უშგულის ხილული და უხილავი პრობლემები | მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის დაკარგვის საფრთხე
ჟურნალისტი: მაგდა გუგულაშვილი
თუკი უშგულში ქუთაისიდან ლენტეხის გავლით მიდიხარ, ზემო სვანეთის პირველივე სოფლად ლამჯურში - ახალი, უნებართვოდ გაჩენილი დასახლება დაგხვდება. ხოლო თუ პირიქით - მესტიიდან უშგულისკენ ჩამოდიხარ და ენგურის ხეობას მიუყვები, უნიკალურ ლანდშაფტში გაშლილი ოთხი ისტორიული სოფლის პეიზაჟს უკვე ახალი მშენებლობებით დამძიმებული ხედი ენაცვლება - სასტუმროებით, სახლებითა თუ კვების ობიექტებით.
უშგულში ბოლოს ექვსი წლის წინ ვიყავი. ახალი განაშენიანების გამო მაშინდელ მდგომარეობას სპეციალისტები უკვე საგანგაშოდ აფასებდნენ. ახლანდელი სურათი მათ კიდევ უფრო აშფოთებთ.
სვანეთში ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელთან ერთად ვარ. უშგულის თემის ოთხი სოფელი - მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი ფეხით მოვიარეთ. თამარი ყოველ მეორე შენობაზე მიმითითებს: „ეს პრობლემაა, ესეც, ეს საერთოდ ჯოჯოხეთია…“ - თან ხელს ხან კოშკის ფორმის ხის კოტეჯებისკენ, ხან ბლოკით ნაშენი და ახლადმოპირკეთებული სახლებისკენ, ხანაც ნაცრისფრად, თეთრად თუ წითლად მოლაპლაპე თუნუქის სახურავებისკენ იშვერს. გადაჭრით მეუბნება - „შეუძლებელია, ეს ყველაფერი აქ ნებართვით იყოს აშენებული“.
ზემო სვანეთი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. სოფელი ჩაჟაში და მის მიმდებარედ უშგულის მთელი ლანდშაფტი დაცული ზონაა, სადაც სამშენებლო საქმიანობა მკაცრად შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, უშგულში ქაოტური, უნებართვო განაშენიანება არ ჩერდება. სვანეთის უძველესი, ტრადიციული არქიტექტურული კომპლექსი კოშკებს, საცხოვრებელ სახლ-ნაგებობებს: მაჩუბებსა და დარბაზებს აერთიანებს. დღეს მათ ნაცვლად თვალში მაშინვე მოგხვდება ახალი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის შენობები და მიშენებები.
თამარ ამაშუკელი მეუბნება, რომ თუ ქაოტური განაშენიანების პროცესი არ დარეგულირდა, ეს კოშკები და მაჩუბები ახალ განაშენიანებაში სრულად ჩაიკარგება.
„ადრე რომ ადიოდი უშგულში, თავი შუა საუკუნეებში გეგონებოდა. უნიკალურ ლანდშაფტში შემორჩენილი კოშკები, თვითმყოფადობა და ავთენტურობა იყო ის ხიბლი, რის გამოც მიენიჭა მას მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი და რაც იზიდავს ტურისტებს“, - მიხსნის თამარ ამაშუკელი.
ორგანიზაცია World Heritage Watch-მა 2026 წელს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. სქელტანიან დოკუმენტში ერთი ქვეთავი უშგულს ეძღვნება სათაურით: ნუსხაში შეტანიდან 30 წლის შემდეგ, ზემო სვანეთი 1996 წელთან შედარებით, უარეს მდგომარეობაშია. ამ ქვეთავში ხაზგასმით წერია, რომ უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მწვავე პრობლემების წინაშეა:
„ეს გამოწვევები სტრუქტურულ, მმართველობით და მარეგულირებელ პრობლემებს უკავშირდება და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ძეგლის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას, აზიანებს და უკარგავს მას ავთენტურ ისტორიულ ქსოვილს, არღვევს ტრადიციული დასახლების სტრუქტურას, მის გარემოსა და ძეგლის მთლიანობას“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
წელს კორეაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 46-ე სესიაზე, World Heritage Watch-ის თავმჯდომარე შტეფან დემპკემაც საგანგებოდ ახსენა უშგული, როგორც ამ დრომდე გადაუჭრელი პრობლემის მაგალითი.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე თამარ ამაშუკელთან ერთად თავადაც ვაკვირდებოდი, რა მდგომარეობაშია უშგულში ისტორიული მემკვიდრეობა. ახალ შენობებს შორის წამომართული კოშკების უმრავლესობა, ერთი შეხედვით, მყარად დგას. სვანური ციხე-სახლებისა და დარბაზ-მაჩუბების უმრავლესობა ვიზუალურად უფრო ცუდ დღეშია. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ მურყმელშია - ძეგლების დიდი ნაწილი დაბზარულია ან უკვე ნანგრევებადაა ქცეული.
