loading

მთაში ღმერთის იმედად დარჩენილები

მთაში ღმერთის იმედად დარჩენილები მთაში ღმერთის იმედად დარჩენილები

დები, ტასო და ელენე მოდებაძეები, 4 სექტემბერს თუშეთში ავარიაში მოყვნენ. ქვემო ომალოსკენ მიმავალ გზაზე მანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იჯდა, გზიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ტასო იხსენებს, რომ დაჭეჭყილი მანქანიდან ამოძრომის შემდეგ, თავისი და რამდენიმე მეტრში იპოვა. ელენე, რომელიც ამოტრიალებისას მანქანის ფანჯრიდან გადავარდა, უგონოდ იწვა. მანქანიდან საკუთარი ძალებით როგორღაც ორი მგზავრი ამოვიდა - მათ მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ. უკვე ბნელოდა. ტელეფონის მოძებნისთანავე ტასომ 112-ში დარეკა. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მივიდა.

ელენეს მდგომარეობა ყველაზე მძიმე იყო. წელს ქვემოთ სხეულს ვეღარ გრძნობდა, ექიმები ხერხემლის მძიმე დაზიანებას ვარაუდობდნენ. ტასოს ახსოვს, რომ სასწრაფოს ექიმებმა მაშინვე დარეკვა დაიწყეს, ტელეფონით გადასცეს პაციენტის მდგომარეობა და ხერხემლის სავარაუდო ტრავმა აცნობეს. ვერტმფრენიც მოითხოვეს.

„ვის ესაუბრებოდნენ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი დარეკვისას უპასუხეს, უარია ვერტმფრენზეო. როდესაც სასოწარკვეთილი ვკითხულობდი - „რატომ“, მეუბნებოდნენ, რომ თურმე, მინისტრის [შინაგან საქმეთა] ბრძანებაა საჭირო და რომ ღამე არც არის შესაძლებელი ვერტმფრენის გამოფრენა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ თუშეთიდან 4 სექტემბერს დაშავებულის გადასაყვანად მათგან ვერტმფრენი მოითხოვეს.

გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაშავებულების ქვემო ომალოდან თელავის საავადმყოფოებში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა. აგვისტო, 2026 წელი

თუშეთი დანარჩენ საქართველოს ერთადერთი საავტომობილო გზით - ფშაველი–აბანო–ომალოს მარშრუტით უკავშირდება. ომალოდან ფშაველამდე, სადაც ასფალტიანი გზა იწყება, დაახლოებით 70 კილომეტრია. ამ მანძილის გასავლელად, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარე აბანოს უღელტეხილის გადავლაა საჭირო, შემდეგ კი ციცაბო ფერდობებზე დაახლოებით 2 000 მეტრით უნდა დაეშვა. აბანოს უღელტეხილის გავლით მიმავალი ვიწრო, გრუნტიანი გზა რთულ მთიან რელიეფზე გადის. გადაადგილება დიდწილად ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. ცალკეულ მონაკვეთებზე მეწყრისა და ქვათაცვენის საფრთხეა, რის გამოც გზის გასაწმენდად თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

სწორედ ეს გზა უნდა გამოევლო ორ რეანომობილს თუშეთიდან თელავის რეფერალურ და რეგიონულ საავადმყოფოებში დაშავებულების გადმოსაყვანად. 

„ჯოჯოხეთი, არაადამიანური ტანჯვა იყო. იმის გააზრება, რომ ჩემი და 4-საათნახევარი თუშეთის გაუმართავ გზებზე ჯაყჯაყით უნდა ჩაგვეყვანა, წარმოუდგენელი იყო. მეგონა, რომ შეეწირებოდა იმ გზას. პანიკურად მეშინოდა, რომ შეიძლებოდა ჩემი და მომკვდარიყო“, - დღესაც ემოციურად იხსენებს ტასო იმ გზას, რომლის გავლასაც თითქმის 5 საათი დასჭირდა. მაშინ არც იცოდა, რომ თვითონ ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. ტკივილის მიუხედავად, იმ მომენტში საკუთარ მდგომარეობაზე ვერც კი ფიქრობდა:

