სად არის Gen Z?
ჟურნალისტი: მარიამ ბოგვერაძე
პარლამენტის შენობასა და პირველ კლასიკურ გიმნაზიას შორის, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ნიღბიანი დანაყოფები ერთ ან ორ რიგადაა ჩამწკრივებული, მათ უკან წყლის ჭავლის სამი მანქანა დგას. ქალაქის მთავარ გამზირზე ძალის ამგვარ განლაგებას არ იმჩნევს ადამიანების პატარა ჯგუფი, რომელიც ზემოაღწერილი სცენის პირისპირაა და თითქოს არც აშინებს მათზე ბევრად ძლიერის წინ დაუცველად დგომა. მეტიც, ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი სკუტერზე დგება და სპეცდანიშნულების რაზმის მკაცრად განლაგებულ წარმომადგენლებს შუა თითის ჩვენებით ჩამოუვლის, იქიდან მოქნეულ წიხლს საპასუხო წიხლს ახვედრებს, მაგრამ ჰაერში მოქნეული ფეხები ერთმანეთს ვერც ხვდებიან.
საქართველოს საპროტესტო მოძრაობების ისტორიის ახალი თავი 2023 წლის გაზაფხულზე დაიწერა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან გაწვევა მოუხდა მასობრივი დემონსტრაციების ფონზე. ამ პროტესტის ავანგარდში ის თაობა მოექცა, რომელიც საზოგადოების ნაწილისთვის გამარჯვების მთავარ გასაღებად მოიაზრებოდა, მოგვიანებით კი კრიტიკის ობიექტად იქცა.
სკუტერზე მოსეირნე ახალგაზრდის გარდა, ამ პროტესტმა სხვა ბევრი სახეხატიც დაგვიტოვა — გოგონა, რომელიც წყლის ჭავლთან ცეკვავს, ან სირენის და გაფრთხილების ხმაზე რეივის მსგავსი მოძრაობებით გართული ახალგაზრდები. წინააღმდეგობის ფორმების გარდა, ადამიანებმა სხვა ნიუანსებიც შენიშნეს, მაგალითად, დარბევის დროს, როცა დედაქალაქის მთავარი გამზირი ცრემლსადენი გაზის კვამლში რუტინულად ეხვეოდა, როგორც ეხმარებოდნენ ერთმანეთს პროტესტის მონაწილეები, პარალელურად კი აღელვებულ მშობლებს ტელეფონით ამშვიდებდნენ — ჯერ ვერ მოვალ, არ დამელოდო, ნუ გეშინია — ქაოსურ გარემოში პარადოქსული სიმშვიდით გაისმოდა ყოველი კუთხიდან.
პროტესტის შემოქმედებითი ფორმები 2023 წლამდეც უნახავს აქციებით დახუნძლულ ქვეყნის ყოველდღიურობას. 2018 წელს ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდების გამო დაწყებული საპროტესტო მუხტი სწორედ — ვცეკვავთ ერთად, ვიბრძვით ერთად — ამ გზავნილით მიმდინარეობდა, მაგრამ 2023 წლის მარტის აქციებს შემოქმედებითობის და ეიფორიულობის პარალელურად სხვა რამ გამოარჩევდა — ძალას ასხივებდა. ალბათ, სწორედ ამიტომ იქცა ეს თაობა პროტესტში ჩართული საზოგადოების ნაწილისთვის გამარჯვების მთავარ გასაღებად, თუმცა მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ იყვნენ რეალურად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები, არ ჰქონდათ.
Gen-Z თაობაზე შეხედულებები ფრაგმენტულად, ცხადია, არსებობს. თაობების მატრიცით გატაცებულ ონლაინ დისკუსიებში ხშირად წაიკითხავთ, რომ ეს თაობა თავისუფალ საქართველოში დაიბადა და ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში გაიზარდა. არ უყვართ ტელეფონზე ლაპარაკი და მოწერა ურჩევნიათ, ონლაინ გავრცელებულ ასობით მიმში მილენიალებს და Gen-Z-ის ერთმანეთს ხშირად ადარებენ, მაგალითად, როგორ იქცევიან Gen-Z-ები გასაუბრებაზე, როგორი სამუშაო ეთიკა აქვთ, როგორ დამოკიდებულებას ითხოვენ მშობლებისგან და უფროსი თაობისგან. ამ მიმების ერთი წინადადებით შეჯამებას თუ შევეცდებით, Gen-Z უკეთ იცავს საკუთარ ინტერესებს, ვიდრე ამას მათი წინამორბედები ახერხებდნენ.
