. დავუძახე კიდეც, მაგრამ ვერ გავაგონე.
იმ დღეს პირველად ვნახე. უცნაური იყო იმ ადამიანის ასე ახლოდან ხილვა, რომლის მონაწილეობით ერთგვარ მიმად ქცეულ ვიდეოს ბოლო 5 წელია, მეც და მთელი ქვეყანა ინტენსიურად ვუყურებთ. მაგდა კლდიაშვილი პოპულარული დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტნის და პსჟ-ის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, შესახებ წლების წინ გაკეთებული კრიტიკული შეფასების გამო გახდა. თუმცა ეს პოპულარობა არც სასურველი ყოფილა და არც სასიამოვნო — როგორ მოგიყვეთ რამდენი წერილი შემოდის და რამდენი კომენტარი იწერება ჩემზე?! კატასტროფა, კაცები მაყენებენ ვიზუალის გამო შეურაცხყოფას.
კვარაცხელიას მტრის შექმნილი ხატი იმდენად ძლიერია, მის შესახებ სხვა ბევრი არაფერი იციან, მათ შორის, არც მე. თითქოს ეს ვიდეო და ის, რაც კვარაცხელიაზე თქვა, განსაზღვრავს მთელ მის იდენტობას, არადა, ერთად გატარებული საათ-ნახევრის განმავლობაში უამრავი რამ აღმოვაჩინე, მაგალითად ის, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველა გამორჩეულ ფეხბურთელთან და სპორტსმენთან რაღაც ისტორია აკავშირებს, რომელსაც უსწრაფესად მოგიყვება, რადგან მაგდა სხარტად ლაპარაკობს, აქვს ფენომენალური მეხსიერება, უყვარს „რომა“ და ფრანჩესკო ტოტი და წარმოუდგენელი ჰარმონიით იტევს წინააღმდეგობრივ მოცემულობებს.
ჩვეულებრივი ადამიანი მგონია თავიო, ასე გამეცნო. ის თავდაჯერება, რომელიც მანამდე შევნიშნე, არ მომჩვენებია, ამ წინადადების შემდეგ მითხრა, ძალიან კარგი ჟურნალისტი ვარ, ობიექტური და სამართლიანიო.
22 წელია, სპორტულ ჟურნალისტიკაშია, თავის პროფესიულ გზაზე საუბრისას ხშირად ამბობს, რომ მწერალი ჟურნალისტია, მუშაობდა გაზეთ „ლელოში“, „პრაიმ ტაიმში“, თუმცა ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ასევე ხშირად უსვამს ხაზს, რომ გამომძიებელი ჟურნალისტია:
„ვსწავლობდი ფედერაციების ბიუჯეტებს, ვეძებდი იქ, სადაც ვინმე რამეს აფუჭებდა, ვინმე სპორტსმენს ჰპარავდა და ასე შემდეგ“.
კაცებით დომინირებულ სფეროში მუშაობა იოლი არ ყოფილა, სექსისტური გარემო სპეკულაციურია, ქალის შრომისმოყვარეობის, გონიერების და პროფესიონალიზმის დანახვის ნაცვლად, სხვა დაშვებებს აკეთებს — „იმ თაობას ვეკუთვნი, სადაც სპორტის ქალი ჟურნალისტების მიმართ მიმღებლობა არ იყო, უამრავი ლანძღვა, გინება, თათხვა მომისმენია“ — ეს გარემო უსამართლოა იმ თვალსაზრისითაც, რომ რა ძალისხმევაც არ უნდა გაიღოს ქალმა, საბოლოო დამსახურებას მაინც კაცებს მიაწერენ ხშირად. მსგავს ამბებს იხსენებს მაგდა და ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ „კვარაცხელიების ოჯახს ბავშვობიდან არ უყვარს“.
ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია, „ცხინვალის სპარტაკს“ წვრთნიდა, როდესაც გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მაგდას შეურაცხყოფა მიაყენა. ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 2 000 ლარით დააჯარიმა.
