loading

ყველაზე მწარე დედისთვის ბორკილებდადებული უდანაშაულო შვილის დანახვაა | მარიზი კობახიძე

ყველაზე მწარე დედისთვის ბორკილებდადებული უდანაშაულო შვილის დანახვაა | მარიზი კობახიძე ყველაზე მწარე დედისთვის ბორკილებდადებული უდანაშაულო შვილის დანახვაა | მარიზი კობახიძე

წელიწადზე მეტია, ქვეყანა უწყვეტი პროტესტის რეჟიმშია. 2024 წლის 28 ნოემბერს მოქალაქეები „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადებამ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, ქუჩაში მასობრივად გამოიყვანა. მომდევნო დღეებიდან იწყება დემონსტრანტების სისხლის სამართლის წესით დაკავებებიც.

დაკავებების, ჯარიმის თანხის გაზრდის, კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, წინააღმდეგობა დღესაც გრძელდება.

Chai Khana აგრძელებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გადაღებას. ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.

„ერთობის მარში” მეტროსადგურ ახმეტელიდან აშშ-ს საელჩომდე.
11 მაისი, 2025.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე.
1 აგვისტო, 2025.

„ერთობის მარში” ისნის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე.
4 მაისი, 2025.

შენ კარგად იცი, როგორ ვოცნებობდი, საქართველოდან გაქცევაზე. ხშირად ისიც კი მითქვამს, აქეთ არასდროს მოვიხედავ-მეთქი. მაგრამ ახლა თუ რამე მინდა, ყველაზე მეტად აქ დარჩენაა, ჩემს სამშობლოში. თუნდაც, წლები ციხეში დავკარგო.

ფრაგმენტი თორნიკე გოშაძის წერილიდან, რომელიც მან დედას გამოუგზავნა.


თორნიკე გოშაძე ერთ-ერთია იმ რვა პირს შორის, რომელთაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა და რომელთა წინააღმდეგაც სასამართლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეს განიხილავდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საქმეზე განაჩენი 2025 წლის 2 სექტემბერს გამოიტანა. მან ბრალდების მუხლები გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას. თორნიკეს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. 8 პირის საქმე ახლა სააპელაციო სასამართლოში, დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა.

მარიზი კობახიძე, 64 წლის, თორნიკე გოშაძის დედა

ჭიათურიდან ვარ. სოფელში გავიზარდე. მკაცრი დედა მყავდა, მამა ძალიან თბილი.

ლაღი ბავშვობა მქონდა.

33 წლის გავთხოვდი. 36 წლისამ გავაჩინე პირველი შვილი, გოგო გვეყოლა. ჩემი მეუღლე გლეხების ოჯახიდან იყო.

თორნიკე თბილისში დაიბადა. 13 წელი ვიცხოვრეთ ჩემი ქმრის მეგობრის ბინაში. დიდი პატივი გვცა. თორნიკეს კარგი ბავშვობა ჰქონდა. ცხოველები უყვარდა ძალიან. ხან ფეხმოტეხილ კატას მოიყვანდა ქუჩიდან, ხან ძაღლებს.

შეიძლება ითქვას, რომ თორნიკე მდინარეზე გაიზარდა. სწავლას როგორც კი დაასრულებდა, მეორე დღესვე ბიცოლასთან ჩადიოდა სოფელ სხვიტორში. ცურვაც იქ ისწავლა, თევზაობა. საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდა ბიცოლამისს. დილაუთენია ხბოს, წიწილებს აჭმევდათ ხოლმე. მოკლედ, არაფერზე დაგზარდებოდა.

თამამი ბიჭი არასდროს არ ყოფილა. სხვისი დახმარება სულ უყვარდა. ყურადღებიანია, მადლიერების გამოხატვაც შეუძლია.