ამ წარმოდგენების მიუხედავად, მკაფიო ცოდნა, ვინ არის თაობა, რომელიც 2023 წელს მოპოვებული დროებითი გამარჯვების ფონზე პოლიტიკური დისკურსის ნაწილად იქცა და რომელსაც ბრძოლით დაღლილი „წინაპრებისგან“ სამოქალაქო წინააღმდეგობის ესტაფეტა უნდა გადაებარებინა, მაინც არ არსებობს. Chai Khana შეეცადა, უფრო სიღრმისეულად დაგანახოთ ეს ახალგაზრდები, მათი წუხილები, ღირებულებები და მოტივაცია, რომელიც მათ ხან ქუჩაში გამოიყვანთ, ხან კი სრულ იზოლაციაში ამყოფებთ.
ტერმინი Gen-Z მსოფლიოს გარშემო 1997-2012 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს აერთიანებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ ასაკობრივ კატეგორიაში მოქცეული, 14-29 წლის, დაახლოებით 760 000 ახალგაზრდა ცხოვრობს. მათგან 530 000-ზე მეტი უკვე სრულწლოვანია. ბოლო მონაცემები ასევე ცხადყოფს, რომ ყველაზე დიდ ჯგუფს Gen-Z-ის წინამორბედი თაობა, მილენიალები, წარმოადგენენ — 30-45 წლის ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში 900 000-ზე მეტია. ჯამში მილენიალების და Gen-Z-ების რაოდენობა მილიონ ნახევარს უტოლდება და მთელი მოსახლეობის 38%-ს შეადგენს.
მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების თვლა განსაკუთრებით აქტუალური 2026 წლის წინასაარჩევნო პერიოდში იყო. რწმენა იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების” მთავარი ელექტორალური საყრდენი ახალგაზრდები არ არიან, ბევრი ადამიანისთვის ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა, თუმცა ამაოდ. მართალია, ბოლო საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგს ქვეყნის შიგნით მხოლოდ ისევ „ქართული ოცნება” აღიარებს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქვეყნის მართვასაც „ქართული ოცნება” აგრძელებს.
Gen-Z-ის მიმართ პირველი კრიტიკა სწორედ 2024 წლის პოსტსაარჩევნო პერიოდში გაჩნდა. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პროტესტი ახალგაზრდების განსაკუთრებული აქტიურობის გარეშე წარიმართა, პროტესტი ფრაგმენტული იყო და იმ მასშტაბებს ვერ მიაღწია, როგორც ეს „რუსული კანონის” წინააღმდეგ გამოსვლებზე მოხდა. Gen-Z-ისადმი გამოხატული პირველი საჯარო უკმაყოფილებიდან მალევე ეს თაობა ქუჩაში დაბრუნდა, ახალი საპროტესტო ტალღის აზვირთება მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, პრესკონფერენციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს აღარ დააყენებდა.
თაობა Z-ის უდიდესი ნაწილის ზოგადი პოლიტიკური ინტერესები გამოკვეთილი და აშკარაა. ყველაზე მეტად ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრინციპიდან გადახვევა რომ აწუხებს, ForSet-ის მიერ 2024 წელს მომზადებული კვლევაც ცხადყოფს. ამ კვლევის თანახმად, ახალგაზრდების, მათ შორის, თაობა Z-ის უმეტესობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს.
