ჩემი საბანკო იდენტობა აღარ არსებობს | დაყადაღებულები
ფოტოგრაფი: მზია საგანელიძე
ნინო და ანა
ჩემი საბანკო იდენტობა აღარ არსებობს, ყველა ბარათი დაყადაღებული მაქვსო, გვეუბნება ნინო კალანდია. ნინო საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის წევრი და სამოქალაქო აქტივისტია. ათწლეულებია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებს იცავს. პირველი პროფესიით თარჯიმანია, თუმცა ყველაფერი ანას გაცნობამ შეცვალა.
- გიყვარვარ?
- კი, კი, კი…
- მაშინ ჩამეხუტე,- ამბობს ნინო და ანაც ეხუტება დედას.
ანა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ნახა პირველად, რამდენიმე წელი მინდობით აღზრდაში ჰყავდა, 2022 წელს კი ოფიციალურად იშვილა. შვილად აყვანის ბიუროკრატიამ ორი წელს გასტანა, საჭირო დოკუმენტაციასთან გასამკავებლად ნინოს ბოლოს მეგობარი ადვოკატი დაეხმარა.
ანასთან შეხვედრის შემდეგ ნინო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს დაუკავშირდა. მათ დაუნის სინდრომის ასოციაცია უკვე შექმნილი ჰქონდათ. ნინოც ეტაპობრივად სწავლობდა გამოწვევებთან გამკლავებას, თავადაც ბევრი რამ ისწავლა და სხვების წარმოდგენებიც გარდაქმნა. ყველაფერი „ჭრელი წინდების” კამპანიით დაიწყო, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენების შესაცვლელად საეტაპო ნაბიჯი იყო 13 წლის წინ:
„ეს ზუსტად იმ კამპანიების დამსახურებაა, რომელსაც თუნდაც ჩვენი ასოციაცია ატარებდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუნის სინდრომის შესახებ ნამდვილი ამბები გაიგო. ის მითები კი არა, რომლებიც გავრცელებული იყო საზოგადოებაში და რომლის მსხვერპლი იყო მერე მთელი საზოგადოება”, ამბობს ნინო და იმ დროს იხსენებს, როდესაც დაუნის სინდრომის დიაგნოზს ადამიანები სალანძღავ კატეგორიად იყენებდნენ.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რუსული კანონის” სახელით ცნობილი არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა კანონად, ხოლო უცხოური დაფინანსების მიღება პრაქტიკულად დანაშაულად იქცა, ასოციაციას გრანტი არ მიუღია. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ასოციაცია არ დარეგისტრირდა. ფინანსურად შედარებით მდგრადი ასოციაციის მიერ დაარსებული სოციალური საწარმო „ბაბალეა”, რომელიც თავის გადარჩენას ჯერჯერობით ახერხებს. „ბაბალეში” მზადდება ჭურჭელი, წინდები, ხის და კერამიკის დეკორი, ტექსტილი და ასევე მუშაობს პროფორიენტაციის პროგრამა. ამ პროგრამაში 12 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს და მას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარებიან:
„ჩვენი ძირითადი მიზანი იყო და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს და არა მარტო ჩვენს შვილებს, შესძლებოდათ დამოუკიდებლად ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ აღარ ვიქნებით მათ გვერდით”, გვეუბნება ნინო.
რეპრესიული კანონების მიღებამდე „ბაბალეც” იღებდა გრანტებს, ახლა მხოლოდ კომერციული შემოსავლის იმედად არიან.
ნინოს და ანას მეგობრების დახმარებით გააქვთ თავი. მათი ერთადერთი შემოსავალი ახლა 470 ლარია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის პენსია. ეკონომია ანას საყვარელ ჰობიზეც აისახა. ანა კარგად ხატავს, მაგრამ ბოლო პერიოდია დედა საღებავებითა და ტილოებით ვეღარ ანებივრებს — აიპადში ხატავს, უფრო იაფია.
საქართველოს პროევროპული მომავლის დაცვის გამო დაწყებულ უწყვეტ პროტესტში ნინო ორი წელია, ასევე უწყვეტად მონაწილეობს. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” კანონმდებლობა გაამკაცრა და ქუჩის გადაკეტვის გამო ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარამდე გაზარდა, ჯამში 75 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა — სულ 15 ჯარიმა, 2 სასამართლო ჰქონდა და განაჩენი 7 ჯარიმაზეა გამოტანილი.
„არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდი, რომც მქონდეს მაინც, იმიტომ რომ არაფერი დამიშავებია. დააშავეს ამათ და ამის გამო ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდა, ეს არაა გასაკვირი, იმიტომ რომ ნორმალური საზოგადოება ასე რეაგირებს”.
განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ნინოს საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნინოს ანგარიშები დააყადაღეს. ყადაღაც უხეში დარღვევით დაადეს, პირადი ანგარიშების გარდა, შეზღუდვა ანას საპენსიო ბარათსაც შეეხო.
როგორც ნინო გვიყვება, ანგარიშებზე წარდგენილი ყადაღის შესახებ შეტყობინება თიბისის და საქართველოს ბანკისგან მიიღო. კიდევ ერთი ბანკისგან, ლიბერთისგან, რომელიც საქართველოში პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემას ექსკლუზიურად ემსახურება, შეტყობინება არ მიუღია და ნინომაც ჩათვალა, რომ ბანკის სოციალურ ბარათს ყადაღა არ შეხებია. ლიბერთიში ნინოს სხვა, სესხის ანგარიშიც, აქვს, რომელიც ანას საჭიროების გამო აიღო. როდესაც სესხის გადაუხდელობის გამო, ჯარიმის დარიცხვის შესახებ შეტყობინება მიიღო, ასე მიხვდა ნინო, რომ ანას ანგარიშიც (სოციალური ბარათი) დაყადაღებულია. ნინომ მომხდარის გამო ვიდეო ჩაწერა და სოციალური ქსელით გაავრცელა. მისი თქმით, ლიბერთი ბანკის თანამშრომლები ძალიან შეწუხდნენ, დაურეკეს და პრობლემის მოგვარება შესთავაზეს, თუმცა კანონიერი უფლების აღსადგენად მაინც დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ნინოს ყოველთვიურად ბანკში მისვლა და განცხადების დაწერა მოუწევს, რომ სოციალური ბარათიდან თანხა სესხის მომსახურების ბარათზე გადაიტანონ. ამგვარად, ნინოს და ანას ერთადერთი შემოსავალი, პენსია, ასევე იმ ერთადერთ ბარათზე ირიცხება, რომელიც ყადაღას რთულად, მაგრამ მაინც გადაურჩა.
მისი დაჯარიმების საქმე ნინომ სტრასბურგშიც გაგზავნა.
იმის მიუხედავად, რომ დაუნის სინდრომის ასოციაცია გრანტს ვეღარ იღებს, მშობლები მუშაობას არ წყვეტენ. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. ნინო ახლა იოლად საკითხავ უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონზე მუშაობს. იოლად საკითხავი ტექსტები ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის დამხმარე საშუალებაა.მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელია შრიფტის ზომა, სასურველია ტექსტს ახლდეს ვიზუალური გამოსახულება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გამარტივდეს ტექსტი. ასოციაციამ არაერთი ტექსტი აქცია იოლად საკითხავ მასალად, მათ შორის, სახელმძღვანელო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესახებ, ასევე საარჩევნო კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ, იოლად საკითხავი მასალა სამედიცინო საკითხებზე და სხვა.
„სანამ დაიქცეოდა ყველაფერი ტრენინგი გავიარეთ და ვისწავლეთ ტექნიკა. იზი რიდი ჰქვია, დიდი ხნის დანერგილია ცივილურ სამყაროში და ჩვენ დავარქვით იოლად საკითხავი მასალა. ეს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანს ტექსტის გაგებაში ეხმარება. როგორც ეტლით მოსარგებლისთვის პანდუსია, ზუსტად ისეთივე დამხმარეა იოლად საკითხავი ტექსტები”,- ამბობს ნინო და ამატებს, რომ ბევრი შშმ პირი ეწევა თვითადვოკატირებას, რისთვისაც ბევრი იშრომეს, ისწავლეს, წაიკითხეს საკუთარი უფლებების შესახებ, თავად საუბრობენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სჭირდებათ ეს უცხო სიტყვები.
