loading

რისთვის იბრძვის ჭიათურა ათწლეულები?

ჭიათურის ცენტრში, ყოფილი მანგანეზის ტრესტის ისტორიულ შენობასთან, წელიწადზე მეტია, საპროტესტო კარავი დგას, პატარა სახლი ბორბლებზე, სადაც პროტესტის რამდენიმე მონაწილე მუდმივად ადგილზეა და ღამეებს ათენებს.

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მათ შორის ერთ-ერთია. მას პროტესტის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წელს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა პროტესტის მოთხოვნებში: დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლება. ამას მოსდევს ყველა დანარჩენი მწვავე საკითხი. 

ტარიელ მიქაცაძე საპროტესტო კარავში უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე.
28 თებერვალი, 2026.

ტარიელ მიქაცაძეს ჭიათურაში ბევრი იცნობს, 10 წელზე მეტია, ქალაქის პრობლემებს ახმოვანებს პროტესტებზე, შეხვედრებსა თუ ინტერვიუებზე. სხვებთან ერთად ტარიელიც კარავში ცხოვრობს. უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან წელიწადზე მეტია გასული და სახლში  სულ რამდენიმე ღამე აქვს გათენებული.

ტარიელი მაღაროში გვირაბგამყვანის დამხმარის პოზიციაზე 2011 წელს დასაქმდა. 2011 წლამდე და მერეც ჭიათურას მრავალი პროტესტი უნახავს. 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების ცვლილებიდან ორი კვირის შემდეგ, ჭიათურაში 3000-ზე მეტი მაღაროელი გაიფიცა. მასშტაბური გაფიცვა სამუშაო პირობების უკეთესობისკენ შეცვლის იმედით დაიწყო. 

გაფიცვა ჭიათურაში. მაღაროელი ქალები მაღაროში 2 კილომეტრის სიღრმეზე ათევენ ღამეს. 2012 წელი.

ამ გაფიცვის დროს ტარიელი სავალდებული სამხედრო სამსახურში იყო, თუმცა მას და სხვა მაღაროელებსაც ეს გაფიცვა კარგად ახსოვთ. მოთხოვნების 15-პუნქტიან ჩამონათვალში  მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდას შეეხებოდა. გაფიცვა, რომელიც 24 დღეს გაგრძელდა, ხელფასების 9%-იანი მატებით დასრულდა. მაღაროელები ჯერ 100%-იან ზრდას ითხოვდნენ, შემდეგ 40%-იანს, ბოლოს კი 9%-ს დასჯერდნენ, ყველა დანარჩენი პრობლემა, რომელიც მათ შრომის პირობებს, უსაფრთხოებას, სამუშაო დატვირთვას, კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ქალაქში გაუარესებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას შეეხებოდა, მოუგვარებელი დარჩა. 2012 წელს მაღაროში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 200-დან 700 ლარამდე მერყეობდა.

საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ მარგანეცის გადამამუშავებენ ქარხნებს მოძველებული ტექნიკის მიუხედავად 2010-იანი წლების ბოლომდე ამუშავებდნენ. დღეისათვის ქარხნების უმეტესობა დახურულია ან დემონტაჟებული.
2014 წელი.

სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ტარიელი მაღაროს დაუბრუნდა. მას მერე არაერთ პროტესტშია ჩართული სხვა მაღაროელებთან ერთად. 2015-16 წლების გაფიცვაც კარგად ახსოვს, როცა შედეგად ხელფასი 10%-ით მოუმატეს, თუმცა სამუშაო გეგმაც 7%-ით გაუზარდეს და სხვა მოთხოვნები ისევ არ დაუკმაყოფილეს. ამ დროისთვის მაღაროელების საშუალო ხელფასი 700-800 ლარი იყო.

„დრომ გვაჩვენა, რომ მარტო ხელფასის მოთხოვნა არ იყო ამოსავალი წერტილი, რადგან ძალიან პრიმიტიული იყო განათება მაღაროში, უსაფრთხოების ნორმები პირწმინდად დარღვეული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაც არის, ეს იყო დენის წყარო და მისი უსაფრთხოების სისტემები, რომელიც სრულად იყო ჩამოშლილი”, - იხსენებს იმ პერიოდს ტარიელი. 

ჭიათურის მკვიდრი ქალაქის შესასვლელთან არსებული საბაგიროთი სარგებლობს.

განათების სისტემა მაღაროში. 2012 წელი.

მარგანეცის გადამამუშავებელი ქარხანა. 2014 წელი.

მარგანეცის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომელი. 2015 წელი.

ხედი მარგანეცის გადამამუშავებელი ქარხნიდან. 2015 წელი.

მარგანეცით დაბინძურებული მდინარე ყვირილა. 2015 წელი.

ვახტური წესით მოპოვება - გარდამტეხი მომენტი ჭიათურისთვის

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს 16,430 ჰექტარზე მარგანეცის მოპოვების 40-წლიანი ლიცენზიით. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსის გარდა, კომპანიის მფლობელობაშია ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, სადაც ჭიათურაში მოპოვებული მარგანეცი მუშავდება, ასევე „ვარციხე ჰესი“. „ჯორჯიან მანგანეზს” ლუქსემბურგში რეგისტრირებული Georgian American Alloys ფლობს, რომლის დიდი წილი 2022 წლის მონაცემებით, უკრაინელ ბიზნესმენს, იგორ კალამოისკის, ეკუთვნის. 2023 წელს კალამოისკი უკრაინაში თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ის დასანქცირებული ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. დაახლოებით ორი წელია, მოპოვებით სამუშაოებს ჭიათურაში Chiatura Management Company (CMC) ახორციელებს, რომლის დირექტორიც მაქსიმ მაზურენკოა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მაზურენკოს კალამოისკისთან ბიზნეს და ნათესაური კავშირები აქვს.

2017 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის დიდი ნაწილი სახელმწიფომ კომპანიას მოგვიანებით, სავარაუდოდ, ჩამოაწერა.

გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებისთვის კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მმართველი დაინიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანი ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ყოფილი დირექტორი იყო საეჭვო რეპუტაციით. მაგალითად,  მისი დირექტორობის პერიოდში  2005 წლის ბოლოს, ფინანსურმა პოლიციამ ,,ფეროს” ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისა და საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევის ფაქტებზე. 

ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნამდე მადანს ძირითადად ტრადიციული წესით მოიპოვებდნენ - რვა ტრადიციული მაღარო იყო, საიდანაც აფეთქების და ბურღვის შედეგად მოპოვებული მადანი ლიანდაგით გამოჰქონდათ.

მარგანეცის გადამამუშავებელი ქარხანა.

ტრადიციული ტიპის მაღაროს, „მღვიმევის“, შესასვლელი.