ნანა 28 წლისაა, ადრეული Gen Z, შესაბამისად, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გამართულ პროტესტზეც ნამყოფია. პირველად აქციაზე 2012 წელს აღმოჩნდა, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ. აქციებზე სიარული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც გააგრძელა. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „ქართული ოცნების“ შეცვლილი რიტორიკით მისთვის ცხადი გახდა, რომ მმართველი პარტია ევროკავშირთან თანამშრომლობას არ აპირებდა და ამ თემით ფასადურად მანიპულირებდა.
გერმანიიდან თბილისში დაბრუნებული აქციებში აქტიურად 2024 წლის მარტიდან ჩაერთო, თუმცა მისი თანატოლები აქციებზე მასშტაბურად 2024 წლის 28 ნოემბერს აგორებული საპროტესტო ტალღის დროს დაინახა — „ვისაც ვიცნობ, ალბათ, ყველა იღებდა იმ პროტესტებში მონაწილეობას”.
ირინა ოსეფაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS) მკვლევარია. საპროტესტო დინამიკაზე დაკვირვება აფიქრებინებს, რომ Gen Z ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ახალგაზრდებისთვის ევროპეიზაცია მოსაპოვებელი კი არა, უკვე ბუნებრივი მოცემულობა იყო და აქციებზე მათი აქტიურობა იმ სიკეთეების დაკარგვის საფრთხით იყო გამოწვეული, რომელიც ამ პროცესს უკავშირდებოდა.
მკვლევრის დაკვირვებით, აქციებშიც მონაწილეობას უმეტესად Gen Z ურბანული და კოსმოპოლიტური ნაწილი იღებდა, რომელსაც ამ პროცესების შედეგად მოპოვებულ გარკვეულ სიკეთეებზე მიუწვდებოდა ხელი. ამას გარდა, გეოპოლიტიკური აქტივობის ხანა იყო, რუსეთში შეიზღუდა რესურსები, რუსეთის მოქალაქეებმა წვდომა დაკარგეს დასავლური წარმოების პროდუქციაზე, სოციალურ ქსელებზე. ამ კონტექსტში ევროპეიზაციაზე უარის თქმა, როგორც ირინა ოსეფაშვილი ამბობს, პოლიტიკურ თავისუფლებების დაკარგვაზე მეტად რესურსების და მოხმარების შეზღუდვის საფრთხეზე მიანიშნებდა.
ნანასგან განსხვავებით, ანა შედარებით გვიანი Gen Z, 2023 წელს, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს 16 წლის იყო, ამ აქციაზე შეგნებულად წავიდა და იხსენებს, რომ მხოლოდ ერთი მეგობარი ახლდა:
„ეს ცნობიერება, როგორც ასეთი, 2024 წლის „რუსული კანონის” პერიოდში წამოვიდა ჩემს თაობაში. სწორედ 2024 წლის რუსულ კანონზე დავინახე ჩემი თაობის წარმომადგენლები, როგორც აქტივისტები [...] ნოემბრის აქციებზე დარბევების დროს, მე მგონია, რომ ჩემმა თაობამ აიღო ძალიან დიდი დარტყმა თავის თავზე”.
მართალია, სპეცრაზმის წინ მდგარი აქციის მონაწილე ვარდით ხელში, ფერადი საწვიმრებით შემოსილი დემონსტრანტები, თუ წრეში ბურთის მოთამაშე ახალგაზრდები 2023-2024 წლის პროტესტების სახედ ჩაიბეჭდა საზოგადოების ცნობიერებაში, თუმცა ყველა რესპონდენტი, ვისაც Chai Khana ესაუბრა, თანხმდება, რომ დიდი ხილვადობის მიუხედავად, საპროტესტო ბირთვს რაოდენობრივად Gen Z არ წარმოადგენდა. მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს საპროტესტო ისტორიაში, დღევანდელი Gen Z თანატოლები უმრავლესობაში არც სხვა დემონსტრაციებისას ყოფილან.
„რუსული კანონის” მიღების მომდევნო დღეს სტუდენტური მარშები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ.
15 მაისი, 2024.