ნინო ლექსიკონზე მზიურის კაფეში მუშაობს, იქ თავს სულ ცოტა ხნით მაინც გრძნობს მშვიდად, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით:
„ამასწინათ ვიყავი მზიურში და ეზოში გამოვედი მოსაწევად და კიბეებზე ორი პოლიციელი დავინახე ჩამოდიოდა. პირველი რაც გავიფიქრე — ჩემს დასაჭერად ხომ არ მოვიდნენ მეთქი?! ეს არის დიდი უბედურება ამ ქვეყნის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები მათ დანახვაზე იმას ფიქრობენ, ჩემს დასაჭერად ხომ არ მოვიდნენო, ეს სახელმწიფო არ არის”.
თამთა და ნიკოლა
- მე ეს ვიქნები - ამბობს ნიკოლა და მუჭში იქცევს პატარა ამწეს - შენ ვინ იქნები?
- მე ბეტონის მანქანა, მალე რომ ავაშენოთ სახლი - პასუხობს თამთა და მინიატიურულ ბეტონმზიდს ხის იატაკზე მიაგორებს.
თამთა და ნიკოლა ბოლო ორი წელია მარტო ცხოვრობენ და თუ არაფერი შეიცვალა, ლოდინი კიდევ სამი წელი მოუწევთ, სანამ გიორგი ოკმელაშვილი სახლში დაბრუნდება.
გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს. პროკურატურა მას 13 მაისის დილას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა და გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას შემდეგ ოჯახი ერთმანეთს „მამას ოთახში“ ხვდება, ნიკოლამ ასე შეარქვა იმ კოტეჯს, რომელიც პატიმრებთან 24-საათიანი პაემნებისთვისაა გამოყოფილი:
„ადრე ოკმელა სულ მუშაობდა, ღამეები შეიძლებოდა არ მოსულიყო, რადგან გადაღებაზე იყო. ხანდახან ვცდილობდით, რომ შაბათ-კვირას ან თელავში წავსულიყავით, ან გაგვესეირნა [...] ნიკოლას ეს ახსოვს და ამასთან აიგივებს იქ [კოტეჯში] შეხვედრას“, იხსენებს თამთა.
პაემნების ოთახში მამა-შვილის საყვარელი გასართობი ჭიდაობა და აქეთ-იქით კოტრიალია. იქ ყოფნისას ბავშვი ცდილობს, მშობლებს ერთდროულად ჩაეხუტოს. მათ ერთობას სახელიც მოუფიქრა — ჩვენ სამკუთხედი ვართო, დედისთვის უთქვამს.
თამთას თქმით, ნიკოლა ადრე აქციებზე როცა მიჰყავდა, შეძახილებს უერთდებოდა — „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ და ამატებდა „თავისუფლება მამას“, მაგრამ ახლა დედას სთხოვს, რუსთაველზე აღარ წავიდეს და მასთან დარჩეს. კვირის დღეებში თამთა სამსახურის შემდეგ აქციაზე მიდის, შაბათ-კვირას კი სრულად ნიკოლასთან ატარებს და შაბათის მარშს ვეღარ უერთდება. თამთასთვის რუსთაველის პროტესტი ერთგვარი საყრდენია:
„იქ არის კონკრეტული ხალხი, ვინც იმედს მიღვივებს, რომ ეს უსამართლობა ასე არ გაჩერებულა, არავის არ დავიწყებია და ისევ ბრძოლაშია”.
სწორედ აქციებზე დგომის გამო დააჯარიმეს თამთა, თუმცა სხვა ბევრი თანამოქალაქის მსგავსად, ამ ჯარიმების შესახებ მანაც ყადაღის დადების შემდეგ გაიგო. პირველი ჯარიმა ერთი წლის წინ გაასაჩივრა, სასამართლო რამდენჯერმე გადაიდო და ბოლოს არ ჩატარდა. წელს კი აღსრულების ბიუროდან ერთდროულად ექვსი ჯარიმის შესახებ შეატყობინეს, რაც ჯამში 30 000 ლარია. გააფრთხილეს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, მის ანგარიშებს ყადაღას დაადებდნენ. ასეც მოხდა, თუმცა თამთამ ეს ჯარიმებიც გაასაჩივრა. ამ დროისთვის ყადაღა შეჩერებულია და ეს საკითხი საბოლოოდ სასამართლოს ჩატარების შემდეგ გადაწყდება.