ასევე იყო შედარებით მცირე მასშტაბით, სხვა წესით - ღია კარიერული წესით მადნის მოპოვების პრაქტიკაც. ღია კარიერული მოპოვება გვირაბების გარეშე, მიწის ზედაპირული დამუშავებით ხდება. მიწის ზედაპირზე მუშაობს ტრაქტორი. ასეთ დროს უნდა შემუშავდეს პროექტი მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნაზე, მის განთავსებასა და მოვლაზე. ღია კარიერული დამუშავების შემდეგ კი, აუცილებელია მიწის რეკულტივაცია და მისი ნაყოფიერი ნაწილის  დაბრუნება, რასაც კომპანია ძირითადად არ ასრულებს.

ღია კარიერი სოფელ შუქრუთის მიმდებარედ. 2024 წელი.

ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ  დაიწყო მადნის კიდევ ახალი, ე.წ ვახტური წესით, მოპოვება. ვახტები გვირაბებია, თუმცა ტრადიციული მაღაროსგან განსხვავებით, ლიანდაგები შეყვანილი არ არის. გვირაბებიდან მადანი უფრო სწრაფად, სატვირთო მანქანების დახმარებით გამოაქვთ. 

ადგილობრივები როგორც ამბობენ, სწორედ ვახტებმა მოიტანეს ბევრი პრობლემა ჭიათურაში: ნაწილს დაუზიანდა, ნაწილს საერთოდ დაენგრა სახლი. სამუშაო გრაფიკი მაღაროელებს გაეზარდათ, ამის პარალელურად, შრომის პირობები კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, რასაც ტარიელი საკუთარი გამოცდილებით ადასტურებს. 

სოფელი შუქრუთი მთაზეა შეფენილი. მის ქვეშ, ადგილობრივების თქმით, 2017 წლიდან ათზე მეტი ვახტა გახსნეს. ვახტები მთის ძირშია განლაგებული.

სოფელი შუქრუთი, რომელიც მთის თავზეა შეფენილი, მწვავე პრობლემების კარგი ილუსტრაციაა. პირველი ვახტა იქ 2016 წელს გაიხსნა, 2017 წლიდან მთის ძირში უკვე 10-ზე მეტი ვახტაა. ამ დროიდან ესმით ადგილობრივებს ღამე აფეთქებების ხმა. სახლებსაც ბზარები სწორედ ამ პერიოდიდან უჩნდება.  


2019 წელს ორი დიდი პროტესტი იყო ჭიათურაში. ერთი - მაღაროელების, მეორე - სოფელ შუქრუთის მოსახლეობის. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდენ, შუქრუთელები კი სახელმწიფოს სთხოვდნენ, მათ სახლებს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარებოდათ, დასკვნის საფუძველზე ან კომპენსაცია მიეღოთ, ან ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველეყოთ.

სოფელ შუქრუთის მკვიდრი, ლია ნეფარიძე, შვილთან და მეუღლესთან ერთად, პროტესტს თავიდანვე შეუერთდა. როგორც იხსენებს, კომპანიას მოსახლეობასთან სოფელში ვახტებით შესვლა არ შეუთანხმებია.

„შემოიჭრნენ და შემოვიდნენ ასე [შუქრუთში]. სოფლის მოსახლეობამ, არც ერთმა, არავინ არაფერი ვიცოდით საერთოდ, მაშინ გავიგეთ, როცა სახლებმა დაბზარვა დაიწყეს, იხსნება ეს ადგილები, როდის რა იქნება, არ ვიცით”, -  ამბობს ლია.

იმ დროს ტარიელიც ვახტაში მუშაობდა. ვახტაში დასაქმებულები სპეციალურ სანატორიუმში ცხოვრობდნენ.

„იყო რაღაც ყაზარმული მდგომარეობა, საგანგებო, ორი კვირის განმავლობაში 15 დღე უნდა გვემუშავა და 15 დღე დაგვესვენა, წესით”, - იხსენებს ტარიელი და ამატებს, რომ 15 დღის განმავლობაში, როდესაც მუშაობდნენ, მაღაროს და სანატორიუმის გარდა, სადმე გასვლის უფლება არ ჰქონდათ,  - „ჩვეულებრივი ტყვეობა იყო”.

2019 წლის გაფიცვა ჭიათურაში.

2019 წლის გაფიცვა ჭიათურაში.

2019 წლის გაფიცვაც ხელფასების 25%-იანი მატებით დასრულდა, დანარჩენი მოთხოვნები ისევ უპასუხოდ დარჩა. იგივე მოხდა 2020 წლის ხანმოკლე გაფიცვის დროსაც. ამ წელს კომპანიაში დასაქმებულებს ხელფასი 10%-ით მოუმატეს.

„ხელფასების მატებამაც ვერ მისცა [დასაქმებულებს] სტაბილური სამუშაოს გარანტია, იმიტომ რომ ბევრი მარცხი იყო, საწარმოო ტრავმები, [უსაფრთხოების ნორმების] დარღვევები”, - იხსენებს ტარიელი. 

წლების განმავლობაში კომპანიაში იყვნენ თანამშრომლები, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 200 ლარზე ნაკლებიც კი იყო. მაგალითად, განსაკუთრებით დაბალი ხელფასი ჰქონდათ ქალებს. 150-დან 250 ლარამდე სახელფასო განაკვეთზე მათ უმრავლესობას შეთავსებული ჰქონდა საკვების დარიგება, დასუფთავება, ექთნის ფუნცქციებიც კი.


შუქრუთელების პროტესტი 2020 წელსაც გაგრძელდა. თვეების განმავლობაში კოროხნალის მაღარო ჩაკეტილი ჰქონდათ, შესასვლელთან კი საპროტესტო კარავი იდგა. ითხოვდნენ მოპოვების შედეგად სახლებზე მიყენებული ზიანის შეფასებას და შესაბამის ანაზღაურებას; ასევე სახელმწიფოს ჩართვას მედიატორის როლში, თუმცა ყურადღება ვერ მიიქციეს. მეტიც, პროტესტში მყოფი შუქრუთელები ყვებოდნენ, რომ კომპანია მათ გაჩუმებას მოსყიდვით ან შანტაჟით ცდილობდა

სოფელ შუქრუთის მოპოვების შედეგად დაზიანებულ სახლთან.

შუქრუთელების პროტესტი კოროხნალის მაღაროსთან 2020 წელი.

შუქრუთელების პროტესტი კოროხნალის მაღაროსთან. 2020 წელი.

უსახლკარო ძაღლები საპროტესტო კარვის მიმდებარედ კოროხნალის მაღაროსთან. 2020 წელი.

შუქრუთელების პროტესტი კოროხნალის მაღაროსთან. 2020 წელი.

