loading

სიცოცხლეზე ზრუნვა საათში 4.4 ლარიდან | რატომ ტოვებენ ქართველი ექთნები პროფესიას და ქვეყანას

სიცოცხლეზე ზრუნვა საათში 4.4 ლარიდან | რატომ ტოვებენ ქართველი ექთნები პროფესიას და ქვეყანას სიცოცხლეზე ზრუნვა საათში 4.4 ლარიდან | რატომ ტოვებენ ქართველი ექთნები პროფესიას და ქვეყანას

ექთნის პროფესიას საქართველოში სულ უფრო ცოტა ადამიანი ირჩევს. დასაქმებულების ნაწილიც მხოლოდ სწავლის დასრულებამდე და ექიმის კვალიფიკაციის მოპოვებამდე თანხმდება ექთნად მუშაობას. ქვეყანაში კი უკვე მრავალი წელია, ექთნების მწვავე დეფიციტია, რამაც ჯანდაცვის სფერო კოლაფსამდე შეიძლება მიიყვანოს.

ნინო ორი შვილის მარტოხელა დედაა. ყოველ დილით წყალტუბოდან ქუთაისში მიდის, 09:30 საათზე იწყებს სამსახურს, მანამდე შვილებს სკოლაში ტოვებს. ერთ-ერთ კლინიკაში რადიაული თერაპიის განყოფილებაში ექთნად მუშაობს, სადაც დღეში საშუალოდ 60–70 პაციენტს მეთვალყურეობს. ამბობს, რომ სამუშაო დატვირთულია, თუმცა იმასთან შედარებით, რაც წლების განმავლობაში გამოიარა, დღევანდელი პირობები გაცილებით მსუბუქად ეჩვენება. მის მოვალეობებში იმ ონკოპაციენტების წონის, წნევის და სხვა პარამეტრების მონიტორინგი და მართვაა, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ.

მანამდე 3 წელი ნინომ ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში იმუშავა. განყოფილება 12 პაციენტზე იყო გათვლილი, შრომა 2 ექთანზე ნაწილდებოდა, თუმცა, ხშირად, ლიმიტზე ორჯერ მეტი პაციენტის მიღებაც უწევდათ. ისედაც დატვირთულ სამუშაო გრაფიკს დამატებთი მორიგეობებიც ემატებოდა. ვინაიდან ექთნის ანაზღაურება საათობრივად იანგარიშება, ნინო ყოველ მეორე დღეს 24 საათიან ცვლას იღებდა. სკოლის დირექცია გაფრთხილებული ჰყავდა, რომ მისი მორიგეობის დღეებში შვილებისთვის გაცდენაზე „არა” არ დაეწერათ, რადგან მის გარდა სკოლაში ბავშვებს სხვა ვერავინ მიიყვანდა.

„საერთოდ ვერაფერს ვასწრებდი. მორიგეობისას ვერ ვიძინებდი, პოსტზე ყოფნისას პაციენტის დიდი იმედი ვიყავი. მორიგეობის  მეორე დილას სკოლაში რომ მივიყვანდი შვილებს, მანქანაში ვიძინებდი, სკოლის შემდეგ მასწავლებელთან რომ წამეყვანა და შუალედში სახლში წამოსასვლელად დამატებით საწვავი არ დამხარჯვოდა”.


დაბალი ანაზღაურება

ამ რეჟიმით მუშაობისას ნინოს ხელფასი 1000/1200 ლარზე მეტი არ ყოფილა. ახლა ყოველდღიურად, ფიქსირებული გრაფიკით, 09:30-დან 16:30 საათამდე მუშაობს და მისი ხელფასი 971 ლარია. ნინო ამბობს, რომ მის განყოფილებაში ერთადერთი ექთანია, ამიტომ შვებულებით ვერ სარგებლობს.

ნინოს ანაზღაურება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლებია. საქსტატი საშუალო ხელფასს ორი წესით ითვლის — მედიანური და საშუალო ხელფასი. მედიანური ხელფასი, რომელიც უფრო ზუსტ მონაცემს იძლევა, 2024 წლის შემდეგ საქსტატს არ გამოუქვეყნებია და ბოლო მონაცემებით,1332 ლარს შეადგენდა. ნინოს ხელფასი ამ მაჩვენებელს 28%-ით ჩამორჩება. სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემია, თუ საზომად ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს ავიღებთ, რომელიც 2024 წელს 1971 ლარი იყო, 2026 წელს კი 2363 ლარია. ნინოს ხელფასი ქვეყანაში დაანგარიშებულ საშუალო ხელფასზე ორჯერ ნაკლებია. 