თამთა არქიტექტორ-დიზაინერია, თუმცა პროფესიით აღარ მუშაობს. როგორც ამბობს, ქალაქის ეროზიაში მონაწილეობის მიღება არ სურს. ამჟამად საქართველოს ბანკის თანამშრომელია და დეველოპერებს ამოწმებს, რისკებს აფასებს, სანამ შენობა ექსპლუატაციაში შევა.
წელს ნიკოლა სკოლაში მიდის, ოკმელა რომ დაიჭირეს, 3 წლის იყო. მამის გარეშე ბავშვის გაზრდაში ოჯახის წევრები ეხმარებიან.
„სულ იმას ვფიქრობდი გულში, ნიკოლას არ წავიყვან სკოლაში, სანამ ოკმელა არ გამოვა-მეთქი. 10 წელი ველოდებოდით ნიკოლას და ძალიან მინდოდა ერთად აღგვეზარდა. მარტო მიწევს ახლა ამ ყველაფრის კეთება. ძალიან ძნელია ეს ჩემთვის — ადრინდელი გეგმები და ახლანდელი ფიქრები“.
თამთას და ნიკოლას ოკმელას ნახვა მომავალი წლის თებერვალში უწევთ, თუ მანამდე წამახალისებელი პაემნის უფლება არ მისცეს, რითაც კარგი დახასიათების მქონე პატიმრები სარგებლობენ. კარგი დახასიათების მიუხედავად, შარშან ოკმელას დამატებითი პაემნის უფლება მაინც არ მისცეს.
შაკო და ანი
შაკო კოღუაშვილი და ანი იმედაშვილი ბოლო 15 წელია, ქართულ კულტურასა და ისტორიულ ძეგლებს იკვლევენ. კვლევა-ძიების პროცესში იმდენად შორს წავიდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ანი, შაკო და მათი მეგობრები აღარ დაიშვებიან.
თურქეთის კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი გუბერნიების წერილობითი ნებართვების საფუძველზე ქვეყნის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ. მუშაობის პროცესში ისეთ ტერმინებს იყენებდნენ როგორებიცაა: ტაო-კლარჯეთი, ისტორიული საქართველო, ძველი ისტორიული სამეფო. ეს ტერმინები ჩაიწერა იმ წიგნებსა და ანგარიშებში, რომლებიც ამ კვლევების შედეგად გამოიცა. თურქეთის მხარისთვის ამგვარი სახელდებები არ იყო მისაღები, შედეგად უნივერსიტეტს, რომლის სახელითაც აღნიშნული კვლევები ტარდებოდა და რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ეცნობა, რომ მკვლევართა ჯგუფი თურქეთის ტერიტორიაზე აღარ დაიშვებოდა.
აკრძალვის მიუხედავად, მუშაობის დასრულება მაინც მოასწრეს. როგორც ანი გვიხსნის, 2000-ზე მეტი ისტორიულად ქართული სოფელი, ნასოფლარი და ასობით ძეგლი, რომელთა უმრავლესობა ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, აღწერეს. აკრძალვის შემდეგ მკვლევრების ჯგუფმა მუშაობა სამცხე-ჯავახეთში განაგრძო. ამჟამად ისტორიულ თორს იკვლევენ, თუმცა ეს ექსპედიცია შეფერხებით მიმდინარეობს. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, შაკო და ანი, ორი წელია, ყოველ საღამოს საპროტესტო აქციაზე არიან და რუსთაველზე ყოფნას მთავარ საქმედ მიიჩნევენ.
რუსთაველის პროტესტი როგორც ემოციურად, ასევე ფინანსურად რთული გამოდგა. შაკო გზის გადაკეტვის ბრალდებით ციხეშიც იჯდა. იზოლატორში 6 დღე გაატარა,კანონის გამკაცრებამდე გზის გადაკეტვისთვის დაჯარიმებულიც ყოფილა თურმე.