სოფელ შუქრუთის მკვიდრი, თემურ შეყოლაძე, სოფელში ახლადდაგებულ გზაზე გაჩენილ ბზარზე მიუთითებს. 2020 წელი.

ჭიათურაში ბევრი საბაგიროა, დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დროს აშენებული. მანქანების და სადგურების უმეტესობა 2020 წლამდე ფუნქციონირებდა. მას შემდეგ ნაწილი სრულად გააუქმეს, აშენდა ახალი საბაგიროც, ძველი მანქანების რაღაც ნაწილი კი კვლავ დარჩა. საბაგირო ჭიათურაში. 2020 წელი.

კორონავირუსის გავრცელების გამო, პროტესტი დროებით შეჩერდა, თუმცა 2021 წელს მძიმე ფორმით განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს. მალევე რვა ადამიანმა პირი ამოიკერა. ამის მიუხედავად, ყურადღება მათ კიდევ არავინ მიაქციათ, მთავრობიდან მედიატორის როლის აღებაზე კვლავ არავინ გამოეხმაურათ. ამიტომ გადაწყვიტეს, თბილისში ჩამოსულიყვნენ და პროტესტი ამერიკის საელჩოსთან გაეგრძელებინათ.

გიორგი ნეფარიძემ 2021 წელს, თანამებრძოლებთან ერთად პირი ამოიკერა პროტესტის ნიშნად.

პირამოკერილი შუქრუთელები ითხოვენ მოპოვებით დაზიანებული სახლების შეფასებას და შესაბამის კომპენსაციას. 2021 წელი.

შუქრუთელები განცხადებით მიმართავენ ამერიკის ელჩს, რომ დაეხმაროს კომპანიასთან მედიაციის პროცესში. 2021 წელი.

უკიდურესმა პროტესტმა ერთ თვეს გასტანა. როცა პროტესტის მონაწილეები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ, კომპანია დათმობაზე წამოვიდა და შუქრუთელებთან ხელშეკრულება ინდივიდუალურად გააფორმა. ლია ნეფარიძე ამბობს, რომ მათთვის კომპანიას ხელშეკრულების პირობები არ შეუსრულებია.

„უნდა მოსულიყო სამხარაული [ეროვნული ბიურო] და შევემოწმებინეთ, თავიდან უნდა გადავემოწმებინეთ და ყოველ სამ თვეში ერთხელ იგივე უნდა მომხდარიყო. რა ზიანიც დადგებოდა, იმ ზიანის შესაბამისი თანხა უნდა გამოეყოთ, მაგრამ ჩვენთან არც შემოწმებაზე მოსულა ვინმე, არც არაფერი”, - ამბობს ლია ნეფარიძე.

კომპანიამ თავდაპირველად კონტრაქტი პროტესტში ჩართულ ოჯახებს ინდივიდუალურად გაუფორმა. როგორც შუქრუთელები ჰყვებიან, ნაწილმა კომპენსაცია ნაწილობრივ მიიღო, თუმცა მათი სახლების განმეორებითი შეფასება აღარ მომხდარა. არადა, ზიანის ახალ შეფასებას კონტრაქტი ითვალისწინებდა. მეორე ნაწილს არც კომპენსაცია მიუღია და არც  მათი სახლები შეუფასებიათ. მიღებული კომპენსაციის ოდენობა ოჯახების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა — 3000 ლარიც იყო, 5000 ლარიც და გაცილებით მეტიც, ზოგიერთი ოჯახის შემთხვევაში. რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა კომპანია კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას ცხადი არ იყო.  უმეტესობამ  მიღებული ფულით ვერც ახალი საცხოვრებელი იყიდა და ვერც დაზიანებული სახლები აღადგინა. 

გაცემულ კომპენსაციებზე კომპანიამ ინფორმაცია თავადაც არაერთხელ გაავრცელა. ეს განცხადება დღეს მათ  ფეისბუკ-გვერდზე აღარ იძებნება, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2025 წლის მარტში კომპანია CMC-ი საპროტესტო აქციების მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისა და გავრცელების გამო 6000 ლარით დააჯარიმა და გამოქვეყნებული ინფორმაციის წაშლა დაავალა. თუმცა მათ საჯარო განცხადებაშიც  არ იყო ცხადი, როგორ და რა პრინციპით გაიცა, ან არ გაიცა დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაცია. 

„ჯორჯიან მანგანეზს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქვს 2025 წელს ჩატარებული კვლევა სახელწოდებით „ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგია”, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 2020 წელს მოსახლეობასთან მათ მემორანდუმი გააფორმეს. კვლევაში კომპანია უარყოფს, რომ სოფელ შუქრუთში ადგილობრივების საცხოვრებელ სახელბს ზიანი მათი მუშაობის შედეგად მიადგათ, თუმცა კომპენსაციების გაცემას მაინც თანხმდებიან. დამოუკიდებელი აუდიტორის კვლევის მიხედვით, კომპენსაციები 280 ოჯახზე უნდა გაცემულიყო და ჯამური ოდენობა 25 მილიონ ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის აქციების დროს პროტესტის მონაწილეებმა კომპენსაციის  მიღება „გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ადრე მოითხოვეს“, რაზეც კომპანიას უარი არ უთქვამს და ავანსები წინასწარ გადაიხადა. ეს გადაწყვეტილება მათ ესკალაციის თავიდან არიდების მიზეზით ახსნეს. 2020 წლიდან 2025 წლამდე ზიანის ანაზღაურების მოცულობამ ჯამში 13 მილიონი ლარი შეადგინა. გასცა თუ არა კომპანიამ კვლევაში ნახსენები დანარჩენი 12 მილიონი, ამის შესახებ ინფორმაციას ამ დოკუმენტში ვერ ვკითხულობთ. ამავე კვლევაში ნახსენებია პროტესტის მონაწილე ხუთ პირზე გაცემული კომპენსაციები, რომელიც 85,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა. რამდენიმე ოჯახზე გაცემულ სოლიდურ კომპენსაციას, ადგილობრივების თქმით, კომპანია მუდმივად იყენებდა პროტესტის დისკრედიტაციისთვის და მოსახლოების ერმანეთთან  დასაპირისპირებლად. 

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციის გადასამოწმებლად და შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, კომპანიას ინტერვიუ ვთხოვეთ, თუმცა არავინ გამოგვეხმაურა. 


2022 წლის მარტში, შუქრუთელების პროტესტის დასრულებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სოფელ ითხვისში ერთ ღამეს დაახლოებით 12 სახლი სრულად დაინგრა. მაღაროს ფორმის ნაპრალმა სოფელი შუაზე გახლიჩა. ითხვისელების ნაწილს სოფლის დატოვება მოუწია, ნაწილი კი დღემდე საფრთხის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას. 