ადგილობრივებს ვხვდები და მათგან დეტალურად ვისმენ ჩამოშლილი ძეგლების ისტორიებს. ჩემ წინ შრომით დაბერებული ხალხია, რომლებმაც რას აღარ გაუძლეს — ყოველ ზამთარს საკუთარი სიცოცხლით რისკავენ, მაგრამ უშგული მაინც არ ეთმობათ. მეუბნებიან, რომ ისინი ყველა ხელისუფლებამ მიატოვა.
უშგულის თემის პირველ სოფელში - მურყმელში ნაირა ღვაჩლიანი მიწევს მეგზურობას და სათითაოდ მიყვება სვანური სახლებისა და კოშკების ისტორიებს. ნარია ფილოლოგია და უკვე 40 წელია, უშგულის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. თავისი სოფელი მხოლოდ სტუდენტობის დროს დატოვა.
„ამ შემოგარენში სულ კოშკები ყოფილა ადრე. აქ სვანური სახლი იდგა, აგერ კიდევ ერთი მაჩუბის ნანგრევი. აქაც სვანური სახლი იდგა. ზვავმა დაანგრია ეს უბანი“, - ნაირა სოფელში ნასახლარებს მათვალიერებინებს. წინაპრების მიერ ქვით ნაშენ კედლებს მაჩვენებს, რომლებიც ახლა ბალახითაა დაფარული და ნანგრევებად ქცეულა.
- აი, ეს წითელი სახურავით გადახურული სახლიც ზვავმა გაბზარა? - ახლა მე ვიშვერ ხელს ნანგრევებიდან რამდენიმე მეტრში მდგარ სვანურ სახლზე, რომლის წინა ფასადის შუა წელში, მთელ ჩაყოლებაზე ბზარია გაჩენილი, მარცხენა კედელი კი ნაწილობრივ ჩამოშლილია.
„ეგ ჩემი სვანური სახლია. დიდი ბებია-ბაბუა აქ ცხოვრობდნენ. ჩვენ ჯერჯერობით ბოსელი გვაქვს, საქონელი გვყავს შიგნით. სახურავი დაზიანებული იყო, წყალი ჩადიოდა. რამდენიმე წელი ვაგროვებდით თანხას, რომ როგორმე გადაგვეხურა. იმის მერე 20 წელზე მეტი გავიდა. ჩემს უმცროს ძმას თავისი ხელით რომ არ გადაეხურა, ახლა უკვე ესეც დანგრეული იქნებოდა“, - მპასუხობს ნაირა.
ეს ზუსტად ის წითელსახურავიანი სვანური სახლია, სოფელში შემოსვლისთანავე, თამარ ამაშუკელმა ხელი რომ გაიშვირა და თქვა: ესეც პრობლემააო.
ნაირა მიხსნის, რომ 2000-იან წლებში სხვა ფერის თუნუქი არ იშოვებოდა. მისი ძმა, გულვერ ღვაჩლიანი, რომელსაც წითელი თუნუქით გადახურვა არ უნდოდა, ჯერ ქუთაისში, მერე ზუგდიდში და ბოლოს ბათუმამდე ჩასულა, რომ მონაცრისფრო, ქვის ფერთან მიმსგავსებული თუნუქი ეყიდა. თუმცა, იმ პერიოდში სხვა არ იშოვებოდა და იძულებული იყო, ბოლოს ამით გადაეხურა სახლი. მეუბნება, გარშემო მსგავსი ფერის თუნუქს სადაც ხედავთ, ყველა ოჯახს თავისი სახსრებით, 2000-იან წლებში აქვს ნაყიდი, რომ ჭერი წვიმისგან და თოვლისგან დაეცვათო.
რატომ უწევთ მხოლოდ ადგილობრივებს ამ ძეგლების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა?
