აღარ მინდა სიცოცხლე, ისე ვწვალობთ | რა შეცვალა ფსიქოტროპულ წამლებზე 14-დღიანმა ლიმიტმა?
ჟურნალისტი: მარიამ ჯაჭვაძე
ახალგაზრდა ქალს პაციენტი შემოჰყავს ექიმთან, რომელსაც დამოუკიდებლად სკამზე დაჯდომა უჭირს, თავს ვერ იმაგრებს, სიტყვებს მკაფიოდ ვერ გამოთქვამს, ექიმის შეკითხვებიც კარგად არ ესმის, რამდენჯერმე უმეორებენ, რომ პასუხები მოისმინონ.
- გაუმწვავდა მდგომარეობა ექიმო, ეუბნება თანმხლები.
- ღამე გძინავს, თუ ვერ იძინებ?
- ხან მეძინება, ხან არა.
- ხმები კიდე გესმის? გეშინია?
- კი, კი.
- რეებს გელაპარაკებიან, აბა მითხარი.
- რავიცი, მაშინებენ, ღამე უფრო.
დიალოგში რძალი ერთვება და პაციენტის მდგომარეობის ახსნას იწყებს ექიმთან. ეუბნება, რომ რაც მისი შვილი სახლიდან წავიდა, უფრო გამწვავდა ზაიარას მდგომარეობა. ღამე უფრო ხშირად აღვიძებს და შველას სთხოვს. აიკვიატა, რომ ცუდად არის.
ირკვევა, რომ ოჯახი იმერეთიდან ჩამოვიდა და თბილისში ქირით ცხოვრობს. დაახლოებით ერთი თვის წინ, ზაირას შვილი თურქეთში წასულა სამუშაოდ. ახლა რძალმა მოიყვანა ამბულატორიაში და ყოველ ორ კვირაში ერთხელ მასთან ერთად უნდა აიღოს წამალი. ზაირას დიაგნოზი შიზოფრენიაა. წლებია, უკვე მუდმივად სვამს წამალს. ფსიქიატრი მას დამატებით ძილის წამალსაც უწერს.
- ადექი, წავიდეთ.
ვერ დგება ზაირა. რძალი მარჯვენა მკლავში ეჭიდება, რომ ააყენოს. ვერ იმართება, ფეხები ეკეცება ქალს.
- ადექი, სირცხვილია, გასწორდი, ეუბნება რძალი.
- ნუ ეჩხუბები, ეუბნება რძალს ექიმი და ეხმარება.
- უნდა წავიდეთ ახლა, სხვა პაციენტი ელოდება მარინა ექიმს, ადექი.
ქალს ერთ მხარეს ექიმი, მეორე მხარეს რძალი უდგება და გაჭირვებით ფეხზე აყენებენ.
- მორჩა, წავედით.
- ტკბილად უთხარი, მასე ეშინია უფრო, ურჩევს ექიმი.
- აღარ მაქვს მეც ნერვები შერჩენილი…
სანამ მეორე პაციენტი შემოვა კონსულტაციისთვის, ან მხოლოდ წამლის გამოწერის თხოვნით, ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი მიხსნის, რომ მხოლოდ რძალი წამალს ვერ აიღებს დედამთილისთვის. მაშინ მინდობილობა სჭირდება, რომელსაც ნოტარიუსი არ გასცემს, რადგან ზაირა იმ მდგომარეობაში არ არის, რომ მან ვინმეს ცნობიერად გადასცეს მინდობილობა. ნოტარიუსი ამას მაშინვე შეატყობს. ამ მიზეზით რძალს და ზაირას თვეში ორჯერ მოუწევთ მოსვლა გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში წამლისთვის, რომლის გარეშეც ზაირას ფსიქიკური ჯანმრთელობა უკიდურესად გამწვავდება. ექიმი რეცეპტში მას წამლის რამდენიმეთვიან მარაგს ვეღარ უწერს.
2026 წლის 27 მარტს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა და ახალი წესი 1 აპრილიდან ამოქმედდებოდა. ის მიზნად ისახავდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას.
ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი [...]. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ჯანდაცვის სამინისტრო ამ ცვლილების საფუძვლად იმ დარღვევებს ასახელებს, რომლებიც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოავლინა. ლაპარაკია ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე. მათ შორის, გადაჭარბებული დოზებით და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ. ამ რისკების შესამცირებლად კონტროლის გამკაცრებას ჯანდაცვის სამინისტრო პრიორიტეტად აცხადებს. კიდევ უფრო ადრე, 2026 წლის იანვარში, მინისტრმა მკაცრი კონტროლის საფუძვლად სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა დაასახელა.