მთავრობის მიერ მიღებული „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია”, ისევე როგორც აუდიტის დასკვნა, ექთნების დეფიციტის ერთ-ერთ მიზეზად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს. 2023 წლიდან მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, რომელიც 4,4 ლარს შეადგენს. 

2 წელია, ელისაბედი ექთნად აღარ მუშაობს. დღეს იხსენებს, რომ კლინიკაში სადაც მუშაობდა, ექთნებს სხვა კლინიკაში მომუშავე ექთნებზე ოდნავ მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ — საათში 5,5 ლარი. ამის მიუხედავად, ისეთ თვეებშიც კი, როცა მისი სამუშაო გრაფიკი თვეში 300 საათს აჭარბებდა, რაც სრულ განაკვეთზე მომუშავე ექთნის სტანდარტულ სამუშაო საათებზე ორჯერ მეტია, მაქსიმუმ 1700 ლარის გამომუშავება შეეძლო.

„ნორმალური გრაფიკით რომ მემუშავა, თვეში  800 ლარზე მეტი არ გამომდიოდა. მიმუშავია სამ შტატზეც, მაგალითად, ყოველ დღე ოთხამდე და დღეგამოშვებით ოთხის შემდეგ მორიგეობა და 1500 ლარი გამომიმუშავებია, ერთადერთხელ იყო 1750 ლარი გამომივიდა. ამაზე მეტს ვეღარ იმუშავებ, მერე უკვე პაციენტისთვისაც საშიში ხდები”, ამბობს ელისაბედი.

ნინოს და ელისაბედის მსგავს ისტორიებს გვიყვება ყველა ექთანი, რომელსაც Chai Khana ამ სტატიაზე მუშაობისას ესაუბრა. მძიმე სამუშაო დატვირთვა და დაბალი ანაზღაურება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ექთნობა სასურველი პროფესიად აღარ განიხილება. ექთნად დასაქმებულების ნაწილმა პროფესიაც დატოვა და ქვეყანაც. ემიგრაციაზე ფიქრობს ნინოც. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ანგარიშში მოცემულია ექთნების ანაზღაურება და იმ ექთნების პროცენტული წილი, რომლებიც შესაბამის ხელფასს იღებენ. ინფოგრაფიკა ასახავს 7 თვის მონაცემს.


ექთნების დეფიციტი

საქართველოში ექთნების დეფიციტი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დამტკიცებულ „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაშია” აღიარებული.

ამ დადგენილების მიხედვით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში 100 000 მოსახლეზე 413.6 ექთანი მოდიოდა და ქვეყანა ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის ბოლოსწინა ადგილს იკავებდა. 

ჯანმრთელობის მსოფიო ორგანიზაციის ბოლო, 2024 წლის მონაცემებით, ექთნების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია — 100 000 მოსახლეზე 595 ექთანი მოდის, თუმცა მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს, რაც 100 000 მოსახლეზე 830 ექთანის თანაფარდობას გულისხმობს. 

ამავე წლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 22 000 ექთანია, თუმცა გაანგარიშება შესაძლოა ზუსტი არ იყოს, რადგანაც ქვეყანაში ექთნების სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნა რამდენჯერმე გადავადდა.  თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემს, 22 000 ექთანს, სარწმუნოდ ჩავთვლით და სწორებას ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე გავაკეთებთ, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველოს 32 711 ექთნის საჭიროება უდგას. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყანას 11 000 ექთნის დეფიციტი აქვს. 

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომლითაც ექთნების რაოდენობა ფასდება ექთნისა და ექიმის თანაფარდობაა. WHO-ის რეკომენდაციაა, რომ ერთ ექიმზე ქვეყანაში მინიმუმ ორი ექთანი მოდიოდეს, როცა 2014 წელს საქართველოს ერთ ექიმზე ერთი ექთანიც არ მოდიოდა, მაშინ ეს თანაფარდობა ასე გამოიყურებოდა —  1:0.8. ბოლო წლებში ეს მონაცემი მცირედით გაზრდილია და ახლა ერთ ექიმზე ერთი ექთანი მოდის. შესაბამისად, საქართველოში ერთ ექთანს იმაზე მეტი პაციენტის მოვლა უწევს, ვიდრე ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა რეკომენდებული. 