© თაკო რობაქიძე
„რუსული კანონის” მიღების შემდეგ პროტესტის გამოსახატად რამდენიმე ადგილი გაჩნდა. გმირთა მოედნის გარდა დემონსტრანტები პარლამეტის შენობის წინაც რუტინულად იკრიბებოდნენ. 15 მაისი, 2024.
© თაკო რობაქიძე
თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი ნინო ჟღენტი სტუდენტებთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამართულ პროტესტებს იკვლევს. მისი დაკვირვებით, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული აქციებზე მაინც 35 წლის და უფროსი ასაკის დემონსტრანტები ჭარბობენ და მასობრივად ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ამა თუ იმ პროტესტში უფრო ეპიზოდური იყო ხოლმე.
განსხვავდებოდა პროტესტის შინაარსიც. მაგალითად, „მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობის პერიოდში აქციები კონკრეტული და სპეციფიკური მოთხოვნებით იმართებოდა, იქნებოდა ეს ელექტროენერგიის თუ წყლის მიწოდების საკითხი, შესაბამისად, პროტესტიც მოკლევადიანი და ლოკალური იყო. პირველი მასშტაბური აქცია, როცა მოსახლეობა უსამართლობის განცდამ გამოიყვანა ქუჩაში „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს უკავშირდება — 20 დღიანი პროტესტის შედეგად, შევარდნაძე გადადგა და ახალი არჩევნები დაინიშნა.
„ვარდების რევოლუციის” დროს იყო პირველად, როდესაც საყოველთაო თემატური ჩარჩო შეიქმნა, რაც იყო გაყალბებული არჩევნები და ეს პირდაპირ მიება უსამართლობის განცდას, რომელიც უფრო საყოველთაო თემაა საბრძოლველად და მორალურ საკითხებს ეხმიანება ვიდრე ის, რომ წყალი არ მაქვს ან ეკონომიკურ სიდუხჭირეში ვცხოვრობ”, ამბობს სოციოლოგი.
აქციები გაგრძელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც. საბოლოოდ კი 2012 წელს ე.წ. ციხის კადრები გავრცელებამ საზოგადოების დიდი ნაწილის მობილიზაცია გამოიწვია და ხელისუფლება კვლავ შეიცვალა.„ქართული ოცნების” მმართველობის პირველ ნახევარში მოქალაქეები პერიოდულად უსამართლობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოდიოდნენ, 2019 წლის 20 ივნისიდან [იგულისხმება გავრილოვის ღამე] კი საპროტესტო თემატიკაში ღირებულებითი/ეგზისტენციალური საკითხები გაჩნდა:
„2024 წლის ნოემბერში, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება ევროკავშირთან ურთიერთობების შეჩერებაზე, არნახული მასშტაბის პროტესტის იმპულსი, პირველ რიგში, ევროპული ღირებულებების დაცვა იყო და არა ვთქვათ უსამართლობის განცდა, ან უბრალოდ ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა.
ევროპული ღირებულებების დაცვაც თავისთავად საყოველთაო თემაა და იმ მომენტში აერთიანებდა სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანს, მათ შორის „ოცნების” მომხრეებსაც, რადგან ბევრი მათგანი იდგა 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე”, - აღნიშნავს სოციოლოგი.
ForSet-ის კვლევაშიც ჩანს, რომ თაობა Z-ის წარმომადგენლები ნაკლებად ინტერესდებიან იმ პოლიტიკური საკითხებითა და მოვლენებით, რომლებიც მათზე ერთმნიშვნელოვნად არ ზემოქმედებს. როცა გიორგი აქციაზე პირველად წავიდა, თანატოლები არათუ არ გაჰყვნენ, იმასაც ეკითხებოდნენ, აქციაზე რატომ მიდიოდა. 2022 წლამდე მხოლოდ ერთ კურსელთან ერთად დადიოდა საპროტესტო აქციებზე. მის გარშემო ახალგაზრდები შედარებით 2023 წლიდან გააქტიურდნენ:
„პარადოქსული იყო, მაგრამ პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი ამბობდა, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებსო. მერე საერთაშორისო ურთიერთობებზე გადავედი, 2022 წლიდან, რუსული კანონიც დაემთხვა და მთელი კურსი ერთად მივდიოდით აქციაზე და ყველა ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული”, ამბობს გიორგი და აღნიშნავს, რომ მისი თანატოლების აქტიურობა პიკს აქციების ცხელ დღეებში აღწევდა —„ისე სტაბილურად, 30 კაციდან შეიძლება ხუთი წავსულიყავით აქციაზე. დანარჩენი ელოდებოდა დარბევა რომ იქნებოდა ან რაღაც გადამწყვეტი თარიღები და მომენტები, მხოლოდ მაშინ ახერხებდნენ მოსვლას”.
