მტკიცეც და მყიფეც | როგორ ქმნის „ქართული ოცნება” თანამედროვე ავტორიტარულ სისტემას

მტკიცეც და მყიფეც | როგორ ქმნის „ქართული ოცნება” თანამედროვე ავტორიტარულ სისტემას მტკიცეც და მყიფეც | როგორ ქმნის „ქართული ოცნება” თანამედროვე ავტორიტარულ სისტემას

მსოფლიო ისტორია კარგად იცნობს იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ბოლო წლებია, საქართველოში ყალიბდება. ეს შეიძლება კლასიკური დიქტატურა არც იყოს — არჩევნები ისევ ტარდება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ გამქრალან, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა გარემო სულ უფრო მკაცრი, შეზღუდული და მტრული ხდება.

2024 და 2025 წლების პოლიტიკურმა კრიზისებმა, მათ შორის, ე.წ. „აგენტების კანონის” მიღებამ, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მაუწყებლების დასუსტებამ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობამ და ძალაუფლების კონსოლიდაციამ ქვეყნის მმართველობის ფორმის ცვლილება სულ უფრო ცხადი გახადა — საქართველო აღარ არის გარდამავალი, თუნდაც მყიფე დემოკრატიის ქვეყანა, მისი მართვის სტილი სულ უფრო ემსგავსება თანამედროვე ავტორიტარული სისტემის მოდელს, თუმცა ამ ფასადს მიღმა სტრუქტურულად მაინც მოწყვლადია.

ავტორიტარული სისტემის უკეთ დასანახად ისტორიკოსი სტივენ კოტკინი* მარტივ და მოქნილ ანალიტიკურ ჩარჩოს გვთავაზობს. ის ავტორიტარიზმს მხოლოდ იდეოლოგიის ან რეჟიმის სისასტიკის პრიზმიდან არ განიხილავს, მისი საფუძვლებიც აინტერესებს. კოტკინი ავტორიტარული რეჟიმების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ექვს საყრდენს გამოყოფს. მისი მოდელის ყველაზე საინტერესო პარადოქსი ისაა, რომ ავტორიტარული სისტემის სტაბილურობისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები ამ სისტემას ეტაპობრივად შიგნიდანაც ალპობენ და ანადგურებენ. „ქართული ოცნების” პოლიტიკა უფრო კარგად დაგეგმილი და სისტემურია, ვიდრე სპონტანური და შემთხვევითი.


პირველი საყრდენი: იძულების მექანიზმი

ყველა თანამედროვე ავტორიტარულ სისტემას სჭირდება იძულების მექანიზმი, რომელსაც სწრაფად, ეფექტიანად, მინიმალური შიდა წინააღმდეგობით აამუშავებს. ეს მექანიზმი საქართველოშიც თვალსაჩინოა — სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიციის დანაყოფები იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, აკავებენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, არასრულწლოვანებს, სტუდენტებს, ხანდაზმულებს. არ შეწყვეტილა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინება. არაერთგზის გაამკაცრეს კანონი, გაზარდეს ჯარიმები, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის განმეორებითი დარღვევისთვის შემოიღეს საპატიმრო სასჯელი, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის. პარალელურად „ქართული ოცნების” პრემიერი, პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები „ევრობიუროკრატიაზე” საუბრობენ. რეპრესიულ მიდგომებს ერთი მიზანი აქვს — ხალხის დაღლა და გამოფიტვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი კონტრდაზვერვის მიზანს გასცდა და პოლიტიკური კონტროლის ცენტრალურ რგოლად იქცა. ეს რგოლი გამუდმებით უთვალთვალებს აქტიურ მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, პროფესორებს, მასწავლებლებსა და სამოქალაქო ჯგუფებს. უსაფრთხოებას, თვალთვალსა და პოლიტიკურ ლოიალობას შორის საზღვარი გაქრა. დაძაბული ვითარების დროს ქუჩებში პარტიული დავალებით „ტიტუშკები” ჩნდებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან. „ტიტუშკები” არაფორმალური გაერთიანებაა და მათ მიერ ჩადენილი კანონდარღვევა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება — დაწყებული გამოძიება არ სრულდება, მტკიცებულებები ჩვენ თვალწინ ქრება, მაშინ, როცა მოქალაქეებზე მათ ძალადობას სოციალური ქსელებით რეალურ დროში ვუყურებთ.

ეს განუკითხაობა სინამდვილეში სისტემის მიერ წინასწარ კარგად დაგეგმილი სტრატეგიაა. კოტკინის თქმით, ავტორიტარული რეჟიმები ძალაუფლების შესანარჩუნებლად როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ეშვებს, ზეწოლისა და დაშინების მექანიზმებს, იყენებენ. ძალადობას არ სჭირდება საბუთი, სახელი ან პირადი ნომერი. ის სიბნელეში გაცილებით უკეთესად მუშაობს.