თუკი Facebook -ის გვერდზე 27 მარტის განცხადებას ჩაუყვებით, კომენტარებში პაციენტების ოჯახების არაერთ აღელვებულ წევრს ან ახლობელს შეხვდებით.
მარეხი მამულაშვილი:
ყოვლად მიუღებელია ეს რეგულაცია. ახლობელი მყავს პარკისონის დაავადებით, მეუღლე უვლის. სოფლად ისეთ ადგილზე ცხოვრობენ მეზობელიც არ ჰყავთ. ორ კვირაში ერთხელ ასეთი პაციენტის მარტო დატოვება როგორ შეიძლება, თანაც ნევროლოგთან გაუთავებელი რიგებია.
ცირა ვოვა გაბუნია:
ჩემი და შშმ პირია დაახლოებით 30 წელია და მუდამ ჭირდება ... ორ კვირაში ერთხელ კი არა თვეში ერთხელაც ვერ მიდის და უვლის 72 წლის დედა, რომელიც მას ვერ ტოვებს ... და როგორ უნდა ვირბინოთ ყოველ 2 კვირაში ექიმთან რეცეპტისთვის...
ზოგიერთი პაციენტისთვის ამ გამოუვალ მდგომარეობას, ოჯახისთვის გაზრდილ ხარჯსა და ფსიქიატრებისთვის მომატებულ აუნაზღაურებელ, ბიუროკრატიულ შრომას დასაწყისშივე პროგნოზირებდნენ დარგის სპეციალისტები.
აპრილის თვეში საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებამ ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართა, რომელშიც უხსნიდა, რომ ეს ცვლილება უარყოფითად აისახებოდა როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის მდგომარეობაზე, მკურნალობის უწყვეტობას შეუქმნიდა საფრთხეს, ამიტომ სთხოვდნენ მინისტრს გადაეხედა ამ ბრძანებისთვის და სთავაზობდნენ ერთობლივ მუშაობას პაციენტზე ორიენტირებულ, კლინიკურად დასაბუთებულ და სისტემურად ეფექტიან რეგულაციაზე. ჯანდაცვის სამინისტროსგან მათ დღემდე არ მიუღიათ ამ წერილზე უკუკავშირი.
გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ორშაბათი ყველაზე დატვირთული სამუშაო დღეა. პაციენტების რიგია ამბულატორიის დერეფანში. მოსაცდელში სულ რამდენიმე ძველი რკინის სკამია, რომელიც საკმარისი არ არის. ამიტომ ნაწილი ფეხზე დგას, ან მოუსვენრად დადის დერეფნის ერთი ბოლოდან მეორეში და პირიქით. შუახნის ქალი შემოდის მეგობართან ერთად და ექიმის კაბინეტის კართან დგება. ჩქარობენ, ტაქსი ელოდებათ გარეთ. სანამ იზას რიგი მოუწევს, დერეფანშივე ველაპარაკები. იზას შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს, უკვე 36 წელია, წამალს იღებს და როგორც მეუბნება, თავად მართავს დიაგნოზს. თბილისის გარეუბანში მარტო ცხოვრობს, ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ოჯახთან ერთად წლებია, უკვე გერმანიაშია. ამბულატორიაში მარტო ვერ მოდის, ამიტომ ან რომელიმე მეგობარს, ან მეზობელს უნდა სთხოვოს გამოჰყვეს.
„კრიტიკა მაქვს (როცა პაციენტს გაცნობიერებული აქვს და ესმის, რომ ავად არის), ვიცი უკვე, როდის ირევა ჩემი გონება, როდის ვხვდები ავად. წამლის მარაგი რომ მქონოდა და ორ კვირაში ერთხელ არ შემეწუხებინა ან მეზობელი, ან მეგობარი, სხვა წამლის დალევაც ვსინჯე, ციკლოდოლის ჩანაცვლება, მაგრამ არ მომიხდა, აირია რაღაც ეტყობა და ცუდად ვარ. მიჩვევის მომენტიც არის ალბათ. არ შეიძლებოდა ასე [გულისხმობს ცვლილებას წამლის გაცემის წესში], ყველაზე უმწეო ადამიანებზეა ლაპარაკი. სხვა ადამიანებისგან გარიყულ ადამიანებზე”, მეუბნება 62 წლის იზა. ამ დროს ექიმთან შესვლის მისი ჯერიც მოდის და ბოდიშს მიხდის საუბრის შეწყვეტისთვის.