ექთნები ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთელი ციკლის მონაწილეები არიან  — ისინი ჩართულები არიან, როგორც პრევენციულ, ისე მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვაში, აკვირდებიან პაციენტებს, აწვდიან მათ ინფორმაციას და კოორდინაციას უწევენ მკურნალობას. სწორედ ეს უწყვეტი ჩართულობა აქცევს მათ ჯანდაცვის სისტემის ხერხემლად. სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ადეკვატური კვალიფიკაციის მქონე საექთნო პერსონალი პირდაპირ ახდენს გავლენას პაციენტის გამოჯანმრთელებასა და სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელზე, არასაკმარისი პერსონალი კი რისკის ქვეშ აყენებს პაციენტს. სტატია იმოწმებს ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევასაც, რომლის ფარგლებშიც 400 000 ქირურგიული პაციენტის მონაცემი შეისწავლეს და გამოარკვიეს, რომ პაციენტისა და ექთნების მინიმალური თანაფარდობა კავშირში იყო პოსტსაოპერაციო პერიოდში ლეტალური გამოსავლის შემცირებასთან.

ელისაბედი, რომელსაც ექთნად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, იხსენებს, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა მასზე მიმაგრებული ექვსი პაციენტიდან თითოეულს სხვადასხვა ექიმი ჰყოლია. მაგალითად, თუ ბლოკში ოთხი პაციენტია, შეიძლება ოთხივეს სხვადასხვა ექიმი ჰყავდეს და ამ ექიმებმა 5-წუთიანი ინტერვალით ექთანს სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარება დაავალონ  — ერთ პაციენტს შესაძლოა ანალიზები სჭირდებოდეს, მეორეს წამლები, მესამესთან წნევის კონტროლი იყოს საჭირო, მეოთხესთან კი ვენის კათეტერის ჩაყენება. 

„ფიზიკურად ერთი ადამიანი ამას ხომ ვერ გააკეთებ, რამენაირად უნდა გადაწყვიტო რომელი უფრო სასწარფოა. რომელ ექიმსაც დაუგვიანებ პროცედურას, მინიმუმ გისაყვედურებს, თუ ამას ლანძღვა და შეურაცხყოფა არ მოჰყვება,” გვიყვება ელისაბედი და იხსენებს, რომ მის პრაქტიკაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ოთხი პაციენტი ერთ ბლოკში, პარალელურად ორი კი სხვა ბლოკში ჰყოლია. „ბლოკის პაციენტი ნიშნავს იმას, რომ საყურადღებოა ეს პაციენტი, დამოუკიდებლად ვერ დადის, წამოდგომაში დახმარება სჭირდება… “

ასეთი დატვირთვა შეცდომების დაშვების რისკსაც ზრდის, რაც სფეროში, რომელსაც ელისაბედმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიუძღვნა, შესაძლოა, პაციენტს სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. ელისაბედი გვიყვება, რომ წლების წინ, როცა მისი ექვსი პაციენტიდან ერთ-ერთი კორონოგრაფიის პროცედურიდან გამოიყვანა (გულის მკვებავი სისხლძარღვების კვლევა), პროტოკოლით გათვალისწინებული თრომბის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიცემა დაავიწყდა:

„მის გარდა ხუთი პაციენტი მყავდა და ყველასთან კათეტერი უნდა ჩამეყენებინა პროცედურამდე, კარდიოგრამები გადამეღო და ანალიზები ამეღო… პოსტფაქტუმ ამ პაციენტისთვის წამლის მიცემა დამავიწყდა  და ძალიან ცუდი შედეგი მოგვიტანა მაგ ყველაფერმა. დაეწყო თრომბოზი, გული გაუჩერდა… კიდევ კარგი, რომ გადავრჩით და გადარჩა ეს პაციენტი.

სახლიდანაც თრომბოზით იყო ეს პაციენტი და უფრო მეტად საყურადღებო იყო. მაგრამ აღარ მქონდა ფიზიკურად დრო და ადამიანური რესურსი. ამდენი საქმე რომ გაქვს გასაკეთებელი და პარალელურად ექიმი გიყვირის, რომ პაციენტი დროზე შეუყვანო და რას ქვია ჯერ კიდევ არ გაქვს ანალიზები აღებული, ყველაფერი ქაოტური ხდება”, იხსენებს ელისაბედი. 

