მჯერა, ეს თაობა იტყვის: ეს ბრძოლა ღირდაო | სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის, ოჯახი
ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე
წელიწადზე მეტია ქვეყანა უწყვეტი პროტესტის რეჟიმშია. 2024 წლის 28 ნოემბერს მოქალაქეები „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადებამ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, ქუჩაში ხალხი მასობრივად გამოიყვანა. მომდევნო დღეებიდან იწყება დემონსტრანტების სისხლის სამართლის წესით დაკავებებიც.
დაკავებების, ჯარიმის თანხის გაზრდის, კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, წინააღმდეგობა დღესაც გრძელდება.
Chai Khana აგრძელებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გადაღებას. ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.
არ მეშინია არაფრის, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემს ფიზიკურ თავისუფლებას, ჩემს ჯანმრთელობას ან თუნდაც სიცოცხლეს. მე სხვა რაღაცების უფრო მეშინია. მეშინია ვინმე არ დავჩაგრო, ვინმეს რამე არ წავართვა, არ დავამცირო, არ მოვატყუო. იმისთვის, რომ ასეთი შიშები მაქვს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას, ჩემს ოჯახს, მეგობრებს.
ფრაგმენტი ონისე ცხადაძის დასკვნითი სიტყვიდან სასამართლოზე.
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულთაგან ერთ-ერთია 30 წლის კომიკოსი ონისე ცხადაძე. ონისე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. 10 პატიმრის მსგავსად, ონისემაც სხვები სასამართლო დარბაზში ნახა პირველად.
ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მოსამრთლე ნინო გალუსტაშვილმა ამ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა [226-ე მუხლი] და თითოეულ ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
11 პირის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს გამოაცხადა.
ია ბარდაველიძე, ონისე ცხადაძის დედა
ერთი ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა. პატიოსნად ვშრომობდით. ინჟინერი იყო ჩემი ქმარი. ენერგო-პრო ჯორჯიაში მუშაობდა ადრე. შემცირებაში მოყვა და ხელოსნობა დაიწყო. ნახაზების წაკითხვა კარგად იცოდა და მშენებლობაც კარგად გაეგებოდა.
ორი შვილი გავზარდეთ. სანდრომ სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ონისე პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ყველა ვშრომობდით. პოლიტიკაში აქტიურად ჩართულები არასოდეს არ ვყოფილვართ ოჯახი.
ონისე და სანდრო გერმანიაში იყვნენ სამუშაოდ და იქ განსაკუთრებით იგრძნეს სამშობლოს სიყვარული. მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში. თუმცა, სამშობლოს სიყვარულზე და პატრიოტიზმზე სულ ვლაპარაკობდით ოჯახში. სანდრო გერმანიიდან 2020 წელს დაბრუნდა, ონისე ცოტა უფრო ადრე. ორივემ მუშაობა დაიწყო. უსამართლობას ვერ იტანდნენ. ამიტომაც გავედით აქციაზე.
ჩემი ქმარიც ძალიან პატრიოტული სულისკვეთებით იყო და შვილებს სულ ეუბნებოდათ, ჯერ სამშობოლო უნდა გიყვარდეთო. მშობლები შვილების მხარეს ვიყავით. აქციებზეც გვერდით ვედექით. გვინდოდა, ხალხს გაგვემარჯვა სახელოვნად. ახლაც ბევრია წინააღმდეგობის მხარეს. თავებს ითვლიან და ამბობენ, იმდენი ვეღარ იკრიბებიანო, მაგრამ მგონია და მწამს, ხალხს გულში მაინც ის აქვს, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს.
ონისე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს თერჯოლაში. მე სკოლაში ვიყავი. ჩემმა ქმარმა დამირეკა, მოდი, მომეშველე, გაივსო ჩვენი ეზო პოლიციელებითო. პოლიციელების ეკიპაჟი თბილისიდან გამოაგზავნეს. მითხრეს, თუ არაფერი დაუშავებია, 24 საათში ან 48 საათში გამოუშვებენო. მშვიდად გაიყვანეს ონისე სახლიდან.