ექიმი-ფსიქიატრის კაბინეტის კარზე ფურცლებია გამოკრული. ერთ-ერთი ჯანდაცვის მინისტრის 2026 წლის 24 მარტის ბრძანებაც არის, რომელშიც მუქი შავი შრიფტით ხაზგასმით წერია, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიწერება. ადმინისტრაცია უფრო მოზრდილი შრიფტით აფრთხილებს პაციენტებს, რომ მედიკამენტები მესამე პირზე მინდობილობის გარეშე არ გაიცემა.
ექიმის კაბინეტიდან გამოსული იზა მედიკამენტების ასაღებად იქვე აფთიაქში შედის, რომელიც გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ეკუთვნის.
ციკლოდოლს, რომელიც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტია, ფსიქიატრები პაციენტებს გვერდითი მოვლენების კორექციისთვის უნიშნავენ. მაგალითად, თუ პაციენტი ანტიფსიქოზურ საშუალებას იღებს, მისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვისთვის მას ციკლოდოლი სჭირდება.
გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის აფთიაქის მენეჯერი ქეთევან ნიკოლიშვილი მათი აფთიაქის მაგალითზე მიხსნის, რა შედეგი მოიტანა ცვლილებამ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული წამლების გაცემის კუთხით, რომლებსაც ყოველდღიურად ჟურნალში აღრიცხავს. მათი ჟურნალის მონაცემები ამბობს, რომ აპრილის თვეში, როდესაც ახალი ბრძანება ძალაში შევიდა, იმაზე ნაკლები მედიკამენტი გასცეს, რასაც წინა თვეების პრაქტიკა აჩვენებდა:
,,თავიდან კი იფრთხილეს, მაგრამ მერე, მაისში 200 კოლოფი გავეცით, ივნისში 300-მდე. მერე 300-ს ცოტა გადასცდა. ანუ, როგორც იყო ხოლმე. აქ ისეთი არავინ მოდის, ვისაც არ სჭირდება ეს წამლები. გამოდის, რომ დიდად სურათი არ შეიცვალა. რამდენიც საჭირო იყო, მაინც იმდენი წამალი გაიცა”.
გარდა იმისა, რომ ექიმ-ფსიქიატრსაც უწევს დღეების გამოთვლა, როდის უნდა დაიბაროს პაციენტი, რომ კანონი არ დაარღვიოს და ტაბლეტები არ დააკლოს, ან უწამლოდ არ გაუშვას, მისი სამუშაო დატვირთვაც გაიზარდა 1 აპრილიდან. გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ექიმი-ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი თავის პრაქტიკაზე გვიყვება. სტაბილური პაციენტები, რომლებიც მასთან ორ თვეში ერთხელ მიდიოდნენ, ახლა თვეში ორჯერ აკითხავენ. დღეში 15 პაციენტიდან 6 შეიძლება მხოლოდ იმიტომ იყოს მისული, რომ წამლის მარაგი ამოეწურა. წამლის ელექტრონული რეცეპტით გამოწერა, პარალელურად მისი ხელით აღრიცხვა რამდენიმე ჟურნალში - ეს ბიუროკრატია ექიმისგან სამუშაო დროის ნახევარს მაინც მოითხოვს. ეს დრო კი როგორც მარინა მეუბნება, პაციენტთან ურთიერთობას აკლდება:
„ელექტორნული სისტემა შემოიღეს, მაგრამ ხელით ჩაწერაც უცვლელი დატოვეს. რატომ არ გაუქმდა ის ბრძანებები, რომლებიც გავალდებულებს ჟურნალში გადაიტანო პაციენტის მონაცემები და მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. თითო რეცეპტს 14-ნიშნა კოდი აქვს. კომპიუტერი ანიჭებს რეცეპტს ნომერს. ეგენი გადმომაქვს ჟურნალში და თუ სპეც კონტროლს დაქვემდებარებული წამალია, ის კიდევ ცალკე ჟურნალში უნდა გადმოვწერო. რა ლოგიკაა? ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტთან პირადი ურთიერთობა, მასთან ლაპარაკი, ამის დრო ახლა ნაკლებად გრჩება”, მიხსნის მარინა და თანამედროვე ჯანდაცვის მოდელის მთავარ პრინციპს აყენებს ეჭვქვეშ:
„ანუ პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა კი არ არის, პაციენტი კი არ არის ამოსავალი, არამედ ის დაფუძნებულია იურიდიულ დოკუმენტაციაზე, დანაშაულის პრევენციაზე”.