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება. მათი უფლებამოსილებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა, შენარჩუნება, მათთვის სტატუსის მინიჭებაზე ზრუნვა, ისევე როგორც უძრავ ძეგლებთან დაკავშირებული სანებართვო განცხადების განხილვა და შესაბამისი ნებართვის გაცემა; რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობა. რადგან ზემო სვანეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია, მას დაცვის კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმი აქვს.
იმ შემთხვევაში თუკი ადგილობრივ მოსახლეს სახლის გადახურვა, მიშენება, ნაგებობის დამატება, ან სახეცვლილება მოუნდება, მან აუცილებლად უნდა მიმართოს წერილით კულტურული მემკვიდრეობის დავცვის ეროვნულ სააგენტოს და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში დაიწყოს მუშაობა. ნებართვის გარეშე დაწყებული ყველა სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო სამუშაო უკანონოა.
„ვინც დიდი ხნია ამ სფეროში ვმუშაობთ, ვიცით უამრავი შემთხვევა, როცა სააგენტო საერთოდ ვერ იგებს რაღაცებს [მშენებლობებს]. ან სოციალური ქსელიდან იღებს ინფორმაციას და მერე გამოდის და ამბობს - „დავიწყებ მოკვლევას“. ეს დიდი ხნის პრობლემაა. სააგენტო არის სუპერ ცენტრალიზებული ორგანო, არ აქვს ფილიალები, მონიტორინგი არც ერთ ძეგლზე არ ხორციელდება. ჩვენ რასაც ვხედავთ, სააგენტო ყოველთვის რეაქციულია - ანუ რაღაც უნდა დაინგრეს, ან ვიღაცამ რაღაც უნდა დაარღვიოს და მხოლოდ ამის შემდეგ რეაგირებებს”,- სააგენტოს მუშაობის უსისტემობაზე მიმითითებს თამარ ამაშუკელი. პარალელურად, სახლების სახურავებსა და ახალ ნაგებობებს ვაკვირდებით.
„ჩემს ძმას უნდოდა ლითონის სარტყელიც შემოერტყა სახლისთვის. დროებით, რომ გამაგრდეს და არ ჩამოიშალოს. მაგრამ ყველაფერს სახსრები უნდა და სანამ ცოცხალი იყო, ვერ მოვახერხეთ“, - სინანულით მეუბნება ნაირა.
გულვერ ღვაჩლიანი 5 წლის წინ, კოვიდ პანდემიის დროს გარდაიცვალა. ნაირა მიყვება, რომ გარდაცვალებამდე მის ძმას ოთხჯერ აქვს განცხადება დაწერილი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომ ჩამოშლილი კედელი მაინც აღედგინათ. თუმცა, ამბობს, რომ ყურადღება არავის მიუქცევია.
თუნუქის ქვეშ სახლის სახურავზე მანიშნებს და მეუბნება, რომ ის კვლავ ფიქალის ქვითაა დახურული და ნების და სახსრების არსებობის შემთხვევაში, მისთვის თავდაპირველი სახის დაბრუნება მარტივად შესაძლებელია.
ღვაჩლიანების სვანური სახლის გვერდით ჩარქსელიანების კოშკი დგას, რომელიც 2019 წელს ჩამოინგრა. კოშკის გარშემო, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე, ჩამოშლილი ფიქალის ქვები სათითაოდ, ერთმანეთზე წყებადაა დალაგებული.
„ჩემმა ძმამ და ბიძაშვილმა - გოგიმ გაათავისუფლეს [მოხსნეს კედლის ნაწილი] კედელი. ეს ქვებიც მათ შეაგროვეს და აქვე დაუწყეს, რომ როცა აღდგება, თავისივე ქვით აღდგეს. მაგრამ ჯერჯერობით მიმხედავი არავინ გამოჩნდა“, - მიყვება ნაირა ღვაჩლიანი და მიხსნის, რომ ქონგურებისა და ზედა სართულების ჩამონგრევის შემდეგ, კოშკი ისე ყოფილა გადმოზნექილი, რომ მასთან ახლოს ჩავლაც სახიფათო იყო.
მე და თამარ ამაშუკელმაც ვნახეთ შენობების დაბზარული, გადმოზნექილი კედლები, რომლებთან მიახლოებაც უსაფრთხო არ არის. გადმოწეულ კედელებს ზოგან მხოლოდ ხის ბოძები ამაგრებს, რომლებიც თავად ადგილობრივებს შეუყენებიათ.