„ჩემს დას გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ხან ღებინება ეწყებოდა, ხან გული მისდიოდა, ხან გონება ებინდებოდა... მანქანის ჯაყჯაყის გამო, წვეთოვანი სისტემა, რომელიც ბინტით ჰქონდათ დაბმული, რამდენჯერმე თავზე ჩამოემხო და სითხე სახეზე გადაესხა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჟანგბადზე იყო მიერთებული და გზაზე ჟანგბადის ბალონები გათავდა. მე მარჯვენა ხელი კუსტარულად მქონდა დაფიქსირებული რაღაც რეზინით და ვერაფერს ვეყრდნობოდი. ექთანიც გვერდით იჯდა, მაგრამ ისე ვჯაყჯაყებდით, როგორმე ყველას ჩვენი თავი უნდა შეგვეკავებინა. ცალი ხელით ვცდილობდი მოჭიდებას, რომ არ გადავყირავებულიყავი და წინ საკაცეზე მწოლიარე ჩემს დას არ დავმხობოდი“,

- იხსენებს ტასო მომხდარს და პერიოდულად ერთსა და იმავე კითხვებს დღესაც განცვიფრებული იმეორებს: როგორ შეიძლება, ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელიც ყოველწლიურად მთაში ტურისტების მოსაზიდად კამპანიებს ატარებს, ადამიანის უსაფრთხოება პრიორიტეტი არ იყოს?! როგორ შეიძლება, აქტიურ ტურისტულ სეზონზე ქვეყანაში ერთი სამაშველო ვერტმფრენიც კი არ არსებობდეს, რომელსაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ადამიანის გადასარჩენად ფრენა შეუძლია?!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ Chai Khana-ს წერილობით დაუდასტურა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ვერტმფრენი საერთოდ არ ჰყავს და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოიყენონ. ამ წესს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის
ბრძანება არეგულირებს.

თუშეთში, სოფელ ომალოში, ერთადერთი ამბულატორია მხოლოდ სეზონურად, წელიწადში 4-5 თვის განმავლობაში მუშაობს. ბარიდან ასული ორი სასწრაფო დახმარების ჯგუფი ორ-ორი კვირის მონაცვლეობით მორიგეობს. თავად ამბულატორია კი უკვე მეხუთე წელია, ფუნქციონირებს. შენობას 2021 წელს იაპონიის საელჩოს დახმარებით ჩაუტარდა რეაბილიტაცია, სამედიცინო აღჭურვილობაც სწორედ საელჩომ შეიძინა. იქამდე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი თუშეთში სეზონურადაც კი არ მორიგეობდა.

რეანომობილი ომალოში. აგვისტო, 2026 წელი.
© თომა ბეგიაშვილი

სწორედ ეს დრო გაიხსენა თამარ ლუხუმაიძემ, რომლის ოჯახიც, თუშების უმრავლესობის მსგავსად, ზამთარს ალვანში [ახმეტის მუნიციპალიტეტი] ატარებს, ზაფხულობით კი თუშეთში ადის. სოფელ დანოში მის 6 თვის შვილს 2020 წელს ვირუსი შეხვდა. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვის მოვლას დამოუკიდებლად ცდილობდა თამარი, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გახდა მაღალი ტემპერატურისგან დასუსტებული ბავშვი მანქანით ალვანში ჩაეყვანა. ვერც სოფელ დანოში და ვერც ომალოში მაშინ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი დანოდან ალვნამდე მანძილი დაახლოებით 100 კილომეტრია, რთული რელიეფის გამო, ამ გზის გავლას ხუთ საათამდე სჭირდება.

თამარს მამის ამბავიც მძიმედ ახსოვს: როცა მას მუცლის არეში გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო და კუჭის პერფორაციის (გახვრეტის) დიაგნოზი ადგილობრივმა ექიმმა, ირაკლი ხვედაგურიძემ, დაუსვა. ტკივილებით გატანჯული კაცი სოფელ დანოდან ოჯახმა საკუთარი მანქანით წაიყვანა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა კი მათ 5-საათიანი გზის გავლის შემდეგ, ბარში დახვდათ. 

თუშეთში ოჯახი არ არის დარჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით მსგავსი გამოცდილება რომ არ ჰქონდეს: პაციენტის საკუთარი ტრანსპორტით ბარში ჩაყვანა და მრავალსაათიანი გზა ექიმამდე.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, თუშეთში მთელი წლის განმავლობაში სულ 48 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 38 - ომალოში, 2 - კვავლოში, 5 - შენაქოში და თითო კაცია დარჩენილი ჩიღოში, ჭეშოსა და ბოჭორნაში. მათი უმრავლესობა მოხუცია, სოფლებს ერთმანეთისგან კილომეტრები აშორებთ. (თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 54 სოფლიდან, 6-ის გარდა, ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე ყველა დაცლილია ან ნასოფლარადაა ქცეული). 8-თვიანი ზამთრის პერიოდში თუშეთი მთლიანად მოწყვეტიილა გარესამყაროს. იქაურებისთვის ერთადერთი იმედი სოფელ ბოჭორნაში მცხოვრები 86 წლის ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე იყო. 