სოფელ ითხვისში მეგრელიშვილების ოჯახის დანგერული სახლი. 2022 წლის მარტი.

გზაზე გაჩენილი ბზარები სოფელ ითხვისში. 2022 წლის მარტი.

გზაზე გაჩენილი ბზარები სოფელ ითხვისში. 2022 წლის მარტი.

ნაპრალი სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ. 2022 წლის მარტი.

ნაპრალი სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ. 2022 წლის მარტი.

გზაზე გაჩენილი ბზარები სოფელ ითხვისში. 2022 წლის მარტი.

დანგრეული სახლი სოფელ ითხვისში. 2022 წლის მარტი.

სოფელ შუქრუთის მკვიდრი ბორის მეგრელიშვილი დანგრეულ სახლთან. 2022 წლის მარტი.

სოფელ ითხვისიდან მოსახლეს პირადი ნივთები სოფლიდან გააქვს სახლის დანგრევის შემდეგ. 2022 წლის მარტი.

სოფელი ითხვისის და სოფელი შუქრუთის მოსახლეობის შემთხვევებში იშვიათია ქონების ზიანზე სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტები. სოფელ ითხვისში სახლების ნგრევის შემდეგ საქმე სასამართლოში რვა ოჯახის სახელით „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” წაიღო. თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე, გვეუბნება, ამ საქმეზე ჯერჯერობით რამდენიმე სხდომა ჩატარდა, განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.

„ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს პროცესი სწრაფად და დროულად მიდის წინ და მას კონკრეტული შედეგები მალე მოჰყვება”, - ამბობს თამთა. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოსახლეობა ხშირად თავს იკავებს, მიმართოს სასამართლოს, რადგანაც პროცესები იწელება ან თაროზე იდება, პროტესტის გზით კი მათ იმედი აქვთ, რომ უფრო სწრაფად მიაღწევენ შედეგს. 

თუმცა, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, არც ეს ალტერნატიული გზა  არის ეფექტიანი.

„კერძო მოლაპარაკებები [კომპანიასთან], როგორც წესი, კონკრეტული დაზარალებული ოჯახის სასარგებლოდ არ წყდება ხოლმე და კომპანიებიც ცდილობენ ხშირად, გაწელონ ეს პროცესი, ან ძალიან მინიმალური, ან ნაწილობრივი ანაზღაურება მისცენ ოჯახებს.  საბოლოოდ, მთელი ამ პროცესით მოქალაქეები კმაყოფილები არ არიან”, - აზუსტებს თამთა მიქელაძე.

მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში, სასამართლო კოლექტიურ დავებს არ იღებს და საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავს საერთო კონტექსტის გარეშე. ასეთ დროს კი საერთო სტრუქტურული ფაქტორები უგულებელყოფილია.

მაღაროს ფორმის ნაპრალი სოფელ ითხვისში.

ითხვისში სახლების ნგრევის შემდეგ კომპანიამ სახელმწიფოსთან ერთად შექმნა კომისია, რომელმაც გამოაქვეყნა დასკვნა. ამ დასკვნაში ეწერა, რომ სახლების ნგრევა ბუნებრივი მოვლენა იყო. დაზარალებულები ეკომიგრანტებად მოინიშნენ. დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივას” თანადამფუძნებელი ნინო გუჯარაიძე ამბობს, მაშინ დამოუკიდებელი ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი,  თეა გოდოლაძე, ადგილზე იყო ჩასული და მისი წინასწარი შეფასებით, ჩაქცევა მოპოვებითი სამუშაოების შედეგი იყო. თუმცა, მისი შეფასება მხედველობაში არ მიუღიათ და დაზარალებულების დაკმაყოფილება კომპანიის ნაცვლად  სახელმწიფოს ვალდებულება გახდა. 

კომისიის მუშაობიდან 2 წლის თავზე, 2024 წლის ივლისში, განკარგულება გამოიცა, რომლის მიხედვითაც, სოფელ ითხვისში ჩაქცევის შედეგად დაზარალებულ შვიდ ოჯახზე კომპენსაცია 30,000 ლარის ოდენობით, თითო ოჯახზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცა.


მაღაროელები პროტესტს აახლებენ

2023 წლის იანვარი ჭიათურისთვის მნიშვნელოვან თარიღად მოინიშნა. კომპანიამ დასაქმებულები 60%-იანი ანაზღაურებით ოთხი თვით შვებულებაში გაუშვა, მიზეზად კი კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი დაასახელა. ტარიელი იხსენებს, როგორი გაუსაძლისი გახდა ყოველდღიურობა ამ გადაწყვეტილების შემდეგ: 

„ჭიათურაში 100-დან 90 ადამიანს ბანკის ვალი აქვს. გადავადება შეძლეს თავისი სესხების, რამაც პროცენტული შესატანები გაუზარდათ”, - იხსენებს ტარიელი.

როდესაც მაღაროელები შვებულებიდან დაბრუნდნენ, კომპანიამ გაორმაგებული გეგმები დაახვედრათ. 

„ამ სიურპრიზს ხსინდნენ იმით, რომ კომპანია  კრიზისში იყო და, თუ გვინდოდა ჩვენ, რომ კომპანია გადარჩენილიყო და ჭიათურაში დასაქმება ისევ აღმდგარიყო, მაშინ უნდა გვემუშავა გაორმაგებული გეგმით”, - იხსენებს ტარიელი და ამბობს, რომ მაშინ კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელმა, მარიამ ქუთათელაძემ, უთხრათ, რომ კომპანია ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას აფრიკიდან შემოტანილი მარგანეცით გადაარჩენდა.

„ფაქტობრივად, ულტიმატუმად მიიღეს მაღაროელებმა ასეთი შემოთავაზება, ასეთი ტონი და შვიდდღიანი შიდა უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, გადავწყვიტეთ, პროტესტი დაგვეწყო”, - გვიყვება ტარიელი.

„ჯორჯიან მანგანეზმა“, შემდგომში კი უკვე კომპანია CMC-მ, ბოლო წლებში შექმნილ კრიზისზე არაერთხელ ისაუბრეს საჯაროდ. 2025 წლის მარტში CMC-მ სასამართლოს გაკოტრების განცხადებითაც მიმართა. კომპანია აცხადებდა, რომ მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები აღარ აღდგებოდა. შექმნილ კრიზისზე, მარგანეცის ფასის ვარდნაზე და სხვა პრობლემებზე ის ხშირად უთითებს ხოლმე მაშინ, როცა ქალაქში გაფიცვაა, ან დასაქმებულებს სახლში უშვებენ 60%-იანი ანაზღაურებით, ან სრულად ათავისუფლებენ. ამ განცხადებების სანდოობა საეჭვოა, რადგანაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ბოლო წლებში უარს ამბობს ფინანსური ანგარიშების წარდგენაზე, რომელიც მისთვის სავალდებულოა და სანაცვლოდ, 30,000 ლარიანი ჯარიმის გადახდას ამჯობინებს. კომპანიას 2017 წლიდან დღემდე ანგარიშები არ აქვს გამოქვეყნებული. ჩვენ ორივე კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ ამ და სხვა საკითხებზე დეტალების დასაზუსტებლად, თუმცა სტატიის მომზადების პერიოდში არავინ გამოგვეხმაურა.
[მათი პასუხის შემთხვევაში, სტატია განახლდება]. 

გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ მსოფლიოში მანგანუმის მოპოვება მკვეთრად გაიზარდა, მსოფლიო ბაზარზე საქართველოში მანგანუმის მოპოვების წილი კი 2%-ია. კვლევაში ლაპარაკია იმ ზომებზე, რომელთა მიღებაც კომპანიას კრიზისის დასაძლევად მოუწია. მათ შორის არის მოძველებული ქარხნების ნაცვლად ახალი ქარხნის მშენებლობისთვის გაღებული ინვესტიცია. ამას  მოსდევს ჭიათურაში დაწყებული  გაფიცვებისა და აქციების  აღწერა 2019 წლის შემდეგ, რამაც, კვლევის მიხედვით, კომპანია ფინანსურად დააზარალა.

„მსოფლიო ბაზარზე კონცენტრატის ფასის კლების პარალელურად, ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების თვითღირებულების მუდმივმა ზრდამ და ხელფასების მატებამ კომპანია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

2023 წლის გაფიცვას ათასობით მაღაროელი შეუერთდა. ათმა ადამიანმა, მათ შორის დღეს უკვე დაკავებულმა, მერაბ სარალიძემ, შიმშილობა დაიწყო. მაღაროელებს ოცზე მეტი მოთხოვნა ჰქონდათ: გაზრდილი ხელფასები, ანაზღაურებადი შვებულება, უკეთესი კვება, უკეთესი დაზღვევა, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ძველი სამუშაო გეგმის დაბრუნება. გაფიცული მაღაროელების ნაწილი თბილისში წავიდა. ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, მეორემ კი თვალები.

მაღაროელი მალხაზ სარალიძე 2023 წლის გაფიცვის დროს. მან პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

მაღაროელი გიორგი კუპატაძე, 2023 წლის გაფიცვის დროს. მან პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

მაღაროელი მერაბ სარალიძე 2023 წლის გაფიცვის დროს. ის ათ მაღაროელთან ერთად შიმშილობდა პროტესტის ნიშნად, ახლა კი დაკავებულ ჭიათურელებს შორისაა და 6 წელი და სამი თვე აქვს მისჯილი.

გაფიცვა კვლავ მოლაპარაკებებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელები ხელფასების 40%-იან მატებას ითხოვდნენ, კომპანია 12%-იან მატებას დათანხმდა.  დაპირდნენ  უსაფრთხოებისა და დაზღვევის პირობების გაუმჯობესებასაც. 

,,ხელფასების მატება იყო. ინფლაცია იმ წელს 11,9% დაფიქსირდა. ყოველ წელს კი ვიძახით ხელფასებზე, მაგრამ საარსებო მინიმუმთან შეუსაბამოა, ინფლაცია იმდენად მაღალი იყო, მომატებული ხელფასის ფონზეც არ ჩანდა, რომ რაღაც შვება იგრძნო მუშათა კლასმა. ამიტომ კიდევ ერთი მცდელობა ჩვენი სიმართლის დამტკიცებისა 2023 წელს დასრულდა უშედეგოდ, მოტყუებით”, - ასკვნის ტარიელი. 

ტარიელ მიქაცაძე 2023 წლის პროტესტის დროს თბილისში გამართულ აქციაზე მიმართავს შეკრებილებს.

პროტესტის ნიშნად თვალებამოკერილი მაღაროელი გიორგი კუპატაძე თბილისში გამართულ აქციაზე შეუძლოდ გახდა.

თენგო გველესიანი 2023 წლის გაფიცვის დროს თბილისში გამართულ აქციაზე. თენგო გველესიანი ამჟამად დაპატიმრებულ ჭიათურელებს შორისაა და მას ოთხი წელი და სამი თვე აქვს მისჯილი.

პროტესტის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისთან.

2023 წლის გაფიცვა ჭიათურაში.

2023 წლის გაფიცვა ჭიათურაში.

მოშიმშილე მაღაროელები საპროტესტო კარავში 2023 წლის გაფიცვის დროს.

2023 წლის ორკვირიანი ივნისის აქცია ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ხელფასის მატების გარდა, კომპანია თანხმობას აცხადებდა: ბიულეტინის 100%-ით ანაზღაურებაზე, პროტესტის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურებაზე, შვებულებით სარგებლობაზე და სხვა. თუმცა 14-პუნტქიანი მოთხოვნების დიდი ნაწილის განხილვა კომისიას დაევალა. კომისია აერთიანებდა დასაქმებულებს, დამსაქმებელს, პროფკავშირს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს.

ტარიელის თქმით, ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი შრომის ინსპექცია გახდა. 

„ეს მოთხოვნები მაინც არ შესრულდა რამდენიმეთვიანი შეხვედრების მიუხედავად, კომპანია დათმობაზე არ მოდიოდა”, - ამბობს ტარიელი. სამუშაო პროცესი აღდგა, თუმცა ბევრი პრობლემა ისევ გადაუჭრელი დარჩა. 

სალომე შუბლაძე ორგანიზაცია ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ყოფილი მკვლევარია. ის ბევრი წელია, ჭიათურელების პროტესტს აკვირდება და მათ სამართლებრივადაც ეხმარება. სალომე მაღაროელების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სვამს აქცენტს. მისი თქმით, ეს წნეხი განსაკუთრებით გაფიცვის დასრულების წინ აქტიურდება, როდესაც დამსაქმებელი სოციალური გაჭირვებით მანიპულირებს იმისთვის, რომ გაფიცულებს რაც შეიძლება მინიმალური პირობები დაუკმაყოფილოს. 2023 წლის გაფიცვის დასასრულიც ასეთი იყო. ხელფასის მატება, რასაც საბოლოოდ კომპანია დათანხმდა, ისედაც იყო კოლექტიურ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული. რაც შეეხება უსაფრთხოებისა და შრომის პირობების გაუმჯობესებას, სალომე შუბლაძის განმარტებით, კომპანიამ ვალდებულება კი არ იკისრა, კომისია შექმნა, ეს კი საქმის სამომავლოდ გადადებას ნიშნავდა.