რუსთაველზე ყოველდღიური პროტესტი 500 დღეზე მეტია, გრძელდება. ამგვარ ხანგრძლივ და რუტინულ პროტესტში მასობრიობის შენარჩუნება ყველა თაობისთვის რთულად მისაღწევია.
„მარტო ახალგაზრდები კი არ დაიღალნენ, ყველა თაობაში გაჩნდა ნიჰილიზმი. ეს დაღლაც ზოგადი სურათის ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაწილობრივ შესაძლოა სპეკულაციურიც იყოს, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, თუ როგორ ურთიერთობს ეს თაობა ინფორმაციასთან. მათ არ შეუძლიათ დიდხანს გაჩერება რაღაცასთან. [...] შესაბამისად, ეს რუტინული პროტესტი, რომელშიც გადაიზარდა რაღაც დროს პროტესტი, აღარ იყო გართობა, ეს იყო ძალიან მოსაბეზრებელი ყოველდღიურობა და არავის აღარ უხაროდა რეალურად”, ამბობს GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგი, ნინო აბზიანიძე.
მეორე მხრივ, როდესაც პროტესტში ჩართულობის გამძლეობაზე ვსაუბრობთ, შედარებით უფროსი თაობის სიმტკიცე იმითაც აიხსნება, რომ მათთვის პოტენციური დანაკარგი გაცილებით მტკივნეულია. ახალგაზრდების შემთხვევაში, პროტესტიდან გასვლის მიზეზი შესაძლოა პრაგმატიზმი იყოს და შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ მათი თვითრეალიზების საშუალება ჯერ კიდევ არსებობს:
„ჯერჯერობით არ ვართ ბოლომდე ჩაკეტილი ქვეყანა. არის ინტერნეტზე წვდომა, შეუძლიათ მარტივად წავიდნენ ევროპაში და იყვნენ იმის ნაწილი, რაც გლობალურად ხდება. თავისთავად ეს ქმნის თვითრეალიზების ალტერნატიულ საშუალებებს. თუ შევადარებთ ბევრ სხვა ავტორიტარულ და ავტოკრატიულ ქვეყანას, სადაც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო პროცესებში, იქ ახალგაზრდებს შეიძლება უფრო მეტად ჰქონდეთ განცდა, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს და მათი პირადი კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან. თუმცა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და დამატებით კვლევას საჭიროებს”, აღნიშნავს სოციოლოგი ნინო ჟღენტი.