ფოტოები საოჯახო ალბომიდან

ფოტოები საოჯახო ალბომიდან

ფოტოები საოჯახო ალბომიდან

ფოტოები საოჯახო ალბომიდან

ფოტოები საოჯახო ალბომიდან

ფოტოები საოჯახო ალბომიდან

შვილებთან ყოველთვის მეგობრული ვიყავი. არასოდეს ხელი არ დამიკარებია მათთვის. ერთად ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. პატარები იყვნენ, თურქეთში სამუშაოდ წასვლა მიწევდა ხოლმე სამთვიანი ვიზით და ბავშვებს მამა უვლიდათ. თან იმ პერიოდში ამ დასახლებაში არც შუქი იყო, არც წყალი, არც გაზი. სულ ატალახებული იყო ხოლმე აქაურობა. ახლა რომ ვიხსენებ, მიკვირს, როგორ გავუძელით ამ პირობებს. ტრანსპორტიც კი არ დადიოდა. ჩემი მეუღლის ძალიან მადლობელი ვარ.

ხელოსანი იყო, იმ პერიოდში მისთვის საქმე არც აქ იყო და არც თურქეთში. ქალები უფრო საქმდებოდნენ, ამიტომ ასე შევთანხმდით: მე წავალ, შენ ბავშვებს მიხედე-მეთქი. ხელს ვუწყობდით ერთმანეთს. წყნარი, მშვიდი ოჯახი გვქონდა.

„ერთობის მარში” ისნის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე.
4 მაისი, 2025.

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის განაჩენის გამოტანის დღე საქალაქო სასამართლოში.
3 სექტემბერი, 2025.

საპროტესტო მარში „მხოლოდ თავისუფალი არჩევნები, უარი რუსულ სპეცოპერაციას” თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე. 19 ივლისი, 2025.

კუს ტბაზე რესტორანშიც ვმუშაობდი და ეგ პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ბევრი მეგობარი შევიძინე იქ. მეგობრული ვარ, დამთმობი, კონფლიქტი არ მიყვარს.

მოგვიანებით იტალიაში წავედი ცოტა ხნით სამუშაოდ. მეგობარმა მასესხა ფული, თან ბანკის ვალს ვიხდიდით, მაგრამ დიდხანს გაჩერებას მაინც არ ვაპირებდი ემიგრაციაში.

4 თვის წასული ვიყავი, ჩემს ქმარს რომ ანევრიზმა გაუსკდა. ორი კვირა გაატარა საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთებულმა. როცა მაზლმა მითხრა, გარდაიცვალაო, ჩემს თავს მაშინვე ვუთხარი: ხვალიდან სხვანაირ ცხოვრებას იწყება, დასრულდა, მორჩა. ვერ ჩამოვედი. ამ ტრაგედიამ მთლიანად ბავშვებზე გადაიარა.

ძალიან ვნანობ, რომ ვერ ჩამოვედი, მაგრამ რომ დავბრუნებულიყავი, ჩემი ოჯახის ცხოვრება უკან წავიდოდა: მაშინ ჯერ არ ვმუშაობდი, მქონდა ვალი, მერე უკან ვეღარ წავიდოდი, საბუთებიც გავაფუჭე. წლისთავზე დავბრუნდი.

მამა რომ აღარ იყო, თორნიკე ძალიან გვეხმარებოდა ოჯახს. რესტორანში მუშაობდა. მისი იმედი სულ მქონდა. სახლში პირობების მოწესრიგებასაც ერთად ვგეგმავდით. თორნიკეს ცოტა ხანს საზღვარგარეთ წასვლა და მუშაობა უნდოდა. მისი მეგობარი წავიდა ესპანეთში, თბილისში მიმტანებად ერთად მუშაობდნენ და ის ჰპირდებოდა, მე რომ დავიწყებ მუშაობას, შენც წამოდიო. მალევე დაიჭირეს.

1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული სულ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი. ამიტომ ერთი სიტყვითაც კი არ მითქვამს თორნიკესთვის, აქციებში არ მიიღო მონაწილეობა-მეთქი. სააკაშვილის დროსაც არ მომწონდა ბევრი რამ და იმასაც ვაპროტესტებდი.