„2000 ლარი მაშინ ძალიან დიდი ფული იყო, ბადრი შემხვდა რამდენიმე დღის შემდეგ, დამღუპე და დამაქციეო და მოკლედ, ბადრის [ამის გამო] არ ვუყვარდი დიდად. ზოგადად, ბევრს არ ვუყვარდი და დღესაც არ ვუყვარვარ“.
აქტიურ ჟურნალისტიკაში აღარაა, მაგრამ სფეროდან შორს არ წასულა. მეექვსე წელია, სპორტული მედიცინის ასოციაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობას და მარკეტინგს ხელმძღვანელობს.
მაგდასთან პირისპირ ჯდომისას პირველი, რაც თვალში გხვდება მისი ტატუებია, ყურადღებას იმიტომ არ იქცევს, რომ დიდი, ან განსაკუთრებული სირთულის ნახატია, უფრო პირიქით. ასე შევამჩნიე მის მარჯვენა ხელზე, ქართული და ლათინური ასოები, მივხვდი, რომ ხელმოწერა აქვს ტატუდ და სახელი და გვარიც გავარჩიე:
ეს ის გენო პეტრიაშვილია? - ვეკითხები ცოტა დაბნეული. მაგდასთვის პოლიტიკური სიმპათიები არ მიკითხავს, მაგრამ მის მიმართ შექმნილი ნარატივი, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაპირისპირება, რომლის მისაკუთრებასაც „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, პოლიტიკურ სიმპათიებს თუ არა, ანტიპათიებს მაინც თავისთავად ცხადს ხდიდა, თითქოს.
კი, ის გენო პეტრიაშვილია, მპასუხობს და ამ ტატუს ისტორიის მოყოლას იწყებს.
როდესაც 2021 წელს ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე გენო პეტრიაშვილი ვერცხლს დასჯერდა, ამის შემდეგ, ერთ-ერთ ჩემპიონატზე მაგდა გენოს დაჰპირდა, თუ პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მოიგებდა, მისი ხელმოწერის ტატუირებას გაიკეთებდა და ეს პირობა შეასრულა. ვიდრე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ გენო პეტრიაშვილი საჯაროდ იტყოდა, მაგდამ უკვე იცოდა, რომ ამას აპირებდა [პეტრიაშვილი საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“პარტიული სიით]. არამარტო გენოს, მის ოჯახს, მშობლებს, ძმასაც ახლოს იცნობს. ზღაპრული ოჯახი ჰყავსო, მეუბნება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ გენოზე ესეც თქვას — გულდაწყვეტილი ვარ, ძალადობრივ აქტებში რომ ვხედავ, ხოლმე, ძალიან — ამ თემას ჩვენი საუბრისას კიდევ ერთხელ უბრუნდება და საბოლოოდ ასე აჯამებს:
„მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფულად არ მომწონს, რასაც გენო აკეთებს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი მისი ყველა წარმატება, ტელევიზორიდან არ მიყურებია. ვნახე, როგორ დააფინა საქართველოს დროშა ძირს, როგორ ემთხვია, როგორ მიუძღვნა შინდისის გმირებს გამარჯვება, მე თვითონ მყავს ჩაწერილი ამაზე, ბუდაპეშტში, პარიზში, ყველგან. მე თვითონ ვარ ამის თანამონაწილე. როგორ უნდა გამოვიდე და ვლანძღო?!“
იტალია, რომა და ფრაჩესკო ტოტი
პირველი თამაში 1994 წელს ნახა და იმ დღიდან იტალიას გულშემატკივრობს. მაგდა ის თაობაა, ვინც პოსტერებს აგროვებდა, გაზეთიდან რუბრიკებს ჭრიდა. პირველი ტატუ, რომელიც გაიკეთა, ფრანჩესკო ტოტის ხელმოწერა იყო. „რომას“ უკანასკნელ იმპერატორს 2017 წელს თბილისში შეხვდა.
როცა ტოტიზე ლაპარაკობს, ხაზს იმას უსვამს, რომ ტოტიმ „რომას“ უერთგულა, უარი თქვა „რეალში“ თამაშზე, ფერგიუსონის შეთავაზებაზე და ამიტომაც დაიმსახურა ის გაცილება, როგორითაც ტოტი ფეხბურთიდან გააცილეს — ყველა ტიროდა სტადიონზე და ეკრანთან.
