loading

სინდისის პატიმრების ოჯახები | ფოტოამბავი

დეკემბერში, როცა ერთმანეთის მიყოლებით ვიგებდით პროევროპულ აქციებში მონაწილეების დაკავებაზე, მათი მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდით, ვერც სახეზე ვცნობდით და ჯერ არც  საქმის დეტალებზე გვქონდა წარმოდგენა. სასამართლო დარბაზებში გაცნობილი ადამიანები ღიმილით, ზოგი სიჩუმით, ზოგი სიტყვით და ზოგიც იუმორით დაგვამახსოვრდა. მათთან ერთად გავიცანით ცხრათვიანი სასამართლო პროცესების  მონაწილე ყველა მთავარი და არამთავარი პირი: პროკურორები, მოწმე პოლიციელები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები, ბრალდებულების მშობლები, მათი ახლობლები, გულშემატკივრები. 

საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მტკიცებულებებით, პროპაგანდას იმდენად გაუჭირდა საზოგადოება ამ ადამიანების ბრალეულობაში დაერწმუნებინა, რომ სხდომების ფინალურ ეტაპზე „ქართულმა ოცნებამ” სასამართლოს ეზოშიც კი აკრძალა ფოტო და ვიდეო გადაღება.

ამ დროს უკვე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სინდისის პატიმრების სოლიდარობის მარშები იმართება, ბანერებზე მათი პორტრეტებია, წინააღმდეგობის წინა ხაზზე მშობლები მხარდამხარ დგანან. უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა მათი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა, ბრძოლა სიმართლისთვის და უკეთესი მომავლისთვის, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის. დაკავებებიდან მალევე, ფოტოგრაფმა თაკო რობაქიძემ სინდისის პატიმრების ოჯახების გადაღება დაიწყო. 


28 აგვისტოს სინდისის რამდენიმე პატიმარი პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა, მაგრამ უმეტესობა კვლავ პატიმრობაში რჩება. 

სინდისის პატიმრებსა და მათ ოჯახებზე შემაჯამებელი ფოტო ისტორიით Chai Khana კიდევ ერთხელ გახსენებთ მათ, ვინც თავისუფლების დაკარგვის ფასს  იხდის.

„ახლა ჩვენთვის ცხოვრება გაძლება და ბრძოლაა. არავინ არ უნდა დავტოვოთ მერე დაუსჯელი. ამ თვეებში რამდენი რამე წაართვეს და დააკარგვინეს ჩვენს პატიმრებს. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება ყველას ყველა დროს ექნება, მაგრამ ჩვენ სულ ფხიზლად უნდა ვიყოთ“.

ელენე ხუნდაძე, ირაკლი მიმინოშვილის დედა

„10 წელია ემიგრაციაში ვარ. 2015 წელს იტალიაში ოჯახის ექიმად წავედი სამუშაოდ“.

ქეთევან ქვრივიშვილი, ირაკლი ქერაშვილის დედა

„ქეთუნას ველოდებოდი სამზარეულოში, აღარ შემოდიოდა. მერე გაზთან დადგა და ჩქარა მითხრა, ირაკლი დააკავესო. ასეთი მწარე არაფერი გამომიცდია მგონი. 2005 წელს ძმა გარდამეცვალა, 2006-ში მეორე ძმა. მაგრამ ასეთი მწარე მაინც არ ყოფილა”.

კლარა კილასონია, ირაკლი ქერაშვილის ბებია

„იტალიაში ვიყავი, როცა 6 დეკემბერს ირაკლი დააკავეს. ქეთუნამ დამირეკა და მითხრა, დედა, ირაკლი დააკავეს, სახლთან, მანქანით რომ მოვიდა, იქიდანვე აიყვანესო. ისეთი შოკი იყო, ემოციურად ისეთი მძიმე, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. არაგეგმიური შვებულება ავიღე და ჩამოვედი”.

ქეთევან ქვრივიშვილი, ირაკლი ქერაშვილის დედა

ქეთი დანელია, ირაკლი ქერაშვილის ცოლი

ირაკლიმ და ქეთიმ 11 აპრილს ციხეში იქორწინეს. ხელისმომკიდეებად ბადრაგები ჰყავდათ.

„ერთადერთი, რაც მხნეობას და გამძლეობას გვაძლევს, კონტექსტია, რის გამოც დაიჭირეს: თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის და პატრიოტული სულისკვეთებისთვის. აი, მხოლოდ ეს გვაძლებინებს. ყოველ დღე ვცდილობთ, რომ ნეტავ, ეს დღეც გადავაგოროთ. აუტანელია”.

ქეთუნა ქერაშვილი, ირაკლი ქერაშვილის და

„ჩვენ მადლობას გვიხდიან ზვიადის გაზრდისთვის, მე კი ვამბობ ხოლმე, რომ ზვიადმა გაგვზარდა ჩვენ”.

ნარგიზი დავითაძე, ზვიად ცეცხლაძის დედა.