მეორე საყრდენი: ფული და ნაყიდი ლოიალობა

ავტორიტარული ძალაუფლება ძვირი სიამოვნებაა. მას დაფინანსების მრავალი წყარო სჭირდება. პოლიციური ძალადობა და თვალთვალი ხარჯების მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. დამატებითი ფინანსური რესურსია საჭირო პარტიული მედიისთვის, რეჟიმის სხვა დამცველების შესანარჩუნებლად, იმ ელიტების მოსაქრთამად, რომლის წევრებიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, წინააღმდეგობის მხარეს ყოფილიყვნენ. საქართველოში ეს საყრდენი ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე და მისი გავლენის მასშტაბია. მისი ფონდები, ბანკები, კორპორაციული ქსელები სახელმწიფოსთან ისეთ კავშირშია, რომ კერძო და საჯარო ინტერესს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია. ეს სცდება კლასიკური გაგებით კორუფციას, რომელიც ქრთამს მოიაზრებს. მისი დინამიკა აქ უფრო სტრუქტურულია.

საჯარო სამსახური, მუნიციპალური ტენდერები, მარეგულირებელი ინსტიტუტები პოლიტიკურ ლოიალობაზე დაფუძნებული პრივილეგიების ეკოსისტემას ქმნის. დაწინაურება დამოკიდებულია არა კომპეტენციაზე, არამედ პოლიტიკურ მორჩილებაზე. ხელისუფლების მხარდაჭერა ჯილდოვდება, განსხვავებული აზრის გამოხატვა ისჯება. ეს ასეა სანქციების რისკის და ეკონომიკის ზოგიერთი სექტორის რყევის დროსაც. კოტკინი შეგვახსენებს, რომ ავტორიტარული რეჟიმი თავისი არსით მხოლოდ სასტიკი არ არის, ის ფუფუნების მოყვარულიცაა. დისციპლინისა და ერთგულების შესანარჩუნებლად დიდი რესურსი იხარჯება — უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომებიდან დაწყებული, მედიის სუბსიდირებითა და ელიტებისთვის კომფორტის შექმნით დამთავრებული. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. სისტემის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს ფასი, რასაც რეჟიმი იხდის თავისი მხარდამჭერების შესანარჩუნებლად.


მესამე საყრდენი: ქუჩის კონტროლი და პოლიტიკური გულგრილობა

ავტორიტარიზმი იმდენადაა ეფექტიანი, რამდენადაც რეპრესიული. ავტორიტარულ რეჟიმებს სჭირდებათ ადამიანების როგორც დაშინება და მანიპულაცია, ასევე მხარდამჭერთა სრული მობილიზაცია, სულ მცირე ამ მხარდაჭერის დამაჯერებელი იმიტაცია მაინც. „ქართული ოცნება” წარმატებით ახერხებს როგორც პროტესტის დასუსტებას, ისე ლოიალობის გამოგონებას — მომიტინგეებს აჯარიმებენ, აკავებენ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, შესაძლო უარყოფით შედეგზე პროტესტში ჩართულ დასაქმებულებს დამსაქმებლებიც მიანიშნებენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” პირდაპირი სამიზნეა. ამის პარალელურად მმართველი პარტია საზოგადოებრივ მოედნებს ავსებს თავისი მხარდამჭერებით. საჯარო მოხელეებს ხშირად მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ პარტიულ აქციებში, რომლებსაც მთავრობა მშვიდობის, ტრადიციებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ეგიდით მართავს. დასწრება ერთგვარი თავდაცვაა. გზავნილი ცხადია: როცა სახელმწიფოს სჭირდება, ქალაქის ქუჩები მას ეკუთვნის.

ავტორიტარული სისტემა წარმატებით ფუნქციონირებს მაშინ, როცა ის პოლიტიკურ გულგრილობას ეყრდნობა. სამინისტროებში, პროკურატურაში, უნივერსიტეტებსა და მარეგულირებელ ორგანოებში კარიერული წინსვლა სულ უფრო მეტად დამოკიდებულია პოლიტიკურ მორჩილებასა და ერთგულებაზე ან პოლიტიკური პროცესების მიმართ სრულ აპათიაზე. მთავრობასთან დაპირისპირების შემთხვევაში, ბიზნესი შესაძლოა, პრობლემებს წააწყდეს: შეამოწმონ, ლიცენზია დაუყოვნონ, მათზე საგადასახადო კონტროლი გაზარდონ. ეს შემთხვევები იშვიათად ხვდება ახალი ამბების სათაურებში. როგორც კოტკინი მიუთითებს, ავტორიტარული სისტემები ხშირად ფარულ კონტროლზე დგას. პირდაპირი აკრძალვის ან ცენზურის ნაცვლად, ხელისუფლება აზრის თავისუფლად გამოხატვის საზღვრებს აწესებს. დროთა განმავლობაში მოქალაქეები ამ პრინციპით იწვრთნებიან და აკრძალვებსაც ითავისებენ: პოლიტიკური აპათია უფრო უსაფრთხოა, ვიდრე წინააღმდეგობა. ხოლო ლოიალობა, დუმილისგან განსხვავებით, უსაფრთხოც არის და ჯილდოვდება კიდევაც.