ანა 19 წლისაა, პროტესტი მისი ყოველდღიურობის ნაწილი ორი წლის განმავლობაში იყო. ანა ფიქრობს, რომ აქციაზე გასვლის სურვილი ადამიანებში ჯაჭვური პრინციპით მოქმედებს — ერთი მე რას შევცვლი — თუ ამას იფიქრებს ვინმე და აქციაზე გასვლისგან თავს შეიკავებს, საბოლოოდ, ეს 100 000 დემონსტრანტს გადაედება. იმედგაცრუებას თავადაც ვერ დაემალა, 2025 წლის 4 ოქტომბერი და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები გარდამტეხი აღმოჩნდა — დარბევაში მოჰყვა, მძიმე ღამე ჰქონდა და ის დღე რთულად გადაიტანა. 5 ოქტომბერს ქუჩაში ბევრად მეტ ადამიანს ელოდა, ამის ნაცვლად, რამდენიმე ასეულის ნახვამ გააბრაზა. განცდილმა იმედგაცრუებამ ანა იმაზე დააფიქრა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტმა პროტესტმა გამოფიტა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამჯობინა:
„აზრი არ შემცვლია არაფერზე, არასოდეს მინანია, რომ ეს ორი წელი ვიყავი ქუჩაში. უბრალოდ, საკუთარი თავი დავაპრიორიტეტე 4 ოქტომბრის შემდეგ და მივხვდი, რომ ამ ქვეყანას ვჭირდები, პირველ რიგში, შემდგარი და წარმატებული მოქალაქე, მე რასაც გავაკეთებ ჩემს პროფესიაში და თუნდაც სამომავლოდ, ყველაფერი მოხმარდება ჩემს ქვეყანას და მკაცრად გადავწყვიტე, რომ დავრჩები ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ ეტაპზე მივხედავ პირად განვითარებას, იმიტომ, რომ ჩიხში ვართ, სამწუხაროდ, რომელსაც მხოლოდ მე, ერთი ადამიანი ვერ შევცვლი,” - ამბობს ანა.
2026 წლის 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო ტალღას „ქართულმა ოცნებამ” რეპრესიული პოლიტიკით უპასუხა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ჯერ გაიზარდა პროტესტთან დაკავშირებულ მუხლებზე ჯარიმების ოდენობა, შემდეგ კი უალტერნატივოდ ადმინისტრაციულ პატიმრობებს დაექვემდებარა. Gen Z თაობის ათეულობით წარმომადგენელი პროტესტში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალის გამო ამ დრომდე სასჯელს იხდის.
„ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან, სწორედ იმ პერიოდში დააკავეს, როდესაც ეს თაობა ყველაზე აქტიურად და თვალსაჩინოდ მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში. ეს შემთხვევები, ისევე როგორც შემდგომი წერტილოვანი დაკავებები, შემაკავებელი სიგნალია ფართო აუდიტორიისთვის — გზავნილი, რომ მსგავსი აქტივობისთვის ნებისმიერი შეიძლება დაისაჯოს”, ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი ნინო ჟღენტი.
დაკავების და დაჯარიმების პერსპექტივა ახალგაზრდების ქცევაზე აისახა. ერთი მხრივ, არსებობდა წინააღმდეგობის გაწევის, მობილიზების, მედეგობის ჩვენების სურვილი. 24 წლის გიორგისაც თავდაპირველად ეგონა, რომ ყველა მომდევნო რეპრესიული გადაწყვეტილება, პროტესტის მუხტს უფრო გააძლიერებდა, მაგრამ რაც მეგობრებსა და კურსელებზე დაიწყო დაკვირვება, მიხვდა, რომ აქციებზე დემონსტრანტების რაოდენობა მცირდებოდა. თავადაც ეტაპობრივად შეწყვიტა აქციებზე სიარული:
„ეგ რაღაც სინდისის ქენჯნა დღემდე მაქვს, რომ ამ საღამოს სახლში ვარ, მაშინ, როცა რუსთაველზე თუნდაც 100, 200 ან 500 ადამიანი დგას. [...] ბათუმელი ვარ და ბათუმში მომიწია წასვლა კვირა-ნახევრით და ეს კვირა-ნახევარი რომ მოვწყდი ამ პროცესს საერთოდ, მერე ვეღარ დავბრუნდი და იმ მომენტიდან საერთოდ შევწყვიტე. რამდენჯერმე ვიყავი შაბათის მარშზე”.
მიუხედავად ამისა, გიორგი ამბობს, რომ არც მას და არც მის გარშემო სხვა ახალგაზრდებს პოზიცია არ შეუცვლიათ — „იმედგაცრუება არის, რომ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ბუნებრივია ეგ”.
ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ/ეკონომიკურ ცხოვრებაში იკვლევს ახალგაზრდების გლობალური მონაწილეობის ინდექსი GYPI, კვლევა პირველად 2025 წელს ჩატარდა და 141 ქვეყანა შეფასდა იმის მიხედვით, რამდენად ეძლევათ ახალგაზრდებს შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთონ პოლიტიკურ, სამოქალაქო და ეკონომიკურ ცხოვრებაში. კვლევამ გამოკვეთა, რომ ახალგაზრდები
ბოლო წლებში დემოკრატიული, სამართლიანი და არაკორუმპირებული მმართველობის მოთხოვნით გამართული საპროტესტო მოძრაობებისა და დემონსტრაციების წინა ხაზზე იდგნენ, თუმცა პოლიტიკური ელიტები იმ რესურსებზე წვდომას მნიშვნელოვნად უზღუდავენ, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის სჭირდებათ:
„მიუხედავად ამისა, მათ ხშირად ზღუდავენ საკანონმდებლო ორგანოებში ზედმეტად მკაცრი ასაკობრივი ცენზით, უგულებელყოფენ პოლიტიკური პარტიების ელიტები და არ აძლევენ წვდომას მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და რესურსებზე [..] უფრო მეტიც, ახალგაზრდა დემონსტრანტები ხშირად სასტიკ ძალადობასაც აწყდებიან”.
ცოტნე კობერიძე ახალგაზრდა პოლიტიკოსია და ამჟამად არცერთ პარტიაში არ ირიცხება. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში გამართულ დებატებში, სადაც ეროვნულ ინტერესებსა და ევროპულ კურსზე კობერიძე „ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ რეჟისორ გოგა ხაინდრავას ეკამათებოდა, ეს შეკითხვა დაუსვა — რა მოტივაცია ჰქონდა, როცა საქართველოს მე-5 პრეზიდენტს ყვავილებით მიადგა, პირველ პრეზიდენტს კი პუჩით:
„დავიქეცით, სამოქალაქო ომი იყო ამ ქვეყანაში, ამ დროის განმავლობაში, როცა მე-5 პრეზიდენტს ყვავილებით მიადექით, პირველ პრეზიდენტს მიადექით იარაღით, შუაში მიხეილ სააკაშვილთან თანამდებობაც კი მოიპოვეთ, როცა მიხეილ სააკაშვილს პროდასავლური კურსი ჰქონდა. რად გინდოდათ ეგ თანამდებობა. რა ხდებოდა?!"
ახალგაზრდა პოლიტიკოსის ამ რეპლიკამ ხაინდრავა გააღიზიანა და კობერიძეს მატყუარა უწოდა, თუმცა ეს შეკამათება ასევე იმ ემბლემურ მომენტადაც იქცა, რომელიც თაობებს შორის უთანასწორო მიმართებას გამოხატავს, სადაც ხაინდრავას, რომელსაც ახალგაზრდა პოლიტიკოსი წარსულს ახსენებს, შეუძლია აქეთ ჰკითხოს — ეს ტექსტი ვინ ჩაგაწერინაო? იმაზე მინიშნებით, რომ კობერიძე საკუთარ ავთენტურ ინტერესს კი არ გამოხატავს, არამედ ვიღაცის დავალებას ასრულებს.
Chai Khana-სთან ინტერვიუში დღეს კობერიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ძალაუფლებაში ბოლოს ათწლეულების წლის წინ იყვნენ, ხალხისთვის თავამოწურულ პერსონაჟებად იქცნენ — „რაც არ უნდა იყოს Friends-იც, სერიალიც წლების შემდეგ მორჩა, დამთავრდა და აქ რაღაცა დაუმთავრებელია” — არსებული პოლიტიკური ელიტას „ერთი ფაკულტეტის ხალხს” უწოდებს და ამბობს, რომ მათი ჩანაცვლება ახალი სახეების მიერ თითქმის შეუძლებელია, რადგან „უფროსისადმი” ლოიალურობა რჩება „დაწინაურების“ საფუძვლად:
„ასე შეიქმნა ეს პოლიტიკური ელიტა, რომლის წევრებიც ერთ დროს ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ახლა კი აღმოაჩინეს, რომ არც ისეთი ასაკოვნები არიან, რომ ამ სფეროდან წავიდნენ. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, ვერანაირ წარმატებას ვეღარ მიაღწიეს და მათი ერთადერთი წარმატება ის არის, რომ საკუთარ პარტიაში როლი შეინარჩუნონ”.