„ნუმანე” ექთნების პროფესიული ასოციაციაა, რომელიც ასოციაციის ქოლგის ქვეშ მყოფ ექთნებს პრაქტიკული გადამზადების პროგრამებს სთავაზობს და მიზნად არსებული კადრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ისახავს. „ნუმანეს“ დამფუძნებელი, თავადაც ექთანი თამარ დაუსი, განმარტავს, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო კლინიკებისთვის ადგენს კრიტერიუმებს და განყოფილებების ნაწილში ექთნების მინიმალურ რაოდენობას უსაზღვრავს, სხვა შემთხვევაში დაწესებულება ლიცენზიას ვერ მოიპოვებს. თუმცა უცნობია, ხდება თუ არა ამ მოთხოვნის შესრულების მონიტორინგი:

„იმედი მაქვს რეგისტრაცია რომ დასრულდება, ერთიან ბაზაში გამოჩნდება, რამდენი ექთანი მუშაობს კონკრეტულ განყოფილებაში. მაღალტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს არ უნდა იყოს გამოწვევა. თუმცა, სულ რამდენიმე განყოფილებაა, სადაც ეს ჩაიწერა —  მათ შორის, თუ არ ვცდები, არის ახალშობილთა რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, კარდიოქირურგია და გადაუდებელი  განყოფილება”.

ექთნების სავალდებულო რეგისტრაცია, რაზეც იმედს თამარ დაუსი ამყარებს, არაერთხელ გადავადდა და მისი ამოქმედების ბოლო დედლაინად 2027 წლის ივლისი განისაზღვრა. სწორედ ამ თარიღამდე გადაიწია რეგისტრაციის გარეშე ექთნების საქმიანობის აკრძალვამაც. 2027 წლის 1 ივლისიდან თუ ექთანი სახელმწიფო ბაზაში რეგისტრირებული არ იქნება, პირველ ჯერზე 2000 ლარით დაჯარიმდება, მომდევნო ჯერზე კი ჯარიმის ოდენობა 4 000 ლარს მიაღწევს.

იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის ვალდებულება დათქმულ თარიღს აღარ გადასცდება, შემდეგი ნაბიჯი სფეროს ექსპერტების აზრით, ექთნების ლიცენზირება [პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდა]  უნდა იყოს. სწორედ დაგეგმილ ნაბიჯებზე გვინდოდა პასუხების მიღება ჯანდაცვის სამინსიტროსგან, თუმცა Chai Khana-ს რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, უწყებაში ვერ გამოინახა რესპონდენტი, რომელიც გვეტყოდა, თუ როგორია სახელმწიფოს გრძელვადიანი  ხედვა ამ პრობლემასთან მიმართებით, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ექთნების დეფიციტის შესამცირებლად, ან მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, აქვს თუ არა სახელმწიფოს მონიტორინგის მექანიზმები კლინიკებში კანონმდებლობით დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ?

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოში ექთნების საშუალო ასაკი. აუდიტის სამსახურის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სისტემაში არსებული ექთნების 37.5%, 50 წელს გადაცილებული იყო, რაც ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკს უახლოვდება და სამუშაო ძალის ბაზრიდან მათი გადინება დაიწყება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული დისბალანსია, ექთნების უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი.

ინფოგრაფიკა ასახავს 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს რეგიონებში 100 000 სულ მოსახლეზე ექთნების რაოდენობის თანაფარდობას. წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიში, 2023


გერმანია ქართველი ექთნების დანიშნულების ადგილი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა შრომით მიგრაციას ეხება, საქართველოში ექთნების დეფიციტი უკვე 25 წელზე მეტია, ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება,  ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ექთნების ემიგრაცია. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად ქართველი ექთნები გერმანიაში მიდიან, ამას მოსდევს აშშ, იტალია, ისრაელი და გაერთიანებული სამეფო. საქართველოდან წასული ექთნების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რამდენადაც მათი უმეტესობა უცხოეთში მუშაობას ექთნად ვერ აგრძელებს და მომვლელებად, ძიძებად ან ექთნის დამხამრედ იწყებენ მუშაობას. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში მიღებული საექთნო განათლება ხშირად არ შეესაბამება სხვა ქვეყნების მოთხოვნებს, რასაც ემატება ენობრივი ბარიერიც.