მეოთხე საყრდენი: დაკანონებული უკანონობა

კოტკინის მიხედვით, ავტორიტარიზმში სამართლებრივი სისტემა წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ყველა სხვა ინსტიტუტს შეუცდომლად ერწყმის. ამას საქართველოს მაგალითიც მკაფიოდ აჩვენებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შემობრუნება სტრატეგიული ნაბიჯი იყო. გრანტის მიმღები ორგანიზაციების გარე ძალების აგენტებად მონიშვნით, სახელმწიფომ სამოქალაქო აქტიურობა საფრთხისშემცველ საქმედ აქცია. სამართლებრივმა ენამ პოლიტიკური ბრალდების ფუნქცია შეითავსა. ამის პარალელურად სასამართლო შერჩევითია, ზოგი საქმე დროში ძალიან იწელება, ზოგი, პირიქით, დაჩქარებული წესით განიხილება. შედეგი, ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველი გუნდის ინტერესებთან თანხვედრაშია. კანონში უწყვეტი ცვლილებებისა და ახალი კანონების მიღების გზით ავტორიტარული სისტემები კანონგარეშე მდგომარეობას ქმნიან, მუდმივ საგანგებო მდგომარეობას, სადაც ნებისმიერი კონკრეტული ბრძანება ან განაჩენი სუვერენის ნებასა და კაპრიზს ექვემდებარება.


მეხუთე საყრდენი: მასშტაბური ცენზურა

საქართველოში მედია გარემო მკვეთრად შეიცვალა. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე არხი, ტელეკომპანია „იმედი”, მმართველი პარტიის ხმაა. „რუსთავი 2-საც” „ქართული ოცნება” აკონტროლებს. 2025 წელს ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური არხი „მთავარი”. შერჩევითი ცენზურა თავისუფალი სიტყვის ილუზიას ქმნის. კლასიკური დიქტატურისგან განსხვავებით, პოსტფაშისტური ავტორიტარიზმი ეყრდნობა ყალბი დემოკრატიის იდეოლოგიურ ფასადს.

ონლაინ მედია რამდენიმე ტელევიზიასთან ერთად მუდმივი ზეწოლის და ფინანსური არასტაბილურობის პირობებში მუშაობს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა თითქოს არ იკრძალება, მაგრამ პრაქტიკულად სახიფათო და სარისკო საქმედ იქცა. მთავრობას ყველა ხმის ჩახშობა არ სჭირდება. ყველაზე ხმამაღალი მიკროფონების გათიშვაც ჯერჯერობით საკმარისია. ტოტალიტარული რეჟიმები ინფორმაციის სრული მონოპოლიისკენ ისწრაფვიან, თანამედროვე ავტორიტარული სისტემები კი, ამ ინფორმაციულ ველში დომინაციას ისახავენ მიზნად. კრიტიკა დაშვებულია იქამდე, სანამ ის ფართო აუდიტორიას არ სწვდება.


მეექვსე საყრდენი: განმეორებადი გზავნილები

ვერცერთი ავტორიტარული სისტემა ვერ გადარჩება მხოლოდ რეპრესიული პოლიტიკით. მას სასიცოცხლოდ სჭირდება ნარატივი, რომელიც ამ რეპრესიას გაამართლებს და ლეგიტიმურს გახდის. საქართველოში ეს ნარატივი სუვერენიტეტის ცნებას, შიშს და პანიკურ მდგომარეობას აერთიანებს. „ქართული ოცნების” რიტორიკაა რომლის თანახმადაც, დასავლელი პარტნიორები უპასუხისმგებლოები არიან და საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ; რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთის აგენტები არიან და სამშობლოში უცხო ქვეყნის ინტერესს ატარებენ; რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური ძალაა. ამდენი გამოწვევის პირობებში, უეცრად ლგბტ ადამიანების უფლებები ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს არასრულწლოვანებისთვის და ჩვენი ტრადიციებისთვის. ეს ნარატივი განზრახ არის ბუნდოვანი, ნებისმიერ დროს შეიძლება მიუბრუნდე და ხელახლა გამოიყენო პროპაგანდისთვის. ყველა გადაწყვეტილება შეიძლება ამით ახსნა და გაამართლო. ამ მიდგომის ეფექტიანობა მის ბანალურობაში და მუდმივი გამეორების შესაძლებლობაშია.