შაკო იხსენებს, რომ დაკავებამდე, ოქტომბერში მუდმივად ამოწმებდა სტატუსს იმის შესახებ, იყო თუ არა დაჯარიმებული, უკვირდა კიდეც, აქამდე ჯარიმა რომ არ ჰქონდა. 29 ოქტომბერს, როდესაც ოჯახი ანის დაბადების დღისა და ახალშობილი სანდროს ერთი თვის შესრულების აღნიშვნას ქალაქგარეთ გეგმავდა, შაკო გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. გზაში პოლიციის თანამშრომლებმა ჯარიმაზე ჰკითხეს, თავადაც გადაამოწმეს და ნახეს, რომ ჯარიმა არ ჰქონდა. როგორც შაკო იხსენებს, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, სანამ მთავარ სამმართველოში მიიყვანდნენ, კიდევ ერთხელ ჰკითხეს ჯარიმის თაობაზე. ამ დამაზუსტებელი კითხვის მიზეზს შაკო სასამართლო დარბაზში მიხვდა. იქ მისულს უკვე ჯარიმა წარუდგინეს, რაც დარბაზიდან გაფრთხილებით გამოშვებას გამორიცხავდა. შაკო 6 დღით დააპატიმრეს.
პატიმრობიდან ექვსი თვის შემდეგ შაკოს ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ყადაღის გადაწყვეტილებას შაკო კონკრეტულ ტრანზაქციას უკავშირებს, როდესაც დონაციის სახით თანხა გადარიცხა — დარწმუნებული ვარ, [ამ] აქტიურობის გამო მოხდა. საბოლოოდ 5000 ლარი გადაიხადა და ყადაღა მოუხსნეს. გასაჩივრებაც სცადა, თუმცა პროცესი ბიუროკრატიული მიზეზით, დოკუმენტების დახარვეზების გამო, ბოლომდე ვერ მიიყვანა.
ფინანსური სირთულეების მიუხედავად, პროტესტთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ დანაკარგად შაკო მაინც ადამიანების შემოცლას მიიჩნევს. მეგობრების ნაწილი და ნაცნობები, მათ შორის, თანამოაზრეებიც კომფორტის ზონაში რჩებიან და მხარდაჭერის ღიად გამოხატვას ერიდებიან:
„ბავშვობაში სულ მესმოდა ლუსტრაციის კანონზე. სულ ჭიდაობა იყო — მივიღოთ, რომ ვიცოდეთ. მეორე არგუმენტი იყო, რომ ჯერ არ ვართ მზად. [კანონი] აღარ დაგვჭირდა [...] ამ მოვლენებმა და სიტუაციამ გააკეთა სრული ლუსტრაცია. ეს ყველაზე მძიმე თემაა. ახლა ტემპერატურა მაღალია და ქვეყნისთვის გამარჯვებით რომ ჩაივლის და ეს ტემპერატურა დაიწევს, ზუსტად ვიცი, ის ხინჯები, სამწუხაროდ, დარჩება ამ ურთიერთობებში”.
ანი და შაკო რუსთაველის ფონდთან თანამშრომლობენ, თუმცა მათივე თქმით, კულტურული ძეგლების კვლევით დაინტერესება იმდენად მცირეა, როგორც უცხოური ფონდების, ისე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ კვლევების უმეტესობას საკუთარი ფინანსებით და ენთუზიაზმით ატარებენ.
„მე და შაკომ 2019 წლიდან მოყოლებული, ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი ინიციატივით სრულად აღვწერეთ თუშეთის კულტურის ძეგლები, სოფლები და ნასოფლარები. რუსთაველის ფონდს მივმართეთ, უარი მივიღეთ და ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ. ძალიან გვაინტერესებს ეს საქმე, მოგვწონს რასაც ვაკეთებთ. ჩვენი პრიორიტეტები ისე ნაწილდება, რომ რა ფინანსებიც გვაქვს, ამ საქმეს ვახმართ”, ამბობს ანი და იმედს გამოთქვამს, რომ წიგნის გამოცემასაც მოახერხებენ.
ანი და შაკო სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას ნაწილობრივ განაგრძობენ, თუმცა მეღვინეობა სრულად შეაჩერეს, ვენახის ნაწილიც კი გაყიდეს. იმედს მაინც არ კარგავენ, რომ ქვეყანა კვლავ ჩადგება კალაპოტში და საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდებიან.
პ.ს. ფოტოისტორიაზე მუშაობის დროს, ნინოს კვლავ დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის ანგარიშებს მეორადი, იგივე განმეორებითი ყადაღა დაადეს დამატებითი ჯარიმების გამო.