„ეს არის ტაქტიკა, რომ საქმე გადაავადო. მთავარია, დაასრულო გაფიცვა. ამიტომ მინიმალურზე მინიმალური წარმატებით, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, სრულდება ხოლმე ეს გაფიცვები”, - ამბობს სალომე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კიდევ ერთი მკვლევარი და ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე, გაფიცვების მინიმალურ წარმატებებს იმ მიზეზით ხსნის, რომ კომპანიები „სწრაფ და უკონტროლო” მოგებაზე არიან ორიენტირებულები, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ, მშრომელებს პირველადი საჭიროებები მალევე დაუკმაყოფილონ, რომ სამუშაო პროცესი აღდგეს. 

„ეს პროფკავშირული საქმიანობის სისუსტეც არის. მონოინდუსტრიულ ქალაქებში გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლობა და მის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია და მშრომელები ადგილზე იმდენად სუსტები არიან ეკონომიკურად და ინსტიტუციურად, რომ ისინი საკუთარი პროფკავშირების დაფუძნებასა და განვითარებას ვერ ახერხებენ”, - ამატებს თამთა და განაგრძობს:

„მდგრადი, დემოკრატიული თვითორგანიზების მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ რეალური, ნდობაზე დაფუძნებული ადგილობრივი პროფესიული კავშირებით არის შესაძლებელი და ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ინფრასტრუქტურა მოშლილია და მშრომელებში საკმაოდ ლეგიტიმური უნდობლობაა გაერთიანებული პროფკავშირის მიმართ, ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული პრობლემაა”. 


2024 წლის მარტში განახლდა სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტიც. კოროხნალის მაღარო პროტესტის ნიშნად ისევ ჩაიკეტა და ტრადიციულ ადგილას საპროტესტო კარავიც დაიდგა. პროტესტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ კომპანია 2021 წელს დადებულ ხელშეკრულებას არ ასრულებდა, სოფელში კი ახალი ბზარები ჩნდებოდა. სოფლის გასწვრივ შუქრუთელებმა მაღაროს ფორმის მსგავსი ნაპრალი შეამჩნიეს, რამაც მოახლოებული საფრთხის შიში სოფელში გაზარდა.

მაღაროს ფორმის ნაპრალი სოფელ შუქრუთის მიმდებარედ. 2024 წელი.

ამავე წლის ივლისში პროკურატურამ შუქრუთელების პროტესტის სამი მონაწილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, მათ შორის, გიორგი ნეფარიძის წინააღმდეგ. მათ სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. 

პროტესტი არ შეწყვეტილა. ყურადღება ვერც ამჯერად მიიქციეს. სახელმწიფო მედიატორის როლს ისევ არ იღებდა თავის თავზე. სექტემბერში პროტესტის რამდენიმე მონაწილემ ისევ პირი ამოიკერა. კოროხნალის მაღაროსთან ღამეებს ისევ კარავში ათევდნენ.

განახლებული საპროტესტო კარავი კოროხნალის მაღაროს მიმდებარედ. 2024 წელი.

პირამოკერილი შუქრუთელი გიორგი ბიწაძე საპროტესტო კარავში 2024 წლის პროტესტის დროს. გიორგი მაღაროში იყო დასაქმებული. ის პროტესტის გამო გაათავისუფლეს.

შუქრუთის მკვიდრი, ამირან შეყილაძე, საპროტესტო კარავში კოროხნალის მიმდებარედ. 2024 წელი. პროტესტის ნიშნად მანაც პირი ამოიკერა.

დანგრეული სახლი სოფელ შუქრუთში. 2024 წელი.

სოფელ შუქრუთის მკვიდრი თავის დაბზარულ სახლთან. 2024 წელი.

სოფელ შუქრუთის მკვიდრი ცოლ-ქმარი დემური და მაყვალა ნეფარიძეები დაბზარული სახლის მიმდებარედ. 2024 წელი.

2024 წლის 19 სექტემბერს კომპანიამ პროტესტის მონაწილეებს სასამართლოში უჩივლა და გაჩერებული მაღაროს გამო მიყენებული ზარალის, 5.5 მილიონი ლარის, ანაზღაურება მოსთხოვა. ეს საჩივარი  პროტესტის 30 მონაწილეს შეეხო. როგორც ლია ნეფარიძემ გვითხრა, მათი სახლი და მიწა ამ საჩივრის გამო დღემდე დაყადაღებულია. 

სექტემბერში 10-მდე პირამოკერილი შუქრუთელი რამდენიმე მხარდამჭერთან და ოჯახის წევრებთან ერთად ისევ თბილისში ჩამოვიდა. პარლამენტის წინ დაბანაკდნენ იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც შეხვდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენელს. თბილისში ამ პერიოდში გადაბმულად წვიმდა, შიმშილისგან ჭიათურელები ფიზიკურად დასუსტებულები იყვნენ.

ამ მდგომარეობის მიუხედავადაც, პოლიციამ მათ პარლამენტის წინ კარვების დადგმის უფლება არ მისცა. შუქრუთელები დღეებს და ღამეებს პარლამენტის კიბეზე, ქოლგებისა და პარკების ქვეშ ატარებდნენ. შიმშილობამ 43 დღეს გასტანა. 

შუქრუთელი ჯაბა მაჭარაშვილი რამდენიმეკვირიანი შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა. 2024 წელი.

ჯაბა მაჭარაშვილი, ისევე, როგორც რამდენიმე მოშიმშილე პროტესტის მონაწილე, სასწრაფოს პერიოდულად გადაჰყავდა საავადმყოფოში კვლევებზე, თუმცა კვებაზე მაინც უარს აცხადებდნენ.

შუქრუთელი პროტესტის მონაწილე ჯაბა მაჭარაშვილი.

შუქრუთელი პროეტსტის მონაწილე ამირან შეყილაძე.

პარლამენტის კიბეზე მოშიმშილე გიორგი ბიწაძეს სასწრაფოს ექიმები დახმარებას უწევენ. 2024 წელი.

შუქრუთის მაცხოვრებლები პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე პროტესტზე. 2024 წელი.

გიორგი ნეფარიძე, შუქრუთის მკვიდრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარედ სხვებთან ერთად ითხოვს ჭიათურის პრობლემების ობიექტურ გაშუქებას. გიორგი ნეფარიძე დაკავებული ოთხ ჭიათურელს შორის ერთერთია. მას ექვსი წელი და 3 თვე აქვს მისჯილი.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართული ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამაშვილი, პროტესტის მონაწილეებთან მივიდა და მათ კომპანიასთან მედიატორობა შესთავაზა. მოლაპარაკებების დაწყების სანაცვლოდ პროტესტის მონაწილეებს შიმშილობა უნდა შეეწყვიტათ. შეთანხმება ვერ შედგა. პროტესტის მონაწილეებმა თბილისი დატოვეს და პროტესტი ისევ შუქრუთში განაგრძეს.

არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის ნოემბერში, საწარმოო პროცესი ისევ გაჩერდა. დასაქმებულები ისევ 60%-იანი ანაზღაურებით გაუშვეს სახლში. პროტესტი 11 დღით განახლდა. მაღაროელებს დაპირდნენ, რომ სამუშაო პროცესი მარტში აღდგებოდა, ამიტომ პროტესტი შეჩერდა. 

კომპანიამ დაპირებული ხელფასის 60% ჯერ დაუგვიანა დასაქმებულებს, შემდეგ თვეს კი საერთოდ არ ჩაურიცხა. ჭიათურის მერთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, 28 თებერვალს [2025 წელი], პროტესტი კვლავ განახლდა. ამასობაში შეიცვალა კომპანიის მმართველიც. ახალ ხელმძღვანელად რუსი ბიზნესმენი, მიხეილ სოცკი, დაინიშნა. 

მმართველების ცვლილება პირველი შემთხვევა არ არის, ეს პრაქტიკა ბევრჯერ ახსოვთ მაღაროში დასაქმებულებს.

„გაუშვებდნენ ამ ხელმძღვანელს და დააბრალებდნენ ყველა იმ დანაშაულს, რაც კი მომხდარა ამ ხნის განმავლობაში ჭიათურაში. ახალი მმართველი ახალი პრობლემებით იწყებდა. მოკლედ, ეს გამოცდილება რადგან გვქონდა, არ ვთვლიდით, რომ ახალი მმართველი გამოსავალი იქნებოდა ამ სიტუაციიდან, რადგან მიხაილ სოცკი მანამდე მუშაობდა ტყიბულის „საქნახშირში”. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მეშახტეებთან და კარგად ვიცოდით, რა პირობებში ამუშავებდა იქ ხალხს 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე”.

პროტესტის მონაწილე მირზა ლოლაძე პირამოკერილი შიმშილობის დროს ჭიათურის საპროტესტო კარავში. 2025 წელი.

პროტესტის მონაწილე სიმონ მიქაცაძე პირამოკერილი შიმშილობის დროს ჭიათურის საპროტესტო კარავში. 2025 წელი.

2025 წლის 7 მარტს „ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორმა კომპანიამ, CMC-მ, განაცხადა, რომ კომპანიაში შექმნილი კრიზისის გამო, მაღაროებში მუშაობას აჩერებდა. მან  3,500 დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლა. 

ამ დღეს CMC-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ  მიწისქვეშა მოპოვება კომპანიისთვის წამგებიანი იყო, ამიტომ მიწისქვეშ მოპოვებას ის სრულად აჩერებდა. კომპანია ასევე მიუთითებდა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა შუქრუთის პროტესტების გამო "უკიდურესად დამძიმდა". 

„მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია”, - ეწერა კომპანიის დირექტორის, მაქსიმ მაზურენკოს, განცხადებაში, რომელიც კომპანიის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა

მარტიდან აპრილამდე მაღაროელების პროტესტი ისევ გაგრძელდა.  მათ ერთდღიანი აქციები გამართეს კანცელარიასთან, პროფკავშირების ოფისთან, ბანკებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან.

საპროტესტო აქცია ჭიათურაში შრომის საერთაშორისო დღეს. 2025 წლის 1 მაისი.

პარალელურად, კომპანიის ახალმა მმართველმა, მიხაილ სოცკიმ, მაღაროებში სამუშაოს აღდგენაზე დაიწყო ლაპარაკი და იქ უსაფრთხოების შემოწმების აუცილებლობაზე მიუთითა. პროტესტში მყოფები ითხოვდნენ, შემოწმების პროცესს თავადაც დასწრებოდნენ, მაგრამ ისინი პროცესში არ ჩართეს.

როგორც ტარიელი ამბობს, ჰქონდათ ეჭვი, რომ მაღაროების მდგომარეობას ისე შეაფასებდნენ, რომ ძალიან ძვირი დაჯდებოდა მათი აღდგენა და სინამდვილეში, მათი მიზანიც ეს იყო. კომპანია მადნის ღია კარიერულ მოპოვებაზე გადავიდოდა პრიორიტეტულად, რადგან უფრო ნაკლები ხარჯი ექნებოდა და ნაკლები სამუშაო ძალაც  დასჭირდებოდა.  ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებას ნაკლები ხარჯი იმიტომ აქვს, რომ მას ამ შემთხვევაში არც გვირაბის გაყვანა სჭირდება, არც მაღაროს გამაგრება და არც განათებასა და განიავების სისტემაზე აქვს საზრუნავი, არც უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, დასაქმებული პერსონალიც გაცილებით ნაკლები ჰყავს.

თუმცა, როგორც ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას” მკვლევარი, ნინო გუჯარაიძე, ამბობს, ღია კარიერული წესით მოპოვების შემთხვევაში, კომპანიას მიწის რეკულტივაციის ვალდებულება აქვს, რაც დაზიანებული მიწების აღდგენას გულისხმობს. ეს კი ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ კომპანია მიწის რეკულტივაციას არ ახდენს, მას ფინანსური სანქციები ეკისრება. ამ მიზეზით წლების განმავლობაში ,,ჯორჯიან მანგანეზი” თავს არიდებდა ღია კარიერული წესით მასშტაბურად მოეპოვებინა მადანი. ნინო გუჯარაიძის თქმით, თუ კი ღია კარიერული წესით მოპოვებისას ქვეკონტრაქტორი კომპანია ლიცენზიის პირობებს დაარღვევდა, უშუალოდ კონტრაქტორ კომპანიებს აჯარიმებდნენ. ხშირ შემთხვევაში, მოგება ჯარიმას ბევრად აღემატებოდა, ამიტომ მაინც მოიპოვებდნენ ამ გზით მადანს, ან ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, ხშირად პატარა კომპანიებს ხურავდნენ და ახალს ხსნიდნენ.  

„ჯორჯიან მანგანეზი” ამ ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან ყიდულობდა ღია კარიერებით მოპოვებულ მადანს. ,,პასუხისმგებლობის არიდება იყო ერთგვარი”, - ამბობს ნინო.

2025 წლის 2 მაისს კომპანია CMC-მ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მიწისქვეშა წარმოება „სრულად განახლდა”. 

„ჩატარდა მაღაროების გადამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები, მოწესრიგდა ცენტრალური განიავების სისტემა და აღდგა შრომის უსაფრთხო გარემო,” -  წერია განცხადებაში, სადაც კომპანია ასევე უთითებს, რომ ჭიათურის საწარმოებში დღეს 2,500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მათივე თქმით, საწარმოები რეორგანიზაციამდე და აღდგენით სამუშაოებამდე ერთ წელზე მეტ ხანს გაჩერებული იყო. 

