საშიში მტვერი: რა ფასი აქვს სამშენებლო ბუმს საქართველოში
ჟურნალისტი: ლანა კოკაია
სტატია, რომელსაც ეცნობით, Chai Khana-ს არქივის ნაწილია. არქივი აერთიანებს 2015-2024 წლებში გამოქვეყნებულ მასალებს.
მტვრის ჩასუნთქვამ, განსაკუთრებით კი სამშენებლო მასალებისგან წამოსულმა მტვერმა, შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ წელიწადში 4 000-მდე უბედური შემთხვევა სამშენებლო სამუშაოების დროს ჩასუნთქულ მტვერს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მტვრით დაბინძურების შესაჩერებლად გარკვეული ზომები მიიღო, გარემოს დაცვის აქტივისტები გვაფრთხილებენ, რომ ეს საკმარისი არ არის.
ყველაზე სახიფათო, ძირითადად, ცემენტისა და ქვის სამუშაოებია.
დღეს მტვრის წარმომქმნელი მასალების არასათანადო დამუშავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება (1000 ლარი). ბიზნესისთვის ეს ჯარიმა 2-ჯერ უფრო მაღალია. მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა ქვა და ცემენტი “სველი” მეთოდით უნდა დაჭრან. ეს წარმოქმნილი მტვრის რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს.
მოსახლეობა წუხს, რომ კანონის აღსრულება ამ მიმართულებით სუსტია.
“სადაც კი დავინახავ, რომ ქვას მშრალად ჭრიან, მაშინვე მერიაში ვრეკავ. ცხელ ხაზზე ზოგჯერ 5-ჯერ ან 6-ჯერ მიწევს დარეკვა. ოპერატორი მეუბნება ხოლმე, რომ მალე მიპასუხებენ, მაგრამ როგროც წესი, მუშები ისევ ძველებურად აგრძელებენ ქვის ჭრას,” ამბობს ანა ახალაძე.
ანას თვეში დაახლოებით 5-დან 10-მდე საჩივარი შეაქვს მერიაში. ბოლოს დროს მისმა მეგობრებმაც დაიწყეს იმ სამშენებლო კომპანიებისთვის ჩივილი, რომლებიც კანონს არღვევენ.
კანონი თბილისში 2022 წელს ამოქმედდა. ერთი წლის თავზე, ქალაქის მერია ამბობს, რომ ამ დროის მანძილზე 40 ბიზნესი და 10 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.
მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკვლავს” აქტივისტები ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტია გასაკეთებელი.
მოქალაქეები დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მოძრაობას Facebook-ის გვერდზე წერენ. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სწორედ მათი მონიტორინგის დამსახურებით, 2019 წლიდან, დაახლოებით, 200-დან 300-მდე სამშენებლო ობიექტი დაჯარიმდა, ზოგიერთმა კი ზომების მისაღებად ოფიციალური გაფრთხილება მიიღო.
“მხოლოდ ბოლო 4 თვეში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების 80-მდე შემთხვევა დავაფიქსირეთ. აქედან 30-40-მდე სამშენებლო ობიექტი დააჯარიმეს,”ამბობს მოძრაობის წევრი გიორგი ჯაფარიძე.
“რეგიონებში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა. დარღვევებზე იქ ვერავის შეატყობინებენ. ადგილობრივი მუნიციპალური ინსპექცია არ აქვთ. გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე რომ ვრეკავთ, ვერაფერს აკეთებენ.”
სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში Chai Khana-ს განუცხადეს, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე, თბილისში 3 და ქუთაისში 1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დააფიქსირეს. ყველა დარღვევას სასამართლო ეცნობა.
გიორგი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სამშენებლო ობიექტები ქვის მშრალი ჭრის მეთოდით დამუშავებას არჩევენ, არის ის, რომ სველი ქვის დასამუშავებლად საჭირო აღჭურვილობა ძვირი ღირს. დაახლოებით, 2000-3000 ($800-1000) ლარი.
შრომის უფლებების სპეციალისტები და ექიმები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ადამიანური დანაკარგი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ტექნიკური ინსპექციის უფროსი ნიკა კაკაშვილი ამბობს, რომ თუ ქვის დამუშავებისას მშენებლობაზე დასაქმებულებს რესპირატორები უკეთიათ, ის მათ დაიცავს.
კანონის მიუხედავად, მშენებლები აღიარებენ, რომ ქვის სველი მეთოდით დამუშავების პრაქტიკა მხოლოდ რამდენიმე ობიექტზეა.
30 წლის სიმონ ნატრაძე თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, ქვისმჭრელად 5 წელი მუშაობდა. მის სახელოსნოში დიდ ქვებს ფილებად ჭრიდნენ. მისი მოვალეობა ქვების დამუშავება იყო და მხოლოდ მშრალი მასალებით მუშაობდნენ.
“ქვებს მშრალი მეთოდით ვამუშავებდი, თუმცა, ზოგადად, რაღაც ეტაპზე მშრალი დამუშავებაა აუცილებელი, სხვა შემთხვევაში, ელექტროდენის დარტყმის რისკი მაღალია. სადაც “ბალგარკაა” - კუთხსახეხი - საჭირო, იქ ხელოსნები წყალს არ იყენებენ,” გვიხსნის სიმონი.
“ჩემმა ექიმმა, მაგალითად, ამიკრძალა ნებისმიერი ტიპის სამუშაო, რომელიც მტვერთან დაკავშირებულია, მაგრამ კიდევ ორი წელი ვერ ვთქვი უარი სამსახურზე.”
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ მტვრის ნაწილაკეს ბევრი რამ წარმოშობს, დაწყებული ქვანახშირის დაწვიდან, მშენებლობებით დასრულებული.
“რაც უფრო თხელია მტვერი, უფრო ადვილად გადადის ფილტვებიდან სისხლში, თუმცა, რა თქმა უნდა, დიდი ოდენობით არც ერთი სახის მტვერი არ არის კარგი. თხელი მტვერი კიდევ უფრო საშიშია. როცა ქიმიური ნივთიერებები ან მინერალები ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან, მათ სხვადასხვა დაავადების პროვოცირება შეუძლიათ. მაგალითად, სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სხვა,” გვიხსნის მანანა ქოჩლაძე.
მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ცდილობს ინტერაქციული სავარჯიშოებით და ინფორმაციის მიწოდებით, მტვრის შესუნთქვით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებზე მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს. ცოტა ხნის წინ, მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც მუშებმა მოხალისეობრივად მიიღეს მონაწილეობა. დააკვირდნენ, რა ცვლილებები აღენიშნებოდათ. 10-დან 3 მოხალისეს ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს, ექიმებმა პირველადი ნიშნები კიდევ ორ მოხალისეში დააფიქსირეს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე განმარტავს, რომ მტვრის შესუნთქვამ ხველიდან დაწყებული, პნევმონიაც (ფილტვების ანთება) კი შეიძლება გამოიწვიოს.
“დაავადების სიმპტომებია ხველა, ქოშინი, თუ პროცესი გაგრძელდა, მაშინ ტემპერატურა და პნევმონიაც კი, ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოება და ტექნიკური ნორმების დაცვა.”
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.