ჩარქსელიანების კოშკის ჩამონგრევამდე ორი წლით ადრე, უშგულში ჩარკვიანების კოშკი დაინგრა. გოგი ღვაჩლიანი გვეუბნება, რომ 2019 წელს ჭელიძეების კოშკიც ინგრეოდა და საკუთარი სახსრებით გადახურა მოსახლეობამ.
ორ წელში ორი კოშკის ჩამონგრევის მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უშგულში არსებულ მდგომარეობას, როგორც ჩანს, სათანადოდ მაინც არ აფასებდა და ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის გადაუდებელი საჭიროება მაშინაც კი ვერ დაინახა, როცა 2019 წელს, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. მაშინ სააგენტო ადგილობრივების პროტესტს და უკმაყოფილებას უსაფუძვლოს უწოდებდა. ჩარქსელიანების ჩამონგრეულ კოშკზე კი ირწმუნებოდა, რომ გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებს დაიწყებდა. თუმცა, მას შემდეგ 7 წელი გავიდა და კოშკი დღემდე არ არის აღდგენილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უშგულში ძეგლების ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია 2021 წლიდან დაიწყო და განაცხადა, რომ ამის „მწვავე საჭიროება 2021 წლის ივლისში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის სვანეთში გამართული სამუშაო ვიზიტისას გამოიკვეთა“. მაშინ სააგენტო წერდა, რომ სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელი რეაბილიტაცია 150-მდე კოშკსა და მაჩუბს სჭირდებოდა.
2022 წელს სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021-2022 წლებში უშგულში 9 კოშკს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. შემდეგი წლების მონაცემები ჩვენთვის უცნობია. სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე სვანური ძეგლების აღდგენის მიმდინარე პროექტი არ იძებნება, წლიური ანგარიში კი სააგენტოს 2017 წლის მერე აღარ გამოუქვეყნებია. რესტავრაციაზე დასაქმებულები და ადგილობრივები ამბობენ, რომ გასულ წელს აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები სრულად შეჩერდა. ზუსტი მიზეზი არ იციან, მხოლოდ ის უთხრეს, რომ ბიუჯეტიდან თანხა არ გამოიყო. წელს კი კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია ივლისის თვეში განახლებულა.
სოფელ მურყმელსა და ჟიბიანში რამდენიმე კოშკზე მიმდინარე რესტავრაციის პროცესი ჩვენც ვნახეთ. აღდგენაში თავად ადგილობრივები არიან ჩართულნი. ერთ-ერთი დასაქმებული ჰაჯი ნიჟარაძეა, რომლის ინფორმაციითაც, წელს სულ 9 კოშკისა და მაჩუბის აღდგენაა გეგმაში და იმედი აქვს, რომ მომავალი წლიდან სვანური ციხე-სახლებისა და მაჩუბ-დარბაზების აღდგენის პროცესი ისევ განახლდება. ამბობს, რომ ძეგლების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ორთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, Chai Khana-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინტერვიუზე უარი უთხრა, შესაბამისად, ვერ გავარკვიეთ, რა გეგმით გაგრძელდება ზემო სვანეთში ძეგლების აღდგენის პროცესი, რატომ ვერ გადაურჩა დანგრევას ჩარქსელიანებისა და ჩარკვიანების კოშკები; რა მიზეზით შეჩერდა აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები ძეგლებზე 2025 წელს; ვინ უწევს ახლა პროცესს მონიტორინგს და სხვა საკითხები.
კოშკების გადახურვის და აღდგენის დიდი გამოცდილება აქვს გოგი ღვაჩლიანს. ისიც რესტავრაციის პროცესშია ჩართული. მისი თქმით, ყველა ძეგლის აღდგენა ახლა ხარისხიანად, საფუძვლიანად მიმდინარეობს და ამის საპირისპიროდ, სოფელ ჩაჟაშის რესტავრაციის მაგალითი მოჰყავს. ჩაჟაში უშგულში პირველი სოფელი იყო, რომლის რესტავრაციაც 2014 წელს დაიწყო. თუმცა, მაშინ ამ პროცესში არც ერთი ადგილობრივი არ ყოფილა ჩართული. ისინი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კომპეტენციას უწუნებდნენ. დღეს სოფელ ჩაჟაშში ძეგლების ნაწილი, მათ შორის რესტავრირებული, ისევ ჩამონგრეული და დაზიანებულია.