იმის აღსაწერად, როგორ მძიმე დღეში ჩააგდო ამ ცვლილებამ ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებთ, მარინა კურატაშვილს მისი ერთი პაციენტის ისტორია ახსენდება. ეს ამბავი მისთვის, როგორც ექიმისთვის, დილემურიც გახდა. ბავშვს, რომელიც ცერებრული დამბლით დაიბადა, ვერ დადის და სულ წევს, დღეში რამდენჯერმე ემართება ეპილეფსიური გულყრა, დიაზეპამის ინექცია სჭირდება. დედა მიდიოდა ხოლმე ამბულატორიაში, ექიმი მას სხვა წამლებთან ერთად, დიაზეპამის 5 ამპულას რეცეპტით უწერდა.
„მეუბნებიან ორი კვირის მარაგი გამოუწერეო. როგორ განვსაზღვრო ორ კვირაში რამდენი დიაზეპამის ამპულა დასჭირდება?! როცა აბია დანიშნული, ადვილია, გადაითვლი. გულყრა სრულიად მოულოდნელი რამეა,შეიძლება ერთი კვირა არ დაგემართოს, მაგრამ მერე ყოველ დღე დაგემართოს. როგორ უნდა მივხვდე, ორი კვირის სამყოფი რამდენია?! ვინ მეტყვის ორ კვირაში რამდენი დასჭირდება?”, კითხულობს მარინა კურატაშვილი.
ამ ოჯახის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მშობლები შვილს სახლში მარტო ვერც ერთი წუთი ვერ ტოვებენ. ექიმთან მანქანით რომ მოდიან, ბავშვი უკან სავარძელზე უწევთ ხოლმე.
ფსიქოტროპულ წამლებზე 14-დღიან ლიმიტს არარაციონალურად მიიჩნევს თსუ-ს პროფესორი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტი ნინო ოკრიბელაშვილიც. განსაკუთრებით კი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც თვეები, წლები, ზოგჯერ კი მთელი სიცოცხლე იღებენ მედიკამენტს, პაციენტი რემისიაშია და მას ექიმი აკონტროლებს:
„ყოველ ორ კვირაში ერთხელ არ უნდა შევახსენოთ, რომ შენ ხარ პაციენტი და საავადმყოფოში, ან ამბულატორიაში უნდა მიხვიდე”, ამბობს ნინო და ამ პროცესში ექიმის კლინიკური ავტონომიის შეზღუდვაზეც აკეთებს აქცენტს:
„მე რეგულაცია ვერ განმისაზღვრას, როგორ განვსაზღვრო პაციენტის მკურნალობის რეჟიმი. თუ სახელმწიფო მაძლევს სერთიფიკატს დამოუკიდებელი საქმიანობისთვის, ის აღიარებს ჩემს კლინიკურ ავტონომიას. მე უნდა ვწყვეტდე, როდის დავიბარო პაციენტი”.
***
14 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრმა მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში გარკვეული შეღავათები შევა, თუმცა სრული ლიბერალიზაცია არ მოხდება. და რომ ამ წესმა დისკომფორტის მიუხედავად, ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა. მინისტრი აქცენტს კომერციული ინტერესის შეზღუდვაზე სვამს.
Chai Khana ორ კვირაზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან ინტერვიუს ათანხმებს. შეკითხვები მათ წერილობითაც გავუგზავნეთ. გვაინტერესებდა, კონკრეტულად, რა შეღავათი იგულისხმა მინისტრმა და ვის შეეხება ის; ასევე, რაც ეს ცვლილება ძალაშია, რა აჩვენა მონიტორინგის შედეგებმა? როგორ იმუშავა გამკაცრებულმა რეგულაციამ ბოლო შვიდ თვეში? ახალ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჩართავენ სამუშაო პროცესში სპეციალისტებს?