ამ ზამთარს თუშეთი ამ ერთადერთი ექიმის იმედადაც ვეღარ იქნება. ზაფხულში, როცა თუშეთში ჩავედით, ირაკლი ექიმი იქ არ დაგვხვდა. ადგილობრივებისგან გავიგეთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავადაც ბარში ჩასულა.

თუშეთში მხოლოდ ზაფხულში მომუშავე ამბულატორიის შენობაც დავათვალიერე და მორიგე ექიმს და ექთანს დაველაპარაკე. ექიმმა მუშაობის პირველი წელი გაიხსენა, როცა თუშეთში, მისი თქმით, მთელი სეზონის განმავლობაში, სულ 530 ადამიანი იყო ასული. ახლა კი მეუბნება - ამბულატორიიდან რომ გახედოთ და ომალოდან სოფელ შენაქოსკენ მიმავალ გზაზე ადამიანები დათვალოთ, 530 კაცი მხოლოდ ერთ საათში გაივლისო. სეზონზე ადამიანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, სამედიცინო შემთხვევებიც გახშირებულია. უმეტესად სამედიცინო დახმარებას მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების გამო ითხოვენ. ჩემს კითხვაზე - დასჭირვებია, თუ არა როდისმე პაციენტის გადაუდებელი მდგომარეობის გამო ვერტმფრენის გამოძახება - საპასუხოდ ექიმმა არაერთი შემთხვევა გაიხსენა, თუმცა მისი პრაქტიკის განმავლობაში, სახელმწიფოს ვერტმფრენი ადგილზე არასოდეს მისულა.
 
2022 წელს, მას შემდეგ, რაც გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა და 8 ადამიანი (4 მფრინავი, 2 ექიმი და 2 მაშველი) დაიღუპა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
განაცხადა, რომ ხელისუფლება წინა მთავრობის მიერ ნაყიდ ვერტმფრენ „სუპერ პუმას“ გამომშვებ ქარხანას დაუბრუნებდა და იმ თანხით სამ ახალ ვერტმფრენს იყიდდა, რომელიც სამაშველო ოპერციებში გამოდგებოდა. შსს-ს მიერ გავრცელებულ მაშინდელ განცხადებაში ეწერა, რომ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ „სუპერ პუმას“ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის ვერ იყენებდნენ.

ამის შემდეგ, 2024 წლიდან სასაზღვრო პოლიციის ავიაციას 3 ახალი "H145" ტიპის ვერტმფრენი შეემატა. სასაზღვრო პოლიცია ოფიციალურ გვერდზე
წერს, რომ სამივე შვეულმფრენი „სრულად არის დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით“, თუმცა, არსად ახსენებს, აქვს თუ არა რომელიმე შვეულმფრენს ღამის ხედვის სისტემა, რომელიც დამატებითი აღჭურვილობაა და ღამის საათებში სამაშველო ოპერაციების შესასრულებლად არის აუცილებელი. 

ამის გასარკვევად შსს-ს განცხადებით მივმართეთ. თუმცა, კითხვაზე - შეუძლიათ, თუ არა ავიაციის შემადგენლობაში არსებულ ვერტმფრენებს ღამით სამაშველო ოპერაციების შესრულება - არ გვიპასუხეს.

სასაზღვრო პოლიცია ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ სასაზღვრო ავიაცია სტიქიური უბედურების დროს, ასევე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, აუცილებელი ყოფითი პრობლემების მოგვარების მიზნით, მაღალმთიან რეგიონებსა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას ეხმარება. 

ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის ევაკუაციას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ, სახელმწიფო უწყებები ინფორმაციას საჯაროდ ავრცელებენ. ამ ამბებს აქტიურად აშუქებს ხოლმე სამთავრობო მედიაც. თუმცა ეს ცალკეული ეპიზოდები ქვეყნის მასშტაბით სრულ სურათს არ გვაჩვენებს. უწყება არ ასაჯაროებს ინფორმაციას, როდის და რა შემთხვევებში უთქვამს უარი პაციენტის ვერტმფრენით ევაკუაციის მოთხოვნაზე. შსს-დან არ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია ბოლო 5 წელიწადში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიზნით შესრულებულ და ვერ შესრულებულ ფრენებზე.