ჩემმა ქმარმა ამ სტრესს ვერ გაუძლო, 6 თვე იყო გასული ონისეს დაჭერიდან, გულის შეტევით გარდაიცვალა. ონისეს მამასთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა. ისე ვცხოვრობდით, ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი შვილი ციხეში იქნებოდა.
ამ ტრაგედიას დღემდე ვერ ეგუებიან ბიჭები, ვერც შევეგუებით, ეს ტვირთი ჩვენი სატარებელია.
3 სექტემბერს მაინც ვფიქრობდი, რომ რადგან მათი დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობდა, იქნებ არ შეეფარდებინა მოსამართლეს პატიმრობა. მაგრამ, ამ ე.წ. ხელისუფლების ხელში ეს არ მოხდებოდა. მიუსაჯეს. სააპელაციოშიც გავასაჩივრეთ, მაგრამ პროკურორებმა თქვეს: უფრო მეტი წელი ეკუთვნით, უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდნენო.
რა თქმა უნდა, სიმართლე გაირკვევა, დრო სჭირდება უბრალოდ. მაგრამ ეს დრო ჩვენ მძიმედ გვიჯდება. მჯერა, რომ მომავალი თაობა მერე იტყვის: ეს ბრძოლა ღირდაო.
ონისეს დაკავების დღეს, სანდრო თბილისში, სამსახურში იყო. როგორც მახსოვს, გვითხრა: არ ინერვიულოთ დედა, გამოუშვებენ, რა უნდა ჰქონდეს ონისეს დაშავებულიო. ყველაფერი კარგად იქნებაო.
ონისე რომ სახლიდან გაჰყავდათ და ვემშვიდობებოდი, ყურში მითხრა: სანდროს უთხარი, ხუსკივაძის ადვოკატი, სადრაძე აიყვანოსო, სწრაფად მითხრა. სანდროს დავურეკე მაშინვე და ვუთხარი: მიხედე, დედა. არც კი ვიცი, სად წაიყვანეს. ან თერჯოლის ილოზატორში, ან ქუთაისის, ან თბილისში გადავიყვანოთო, ასე მითხრეს სახლიდან რომ მიჰყავდათ.
მერე ჩემმა ძმამაც მოიკითხა სოფელში ახლობელ პოლიციელთან, მიშველე, გამაგებინე, სად წაიყვანეს ონისეო. ჩემს ძმას ჩემი შვილების გაზრდაში დიდი წვლილი აქვს.
ამ პოლიციელმა უთხრა, ვიცი, რომ არც თერჯოლის და არც ქუთაისის იზოლატორში არ არისო. თბილისში წაიყვანეს, მაგრამ რომელ იზოლატორში ეყოლებათ, ეგ აღარ ვიციო. სანდრომ მოგვიანებით ადვოკატის დახმარებით მოძებნა.
30 ნოემბერს გამთენიას დაარბიეს აქციის მონაწილეები. ონისეს ნეკნები ჰქონდა გაბზარული. ცუდად იყო. თოდუას კლინიკიდან სანდრომ გამოიყვანა. საჭმელსაც ვერ ჭამდა, მემგონი გაზითაც მოიწამლა იმ დღეებში. 5 დეკემბრამდე თერჯოლაში იყო ჩვენთან.
კანონი უნდა იყოს უზენაესი. ჩვენს შვილებს მე და ჩემმა ქმარმა იმიტომ მივეცით განათლება, იმიტომ ვიბრძოლეთ ამისთვის, რომ თავისი პროფესიით, ცოდნით, შრომისმოყვარეობით შეძლებოდათ დამოუკიდებელი ცხოვრება.
ჩემს შვილებს სულ ვეუბნებოდი: არასოდეს თქვენს სინდისთან კომპრომისსზე არ წახვიდეთ და თქვენი რეპუტაცია არ შელახოთ, ფულში არ იცვლება-მეთქი. ასე გავზარდე ორივე.
ნეტავ ჩემი მეუღლის გულსაც გაეძლო ამისთვის და ერთად გავსულიყავით ბოლომდე ამ ბრძოლაში. ახლა მე უნდა გავაგრძელო მარტო ბრძოლა და შრომა და ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემს შვილებს ხელი შევუწყო.