წლებია, „რომას“ პრესტიჟული საფეხბურთო ტიტული არ მოუგია. მარცხის მიუხედავად და მისი საყვარელი ფეხბურთელის მსგავსად, მაგდა მაინც აგრძელებს „რომას“ გულშემატკივრობას.
მაგდა თავისი საყვარელი ფეხბურთელების მაისურების ფონზე. გურამ კაშია 37 ნომრით ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბ „ვიტესში” თამაშობდა. ქვემოთ „რომას” მაისურია.
ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის ჩართულობით 2017 წელს დინამო არენაზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, მაგდამ ფრანჩესკო ტოტის მაისურზე ხელი მოაწერინა, მაგრამ ფოტოს გადაღება ვერ შეძლო.
„მეც ტოტივით ერთგული ვარ და არ ვიცვლი გუნდებს. ფეხბურთმა არ იცის ალტერნატივები. არ შეიძლება „ბარსელონას“ ფანი, „რეალის“ ფანი გახდე და პირიქით [...] ტოტი რომ სადმე წასულიყო, შეიძლება, მეყურებინა მისი თამაში, მაგრამ „რომა“ ჩემთვის სხვა სიყვარულია“.
ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი იტალიაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც უკვე მესამედ ვერ ხვდება.იტალიის ნაკრების სტაგნაციას თაობათა ცვლას უკავშირებს. როდესაც მაგდამ იტალიის ნაკრების გულშემატკივრობა დაიწყო, მაშინ ქვეყანას საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა — პირლო, დელ პიერო, მალდინი, კანავარო, ზამბროტა, ტოტი. მეკარეებიც ერთმანეთზე უკეთესი. ამ თაობის ცვლა იყო მტკივნეული, რომლის გრძელვადიანი შედეგიც სახეზეა. სპალეტიც, რომ ვერ გაამართლებდა ზუსტად ვიცოდიო, მეუბნება მაგდა. სპალეტი არ უყვარს, ტოტის დასასრული სპალეტიმ დააჩქარაო. 41 წლის ტოტი როცა „რომაში“ იყო, თამაშის საშუალებას აღარ აძლევდაო — ვერ ვიტან, მოკლედ, ამ კაცს.
სპორტული მეხსიერება
მისი სპორტული მეხსიერება ბოლო 22 წლის სპორტულ მოვლენებს ინახავს, თუმცა კონცენტრირებას მაინც ფეხბურთზე ამჯობინებს. საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში გამორჩეულად ბედნიერი და მტკივნეული ეპიზოდების გახსენება ვთხოვე და ორივე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაუკავშირა. ბედნიერი ეპიზოდი იოლი გასახსენებელი აღმოჩნდა — საქართველოს ნაკრების 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
„მგონი, ყველა ტიროდა ამ თამაშზე… ხომ ხვდებით? პირველი პრესკონფერენციაც, ბიჭები შემოვიდნენ, იმღერეს. კვარამ, ლუკამ, ყველამ. ხომ გამღერეთო? მოგიწყვეთო პრესკოო, გვეძახდნენ. პირველი სანიოლის ჩავეხუტე, მეთქი, მადლობა, ოცნება რომ აგვიხდა. [..] ფეხბურთი სოციალური მოვლენაა, შეიძლება მშიერი იყო, მაგრამ ფეხბურთი მაინც ითამაშო. აი, პადელს ვერ ითამაშებ, თუ მშიერი ხარ“.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება 2021 წლის ერთა ლიგის ფინალია, რომელიც პანდემიის პირობებში, მაყურებლის გარეშე ჩატარდა. ეს იყო პირველი შანსი, როცა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეეძლო და 10-კაციან მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
„დიდხანს ვერ ვივიწყებდი ამ მტკივნეულ ამბავს, ყველაზე მეტად მწყინდა ის, რომ არც ერთ ქართველ ფეხბურთელს ამ ოცნებისთვის არც კი ურბენია, მონდომების ნატამალიც კი არ ჰქონდათ მოედანზე. [...] როგორ შეიძლება ოცნება გქონდეს და ამისთვის გაქცევაც კი დაგეზაროს?! არაფერი გაუკეთებია ჩვენს ნაკრებს, უბრძოლველად ჩავაბარეთ მაკედონელებს ეს ჩვენი სანუკვარი ოცნება და წავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე“.