ვერტმფრენი რომ დროულად ხელმისაწვდომი არ არის, ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ გამხდარა სამაშველო ოპერაციის შეფერხების მიზეზი. ამის ერთ-ერთი მძიმე მაგალითი 2023 წელს შოვის ტრაგედია იყო, როდესაც სტიქიის შემდეგ სამაშველო ვერტმფრენს საათები ელოდნენ, ღამით კი, შესაბამისი განათების აღჭურვილობის არქონის გამო, ვერტმფრენით სამძებრო სამუშაოები შეჩერდა.

თუშეთის გარდა, რესპონდენტები სვანეთშიც არაერთ შემთხვევაზე გვიყვებიან, როდესაც პაციენტს გადაუდებლად სჭირდებოდა ევაკუაცია, თუმცა ვერტმფრენი ადგილზე არ მისულა. გაურკვეველია, ვინ და რა პრინციპით წყვეტს, როდის უნდა გაფრინდეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და როდის- არა.

არსებობს თუ არა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ოფიციალური პროტოკოლი ან შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მაღალმთიანი რეგიონიდან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიზნით პაციენტის ვერტმფრენით ევაკუაციის პროცედურას - ამ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტრო არ გვპასუხობს. არც შსს-ში გვიპასუხეს კითხვაზე, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ადგილას ვერტმფრენის გაგზავნის შესახებ და შეუძლია, თუ არა სასწრაფო დახმარების ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს ვერტმფრენის პირდაპირ მოთხოვნა.

ტურისტები, როგორც აღმოჩნდა, კერძო მომსახურებით სარგებლობენ. მაგალითად, სოფელ ომალოში ადგილობრივებმა გაიხსენეს ივლისში მომხდარი შემთხვევა, როცა ტურისტს მთიან რელიეფზე ფეხი დაუცდა, გულმკერდის მძიმე დაზიანება მიიღო და კლინიკაში მის გადასაყვანად კერძო ვერტმფრენი გამოიძახეს. როგორც ამბობენ, თბილისის ერთ-ერთ კლინიკამდე გადასაყვანად, კერძო კომპანიისგან ვერტმფრენის ქირაობა ტურისტს 12 000 ლარი დაუჯდა.

ევროპის ქვეყნებში სამედიცინო ვერტმფრენები გადაუდებელი დახმარების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით მაღალმთიან და რთულად მისადგომ რეგიონებში. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სისტემა განსხვავებულად მუშაობს, გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მოწყობიდან.
მაგალითად,
ნორვეგიაში საჰაერო სასწრაფო დახმარებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ვერტმფრენების ოპერირებას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე არჩევს და შესაბამის კონტრაქტებს უფორმებს. სამედიცინო პერსონალი კი სახელმწიფო საავადმყოფოების თანამშრომლები არიან.  ქვეყნის მასშტაბით 13 ბაზაზე მათ 14 სამედიცინო ვერტმფრენი ჰყავთ. იტალიაში საჰაერო სამედიცინო დახმარება ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ნაწილია, თუმცა, ნორვეგიისგან განსხვავებით, იტალიაში მისი ორგანიზება სახელმწიფოს ცენტრალიზებული არ აქვს და ვერტმფრენების ბაზებისა და მათი მომსახურების მართვის მოდელი რეგიონების მიხედვით განსხვავდება. შეიძლება, ვერტმფრენს რომელიმე საჯარო დაწესებულება თავად ფლობდეს, ან სერვისის მისაღებად რომელიმე კერძო კომპანიასთან აფორმებდეს კონტრაქტს.

შვეიცარიაში საჰაერო სამედიცინო და სამაშველო ოპერაციებს არაკომერციული ორგანიზაცია Rega უწევს კოორდინაციას, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 14 ბაზა აქვს და მის არეალში ნებისმიერ წერტილამდე მისვლა, ჩვეულებრივ, 15 წუთში შეუძლია. ავსტრიაში კი საჰაერო სამედიცინო დახმარების ქსელი მუდმივ და სეზონურ ბაზებს აერთიანებს. ქვეყნის ალპურ რეგიონებში ზამთრის სეზონზე დამატებითი ბაზები იხსნება, რომ ტურისტებს საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოემსახურონ.