„ბავშვობაში სულ ვუყვებოდი ეროვნულ მოძრაობაზე, იმ პერიოდის გმირებზე, ეროვნული მოძრაობის ისტორიაზე, პირველ რესპუბლიკაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე. ზღაპრების ნაცვლად, თვითონაც უკვე ამას ითხოვდა ჩემგან”.

ზურა ცეცხლაძე, ზვიად ცეცხლაძის მამა.

„ნიკა როცა ლაპარაკობს, არასოდეს იტყვის - მე. სულ იძახის - ჩვენ. მეც არ მინდა ხოლმე ,,ჩემი შვილის” თქმა, ,,ჩვენი შვილები” არიან გამოკეტილები. არც მხოლოდ დედებზე მომწონს აქცენტი. ოჯახის წევრები: ცოლები, დები, ძმები, ნაკლებად იბრძვიან?!”

მარინე აფციაური, ნიკა კაციას დედა

ეს ქვეყანა ხომ მარტო ჩემთვის და ჩემი ძმისთვის და კიდევ 50 პატიმრისთვის არ მინდა. რა სიკეთეებიც ევროპულმა მომავალმა უნდა მოიტანოს, ყველა მოქალაქისთვის მინდა მე. სამწუხაროდ, ყველას ყურამდე ინფორმაცია და სიმართლე ვერ მივიტანეთ. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო”.

ლაშა კაცია, ნიკა კაციას ძმა

„ჩვენი ოჯახიდან გური მე-4 თაობაა, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია. მამაჩემის ბაბუა დახვრეტილია. მეთოდე ჭანტურია ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორი იყო. ის სოციალ-დემოკრატებთან — ნოე ჟორდანიასთან და ნოე რამიშვილთან — მეგობრობდა. გერმანიიდან დაბრუნდა საქართველოში და მას მერე აღარსად წასულა. ქვეყნის იძულებით გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურ ხელისუფლებას თანამშრომლობაზე უარი უთხრა. კი არ გადაასახლეს, უბრალოდ გააქრეს ადამიანი”.

ინგა ესვანჯია, გური მირცხულავას დედა

„არ მახსენდება, ერთხელ მაინც უხეშად ეთქვა რამე, ეუზრდელა ჩემთან. წყალი არ მწყურია ისე, როგორც მათეს ჩახუტება გულში. მარტო მის გათავისუფლებას ვნატრობ, მეტს აღარაფერს”.

ეთერ მჭედლიშვილი, მათე დევიძის ბებია

„მოგვიანებით სხვების დაკავებებიც დაიწყეს, და მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი და არც მათე იყო მარტო. პატიმრების ოჯახებმა ერთმანეთი გავიცანით და ერთად შევუდექით გოლგოთას”.

ელენე დევიძე, მათე დევიძის და

„ნოემბრის ერთ ღამეს სახლში რომ მოვიდა აქციიდან, ვერ გრძნობდა თავს კარგად. გმირთა მოედანზე პოლიციელის წიხლი მოხვედრია. სახეზეც გაწითლებული იყო, ეტყობა წყლის ჭავლისგან. ექიმთან არ წამომყვა. მეორე დღეს ისევ აქციაზე გავიდა. დროშა მოიხვია, პირბადეც არ წაუღია. პროკურატურამ ეგ დროშა ამოიღო მოგვიანებით ერთადერთ ნივთმტკიცებად საქმეში”.

მარიზი კობახიძე, თორნიკე გოშაძის დედა

„რადგან ახალგაზრდა მსახიობები აქტიურად და ჯიუტად აპროტესტებდნენ ამ ხელისუფლების პოლიტიკას, მგონია, რომ ანდროს დაკავება მათთვის მესიჯი იყო, რომ თქვენც იგივე გელოდებათ. არ გამოუვიდათ. ვერავინ შეაშინეს ამით. ის ხელოვანები ისევ ქუჩაში დგანან და იბრძვიან”.

ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა

„ტელეკომპანია „იმედს”  ელოდებოდნენ გადასაღებად. თავიანთი ოპერატორის თვალწინ, კამერაში ანდროს წაუკითხეს და განუმარტეს მოსვლის მიზეზი. რაღაც შეეშალათ, ამიტომ თავიდან წაკითხვა დასჭირდათ და მერე დაადეს ბორკილები. ამ დროს მოვიდა ,„იმედის” ოპერატორიც, მას გაყვანის სცენა უნდა გადაეღო ეტყობა. სანამ ამ ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ელოდებოდნენ, ოთახში ანდროსთან ერთად ისხდნენ და საუბრობდნენ კინოზე, თეატრზე, მის პროფესიაზე”.

ოთარ ჭიჭინაძე, ანდრო ჭიჭინაძის მამა

„აქციებზეც ერთად დავდიოდით. სახლში რომ მოგვაკითხეს, არ ვიცოდი, რომელი მივყავდით. წინა ღამით აქციიდან ორივე გვიან დავბრუნდით სახლში და გვეძინა”.