ყველა ფეხბურთელთან, ვისი სახელი ერთხელ მაინც გაუგია თუნდაც ფეხბურთში ჩაუხედავ ადამიანს, მაგდას რაღაც ისტორია აკავშირებს — მე და თემურ ქეცბაია ვხოცავდით ერთმანეთსო, ქეცბას ზოგადად არ უყვარდა ჟურნალისტები, ახლა შეცვლილია ძალიან, მე მგონი ასაკმა თავის სენტიმენტები მოიტანაო — ასე იხსენებს მაგდა ქეცბაიასა და მედიას შორის არსებულ დინამიკას, ჟურნალისტებს მისი პრესკონფერენციაც დაგვიტოვებიაო. პოლონეთთან 4-ქულიანი მარცხის შემდეგ როცა ქეცბაია გადადგა, მაგდამ მესიჯი მისწერა — ჩვენ ძალიან ბევრს ვჩხუბობდით ამ წლების განმავლობაში, [მაგრამ] თქვენ ხართ ის ადამიანი, ვის გამოც მე სპორტის ჟურნალისტობა გადავწყვიტე-მეთქი. არ უპასუხია, მაგრამ რამდენიმე თვის თავზე მაგდამ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ამ დინამიკაზე ვიხალისეთ კიდეცო.
გამორჩეულად უყვარს გურამ კაშიაც, მისი ხელმოწერაც აქვს ფეხზე ტატუირებული. კაშიას გაცილებაზე იტირა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გურამ კაშიას საუკეთესო კაპიტნად მიიჩნევს. განსაკუთრებულ პატივს სცემდა, მათ შორის, მისი ღირებულებების გამო:
„კაშომ რომ თქვა, კარიერა უნდა დავამთავროო და ბოლო პრესკონფერენცია [გამართა], მთელი დღე ვიძახდი, მაგდა თავი შეიკავე დღეს, არ იტირო. [...] ემოციური იყო, ხომ ხვდებით? ბავშვობიდან რომ მიყვები ზოგ ფეხბურთელს და ისინი რომ მიდიან, გგონია, რომ ბავშვობის წლები დამთავრდა“.
მაგდასთვის სპორტიდან ყველაზე ემოციური წუთები კახა კალაძეს უკავშირდება და იმ პერიოდს, როცა მისი ძმა, ლევან კალაძე, ახალი გატაცებული იყო, ეროვნულ ნაკრებს კი თამაში ჰქონდა. კახა კალაძემ იტალიის წინააღმდეგ ითამაშა და საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს ატირდა:
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მომწონს კახას პოლიტიკური არც გემოვნება და არც არაფერი, ერთადერთი სპორტსმენია, რომელზეც არასდროს არაფერს ვამბობ, არ ვაკრიტიკებ. [...] ჩემთვის ის ცრემლებიანი კახა არის… უბედური ადამიანი, რომელმაც ძმა დაკარგა და იდგა მოედანზე საქართველოს გულისთვის, როცა ქვეყანას სჭირდებოდა, იქ იყო, როგორც შეეძლო. ამის გამოც შეიძლება, ბევრმა მაგინოს“.
უზადო პროფესიონალად ალექსანდრე იაშვილს მიიჩნევს, დაკარგულ ტალანტად თორნიკე ოქრიაშვილს, თამაშის თვალსაზრისით მისთვის საუკეთესო ფეხბურთელი ლევან კობიაშვილია — ლევანი ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს, რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. სხვა დამოკიდებულება მქონდა მასთან და ნული პატივისცემა მაქვს ახლა.