საქართველოში სპეციალურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით ფრენას არც ერთი კერძო კომპანია არ ასრულებს. თუმცა, ზოგიერთი ავიაკომპანია, ტურისტულ ფრენებთან ერთად, კლიენტებს სამედიცინო ევაკუაციასაც სთავაზობს და კერძო კლინიკებთანაც თანამშრომლობს.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია, TCA Helicopters-ია, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და 3 შვეულმფრენი (ორი Airbus H125 და ერთი  Agusta A109K2) ჰყავს. ღამის ხედვის სისტემა არც მათ შვეულმფრენებს აქვთ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიკა ქორთოშიძე ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში 17 სამედიცინო-საევაკუაციო ოპერაცია შეასრულეს და მათგან დაახლოებით 85% უცხოეთის მოქალაქეებისთვის იყო, რომელთა ხარჯებსაც, ძირითადად, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ. ლიკას თქმით, ყველაზე ხშირად სამაშველო-სამედიცინო ფრენაზე მოთხოვნას თუშეთიდან, სვანეთიდან, ხევსურეთიდან და ყაზბეგიდან იღებენ. ანუ იმ ადგილებიდან, სადაც სახმელეთო ტრანსპორტით სწრაფი გადაადგილება მეტეოროლოგიური პირობებისა და გზების გამო რთულია.

პაციენტის ვერტმფრენით ევაკუაცია ომალოდან
©TCA Helicopters

რა ღირს სამედიცინო მიზნით ფრენის მომსახურება, კონკრეტულ თანხას ვერ გვეუბნება. მაგალითად, თელავი-ომალო-თელავი ჩარტერული ფრენისთვის კომპანიის განსაზღვრული თანხა 1 950 დოლარია [დაახლოებით 5050 ლარი]. თუმცა, ლიკა ქორთოშიძე გვიხსნის, რომ სამედიცინო ან სამაშველო ფრენისთვის კომპანიას ასეთი ფიქსირებული ფასები არ აქვს: 

„ორი ერთი შეხედვით მსგავსი ოპერაციაც კი, შეიძლება, საავიაციო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ფასზე გავლენას ახდენს რა ლოკაციიდან უწევს შვეულმფრენს ფრენის შესრულება, პაციენტი სად არის, საერთო ფრენის დრო რამდენია, ადგილზე ლოდინი თუა საჭირო, დამატებითი სამედიცინო ან სამაშველო პერსონალი თუ უნდა გაჰყვეს და ასევე, სად არის პაციენტის საბოლოო დანიშნულების ადგილი. თუ დამატებითი სამედიცინო ჯგუფია საჭირო ან სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობაა წასაღები, ეს მომსახურების ღირებულებას აძვირებს“. 

საქართველოს ხელისუფლება მთის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობით და ტურისტების „რეკორდული მაჩვენებლებით“ ხშირად იწონებს თავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი ყოველწლიურად სამთო სპორტულ ღონისძიებებს ატარებს საქართველოში და საერთაშორისო მედიასა და ტუროპერატორებს მასპინძლობს. ამის მიუხედავად, მთაში, ტურისტულად ყველაზე განვითარებულ ადგილებშიც კი, მაგალითად მესტიაში, სახელმწიფო ადამიანების სამაშველო და სამედიცინო საჭიროებებს ვერ პასუხობს. 

ზემო სვანეთში ადგილობრივები და სამთო გამყოლები მეუბნებიან, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ევაკუაციის საჭიროების შემთხვევებიც ყოველწლიურად იზრდება.

ალექს მარგიანმა, რომელიც სერთიფიცირებული საერთაშორისო სამთო გამყოლია, 8 წელია, რაც მესტიაში Svaneti Heliskiing დააფუძნა. კომპანიას ზამთრის სეზონზე მაღალმთიანი რეგიონისთვის შესაფერისი ვერტმფრენი ჰყავს ნაქირავები და ტურისტებს ზემო სვანეთში სათხილამურო ტურებს, ჰელი-სკის მომსახურებასა და ჰელი-სათავგადასავლო ფრენებს სთავაზობს, რაც  გულისხმობს მოთხილამურეების ვერტმფრენით მიყვანას მთის ისეთ მონაკვეთებზე, სადაც გაუკვალავი თოვლია და საბაგიროები და სათხილამურო ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის. თუმცა, როგორც გვითხრა, ყოველწლიურად სამაშველო-საევაკუაციო ფრენებსაც ასრულებენ.

Svaneti Heliskiing-ის ვერტმფრენი სვანეთის მთებში
© Svaneti Heliskiing

ალექსი ამბობს, რომ როცა მთიდან ადამიანს გადაუდებელი ევაკუაცია სჭირდება, თავად დაშავებულები, სამთო გამყოლები თუ მაშველები პირდაპირ მის კომპანიაში რეკავენ. 8 სეზონის განმავლობაში 25 ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაურჩენიათ. ერთხელ 15-კაციანი ჯგუფი ჰყავთ ხეობიდან გამოყვანილი. ალექსი ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ერთი სამაშველო ვერტმფრენი მაინც ჰყავდეს სვანეთში ბაზირებული.