ღმერთს მადლობა, რომ თორნიკე ქუჩიდან არ წაიყვანეს, თორე, ალბათ, მოკლავდნენ ცემაში, დაამტვრევდნენ ძვლებს. ამ პატარა სახლში 12 პოლიციელი მოგვადგა და ხელბორკილით გაიყვანეს.

თორნიკე მე-9 კლასში სკოლიდან გამოვიდა და სამხედრო კადეტთა ლიცეუმში ჩააბარა. ერთი წლის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, სწავლა აღარ უნდა და შეგიძლიათ, გაიყვანოთო. თურქეთში ვმუშაობდი მაშინ და ჩამოვედი. დაველაპარაკე, მაგრამ სწავლის გაგრძელებაზე უარი მითხრა, მიზეზი დღემდე არ ვიცი. სკოლაშიც აღარ მიიღეს, რომ დაემთავრებინა, ადგილი არ არისო. სხვა სკოლაში აღარ წამიყვანია.

კუს ტბაზე მოდიოდა ხოლმე ჩემთან და კულინარიით დაინტერესდა. რესტორანში ძალიან კარგი შეფმზარეული გვყავდა. მიმტანების დამხმარედ დაიწყო მუშაობა. ბევრს დარბოდა. ამის შემდეგ თორნიკემ არაერთ რესტორანში იმუშავა. ერთხელ ერთ-ერთ რესტორანში დამლაგებელმა მადლობა გადამიხადა ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის, თურმე ძალიან ეხმარებოდა ამ ქალს დალაგებაში. არადა, მის მოვალეობაში სულაც არ შედიოდა.

თორნიკე გოშაძის მამა

ღამე თორნიკე პირდაპირ ეთერში უყურებდა რუსთაველზე მიმდინარე აქციას. დაძაბული სიტუაცია იყო. აქციის მონაწილეებს ურტყამდნენ; ამას ვეღარ გაუძლო. არ შეიძლება, ამ დროს მე სახლში ვიყოო, ეს თქვა და გაიქცა. არადა, იმ ღამეს საერთოდ არ აპირებდა გასვლას, მეორე დღეს გუდაურში მიდიოდა სამუშაოდ თავის მეგობართან ერთად. პოლიციელისთვის პირველი ეგ უკითხავს: ვეღარ წავალო?!

თორნიკეს განსაკუთრებით უყვარს ცხოველები.

ნოემბრის ერთ ღამეს სახლში რომ მოვიდა აქციიდან, ვერ გრძნობდა თავს კარგად. გმირთა მოედანზე პოლიციელის წიხლი მოხვედრია. ჩემი მიცემული კრემისფერი ქურთუკი ეცვა, რომელიც წვიმას არ ატარებდა, ის გადაუგდია. რომ დავეცი, სულ ტალახიანი ვიყავი და ასე მეტროში ვერ შევიდოდიო. სახეზეც გაწითლებული იყო, ეტყობა წყლის ჭავლისგან. ექიმთან არ წამომყვა. მეორე დღეს ისევ აქციაზე გავიდა. დროშა მოიხვია, პირბადეც არ წაუღია. პროკურატურამ ეგ დროშა ამოიღო მოგვიანებით ერთადერთ ნივთმტკიცებად საქმეში.

ვიდეოკადრებში არავინ უარყოფს, რომ თორნიკეა. წითელი ფერის თბილი ჟილეტი აცვია. მაგრამ რას ისვრის და ვის ხვდება, ან ვინ ზიანდება, ეგ არ ჩანს. კოკა-კოლის ცარიელი ბოთლი უჭირავს, რომელიც იქვე ახლოს ვარდება. ის ვერავის დააზიანებდა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეო დამონტაჟებულია. უწყვეტი კადრი არ არის.