მარიამს ექთნის პროფესია დედამ შეაყვარა, რომელიც თავადაც ექთანი იყო. სკოლა დაამთავრა თუ არა, თავადაც კოლეჯში ჩააბარა და სამ წელიწადში ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში დაიწყო მუშაობა, სადაც 15 წელი გაატარა.

ძირითადად რეანიმაციაში მუშაობდა, სადაც პაციენტების რაოდენობა არ იყო ბევრი, მაგრამ მაინც დიდი დატვირთვით მუშაობდა, 36 საათიანი მორიგეობაც კი უწევდა და მისი ანაზრაურება 700 ლარს არ სცდებოდა. სამი წლის წინ გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: 

„ჩემი თანამშრომელი წამოვიდა ჩემამდე, ალბათ, სამი-ოთხი წლით ადრე და რომ მოვიკითხეთ ერთმანეთი, გამანდო, მართლა გულახდილად ამიხსნა მდგომარეობა, რომ დასაწყისში რთული იქნებოდა, მაგრამ ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა”.

მარიამმა ერთ-ერთ კომპანიას მიმართა, რომელიც ქართველ ექიმებსა და ექთნებს გერმანიაში დასაქმებაში ეხმარება. ვინაიდან საქართველოში გაცემულ დიპლომს გერმანია არ აღიარებს, სამუშაო უფლების მოსაპოვებლად კი ენის B2 კომპეტენცია იყო საჭირო, მარიამს ენის კურსები დაუფინანსეს. მისი თქმით, ოჯახთან განშორების შემდეგ, სწორედ ენის ბარიერი იყო ყველაზე რთული დასაძლევი:

„თავიდან ოჯახის გარეშე ჩამოვედი. სანამ დიპლომის აღიარებას გავაკეთებდი, რისთვისაც, ფაქტობრივად, თავიდან უნდა ჩააბარო ყველაფერი გერმანულ ენაზე, ექთნის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. 

სანამ ექთნის დამხმარე ხარ, ნაკლები შანსია რომ ოჯახის გაერთიანებაზე მოთხოვნა დაგიკმაყოფილონ, რადგან ანაზღაურება დაბალია. მეუღლე და ბავშვები რომ ჩამოიყვანო, იმ ანაზღაურებით ოჯახს ვერ არჩენ, ამიტომ დაკმაყოფილების შანსი დაბალია. შესაბამისად, შენს ინტერესშიცაა მალე გაიარო ეს საფეხურები, გახდე ექთანი და ოჯახიც მალე ჩამოიყვანო”.

მარიამისთვის ეს პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ახლა დღეში 8 საათი მუშაობს, რაც გერმანიაში ექთნების დატვირთვის ზედა ლიმიტია. მარიამი გნამარტავს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, გერმანიაში არც შვებულების აღებაა პრობლემა და ამისთვისკოლეგის ნაცვლად მორიგეობა არ უწევს, რადგან გერმანიაში არსებობს სპეციალური ჯგუფები, რომელთა გამოძახებაც კლინიკას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში. ამასთან, რამდენი პაციენტის მიღება შეუძლია კლინიკას, დამოკიდებულია პერსონალის რაოდენობაზე, ამიტომ ექთნებისა და პაციენტების თანაფარდობაც დაცულია.

გერმანიაში ექთნების როლს ჯანდაცვის სისტემაში გამორჩეულად რომ აფასებენ, კიდევ უფრო თვალსაჩინო პანდემიის დროს გახდა. არაერთი სტატია დაიწერა იმაზე, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, გერმანიას სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა და ამის ერთ-ერთი ახსნა ექთნებისა და მოსახლეობის მაღალი თანაფარდობა იყო. 

CNN-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ექთნები ჰოსპიტალური მოვლის ხერხემალს წარმოადგენენ კლინიკებში. ისინი საკვანძო როლს ასრულებენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტის მართვაში, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენის წინაპირობაა. კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ქვეყნები, სადაც ექთნის როლი და ღირებულება გააზრებული აქვთ, იმასაც კარგად ხვდებიან, როგორ გახადონ ჯანდაცვა უფრო ეფექტიანი და ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა ზომებსაც იღებენ.