შსს-ს ამ კითხვით მიმართა Chai Khana-მ. გვაინტერესებდა, აქვს თუ არა სახელმწიფოს სვანეთში, ან სხვა რომელიმე მაღალმთიან რეგიონში სამაშველო ვერტმფრენებისთვის მუდმივი ბაზირების ადგილი განსაზღვრული. თუმცა, უწყებაში კითხვაზე არ გვიპასუხეს.

„მესტიაში ზამთარში სანამ სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვა [თბილისიდან], ორი საათი მაინც ხომ უნდა?! დრო გადამწყვეტია ზოგჯერ და დაზარალებულს ვერ დავტოვებთ მთაში. გვირეკავენ და ჩვენც მივდივართ ხელად. 15-20 წუთში ვაგვარებთ ყველაფერს“, - მეუბნება ალექსი და უფრო ნიუანსურადაც მიხსნის მთაში ვითარებას: რომ მაგალითად, მოტეხილობებით თოვლში მწოლიარე ადამიანს შესაძლოა არითმია დაეწყოს და უფრო დამძიმდეს. ორი ფატალური შემთხვევაც ახსენდება, როცა მთიდან უკვე გარდაცვლილი ადამიანის გამოყვანა მოუწიათ. ალექსი როგორც ამბობს, ყარაულებივით სულ მზადყოფნაში არიან. ტურისტის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიასთან აგრძელებენ ანაზღაურებაზე მოლაპარაკებას. თუმცა, ძირითადად, სრულიად უსასყიდლოდ მიდიან ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

რა ხარჯია კერძო კომპანიისთვის ერთი სამაშველო ფრენის შესრულება, ზუსტ თანხას ვერც ალექსი გვისახელებს. თუმცა, ამბობს, რომ ყველაზე ახლო მანძილზე გადაფრენა, მინიმუმ, 5 000 ევრო [დაახლოებით 14 400 ლარი] უჯდებათ. მისი კომპანია ვერტმფრენის ქირას ფრენის წუთების მიხედვით იხდის. შესაბამისად, მანძილის, ადგილის სირთულის და ფრენის დროის გათვალისწინებით, ხარჯი ზოგჯერ 10 000 ევროსაც [დაახლოებით 28 800 ლარი] კი აჭარბებს. ძირითადად, დაშავებულები სვანეთის მთებიდან მესტიის საავადმყოფომდე გადმოჰყავთ.

მესტიის საავადმყოფოს იმედადაა დარჩენილი მთელი უშგულის თემიც, რომელიც მესტიიდან 45 კილომეტრშია. საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, უშგულის ხუთივე სოფელში მთელი წლის განმავლობაში 219 ადამიანი მუდმივად ცხოვრობს. უშგულს ამბულატორიაც კი არ აქვს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მესტიიდან მიდის. გზას ზამთარში საათზე მეტი დრო სჭირდება. 

„ღმერთის ამარა ვართ. აქ არც ამბულატორიაა და არც აფთიაქი“, - მეუბნება 52 წლის მოკა ნიჟარაძე, რომელიც ძმასთან და დედასთან ერთად სოფელ ჩვიბიანში ცხოვრობს. მოკა გასულ წელს უშგულში მომხდარ ამბავს მიზიარებს, რომელიც ბავშვიან ოჯახს შემთხვევია. 

„ბავშვს ბრმანაწლავი გაუსკდა. დიდი თოვლი იყო. მესტიიდან რეანომობილი გამოიძახეს. აქედანაც მანქანით წაიყვანეს ბავშვი და შუა გზაში შეხვდნენ. ძლივს მიუსწრეს, რომ ორგანიზმი არ მოწამლულიყო. წელს წავლენ ალბათ უშგულიდან“,

- მეუბნება მოკა და მთის დაცლის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მიზეზად სწორედ სამედიცინო სერვისების არქონას ასახელებს.

რაული ნიჟარაძე უშგულის სკოლაში ისტორიას და მოქალაქეობას ასწავლის. უშგულის თემს, როგორც რაული გვეუბნება, ორი ადგილობრივი ხანშიშესული ექთანი ჰყავს, თუმცა რადგან ადგილზე ამბულატორია არ არის და არც სამედიცინო აღჭურვილობა, მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

მოკა და რაულ ნიჟარაძეების მამას 2017 წელს ინსულტი დაემართა. რეანომობილი გამოიძახეს, რომელმაც რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ პაციენტი ზუგდიდის ჰოსპიტალში მიიყვანა, რადგან მესტიის საავადმყოფოს მისი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები არ აღმოაჩნდა:

„სისხლჩაქცევა ჰქონდა ტვინში და მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდა, რა თქმა უნდა. მიზანშეწონილი არ არის მაღალი წნევის დროს პაციენტის მოძრაობა და გადაყვანა. ადგილზე რომ გაწეოდა პირველადი დახმარება, კარგი იქნებოდა. მაგის მერე 5 წელი იცოცხლა", - იხსენებს მამის მაშინდელ მდგომარეობას რაულ ნიჟარაძე.