მაგ დღეს სამსახურში ვიყავი. ორივე შვილი დაძინებული დავტოვე. მეზობელმა დამირეკა, სად ხარ, შენი ეზო პოლიციელებით სავსეაო. მაშინვე მივხვდი, რომ აქციის გამო იყო. სახლში გამოვიქეცი. ჩანთაც კი სამსახურში დავტოვე. პოლიციის 3 თუ 4 ეკიპაჟი დამხვდა, 12 პოლიციელი. სახლის ეზოში თავიდან არ მიშვებდნენ. პოლიციელი, რომელიც ჩვენს სახლში შევიდა, წყალკანალის ფორმით იყო. როზას [მეზობელს] უკითხავს, პოლიციელები თუ ხართ, ფორმა რატომ არ გაცვიათო, ამის შემდეგ მანქანიდან გადმოუღიათ ჟილეტები. ამასობაში მეც შემიშვეს სახლში, ტელეფონი მაშინვე წამართვეს. ნინოსაც ჩამორთმეული ჰქონდა მობილური. ცუდად არ გვექცეოდნენ ტყუილს ვერ ვიტყვი.

- ვკითხე, რას უკავშირდება ეს, აქციას-მეთქი?

- გცოდნიაო, მიპასუხა.

ფოტო კრებულიდან "ლიტერატურა პატიმრებისთვის".

2024 წლის პრო-ევროპული აქციებიდან წამოღებული გაზის კაფსულა.

სახლის ჩხრეკა დაიწყეს, ვერაფერი ვერ იპოვეს, რა თქმა უნდა. თორნიკეს რაც ეცვა, ყველაფერი მეთვითონ გადმოვულაგე. აქციიდან წამოღებული გაზის კაფსულა მქონდა და ისიც გადმოვუღე, ეს ხომ არ გინდათ-მეთქი?!

ახლაც მაქვს, სხვათა შორის. არ წაიღეს.

ქართული დროშა მქონდა, იტალიაშიც კი წავიღე და დავაბრუნე ჩემთან ერთად. ეგ დროშა ამოიღეს ნივთმტკიცებად. 

მარიზი და ნანი, პატიმარ გიორგი მინდაძის დედა.

რომ გაჰყავდათ სახლიდან, თორნიკეს ვუთხარი: დედა, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. არ შეგეშინდეს, დღესვე მოგაკითხავს ადვოკატი, არ ინერვიულო-მეთქი.

პოლიციელსაც ვთხოვე: ერთხელაც არ მიცემია ჩემი შვილი და ხელი არ დააკაროთ-მეთქი. პოლიციელი დამპირდა და ვენდე. მადლობელი ვარ, სახეზე არასოდეს დამავიწყდება ეს კაცი.

ყველაზე მწარე დედისთვის ბორკილებდადებული შვილის დანახვაა. თან უდანაშაულო შვილის.

"თქვენი წერილების მიღებისას და თქვენთვის საპასუხო წერისას ძლივს ვერევი ხოლმე უხერხულობის განცდას, რადგან, თქვენგან განსხვავებით, მე გაცილებით პრივილეგირებული მშობელი ვარ, რომელიც თავად ზის ციხეში და არა მისი შვილი. თქვენი ხვედრი ბევრად მძიმეა და გამძლეობაც გაცილებით დასაფასებელი. მალე, ძალიან მალე მოვა ის დღე, როცა ჩვენი საერთო ბრძოლა იმ ნაყოფს გამოიღებს, სამშობლოს რომ სჭირდება.

სიყვარულით და შემართებით,
ზვიად რატიანი"

ფონდები მუშაობდა მაშინ და ძალიან დამეხმარნენ. დაკავების მეორე დღიდან გვერდში მიდგას ნანუკა ჟორჟოლიანი. დიდი იმედია ჩემი, მაძლიერებს.

პირველად ციხის კარზე რომ მივედი, აქ რა მინდა-მეთქი ეს კითხვა არ მშორდებოდა თავიდან, მაგრამ არ მრცხვენოდა.

მარიზი საქართველოს დროშას ახვევს სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულ ნიკა კაციას. 3 სექტემბერი, 2025.