ადგილობრივების ამ შეფასებას ადასტურებს 2019 წელს ICOMOS საქართველოს მიერ გავრცელებული განცხადებაც, რომელშიც მითითებული იყო, რომ სოფელ ჩაჟაშში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დამტკიცებული პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა:
„მთელ რიგ შემთხვევებში გამოყენებულია არატრადიციული, არათავსებადი მასალები და ტექნოლოგიები [...]. რიგ შემთხვევებში, იკვეთება შემსრულებელთა მხრიდან შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონა. სახეზეა საავტორო ზედამხედველობის არარსებობისა და არასაკმარისი მონიტორინგის შედეგები“, - წერია განცხადებაში.
World Heritage Watch-ის 2021 წლის ანგარიშშიც ხაზგასმით ეწერა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი საფრთხეშია, რაც „შეუსაბამო სარესტავრაციო სამუშაოების შედეგია და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კონსერვაციის პრინციპებს არ შეესაბამება“.
მხოლოდ ჩამონგრევის პირას მყოფი მაჩუბები და დარბაზები, ან დაზიანებული კოშკები არ უქმნის საფრთხეს უშგულს, რომ მან მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი დაკარგოს. ყველაზე მწვავე პრობლემა ახლა უშგულში ქაოტური განაშენიანებაა. რაც ერთად ვნახეთ ახლა უშგულში, თამარ ამაშუკელმა მატარებელს შეადარა, რომელიც სიჩქარეს ჩვენ თვალწინ კრეფს:
„მაგალითად, ბათუმში ამ მატარებელს ვეღარ შეაჩერებ. ვერც თბილისში ვეღარ შეაჩერებ. უშგულშიც იმავე შედეგს მივიღებთ, თუ დაუყოვნებლივ არ დარეგულირდა ეს პროცესი“.
უშგულში ტურიზმის განვითარებამ მოსახლეობას ახალი შენობების აშენებისკენ უბიძგა, მათ შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდათ. ამასთან ერთად, ზემო სვანეთს ამ დრომდე არ აქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა, სად და რა ტიპის მშენებლობაა ნებადართული. ადგილობრივები ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არც მათ მიერ წარდგენილ პროექტებს ამტკიცებს და არც მშენებლობის დასაშვებ ალტერნატივას სთავაზობს. უშგულში ტურისტულ პოტენციალს ეხმიანება World Heritage Watch-ის ბოლო ანგარიშიც, რომელშიც ნათქვამია, რომ უნდა არსებობდეს ტურიზმის მართვის სპეციალური გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანონო მშენებლობები უშგულის ავთენტურობას აზიანებს და მას მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს უზღუდავს.
2017-19 წლებში, რეგიონული განვითარების სამინისტროს დაკვეთით, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დოკუმენტი, განაშენიანების რეგულირების გეგმასთან ერთად, კომპანია „გეოგრაფიკმა“ შეიმუშავა. ეს არის კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელშიც გარდა ინფორმაციული და ანალიტიკური მასალისა ძეგლებსა და ისტორიულ გარემოზე, გაწერილია მათი დაცვის რეკომენდაციები. ეს დოკუმენტი ჩვენთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. რადგან ჩაჟაში და მისი ბუფერული ზონა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, სახელმწიფო ვალდებული იყო, შემუშავებული დოკუმენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეეთანხმებინა. მათ კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული მრავალტომიანი მასალები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში 2019 წელსვე გაგზავნეს. ამ მასალების საფუძველზე, იუნესკოში უშგულში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებლად მიიჩნიეს. ჩამოსვლა და მეთოდოლოგიური დახმარების ადგილზე აღმოჩენაც მალევე დაიგეგმა, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და ICOMOS-ის საკონსულტაციო მისიის უშგულში ვიზიტი გადადეს.
ამ ინფორმაციას გვაწვდის მანანა ვარძელაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს 2016-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. რადგან ის 2021 წლიდან სააგენტოს თანამშრომელი აღარ არის და უწყება ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, რა მოხდა 2021 წლის შემდეგ, ვერ გავარკვიეთ. ფაქტია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის საკონსულტაციო მისია უშგულში დღემდე არ ასულა. ამას ICOMOS საქართველოს ხელმძღვანელი ნატო ცინცაბაძე გვიდასტურებს.
2019 წლის შემდეგ, უშგულს ათობით ახალი უნებართვო ნაგებობა შეემატა: საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, კაფე-რესტორნები, კოტეჯები.