სვანეთში ერთი ბაზირებული ვერტმფრენი რომ ჰყავდეს სახელმწიფოს სეზონურად, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიზნით გამოიყენებდა, შესაძლოა, სოფლების დატოვებაზე აღარ ეფიქრა მთის ხალხს. ხოლო, მათ, ვინც მაინც რჩება, მუდმივად შიშში ცხოვრება არ მოუწევდათ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის უფრო ხარჯთეფექტიანი იქნება, თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ერთი ვერტმფრენი მაინც ეყოლება, რომელიც უშუალოდ რეფერალური სერვისებისთვის და საგანგებო სიტუაციებისთვის იქნება განკუთვნილი. ყველა მთიან რეგიონში სამედიცინო დაწესებულების აშენება, მისი შეფასებით, გონივრული არც არის.

„ამბულატორიების აშენება ანდა ყველგან საავადმყოფოს ჩადგმა, თუნდაც ათსაწოლიანის, გამოსავალი არ არის. გამოსავალია, სწორად დაგეგმო, სად რა სერვისი უნდა გქონდეს“,  - ამბობს აკაკი ზოიძე და მაღალმთიან და გეოგრაფიულად იზოლირებულ დასახლებებში სამედიცინო მომსახურების განსხვავებულ მოდელებზე მიანიშნებს. გვიხსნის, რომ ზოგ ადგილას შეიძლება მუდმივი ამბულატორია ფუნქციონირებდეს, ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრი იყოს; ზოგიერთ ადგილას მოსახლეობას მობილური სამედიცინო ბრიგადები ემსახურებოდნენ; ზოგან კი ადგილზე მუდმივად იყოს ადგილობრივი ექთანი ან ექიმი და მათ გასაძლიერებლად პროცესში ტელემედიცინა ჩაერთოს. ასეთ დროს პაციენტებს სპეციალისტებთან დაკავშირება დისტანციურად შეეძლებათ. როგორც აკაკი ზოიძე განმარტავს, ეს მოდელები ერთმანეთს არ გამორიცხავს, პირიქით,  შესაძლებელია, რომ ცალკეულ ადგილებში რამდენიმე მათგანის კომბინაცია მუშაობდეს.

მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაუდებელი შემთხვევების დროს, მაღალმთიან და იზოლირებულ დასახლებებში, ვერტმფრენის საჭიროებას ვერც ერთი სხვა საშუალება ვერ ჩაანაცვლებს.

„პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ღვთის იმედადაა ხევსურეთშიც დარჩენილი ყველა ადამიანი“, - მეუბნება ნინო ბარნაბიშვილი, რომელიც უკვე 6 წელია ქმართან ერთად, პირიქითა ხევსურეთში, ციხე-სოფელ ხახაბოში ცხოვრობს. ნინო და პაატა რომ არ იყვნენ ხახაბოში, დღეს ეს სოფელიც ნასოფლარი იქნებოდა. მათი უახლოესი მეზობელი 7 კილომეტრში, სოფელ ბახაოში ცხოვრობს. ზამთარში სოფლებს შორის საფეხმავლო ბილიკის გავლაც კი რთულიაო, მეუბნება ნინო. 

ხევსურეთი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია მაღალმთიანი რეგიონის, სადაც დროული სამედიცინო დახმარების იმედი არც ერთ სეზონზე არ აქვთ. 

ხევსურეთში, შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში (რომელიც, შატილის ჩათვლით, 9 სოფელს აერთიანებს) მთელი წლის განმავლობაში სულ 71 ადამიანი ცხოვრობს. უშგულის მსგავსად, არც შატილშია დღემდე ამბულატორია. პირიქითა ხევსურეთში სატელეფონი ქსელებიც არ იჭერს, შესაბამისად, გადაუდებელ სიტუაციებში, 112-ზეც ვერ დარეკავენ. გარესამყაროსთან დასაკავშირებლად მოსახლეობისთვის ერთადერთი საშუალება ინტერნეტია, თუმცა მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ინტერნეტიც ითიშება.