პასუხების მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის მკაცრი რეგულირების საკითხმა აქტუალობა კიდევ ერთხელ მაშინ შეიძინა, როცა კახეთში, ახმეტაში 11 სექტემბერს ექიმი მაია კოხტაშვილი დააკავეს. „ფინანსურმა პოლიციამ“ ის ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით დააკავა. ადგილობრივების ცნობით, ექიმთან მივიდა ადამიანი და ტკივილით გატანჯული, ლოგინად ჩავარდნილი ბებიისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმმა მას უთანაგრძნო და წამალი გამოუწერა. მაია კოხტაშვილს თელავის სასამართლომ საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი შეუფარდა. ეს თანხა ექიმს საზოგადოებამ ერთ საათში შეუგროვა.
მაია კოხტაშვილის პაციენტია შალვა ამუზანაშვილი, 70 წლის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი აწყურიდან. 17 კილომეტრის გავლა სოფლიდან ახმეტის ადმინისტრაციულ ცენტრამდე ცოლ-ქმარს ძალიან უჭირს. შალვას პარკინსონის დაავადება აქვს, 8 წელია ციკლოდოლს სვამს. პირვველი ჯგუფის (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა) შეზღუდული შესაძლებლობის პირია. ვერ დადის. ნაირა, მისი ცოლი, გაჭირვებით თუ მიიყვანს ეზოს კარამდე, სადაც ტაქსი ელოდებათ, მძღოლის დახმარებით მანქანაში წვალებით ჩასვამს და ჯერ ექიმთან, მერე კი აფთიაქში უნდა წაივანოს, რომ წამალი აიღონ. ცოლ-ქმარი სოფელში მარტო ცხოვრობს.
„50 ლარი გამომართვა იმ დღეს ტაქსმა. იქ თან უნდა დაგელოდოთო, მითხრა. აღარ მინდა სიცოცხლე, ისე ვწვალობთ. ადრე ერთი თვის მარაგს გვიწერდა ექიმი. იცოდა ჩვენი მდგომარეობა, ეხლა ვეღარ. ან როგორ უნდა ვატარო, თვეში 100-150 ლარი მძღოლს როგორ მივცე. 1 აპრილიდან ამ დღეში ვარ. რო არ წავიდე, ეგეც არ შეიძლება, ერთი აბი ციკლოდოლი რომ შევუწყვიტო ამას, არ შეიძლება. უფრო ცუდად ხდება, სულ კანკალებს, ისეთ დღეში ჩავარდება, გაგიჟდება. დღეში 2 ან 3 აბი სჭირდება”, მიზიარებს თავის გასაჭირს 70 წლის ნაირა ამუზანაშვილი.
ამ მდგომარეობაში გამოსავლად მას მინდობილობის გაკეთება ესახება. დამოუკიდებლად რომ შეძლოს ექიმთან მისვლა და აფთიაქში წამლის აღება. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის ნაირა და გზის ფულს მაინც დაზოგავს.
რეგიონებში, სოფლებში, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი გამოიწვია მინისტრის ახალმა ბრძანებამ. თელავის ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი ოთხ მუნიციპალიტეტს ემსახურება: თელავს, ახმეტას, გურჯაანსა და ყვარელს. პაციენტები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, ჯერ მუნიციპალურ ცენტრში უნდა ჩავიდნენ, მერე თელავში და შემდეგ მივიდნენ ექიმთან. ექიმთან ვიზიტის შემდეგ კი, აფთიაქში წავიდნენ წამლის ასაღებად. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ხშირად, პაციენტები მარტო ვერ დადიან და ოჯახის წევრი, ახლობელი, ან მხარდამჭერი უნდა ახლდეთ თან, მათთვის ტრანსპორტის ხარჯი საგრძნობლად გაიზარდა. მგზავრობა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვათ სამეგრელო-ზემო სვანეთის ფსიქიატრიული ამბულატორიული განყოფილების პაციენტებს. ეს განყოფილება 9 მუნიციპალიტეტს ემსახურება, მათ შორის, ზემო სვანეთს - მესტიას. პაციენტები ყოველ ორ კვირაში ერთხელ ექიმთან ვიზიტისთვის ამ მუნიციპალიტეტებიდან ზუგდიდში უნდა ჩავიდნენ.