ხვიჩას შეეძლო ამ ყველაფრის დასრულება — კვარაცხელიასთან დაპირისპირების ეპიზოდი
მაგდას პირველად ინტერვიუ 2026 წლის მაისში ვთხოვე, როდესაც ცხადი გახდა, რომ პსჟ ლიგის ფინალში ითამაშებდა და დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგას ხვიჩა კვარაცხელია მეორედ და ზედიზედ მოიგებდა. ეს იმისაც ნიშნავდა, რომ ციფრული სამყარო 2022 წლის გაზაფხულზე მაგდას მონაწილეობით ჩაწერილ გადაცემას კვლავ გააცოცხლებდა და მასაც სიძულვილის მორიგი ტალღის ატანა მოუწევდა.
„მაისში ღონისძიება გვქონდა ბათუმში და ქუჩაში ბიჭების, ახალგაზრდა მამრების ჯგუფმა, ბრბომ მაგინა, შეურაცხყოფა მომაყენა. ვისაც ეგონა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ბათუმის დინამოს“ ვერ გაცდებოდა და ასეთი ტექსტები. ხალხმა ისიც არ იცის, რა ვილაპარაკე, ამაშია პრობლემა“.
მაშინ მაგდამ ამ არგუმენტით, რომ მისი ნათქვამი სინამდვილეში არავის აინტერესებს და ისევ მხოლოდ გინება უნდა აიტანოს, უარი მითხრა ინტერვიუზე.
გადაცემის, „სპორტი დიდ ქალაქში“, ის კონკრეტული ეპიზოდი, რომლის გამოც მაგდა სახალხო მტრად იქცა, მთავარ არხზე, 2022 წლის 27 მარტს გავიდა და კიდევ უფრო ადრე ჩაიწერა. ამ დროს უკრაინაში ომი ახალი დაწყებულია და ეს გადაცემაც ამ ომის კონტექსტში რუსეთში წასულ ქართველ სპორტსმენებზეა.
„მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც ამ პროფესიის არჩევის დღიდან მუდმივად ბრაზობს ქართველი, მით უმეტეს, ნიჭიერი, ტალანტი ფეხბურთელების რუსეთში წასვლის გამო. [...] როცა იცი, რამხელა პერსპექტივა გაქვს, როცა ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენ… ჩემთვის რუსეთი არის წითელი ხაზი, არ არსებობს ჩემთვის გამონაკლისი, რის გამოც შეიძლება, წახვიდე რუსეთში და რა მომავალი შეიძლება, რუსეთში წასვლამ შეგიქმნას?!“
ამ გადაცემაში ბევრი რამ ითქვა, მაგრამ საყოველთაო სიძულვილს მაგდა იმ ნაწილის გამო დაექვემდებარა, სადაც ხვიჩას სპორტულ შესაძლებლობებზე და „ნაპოლიში“ მის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:
„მოდი ვთქვათ, ვიღაცას ეს შეიძლება ძალიან ეწყინოს, მაგრამ ხვიჩა არის ფეხბურთელი, როგორიც შეიძლება იყოს… ჩვეულებრივი ფეხბურთელია. ძალიან მინდა, რომ ხვიჩასთან და ზურიკოსთან ერთად „ბათუმის დინამო“ ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არ ვარ ილუზიების ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ ხვიჩა არის ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია, [გუნდი] საქართველოს ჩემპიონატის ან რაიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანოს.
მან „აიაქსს“ უთხრა უარი. „ნაპოლი“ იყო ტყუილი. მე არ ვიცი, ხვიჩას წარმომადგენლები ვინ არიან, ვისაც ნეაპოლიტანიის ქუჩებში სახეზე ცნობენ, რომ მედიამ ამაზე წეროს. გარდა იმისა, რომ „ნაპოლის“ პრესატაშემ ეს უარყო, ქართული მედია მაინც ჯიუტად ლაპარაკობს ამაზე“, თქვა მაშინ მაგდამ.