ონისე ჩვენი ცოტა გათამამებული შვილი იყო. ძმებს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. არც კი კინკლაობდნენ. ბავშვობიდან ვერ იტანდა ონისე ჩაგვრას. ერთი კლასელი თუ მეორეს დაჩაგრავდა, აუცილებლად უნდა გამოჰქომაგებოდა, ისე არ დატოვებდა. სპორტი უყვარდა, ფეხბურთს თამაშობდა. ძალიან კარგად სწავლობდა-თქო, მოგატყუებთ. ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. წიგნებთან მუშაობა მაინცდამაინც არ უყვარდა. მაგრამ მასწავლებლები ყოველთვის კარგად ახასიათებდნენ. ახლაც, პაემანზე შესვლამდე, სათითაოდ დამაბარეს მოკითხვა.
ონისეს ბავშვობიდან კარგი იუმორი ჰქონდა. ,,ვანოს შოუში” კასტინგზე მივიდა და იქ აიყვანეს სამუშაოდ. არ დაგვიშლია. ვეუბნებოდი, მანდაც იმუშავე და შენი პროფესიითაც-მეთქი. მისი სკეჩების ყურება ძალიან გვიყვარდა. საერთოდ, მხიარული ოჯახი გვქონდა. ერთად ძალიან ვხალისობდით. ახლა ჩვეულებრივად ვეღარ ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ბრალის წარდგენა და სასამართლო პროცესი კარგად მახსოვს. თავიდან 5-ნი იყვნენ, მერე დაამატეს 6, 11-კაციანი ჯგუფის საქმე გამოვიდა საბოლოოდ. თავიდან ხუთივემ სასამართლოს დარბაზში თქვა, რომ გირაოს ითხოვდნენ. ჩემი კოლეგები, სოფლებიდან მასწავლებლები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, გირაოსთვის ფულს ჩვენ შევკრებთ, არ ინერვიულო, მთავარია, ონისე გარეთ იყოსო.
მეორე სასამართლო სხდომაზე, ონისემ პროკურატურის მიმართულებით ასანთის კოლოფი ისროლა. ონისე ხომ ვიდეოში ცარიელ ბოთლს ისვრის აქციაზე, რომელიც იქვე ვარდება, არავის არ აზიანებს. არავის არ მოხვედრია. ამ მიზნით ისროლა ონისემ ქაღალდის ასანთის კოლოფი: თუ ამისთვის 6 წელი ციხე მეკუთვნის, როგორც ვანო მერაბიშვილს, 6 თვე კიდევ დამიმატეთო. მის ამ საქციელს დიდი ამბავი მოჰყვა. ონისეს სოციალურ ქსელში ლანძღავდნენ: რას კადრულობსო, წერდნენ.
მე და ჩემს ქმარს შეგვეშინდა და ვინერვიულეთ. კიდევ წლები არ დაუმატონ-მეთქი. მალევე მივხვდით, რომ ამ სასამართლო პროცესებს 9 თვემდე გაწელავდნენ, ანუ სასამართლო განხილვის სრულ პერიოდს გამოიყენებდნენ.
პირველად მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ თქვა: ვტოვებ, პატიმრობაში! რა დამავიწყებს. მოგვიანებით, ამ საქმემ მოსამართლეები გამოიცვალა. მათ შორის, ირაკლი შვანგირაძეც იყო.
მაისში მე და მამამისი 24-საათიან პაემანზე ვიყავით ციხეში ონისესთან. ონისემ მაშინ გვითხრა: ვერაფერს ვერ მოგვისჯიან, არაფერი არ გვიმტკიცდებაო, ანუ დანაშაულის მტკიცებულებები გამოძიებას არ აქვსო. მამა, შენ არ შეგეშინდესო, ასე უთხრა.