უშგულში ყოფნისას ორი ორსართულიანი სასტუმროს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესტორნის მფლობელებს შევხვდით (მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ). ერთ-ერთი სასტუმროს შენობა ბოლომდე დასრულებული არ არის, ჯერ მხოლოდ ორსართულიანი ბეტონის კონსტრუქცია დგას და გარედან ქვის მიშენებაა დაწყებული. მფლობელი გულწრფელად მეუბნება, რომ მშენებლობა შარშან დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმება არც კი უცდია, რადგან წლების წინ, სახლის აშენების პროექტი წარუდგენია მათთვის და ამ გამოცდილებით ზუსტად იცოდა, ნებართვას ვერც ამ შემთხვევაში მიიღებდა.
რესტორნის მფლობელსაც გამოველაპარაკე, რომელმაც განსხვავებული გამოცდილება გამიზიარა. მითხრა, რომ მშენებლობის ნებართვის მიღების მცდელობა ჰქონდა, არქიტერქორის მიერ შედგენილი პროექტი სააგენტოს წარუდგინა, თუმცა, ნებართვა ვერ მიიღო და მშენებლობა მაინც დაიწყო:
„უშგულელი საკუთარი ხელით აფუჭებს უშგულს. ეს ფაქტია უკვე. მე კი არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ ეგ გამფუჭებელი ვიყო. პირიქით, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობ, რომ ეს შენობა მაქსიმალურად გარემოსთან შესაფერისი იყოს“ - ამ რესტორნის მფლობელის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვასაჯაროებთ.
Chai Khana-მ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წერილობით ივნისში მიმართა და უშგულში ბოლო 7 წელიწადში მშენებლობებზე გაცემული ნებართვების გამოგზავნა სთხოვა. ამასთან ერთად, ვითხოვდით ინფორმაციის გაზიარებას იმის თაობაზე, თუ როგორია სააგენტოს მხრიდან რეაგირება მას შემდეგ, რაც უნებართვო მშენებლობებს ადგილზე აღმოაჩენს. მათგან არც წერილობითი პასუხი მიგვიღია და არც ინტერვიუზე თანხმობა.
უშგულის ლამარიას მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მას შემდეგ, რაც სააგენტომ ლამარიას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დაწყებული სატრაპეზოს უნებართვო მშენებლობის შესახებ ოფიციალურად Chai Khana-ს სტატიიდან შეიტყო, ეს მშენებლობა გაფრთხილების საფუძველზე შეაჩერა. თუმცა, უწყება დღესაც არ სცემს პასუხს შეკითხვას: რა ღონისძიებები გაატარა მშენებლობის შესაჩერებლად და რა ბედი ელის უკვე აშენებულ ნაგებობას?
მანანა ვარძელაშვილისგან დაზუსტებით ვიცით, რომ 2016-2021 წლებში უშგულში არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა. მისი თქმით, სააგენტოში იმ პერიოდში მხოლოდ ერთხელ გააგზავნეს სამშენებლო პროექტი დასამტკიცებლად, რომელიც სააგენტომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში გადააგზავნა და პროექტი დაიწუნეს.
მანანა ვარძელაშვილი გვიხსნის, რომ ქაოტური განაშენიანების შეჩერების მიზნით, საქართველოს მთავრობას 2017 წლის 19 მაისს უშგულში ახალ მშენებლობაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული. პარალელურად კი, კომპანია „გეოგრაფიკს“ ქალაქმშენებელობითი დოკუმენტაციის მომზადება აქვს დაწყებული. დადგენილების ვადად 2019 წლის 31 დეკემბრი იყო განსაზღვრული.
უშგულში ბუნებრივ-ეკოლოგიური პრობლემაც მწვავედ დგას. ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ზვავამრიდების დამონტაჟებას ითხოვს. უშგულის სოფლები 1987 წელს ჩამოწოლილმა ზვავმა მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის კვალი სოფელ მურყმელს განსაკუთრებით ეტყობა, ძეგლების უმრავლესობა დანგრეულია.
„მამაჩემმა გაიგო ხმა - ზვავი მოდისო. დედაჩემმა თქვა, ნეტავ მშვიდობიანად ჩაიაროსო - დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა, სახლში შემოვარდა. თოვლის ქვეშ მოვყევით. მე, ჩემი უმცროსი ძმა გულვერი და მშობლები ვიყავით სახლში. ზვავში ჩაფლულები სოფლის კაცებმა ამოგვიყვანეს და გადაგვარჩინეს“,- იხსენებს ნაირა ღვაჩლიანი.