პროტესტში Gen Z-ს როლის აღქმას გადამეტებულად მიიჩნევს. ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ჩართულობით პროტესტში მოპოვებული დივიდენდები გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა:
„პირველად რომ გამოვიდნენ და „რუსული კანონის” პირვანდელი ვერსია უკან წააღებინეს, მაშინ სისტემა მეტ-ნაკლებად მზად არ იყო ამ საკითხისთვის. [..] თუ პოლიტიკური ტიპის ცვლადი არ ახლავს სამოქალაქო წინააღმდეგობას და არ მიჰყვება პარალელურად პოლიტიკური პროცესი, შედეგი არ მიიღწევა. მეტი რა უნდა ექნათ ახლა ამ ახალგაზრდებს?! გამოვიდნენ, დაიჭირეს, სცემეს, იჩხუბეს, რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს და ამას უბრალოდ შედეგი არ მოჰყვა”, - ამბობს კობერიძე.
პოლიტიკური ცვლადის გაჩენას კი პოლიტიკური პროცესების წარმართვა სჭირდება. კვლევებიც ადასტურებს, რომ პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე Gen Z-ის ცოდნა მწირია. ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და IRI-ს 2023 წლის კვლევებზე დაყრდნობით, ForSet-ი ასკვნის, რომ Gen Z-ის 70%-ი საკუთარ ღირებულებებს ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმაში ვერ ხედავს. 64%-ი კი მიიჩნევს, რომ მათი ინტერესები არასაკმარისად, ან საერთოდ არაა ასახული ეროვნულ პოლიტიკაზე.
„იმედი მაქვს, ახალგაზრდებს მოგვეცემა გზა, რომ მეტი დოზით ვიყოთ ჩართულები პოლიტიკურ პროცესში, აღარ იქნება დოგმები და სტიგმები, რომ პატარები ვართ, ჩვენ რა გაგვეგება. არავის არ აქვს ჩემს თაობაში იმის პრეტენზია, პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს მაგრამ [...] ახალგაზრდებისთვის რაღაცების კითხვა მხოლოდ და მხოლოდ არგებს ყველას“,- გვეუბნება ნინა.
Gen Z-ები, ვისაც Chai Khana ესაუბრა, უსამართლობად მიიჩნევს მათ მიმართ გამოთქმულ გულისწყრომას. 19 წლის ანა თვლის, რომ ამ თაობამ საკმარისი მსხვერპლი გაიღო, დაუპირისპირდა საკუთარ ოჯახს, ციხეში ატარებს ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს, უწევს ჯარიმებთან გამკლავება, დარბევის დროს მიღებულ ტრავმებს დღემდე იშუშებს.
„Gen Z-მ თავის გასაკეთებელი გააკეთა და იმ ადამიანებს, რომლებიც Gen Z-სკენ იშვერენ თითს და ამბობენ, რომ ამათ ჩვენთვის უნდა ეშველათ და TikTok-ის სქროლვა გააგრძელეს, თუ არ მოსწონთ, როგორ იქცევა Gen Z, უნდა გააკეთონ თვითონ [...] ქუჩაშიც ბევრჯერ გავუჩერებივარ მოხუცებულებს, ჩემი მშობლების ასაკის ადამიანებს, უთქვამთ, რომ შენი და შენნაირების იმედი გვაქვს, შვილო. რაც ძალიან კარგია, რომ რა თაობა მოდის, შეიცვალა რა კარგი თაობა მოდის [...] მაგრამ Gen Z-ის პროტესტში ბრენდინგი, რომ Gen Z გვიშველის, იყო რადიკალური“.
* სტატიაში ნინას და ანას სახელი მათივე თხოვნით შეცვლილია.
გარეკანის ფოტოს ავტორი: მარიამ გიუნაშვილი
მთავარი ფოტოს ავტორი: თაკო რობაქიძე