ახლაც თვლის, რომ „რუბინის“ ფეხბურთელი, ვინც არ უნდა იყოს ის, არაჩვეულებრივი ვერ იქნება და იმ დროს კვარაცხელია არც ევროსარბიელზეა სადმე ჯგუფში შესული, არც ლიგის ფინალში უთამაშია, ან „რეალი“ დაუმარცხებია. რაც შეეხება ხვიჩას ნეაპოლიტანურ მომავალს და მის მაშინდელი აგენტზე გაკეთებულ კომენტარს, მაგდა დღეს ამბობს, რომ მამუკა ჯუღელს, ძალიან კარგად იცნობს და მასზე უბრალოდ იხუმრა. ხოლო ხვიჩას „ნაპოლიში“ ტრანსფერი თავად კლუბმა უარყო ორჯერ იმ დროს და ამ ოფიციალურ ცნობას ეყრდნობოდა.
„იცი რომ გყავს ტალანტი უზარმაზარი პოტენციალით, მე ხვიჩა დინამოს აკადემიიდან მახსოვს, დინამოშიც მახსოვს და რუსთავიდანაც მახსოვს, არ მინდა რუსეთში ხვიჩას მსგავსი ბიჭები, რომ წავიდეს სათამაშოდ და ვინ წამართვა უფლება, რომ ეს არ მომწონდეს. მე ძალიან გამიხარდა რომ ხვიჩამ რუსულ ენაზე ინტერვიუზე უარი უთხრა რუსულ მედიას, [..]. ხვიჩამ ჩემზე კარგად იცის, რომ რუსეთი მისაღები არ არის“.
თქვენც ფიქრობთ, რომ მე ამ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფა მივაყენე? - მეკითხება მაგდა, რაზეც ვპასუხობ, რომ შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაგრამ ნაწყენი თუა ან მაშინ თუ იყო, ეგ გასაგებია, მეთქი.
თავად ფეხბურთელისთვის რას ნიშნავდა ეს გადაცემა და მაგდას ნათქვამი, მისი პროფესიული ბიოგრაფიიდან ერთი ეპიზოდი ყველაზე ცხადად მეტყველებს. როდესაც კვარაცხელიამ ნაპოლისთან ერთად სერია A-ს ჩემპიონის ტიტული, სკუდეტო, მოიგო 2023 წელს, პირველი პოსტი მაგდას შესახებ დაწერა, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
კვარაცხელიას თემა ინტერვიუს ბოლოსთვის მოვიტოვე, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც ამაზე ვილაპარაკეთ. საუბრისას მაგდამ პირველმა თავად ახსენა ხვიჩა კვარაცხელია. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის წუთებს როცა იხსენებდა, ძალდაუტანებლად და ბუნებრივად თქვა, მღეროდნენ ბიჭები, კვარა, ლუკაო. გარედან მათი ურთიერთობის დინამიკა იმდენად მტრულად აღიქმება, რომ მივხვდი, არც კი დამიშვია, იმ ინტერვიუს და საჯარო დისკუსიის მიღმა, მაგდა და ხვიჩა შესაძლოა, ერთმანეთს შეხვედრიან კიდეც:
„პრესკონფერენციებზე [შევხვედრილვარ], ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედით, შევხვდი. ევროპის ჩემპიონატის მერე უნდა მეკითხა ამაზე? მე ხალხის ინტერესს გაცილებით მაღლა ვაყენებ, ვიდრე ჩემს პირად ამბებს. ხომ არ გამოვიყვანდი და საქმის გარჩევას დავიწყებდი?!
ახლა ვფიქრობ, სადაც შევხვდები, ვკითხო: დიმა ობოლაძესავით შენც ფიქრობ, რომ ვინმემ შეურაცხყოფა მოგაყენა? რადგან ვბრაზობ რომ რუსეთში თამაშობდი და „რუბინის“ ფეხბურთელი ჩვეულებრივი მგონიხარ, მაგრამ ვიცი, რომ არაჩვეულებრივი იქნები, ევროპაში თუ წახვედი?! ამის გამო, ფიქრობ, რომ დაგაკნინე? ინტერვიუზე, დიდი ალბათობით, უარს მეტყვის, მაგრამ სიამოვნებით ჩავწერდი ხვიჩასთან ინტერვიუს“.
მაგდა მობილურით გვაჩვენებს ხვიჩა კვარაცხელიასთან იმ ცნობილ ეთერამდე გადაღებულ ფოტოს. „სარბიელი” ყოველ წელს სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვას ატარებს და ამ წელს ხვიჩა გახდა ჟურნალისტების რჩეული. ფოტო დაჯილდოების ცერემონიაზეა გადაღებული.