ლიზა მიმინოშვილი, ირაკლი მიმინოშვილის და

„ამ 5 წელსაც გადავიტან. მე და მურმანი ბედნიერი და ამაყი მშობლები ვართ. ციხიდან როცა გამოვა, გიო სწავლასაც გააგრძელებს და შრომასაც”.

ნანი წულაია, გიორგი მინდაძის დედა

„პაემანზე ვიყავი ქსანში. ისე ვნერვიულობდი პატიმარი გიორგი რომ უნდა მენახა, ვფიქრობდი, ალბათ, გარეგნობითაც შეცვლილია-მეთქი. ვერ ავიტანდი ამას. მაგრამ, არა, ჩვეულებრივი ოკმელაა. ისევ ისეთი ყოჩაღი. კარგი შვილი მყავს”.

ნინო ნოზაძე, გიორგი ოკმელაშვილის დედა

„ოკმელა როცა დააკავეს, ნიკოლა 3 წლის იყო. ჯერ კარგად ვერ ლაპარაკობდა. გიორგის იმაზე სწყდება გული, რომ იმ დროს არ არის შვილის გვერდით, როცა ის სამყაროს გააზრებას და შემეცნებას იწყებს. ამაზე ძალიან დარდობს. ყველა დარეკვაზე როცა ნიკოლას კითხულობს, ვუბოდიშებ ხოლმე, რომ მე ნიკოლას გვერდით ვარ და თვითონ არა”.

თამთა ჩხეიძე, გიორგი ოკმელაშვილის ცოლი

„22 წლის ჩამოვედი საბჭოთა კავშირის ჯარიდან. მაშინ არც მერაბ კოსტავა გამეგო და არც ზვიად გამსახურდია. 25 კაცით აჭარიდან დაიწყო მიტინგი. ამ ტალღამ თბილისში გადმოინაცვლა და ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რომელსაც მეც შევუერთდი. 9 აპრილს გადავრჩი. იმ დროიდან ვიბრძვი. ჩემი შვილიც მებრძოლი გაიზარდა. ორივე თაობამ ერთად უნდა მივიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს”.

ილია კიკნაძე, რეზო კიკნაძის მამა

„პატარები ვიყავით რომ დავქორწინდით. ჯანო 16 წლის იყო, მე 18-ის. სადაც ამხელა სიყვარულია, 2 წელი სხვაობა რა სახსენებელია. სამ შვილს ერთად ვზრდიდით. კარგი, თბილი, გემრიელი ოჯახი გვქონდა. გაჭირვებაშიც ვყოფილვართ, მაგრამ ერთად გადაგვიტანია. მე რომ არ გამაჩერო, სულ შემიძლია ჯანოზე ლაპარაკი და ამბების გახსენება, არ მომბეზრდება”.

ნანა არჩაია, ჯანო არჩაიას ცოლი

„მამა სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. იამაჰაზე უკრავდა. კონცერტებსაც მართავდა. მაგრამ, სამწუხაროდ, თავისი პროფესიით ვერ შეძლო ცხოვრება. 90-იან წლებში სამი შვილის გაზრდა რთული იყო. ქორეოგრაფობით ამას ვერ მოახერხებდა. ამიტომ არაფერს თაკილობდა. ყველგან უმუშავია: მშენებლობაზე, მზარეულად, დისტრიბუტორად, ტაქსის მძღოლად”.

ნია არჩაია, ჯანოს არჩაიას შვილი

„ზუსტად ვიცი, ციხეში მას უფრო გაუჭირდებოდა. ის უფრო კომუნიკაბელურია, მოძრავია, აქტიურია. ერთ ოთახში გამომწყვდეულს, შეიძლება, მე უფრო მარტივად გამეძლო”.

სანდრო ცხადაძე, ონისე ცხადაძის ძმა

„ჩემმა ქმარმა ამ სტრესს ვერ გაუძლო, 6 თვე იყო გასული ონისეს დაჭერიდან, გულის შეტევით გარდაიცვალა. ახლა მე უნდა გავაგრძელო მარტო ბრძოლა და შრომა და ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემს შვილებს ხელი შევუწყო”.

ია ბარდაველიძე, ონისე ცხადაძის დედა

„რა თქმა უნდა, სიმართლე გაირკვევა, დრო სჭირდება უბრალოდ. მაგრამ ეს დრო ჩვენ მძიმედ გვიჯდება. მჯერა, რომ მომავალი თაობა მერე იტყვის: ეს ბრძოლა ღირდაო”.

ია ბარდაველიძე, ონისე ცხადაძის დედა


შენიშვნა: ნიკა კაციას ოჯახის ისტორიის გამოქვეყნების დროს, ნიკა კაცია პატიმრობაში იყო. 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაცია მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.


პატიმრების ოჯახების ისტორიების სანახავად ეწვიეთ ბმულს: სინდისის პატიმრები