მალევე [2026 წლის 12 ივნისს] მათე დევიძის სასამართლო იყო, რომელსაც 4.5 წელი მიუსაჯეს. მაშინ ფიზიკურად ცუდად პირველად გახდა ჩემი ქმარი. ონისესაც ასე მიუსჯიანო, ამბობდა. ძალიან ნერვიულობდა. გულმა მეტს ვეღარ გაუძლო ეტყობა. [ონისე ცხადაძის მამა, გელა ცხადაძე, 26 ივნისს გარდაიცვალა] ვიცოდით, რომ 2 წელს მიუსჯიდნენ ბოლოს. როგორც 8 კაცის საქმეზე. სააპელაციო სასამართლოს იმედიც აღარ გვქონდა.
მახსოვს ერთ-ერთ პროცესზე ცრუ მოწმე პოლიციელი. თვალი დამიზიანდაო, ამბობდა. პროცესზე ჰკითხეს, ამ 11 კაციდან, რომელმა მოგაყენათ ეს ზიანიო. ვერ ვცნობო, უპასუხა.
სანდრო ცხადაძე, ონისე ცხადაძის ძმა
ონისეზე 2 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ბავშვობაში ეს დიდი სხვაობა მეგონა. მე ინტროვერტი ვარ, ხალხთან კომუნიკაციით ვიღლები. ონისე, პირიქით.
ზუსტად ვიცი, ციხეში მას უფრო გაუჭირდებოდა. ის უფრო კომუნიკაბელურია, მოძრავია, აქტიურია. ერთ ოთახში გამომწყვდეულს, შეიძლება, მე უფრო მარტივად გამეძლო.
თბილისში ერთად ვცხოვრობდით. გერმანიაში რომ წავედი, ონისეც გამომყვა. ჩემზე ადრე დაბრუნდა, ვერ გაძლო დიდხანს.
ონისე უფრო თავისუფლად ცხოვრობდა. მე, ძირითადად, სწავლა, მასწავლებლები, მეცადინეობა, კომპიუტერთანაც დიდ დროს ვატარებდი. ონისეს გარეთ ყოფნა უყვარდა. ჩემზე მეტი მეგობარი ჰყავდა. ახლა მეგობრები ძალიან გვეხმარებიან: ფინანსურად, მორალურად, ვისაც როგორ შეუძლია.
თავიდან ფონდები გვეხმარებოდნენ ფინანსურად. ხალხიც. მერე დაიწყო რეპრესიები. ფონდები დააყადაღეს. პროპაგანდის მანქანა ამუშავდა, რა რეპორტაჟებს აღარ ამზადებდნენ დაპატიმრებულების გასაშავებლად. ისე, ჩვენს დახოცვაზე თუ გადავლენ, თორე ხალხი ხომ ხედავთ, რამდენს უძლებს.
აქციაზე პირველად მე 2023 წელს, რუსული კანონის ინიცირების დროს, გამოვედი. მანამდე აქციაზე არ ვყოფილვარ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვარაზის ხევზე რომ აქციები დაიწყო, იქაც არ დავდიოდი, ონისე მგონი კი. მე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გავედი ქუჩაში, როცა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას ავადებდა. ბევრი ადამიანი გავიდა პროტესტიდან და ონისე რომ არ დაეკავებინათ, ჩვენც ვერ დავდებთ თავს, რომ მაინცდამაინც აქ ვიქნებოდით, მაგრამ, სავარაუდოდ, ამდენ რამესაც არ გავივლიდით. [მეორე მხრივ] ონისე რომ არ დაეკავებინათ და ეს რეპრესიები არ გამოგვევლო, მაინც დავრჩებოდი პროტესტში, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, ხალხი აღარც სამართლიანობას ითხოვს, აღარც ევროკავშირს, უბრალოდ [უნდათ] ეს ხალხი გამოვიდეს ციხიდან.
„ქართულმა ოცნებამ” ჯოჯოხეთური პროპაგანდა აწარმოა. ხალხი მორალურად გაანადგურა. რა არ დააჯერეს მათ: ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, ტანკი გამოვა; კაცები გათხოვდებიან, მიწებს გაყიდიან…
ია ბარდაველიძე
ოქროს დაბადების დღე ჰქონდა ცოტა ხნის წინ ონისეს. მე და ჩემი ქმარი სულ ვამბობდით, რომ ეს დღე გრანდიოზულად უნდა აღგვენიშნა. თურმე წინასწარ არაფერიც არ იცი.