თორნიკე ირაკლი ქერაშვილთან, გური მირცხულავასთან და არტემ გრიბულთან ერთად არის საკანში. ვარჯიშობს იქ. მაგრამ მაინც როგორი ძნელია 8 კვადრატულ ოთახში გამოკეტვა, უჰაერობაში. ძალიან აქტიურია თორნიკე და სულ მაგას ვფიქრობ, რა აჩერებს იქ. მაგრამ ეტყობა, ყველაფერს ეგუება ადამიანი.

თორნიკეს ძალიან ეუხერხულება ბიჭებს გმირებად რომ მოიხსენიებენ ხოლმე. დედა, გმირი გიორგი ანწუხელიძეაო უთქვამს. სულ მადლობას მაბარებს ხალხთან, რომელიც დღესაც ქუჩაშია და წინააღმდეგობას სწევს. ყველასი მადლიერია.

როცა თორნიკე დაიჭირეს, მეგონა, მარტო მე ვიყავი ამ დღეში. მერე მომყვა ირაკლი მიმინოშვილის დედა. 4 დეკემბერს დაიჭირეს ირაკლიც. ამიტომ ელენე, დედამისი, განსაკუთრებით შევიყვარე. მასთან, ალბათ, სულ ვიმეგობრებ. ან როგორ შეიძლება ბათუმში ჩავიდე და ზვიად ცეცხლაძის დედასთან, ნარგიზთან, არ მივიდე სტუმრად?! გამორიცხულია. თბილისში მათ ჩვენ სტუმრებად ვთვლი. საპატიმროს როგორც კი დატოვებს, ერგნეთში ვეფხია კასრაძესთანაც უნდა წავიდე, რა გამაჩერებს!

თორნიკეს ხომ შევპირდი დაკავების დღეს, არ შეგეშინდეს, ვიბრძოლებ შენი სიმართლისთვის-მეთქი, ჩემზე უარესი მებრძოლები გავიცანი ამ მშობლების სახით. ამიტომ ვართ ერთად.

9 აპრილის ღამე, 2025 წელი.

ახლა 17-სართულიანი სახლების 4 სადარბაზოს ვალაგებ. ძალიან ვიღლები, მაგრამ ჩემი ძმისშვილი ცხოვრობს იქ და შევისვენებ ხოლმე. დაუღლელად კიდე ფული არ მოდის.

მარიზის ხელზე ახალი ტატუ აქვს, რომელზეც „თავისუფლება” ამოიტვიფრა.

პოლიტიკაში მოსვლა გინდაო, წამოუძახებიათ. ვერც მე გავხდები პოლიტიკოსი და ვერც ჩემი შვილი. ჩვენ შესაბამისი განათლება არ გვაქვს. ჩემი ქვეყნის თავისუფლება მინდა მხოლოდ.

ჩემს ფოტოებზე წერენ ხოლმე: რატომ ლამაზდებაო. განსაკუთრებით აგრესიულები არიან ხოლმე, თუ ფოტო ნანუკასთან ერთად მაქვს გადაღებული.

პირდაპირი რომ ვარ, ალბათ, ეგ არ მოსწონთ და ამიტომ გადამეკიდნენ. ჩემი ძმა მთხოვს ხოლმე, ცოტა თავი შეიკავეო, მაგრამ ტყუილის თქმას ვერავის ვაპატიებ. სულ არ ვიცნობდი ნინო ჯღარკავას, რატომ წერს ჩემზე ამდენს, არც ახლა არ ვიცი. ან უცნობს რა საქმე აქვს ჩემთან?!

განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჟურნალისტების. მათ გარეშე ჩვენი პატიმრების ამბებს ვერავის გულამდე ვერ მივიტანდით გამწარებული დედები. ყველაზე დიდი მადლობა ჩემგან მაინც ადვოკატებს ეკუთვნით, რამდენი იშრომეს. ასევე, საზოგადოების იმ წევრებს, რომლებიც დღესაც გაუტეხლად დგანან ქუჩაში და ამბობენ: სანამ უდანაშაულო ადამიანები ციხეში არიან, ჩვენ აქ ვიდგებითო.