მაშინ ზვავმა 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სახლების ნაწილი მთლიანად დაანგრია. უშგულში, სტიქიის განმეორების საფრთხის გამო, ყველა ზამთარს შიშში ატარებენ. 1987 წლის ტრაგედიის შემდეგ, ოჯახები სვანეთიდან გარდაბანში ჩაასახლეს. ასეულობით სვანს შორის არის გენადი კაკრიაშვილის ოჯახიც. ყოველ ზაფხულს ისინი დღემდე მურყმელში ატარებენ.
„87 წელში როგორც დაგვანგრია ზვავმა, იმის მერე მურყმელში ქვა-ქვაზე არ დადებულა. არავის არაფერი გაუკეთებია, ყოველ წელს ერთი და იმავეს იძახიან - შევისწავლით, შევისწავლით… რას სწავლობენ ამნაირს, რით ვერ შეისწავლეს?“ - მეუბნება გენადი კაკრიაშვილი.
საზვავე უბნების კვლევასა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მესიტიის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში მერია წერდა, რომ უშგული ზვავსაშისროების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველი არეალია და ამ საფრთხის გამო, ადამიანის სიცოცხლისთვისა და ტერიტორიების მდგრადი განვითარებისთვის მიუღებელი და შემაფერხებელი გარემოებებია შექმნილი.
ტენდერში კომპანია „გეოგრაფიკმა“ გაიმარჯვა და შესაბამისი კვლევა და დოკუმენტაციაც მოამზადა, რომელიც მესტიის მერიას 620 000 ლარი დაუჯდა. მესტიის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლალი გულედანმა გვითხრა, რომ ზვავამრიდების პროექტი ათობით მილიონი ლარი ჯდება და მესტიის მერია დამოუკიდებლად ამ ხარჯს ვერ შესწვდება. ჩვენს დამატებით კითხვებს მერიაში არ უპასუხეს.
რა შემთხვევაში დაკარგავს ზემო სვანეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს?
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხეზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებთან ერთად, ავტორიტეტული ორგანიზაციებიც მიანიშნებენ. მანანა ვარძელაშვილი და მანანა თევზაძე ერთადერთ გამოსავლად მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან მისიის მოწვევას ხედავენ. რადგან საქართველო მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის წევრი ქვეყანაა, მთავრობამ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი და მისი მრჩეველი ორგანიზაციები ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად და რეკომენდაციებისთვის უნდა მოიწვიოს.
მათი შეფასების შემდეგ, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ძეგლი ჯერ „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში“ გადაიტანოს. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არსებული მდგომარეობა, მრჩეველი ორგანოების დასკვნა-რეკომენდაციების შესაბამისად, დათქმულ ვადაში არ გამოსწორდება.
,,მისიის მოწვევა ეს არის არა სადამსჯელო, არამედ - გადარჩენის მექანიზმი, რომელიც საერთაშორისო ყურადღებას, უფრო მეტ მობილიზაციას, მეტ ძალისხმევას და დახმარებას მოუტანს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს. ადგილზე გადაუდებლად უნდა შეიქმნას მუდმივი ძეგლთა დაცვის ერთეული, რომელიც მონიტორინგსა და სწრაფ რეაგირებაზე იქნება პასუხისმგებელი,“- გვიხსნის მანანა თევზაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი.
მანანა ვარძელაშვილს კი გამოსავალზე მსჯელობისას ადგილობრივებთან მუშაობა ესახება ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად. ცნობიერების პრობლემას ის მხოლოდ უშგულში არ ხედავს:
„შესაძლებლობებით უნდა ელაპარაკო მოსახლეობას და არა - აკრძალვებით. ხალხს უნდა ველაპარაკოთ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, უნდა ავუხსნათ, თუ რა სარგებელს მოუტანს მას კონკრეტულად, მის შემდგომ თაობას, თუ იზრუნებს კულტურული ძეგლისა და მისი იერსახის შენარჩუნებაზე“, - გვიხსნის მანანა ვარძელაშვილი.
ზემო სვანეთის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება მხოლოდ ძველი კოშკების გადარჩენას, ან სახლების სწორად გადახურვას არ ნიშნავს. ეს იმ ადამიანების მხარდაჭერასაც ნიშნავს თანადროულად, ვინც უშგულში წლებია ცხოვრობს.