კლასიკური ფაშიზმისგან და საბჭოთა იდეოლოგიისგან განსხვავებით, ეს ენა აღარ არის მძიმე და ძნელად მოსახელთებელი, ის უკვე ნაცნობი და ყოველდღიურია. ის უფრო თავდაცვითია, ვიდრე აგრესიული. ავტორიტარული კონტროლი გარდაუვალი მოცემულობა ხდება.


მტკიცეც და მყიფეც

კოტკინის ყველაზე შემაშფოთებელი და ამავე დროს, შესაძლოა, იმედისმომცემი დასკვნა ის არის, რომ ავტორიტარული რეჟიმები ერთდროულად ძლიერებიც არიან და სუსტებიც. საქართველოს სახელმწიფო აპარატის მუშაობის ღერძი ლოიალობაა და არა კომპეტენცია. ლიდერები ისეთი ადამიანებით არიან გარემოცულნი, რომლებიც მხოლოდ იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც სურთ. ერთი ადამიანის ავტორიტეტზე აგებულ სისტემას უწყვეტობის გარანტია ვერ ექნება. გაურკვევლობის და არასტაბილურობის შეგრძნება, ერთგვარი კოლექტიური შფოთვა პოლიტიკურ კლასზეც ვრცელდება. ანუ მათზე, ვინც პირდაპირ თუ ირიბად რეჟიმს კვებავს და აძლიერებს. ეს ყველაფერი ზღვარგადასულ სიფრთხილეს იწვევს, პარანოიას, მოვლენების მხოლოდ მოკლევადიან პროგნოზს. „ქართული ოცნება” თავად წინა ავტორიტარული რეჟიმის [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ნანგრევებზე აღმოცენდა. სასამართლო სისტემა, საჯარო სამსახურები, უსაფრთხოების სტრუქტურები იმდენად პოლიტიზებულია, რომ ძალაუფლების უმტკივნეულო ტრანზიცია ნაკლებ სავარაუდოა.

დამოუკიდებელი მედია დასუსტებულია, სამოქალაქო საზოგადოება ალყაშია. დამოუკიდებელი ინსტიტუტების არქონის პირობებში, ნებისმიერი ძალა, რომელიც „ქართული ოცნებას” ჩაანაცვლებს, ექნება ცდუნება და რისკი, რომ ძალაუფლების სტრუქტურები საფუძვლიანად არ გარდაქმნას. იგივე აწარმოოს, უბრალოდ სხვა სახელით.

„ქართულმა ოცნებამ” ააშენა სისტემა, რომელიც სრულად ერგება თანამედროვე ავტორიტარიზმის ლოგიკას. ის ცენტრალიზებულია, შიშზე და ძალაზე დაფუძნებული, მოქნილი ნარატივით და ინსტიტუციურად გამოფიტული. საქართველოსთვის გამოწვევა დღეს მხოლოდ ამ სისტემის დანგრევა არ არის, ასევე ისეთი ინსტიტუციური პირობების შექმნაა, რომელშიც თვისებრივად ახალი და განსხვავებული სისტემა დაიბადება მას შემდეგ, რაც არსებული გარდაუვალად ჩამოიშლება და დასრულდება.


*სტივენ კოტკინი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ავტორიტარიზმს, გეოპოლიტიკას, გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიკას, იმპერიას, ასევე მოდერნიზმს ხელოვნებასა და პოლიტიკას. სტივენ კოტკინი არის ავტორი წიგნებისა: „მაგნიტური მთა: სტალინიზმი, როგორც ცივილიზაცია”, „თავიდან აცილებული არმაგედონი: საბჭოთა კავშირის დაშლა, 1970-2000”. მისი უახლესი წიგნია - „სტალინი: ჰიტლერის მოლოდინში, 1929–1941”.

გიორგი ვაჩნაძე
გიორგი ვაჩნაძე არის ფილოსოფოსი, მწერალი და მასწავლებელი. ასწავლის ფილოსოფიას, ლიტერატურას, ინგლისურ ენასა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკას. გიორგის კვლევითი ინტერესებია: ძალაუფლების ლოგიკა, კულტურა, ტექნოლოგიები. მისი ბოლო ნაშრომია: „ხელოვნური ინტელექტის ქრისტიანული ესქატოლოგია”.