როგორც თუშეთი, ხევსურეთიც წელიწადში თითქმის 8 თვე, ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, სრულად მოწყვეტილია გარესამყაროს. სანამ გზა ჩაიკეტება, ნინო და პაატა თბილისში ჩამოდიან, გრძელი და მკაცრი ზამთრისთვის მარაგს ივსებენ და სამედიცინო შემოწმებებსაც გადიან. თუმცა, ეს მათ ბოლომდე მაინც არ აზღვევთ.

როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის პირველად სამედიცინო დახმარებას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა საავტომობილო გზა ჩაკეტილია - ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ შეკითხვაზეც ვერ მივიღეთ პასუხი.

2020 წელს, როცა ნინო სოფელ ხახაბოში გადმოვიდა საცხოვრებლად, გაზაფხულზეც უჩვეულოდ დიდი თოვლი მოსულა. რადგან თოვა არ ჩერდებოდა და ზვავის ჩამოწოლის რისკიც იზრდებოდა, პაატამ გადაწყვიტა, ნინო იქაურობისთვის გაერიდებინა. 

„მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა და სთხოვა, სასაზღვრო ფრენა რომ მოვიდოდა, მეც წავეყვანე. იმხელა თოვლი იყო, რომ ვერტმფრენი ვერ ჯდებოდა. როგორღაც დამეხმარნენ, ამიყვანეს ვერტმფრენში და გადმომიყვანეს თბილისში. პაატა დარჩა“, - მიყვება ნინო და სიზუსტისთვის იმასაც მეუბნება, რომ თუ ვინმეს გადაუდებელი საჭიროება აქვს, მუნიციპალიტეტს უკავშირდება და მათი შუამავლობით, ხევსურეთის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეების ცვლისთვის გამოშვებულ ვერტმფრენს მიჰყვება ხოლმეო.

ნინო მიხსნის, რომ თუკი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდა, ზაფხულშიც ვერ გრძნობ თავს ხევსურეთში უსაფრთხოდ. წელს სოფელი ხახაბოდან არდოტისკენ მიმავალ ერთადერთ საფეხმავლო ბილიკზე ადგილობრივ ტურისტს ფეხი დასცურებია და მოუტეხია. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დახმარების სათხოვნელად ნინოსთან, ხახაბომდე მისულა. ნინო ინტერნეტით ახლობელს დაკავშირებია და სასწრაფო დახმარება გამოუძახებიათ, პაატა კი ცხენით წასულა საშველად:

„დაახლოებით, საათნახევარი დასჭირდა პაატას ცხენით იქამდე მისასვლელად. შუახანს გადაცილებული ქალი იყო. ცხენით ამოიყვანა ჩვენს სახლამდე და აქედან უკვე მანქანით გადავიყვანეთ დათვიჯვარის უღელტეხილამდე, რომ დუშეთიდან ამოსულ სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში გადაეყვანა. საშინელი მარშრუტის გავლა მოუწია ქალს ჯაყჯაყში. ისე სტკიოდა ფეხი, თავსაც ვერ იკავებდა. ძალიან ცუდად მახსენდება“, - მიყვება ნინო. 

აკაკი ზოიძის შეფასებით, მცირე და იზოლირებულ დასახლებებში ექიმებისა და ექთნების მუდმივად ყოფნა ეფექტიანი გამოსავალი ვერ იქნება. ასეთ ადგილებში, პაციენტების სიმცირის გამო, შესაძლოა კვირები და თვეები ისე გავიდეს, რომ სამედიცინო პერსონალს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდეს. ეს კი, როგორც ზოიძე ამბობს, დეკვალიფიკაციის სერიოზულ პრობლემას შექმნის.

მაღალმთიან დასახლებებში ეფექტიან სამედიცინო მომსახურების მოდელად მას მობილური სამედიცინო ბრიგადების, ტელემედიცინისა და ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადების კომბინაცია ესახება. მაგალითებად ნორვეგია, შვეიცარია და შვედეთი მოჰყავს - ქვეყნები, სადაც რთული რელიეფია და დასახლებებიც გაფანტულია. 


თუშეთში მომხდარი უბედური შემთხვევიდან 2 თვეზე მეტი გავიდა. ელენეს ჯერ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობები, გულმკერდის მალის და ფეხის კოჭის მოტეხილობა აქვს. ავარიიდან ერთი თვის შემდეგ გაიგო, რომ კოჭზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. 15 ოქტომბერს თელავის საავადმყოფოში გაუკეთეს ოპერაცია, ფეხი თაბაშირში აქვს ჩასმული. საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და, ტასოს დახმარებით, მკურნალობას სახლში აგრძელებს.