ერთ-ერთი ადამიანის დასახმარებლად აუქციონი ეწყობოდა, როცა მაგდას დაურეკეს და ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის მაისურები სთხოვეს. კვარაცხელიას მაისური საბა საპანაძემ ჩამოუტანა. ვინც იყიდა მაისური, წაღება ამ დრომდე ვერ მოახერხა და უახლოეს მომავალში ვაპირებ გადავცეო.
მაგდა მეუბნება, რომ აღელვების გარეშე ვერ ლაპარაკობს ამ თემაზე. 5 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი სიძულვილის, შეურაცხყოფის ატანა უხდება. ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც აუკრძალა ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა. ბოლო ტალღის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა, „სქროლვა-სქრინვის სააგენტო” რეაგირებისთვის, მაგრამ ეგეც შერჩევითად მუშაობსო. მაგდა ამბობს, რომ კვარაცხელიას შეეძლო ემოქმედა — ხვიჩამ ძალიან კარგად იცის, რაც ხდება ჩემს/ჩვენს თავს — და გული სწყდება, რომ ამას არ აკეთებს:
„ერთხელ არ უთქვამს, რომ ხალხო, გაჩერდით. გაჩერდით. ჩემთვის გულდასაწყვეტია და ზუსტად ვიცი, რომ ხვიჩა ამით სიამოვნებას იღებს და ამაზე მწყდება გული. მას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, რომ ჩუმად იყოს, მისგან ამას არ ვითხოვ, მაგრამ ამით რომ სიამოვნებას იღებს, ვხვდები და ძალიან მწყინს“.
მაგრამ გამოექომაგნენ მისი კოლეგები. გიორგი კალატოზმა და ტატო ბაციკაძემ 2026 წლის ივნისში, ყოველკვირეულ საავტორო პოდკასტში, „ორშაბათობა“, დაგმეს ის, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ყოველ წარმატებას მაგდას მიმართ მოჰყვება, როგორც წესი, როცა საზოგადოების პირველი ინსტინქტი ისევ ამ ძველი ინტერვიუს გაცოცხლება და მასში მონაწილე ადამიანების ლანძღვა ხდება.
„მე არ ვამბობ, რომ მათ სწორად ილაპარაკეს, შენიშვნა შეიძლება ვთქვა მაგ ვიდეოზე. არ მომეწონა, ეს სხვაგვარად უნდა მომხდარიყო. კი არ ვამართლებ იმ ნარატივს, რაც გაჟღერდა [იმ გადაცემაში] რაღაცები შეიძლება, მართალი იყო, მთლიანობაში შეიძლება, არ ვარ მაგ მხარეს და სხვაგვარად ვიტყოდი მე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას იგებს მეორედ კვარაცხელია და შევალ ახლა ფეისბუკზე, იმათ ფოტოს დავდებ, რომ „გამოიღეთო“, ძალიან ცუდი საქციელია.
რა დააშავეს ასეთი? როდემდე შეიძლება? რამხელა ბულინგის წინაშე არიან, ხალხო, თქვენ ვერ ხვდებით. არ გამოსულან შეიძლება და ასე არ ულაპარაკიათ, მაგრამ, მე ვხვდები“, თქვა გიორგი კალატოზმა.
მაგდა მათი კოლეგების მადლიერია. ეს მადლიერება პირადადაც გამოხატა. თან კალატოზიც და ბაციკაძეც პროპაგანდისტული მედიების სამიზნეც გახდნენ ამ გამოქომაგების გამო, მაგრამ მაგდასგან განსხვავებით, მათ დამცველიც ბევრი გამოუჩნდათ.