თელავის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერს ამჟამად 70-80 პაციენტი ჰყავს, ვისაც სპეც კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი სჭირდება. ძირითადად, ციკლოდოლი. როგორც დისპანსერის დირექტორი ირინა გეგჭკორი მეუბნება, ეს ის პაციენტები არიან, რომლებსაც ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ ამ წამალზე და კიდევ ისინი, ვისაც ახალი თაობის პრეპარატები არ მოერგოთ.
„ამ 70-80 პაციენტისთვის ეს ცვლილება და წამლის გატანის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, დიდი ტვირთია. გაღიზიანებულები არიან, ვერ ვხვდებიან, რატომ ვაწვალებთ. გვთხოვენ, რომ მეტი წამალი მივცეთ. ვუხსნით, რომ ეს ბრძანებაა, ჩვენ არ მოგვიგონია. მე როგორც დისპანსერის დირექტორს მიწევდა ბოდიშის მოხდა და ახსნა-განმარტებების მიცემა პაციენტებისთვის”, მიყვება ირინა გეგეჭკორი და იქვე იხსენებს რამდენიმე შემთხვევას ბოლო ექვსი თვის პრაქტიკიდან:
„იყო შემთხვევა, როცა სადღაც გამგზავრებაში ხელი შეეშალათ; როცა ოჯახის წევრები ამბობდნენ, მე ეხლა ავად ვარ და ვერ წამოვიყვან წამლის ასაღებად და რა გავაკეთო?! იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა კორექტორის გარეშე იღებდნენ წამალს და მერე მოდიოდნენ ჩვენთან უკვე ძალიან გამოხატული ტრემორით, პარკინსონიზმის მოვლენებით. მკურნალობაც შეუწყვეტიათ იმის გამო, რომ იმ პერიოდში ზუსტად ვერ მოდიან. ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის ეს ძალიან ხელისშემშლელია”.
ამის მიუხედავად, ექიმი-ფსიქიატრი არ უარყოფს, რომ მედიკამენტების ჭარბი მოხმარება, ან თვითნებურად მათი გამოყენება, ნამდვილად რეალური პრობლემა იყო, თუმცა ფიქრობს, რომ საპასუხოდ, უფრო ოპტიმალური გამოსავალია მოსაძებნი.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის კონტროლის აუცილებლობაზე არავინ დავობს - ამით დაიწყო ინტერვიუ ნინო ოკრიბელაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრს სპეციალისტების, პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანების ჩართვა შესთავაზა სამუშაო პროცესში. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საკმარისი იქნებოდა მოქმედი წესის ცვლილება ისე, რომ ექიმს შეეძლოს 14-დღიან ლიმიტზე გამონაკლისის დაშვება, მედიკამენტის 30-დღიანი დანიშვნა მაინც.
„პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ უცვლელ დოზას, იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და არ აქვთ მედიკამენტის არასწორად გამოყენების ნიშნები, მათთვის შეგვეძლოს წამლის ხანგრძლივად დანიშვნა. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება პერიოდული კლინიკური გადაფასება”, ამბობს ნინო ოკრიბელაშვილი.
მის აზრს იზიარებს თელავის ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის დირექტორი, ირინა გეგეჭკორიც. ის სახელმწიფოს სთავაზობს ელექტრონული რეცეპტის სისტემაში პროგრამულად ჩანდეს პაციენტის დიაგნოზი და მედიკამენტის გამოწერის ლიმიტი ამის მიხედვით იცვლებოდეს:
,,ცხადია, პაციენტის თანხმობის შემთხვევაში. ორი-სამი თვის მედიკამენტს როცა ვაძლევდით, ძალიან კარგი შედეგი გვქონდა ჩვენ, კმაყოფილები იყვნენ პაციენტები. უფრო გვეთანამშრომლებოდნენ, არ იყვნენ გაღიზიანებულები. ფსიქიატრისა და პაციენტის ურთიერთობა არ იყო ფორმალური. ექიმს მეტი დრო ჰქონდა მასთან საურთიერთობოდ. ეს ყველაფერი კი გააქრო ამ ახალმა ბრძანებამ”, გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას ირინა.
ფსიქიატრები, რომლებსაც სტატიის მომზადების პროცესში ვესაუბრე, მეუბნებიან, რომ 2024 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებასთან დარგის განვითარებაზე, გამოწვევებზე ან აუცილებელ ცვლილებებზე აღარ უთანამშრომლია.