გუშინ ვნახეთ ონისე. ძალიან მხნედ არის, კარგადაც გამოიყურება. აქეთ გვაგულიანებს. მალე გამოვალთ, მოვიხდით ამ უკანონო სასჯელსო. მითხრა, თუ ეს ხალხი გადაწყვეტს, რომ ისევ ეს ხელისუფლება უნდა იყოს ქვეყნის მმართველი, მაშინ ჩვენ სხვა გზა უნდა ვნახოთო. თუ ემიგრაციაში წავედით, დედა, შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ, ვერ მიგატოვებთო. ამ ხელისუფლების გვერდით, ჩვენ ვეღარ ვიცხოვრებთო, ასე მითხრა ჩემმა შვილმა.
ყოჩაღ ისე ამ ბიჭებს და გოგოებს, როგორ ღირსეულად გადაიტანეს მთელი ეს ბრძოლის და წინააღმდეგობის პროცესი. არავინ არ გატყდა. დადგება დრო, ისტორიაც რომ თავის სიმართლეს დაწერს და აღწერს ამ პერიოდს.
ონისე სულ მთხოვს, ვინც კი ჩემზე ცუდს იტყვის, ან დაწერს, არავის არაფერი უპასუხოო. მოსიყვარულე, თბილი ბიჭია.
მეც მგონია, რომ ამ პოლარიზაციას წერტილი უნდა დაესვას. ზიზღის კამპანია უნდა დასრულდეს. პირიქით, უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი და შევკავშირდეთ. ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია, ვერავინ ვერ გვიშველის გარედანო, ამ სიტყვებით დამშორდა ბოლოს ონისე ციხეში.
ზეწოლის გამო, ჩვენს ოჯახს მხარდაჭერა და სოლიდარობა საჯაროდ ვერ გამოუცხადეს, მაგრამ ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, თქვენ გვერდით ვართ, ვიცით, რომ კარგი შვილი გაზარდეთო. ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირსაც კი უთქვამს ეს ჩემთვის. რა ქნას ამ ხალხმაც, სამსახურის დაკარგვის ეშინია, ბოლოს და ბოლოს, პური ხომ უნდა მიიტანოს ოჯახში?! მათაც ხო ჰყავთ შვილები და შვილიშვილები. ამიტომ მე ამ ხალხის მესმის და აბსოლუტურად ვუგებ.
ერთადერთი ჩემი ქმრის დაღუპვას ვერ ვეგუები, ძალიან განვიცდი. ვერც ტიროდა, თავის ნაღველს ვერც ვერავის უზიარებდა, და ბოლოს ერთიანად ამოხეთქა, ვეღარ გაუძლო. გაწყდა ერთი კაპილარი და გარდაიცვალა. თან იმ დღეს ძალიან ცხელოდა. 40 გრადუსამდე სიცხე იყო. ის რომ ასეთი გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან, ამას ვერ ვეგუები. რისთვის?! ეს მკლავს.
ბადრაგი კარგად ექცევა ბიჭებს. ონისე ვალმოხდილი გამოვა ციხიდან და თავაწეული ივლის. ნელ-ნელა ყველა მიხვდება. უბრალოდ, ჩვენ დროს გავუსწარით და გავიაზრეთ, რასთან გვქონდა საქმე.
„მე არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად რაც შეეხება, მე პირობას გაძლევთ, მოვა ამ ქვეყანაში დრო, უმაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული, აი, ის ბიჭი, დამხმარე რომ ზის და ჰგონია, რომ არაფერ შუაშია, იმით დამთავრებული, ყველას მოეთხოვება. იმის გამო კი არა, რომ მე ღვარძლი მექნება, რამე შურისძიების, არა, იმიტომ, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ იმის სურვილი, რასაც თქვენ აკეთებთ და იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ”, - ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლო პროცესიდან, რომელსაც ის მამის გარდაცვალების შემდეგ პირველად დაესწრო.