გარდა ღირსეული ანაზღაურებისა, მარიამისთვის გერმანიაში პროფესიული საქმიანობის გაგრძელბა იმითაც იყო საინტერესო, რომ კარიერული განვითარების შესაძლებლობა ჰქონოდა. როგორც ამბობს, დამსაქმებელი კლინიკა ექთანს კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელს უწყობს. კონკურენტული ანაზღაურების გარდა, სწორედ კარიერული განვითარების შესაძლებლობები სახელდება Friedrich-Alexander -ის უნივერსიტეტის კვლევაში ერთ-ერთ მიზეზად, რატომაც გერმანია უცხოელი ექთნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად იქცა.  

საქართველოში ამ დრომდე ფუფუნებად რჩება პროფესიული განვითარების შესაძლებლობაც. დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ექთნებს შეუძლიათ მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი მოიპოვონ, საქართველოში ამჟამად ეს სფერო მხოლოდ საბაკალავრო და პროფესიულ სასწავლებელში მიღებული ცოდნით შემოიფარგლება.  ყველაზე მაღალი კარიერული საფეხური, რასაც ექთანმა შეიძლება საქართველოში მიაღწიოს, მთავარ ექთნად დაწინაურებაა. 

ექთნად დასაქმების კიდევ ერთი გზა სამედიცინო უნივერსიტეტის გავლითაა. მეოთხე კურსის სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ექთნად დასაქმდნენ. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ახალგაზრდები არინ იმის მიზეზი, რომ 

ქვეყანაში ექთნების დეფიციტით გამოწვეული კოლაფსი ამ დრომდე არ დამდგარა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისინი ამ პროფესიაში დროებით არიან. როგორც წესი, ექთნის დამხმარის პოზიციაზე იწყებენ მუშაობას. იმისათვის, რომ ექთნები გახდნენ, სპეციალური გადამზადება სჭირდებათ, რაც დამატებით რესურსებს მოითხოვს. სწავლის დასრულების შემდეგ კი, თავადაც ექიმები ხდებიან.

კლინიკას ერთი ექთნის გადამზადება პირველი 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 3 600 ლარი უჯდება –  აქ იგულისხმება სახარჯი მასალა [სამედიცინო ინვენტარი], რომელიც ახალი კადრის სწავლებისას იხარჯება.

მადონა გომართელი კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰემატოლოგიის განყოფილების მთავარი ექთანია. მისი უწყვეტი კარიერა სათავეს 1989 წლიდან იღებს. მის განყოფილებაში 1 ექთანზე საშუალოდ 10 პაციენტი მოდიოდა, მოთხოვნის შემდეგ, 1 ექთნის შტატი დაემატათ, ექთნის და პაციენტის თანაფარდობა 1/6, მაქსიმუმ 1/7 რომ ყოფილიყო:

„აგერ ორი თვეა, სად არ ვრეკავთ ვაკანსიებზე, რომ ვინმე მოვიზიდოთ, და ვერ ვიპოვეთ კადრი. თავს იმით ვიიმედებ, რომ ზაფხულია და სექტემბრიდან ჩვენ შევივსებით სრული კადრით. მაგრამ დიპლომირებული ექთანი მაინც ძნელი საძებნელია”.

მადონა გომართელის დაკვირვებით, ექთნების დეფიციტი თვალსაჩინო ბოლო 8 წლის განმავლობაში გახდა, მას შემდეგ, რაც ამ პროფესიაში დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. შეიქმნა კომპანიები, რომლებიც ქართველი ექთნების უცხოეთში წაყვანაზე სპეციალიზდებიან.

„ყველა კლინიკაში ასეა, ზაფხულის პერიოდში იწყება გადინება, მაგრამ მათი 80% პროცენტი სტუდენტია და სწავლის დაწყებასთან ერთად, კვლავ ბრუნდებიან ქვეყანაში. დიპლომირებული ექთანი თუ წავიდა, ის აღარ ბრუნდება. ზოგი დამხამრედ მუშაობს, ზოგი ოჯახში მომვლელად. თქვენ წარმოიდგინეთ ზოგი საერთოდ სხვა სფეროში გადადის. საკმაოდ კარგი ექთანი მყავდა, მეხუთე კურსის სტუდენტი ბიჭი, მიდიოდა უცხოეთში და რომ ვკითხე სექტემბერში თუ დაბრუნდები-მეთქი, მითხრა - საავადმყოფოში საერთოდ არ ვიწყებ მუშაობას, ყვავილები უნდა შევფუთო და გაგეცინებათ, მაგრამ საკმაოდ კარგი ანაზღაურება მექნებაო”.