ასეთი გამჭვირვალე სიძულვილის და თავდასხმების მიუხედავად, ამ ამბავში მაგდა მაინც უხილავია. როდესაც მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ციფრულად შეეცდებით, მაგალითად, TikTok-ის საძიებო სისტემაში მისი სახელით და გვარით ბევრს ვერაფერს იპოვით, მაგრამ საკმარისია კვარაცხელიასთან კონტექსტში მოძებნოთ, ცნობილი ვიდეო ძიების შედეგებში პირველი ხვდება. Youtube-ზეც მის წინააღმდეგ ატვირთულ ვიდეოებს ასეთი სახელწოდებები აქვს: „დიმიტრი ობოლაძე ხვიჩა კვარაცხელიას მლანძღავების შესახებ“, „მსოფლიო ტალანტ, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ამხედრებული ნაც ტელევიზიები“, „თავდასხმა ხვიჩა კვარაცხელიაზე და ბოროტი კომენტარები!“ მაგდა გულისწყვეტით აღნიშნავს იმასაც, რომ კალატოზის და ბაციკაძის მხარდამჭერი ზოგიერთი განცხადება უდავოს და უაპელაციოს ხდიდა იმას, რომ მან კვარაცხელია შეურაცხყო და გალანძღა:
„მე აქა ვარ ხალხნო, ვის იცავთ? ჩემ გამო თქვეს და იმათ იცავთ და მე არ ვარსებობ? ანუ სად იყავით ხუთი წელი? ჩემს დასაცავად ხმა რატომ არ ამოიღეთ არავინ? თუ მე ცარიელი ადგილი ვარ? თუ პოპულარული არ არის ჩემი დაცვა?
[კალატოზს და ბაციკაძეს] აუდიტორია დიდი ჰყავთ, თან მასკულინური ტიპები არიან მათი ფანები და მაყურებლები. იმიტომაც გამოვარდნენ ვიღაცები მხარდასაჭერად. თორემ ახლა ქალს, რა? ისინი ვინც მათ მხარს უჭერს, მე მწერენ, შე ღიპიანო ბიძია, რას გავხარო, ამაშია უბედურება...“
5 წელია, მაგდას ლანძღვა-გინებას კითხულობს მისი ოჯახი, 70 წელს გადაცილებული მშობლები. მაგდას მიმართაც ქალების დასაკნინებელ ნაცად ხერხს იყენებენ, სპეკულაციებს გარეგნობაზე, წერენ რომ მახინჯია, უშნოა. აგინებენ საჯარო კომენტარებში და პირად შეტყობინებებში. საჯარო პირებსაც უთქვამთ, რომ დაიმსახურა, სალანძღავი და საგინებელია. 5 წლის უბედურებამ გულგრილ ადამიანად მაქცია და არ მომწონს ჩემი თავი ასეთიო, მეუბნება.
ტატო ბაციკაძემ მხარდაჭერის გარდა, პოდკასტში ისიც თქვა, რომ იმ ცნობილ გადაცემაში მოსაუბრე სამივე ადამიანი, მაგდა, დავით ერაძე და ნანა ჩოკორაია, რეალურად გულშემატკივრობენ კვარაცხელიას, როცა თან იციან, რომ მის ყოველ წარმატებაზე, ისევ ისინი უნდა გაილანძღონ — „ერთი წამით ჩაიგდეთ თქვენი თავი მაგ მდგომარეობაში“.
მაგდა კატეგორიული ტერმინებით საუბრობს — რატომ არ უნდა მიყვარდეს? რატომ უნდა მძულდეს? — ასეთი ფორმულირებებს ხშირად იყენებს, არ ფრთხილობს და უფრო ზომიერ სიტყვებს არ არჩევს. არც ხვიჩას ქომაგობაზე საუბრისას შეურჩევია სიტყვები სიფრთხილით:
„მგონია, ხვიჩამ ძალიან კარგად იცის, რომ ძალიან მიყვარს და მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. ვინმემ როგორ შეიძლება მითხრას, რომ მტერი ვარ ვინმესი?! ან რატომ შეიძლება, მეზიზღებოდეს ხვიჩა კვარაცხელია?! ან მისი გულშემატკივარი არ ვიყო? მართლა მაინტერესებს. ვინმეს ჰგონია, რომ მე ხვიჩა არ მიყვარს? ჩემთვის სულერთი რომ ყოფილიყო, ფეხებზე მეკიდებოდა, „რუბინში“ ითამაშებდა, თუ სხვა გუნდში“.