მაღაროელები როგორც ამბობენ, დღეს კომპანიაში დასაქმებული ადამიანის საშუალო ხელფასი 1400-1500 ლარია. გვირაბგამყვანის ხელფასი შეიძლება, 2300 ლარამდეც ავიდეს.

მაღაროების შემოწმება კომპანიამ პროტესტში ჩართული მაღაროელების გაფრთხილების გარეშე დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი მაღარო იყო თხილისწყაროს მაღარო. 

ტარიელ მიქაცაძე, 2025 წლის მაისი.


დაკავება

28 აპრილს ტარიელი პროტესტის აქტიურ მონაწილეებთან ერთად თბილისში წავიდა, მეორე დღეს კი პოლიციამ ჭიათურაში, საპროტესტო კარვებში, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი დააკავა. დაკავებულებს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმას ედავებოდენ თხილისწყაროს მაღაროს მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების დროს. ჭიათურის მრავალწლიან და მრავალმხრივ საპროტესტო ისტორიაში ასე გაჩნდა პროტესტის მონაწილეების დაკავების პრეცედენტი. 

როდესაც ჭიათურელი პროტესტის მონაწილეები ამ ამბავს იხსენებენ, ერთ მნიშვნელოვან დეტალს უსვამენ ხაზს. თავდაპირველად, დაკავებულებზე ინფორმაცია სამთავრობო მედიამ გაავრცელა. როგორც ტარიელი ყვება, ოთხ სახელს შორის მისი სახელიც იყო, ასევე იყო პროტესტის კიდევ ერთი აქტიური მონაწილის, მირზა ლოლაძის, სახელიც. ამ დროს ტარიელი და მირზა თბილისში იყვნენ, მაღაროელების პროტესტის შესახებ პრეს-კონფერენცია უნდა გაემართათ. 

ტარიელი იხსენებს, რომ თანამებრძოლების დაკავების შემდეგ, ერთ-ერთმა სამთავრობო ტელევიზიის ჟურნალისტმა ჰკითხა,  ჭიათურის ინციდენტში დაკავებულ პირებს შორის ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე არიან და თუ იცნობთ ამ ადამიანებსო.

„ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ხალისით მივიღე, კურიოზი მეგონა. ავუხსენი, რომ ცრუ ინფორმაციაა, ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე აგერ გახლავართ, შესაბამისად, არ იქნება ეგ ინფორმაცია სწორი-მეთქი”. ტარიელი გვეუბნება, რომ მალევე, მათი სახელები სიიდან გაქრა და დაკავებულების სიაში თენგო გველესიანის და აჩიკო ჭუმბურიძის სახელები გაჩნდა.

დაკავებულებიდან ერთ-ერთს, გიორგი ნეფარიძეს, მაღაროში არ უმუშავია, მის მამას მაღაროში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. გიორგის დედა, ლია ნეფარიძე ჰყვება, რომ მისი შვილი სოფლის პრობლემებზე აქტიურად საუბრის და პროტესტის გამო არაერთხელ გამხდარა კომპანიის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი. 

„[გიორგი] პროტესტისთვის დასაჯეს. დასაჯეს იმის გულისთვის, რომ ასე აქტიურად იყო ჩართული [...] ქალაქის სიყვარულისთვის და ოჯახის სიყვარულისთვის ისჯება ჩემი შვილი.”

დაკავების შემდეგ ჭიათურის პროტესტის შინაარსი შეიცვალა. მთავარი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლება გახდა. პროტესტის ზომა შემცირდა. როგორც ტარიელი ამბობს, დაკავებამ ბევრი შეაშინა. მათ იცოდნენ, რომ თენგო გველესიანი შემთხვევის ადგილზე არ იყო და ის მაინც ციხეში იჯდა.

„ყველამ წარმოიდგინა, რომ შეიძლება, შემდეგი მე ვიყო”.

როგორც მკვლევარი სალომე შუბლაძე ამბობს, წლების განმავლობაში ჭიათურაში პროტესტის გამოცდილება დაგროვდა და კომპანიას უფრო მეტად უჭირდა ამ წინააღმდეგობის შეკავება.

„ამ ოთხი ადამიანის დაკავებამ პრაქტიკულად გაანადგურა პროტესტი და ხელფეხი შეუბოჭა. ეს აშკარაა, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, არა მხოლოდ ინდივიდუალურად, ამ ხალხისთვის და მათი ოჯახებისთვის, ამავე დროს, ამ პატიმრობის ტყვედ იქცა მთლიანი პროტესტი”, - ამბობს სალომე.

პროტესტი მაინც არ შეწყვეტილა. მოთხოვნა შეიცვალა - დაკავებულების გათავისუფლება. პროტესტის რამდენიმე მონაწილემ, მათ შორის ტარიელმა, აპრილის ბოლოს, შიმშილობა დაიწყო. შიმშილობამ რამდენიმე კვირას გასტანა.

პარალელურად, მაღაროებში მუშაობა ნაწილობრივ აღდგა.

ტარიელის თქმით, შიმშილობა გაგრძელდებოდა, მასთან 2025 წლის მაისში ჭიათურის პოლიციის მაღალჩინოსანი რომ არ მისულიყო და არ გადაეცა „პრემიერისგან მოტანილი ინფორმაცია”: თუ შიმშილობას შეწყვეტთ და აღდგენილ სამუშაო პროცესს ხელს არ შეუშლით, დაკავებულებს ციხიდან გავათავისუფლებთო.

გადაწყვიტეს, გაერისკათ, რადგან ოჯახის წევრები და მეგობრებიც ემოციურად შეხვდნენ ამ ამბავს, მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეებს არ ჰქონდათ იმედი, ეს დაპირება მართლაც შესრულდებოდა.

„ვენდეთ და უკვე ერთი წელია, ლამის ბიჭები ციხეში არიან”, - ამბობს ტარიელი.

რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა განაახლა, მათ შორის ტარიელმაც. სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად ისევ პირი ამოიკერა. თუმცა არც კომპანიას და არც ხელისუფლებას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ღია კარიერი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჭიათურაში. 2026 წელი.

ტარიელ მიქაცაძე მაღაროელ ირაკლი ჯიქიძესთან და შვილთან, კატოსთან ერთად. 2026 წელი.

ტარიელ მიქაცაძე კატოსთან ერთად. 2026 წელი.

მიმდინარე აქციები ჭიათურასა და თბილისში - გამოსავალი ერთობაშია

ჭიათურელების დაკავების შემდეგ, რამდენიმე მასშტაბური აქცია გაიმართა ჭიათურაში, მათ შორის, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, 2025 წლის 1 მაისს, თუმცა საერთო ჯამში, პროტესტის ზომა შემცირდა. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ტარიელი შიშს ასახელებს, თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ შიშიც არ არის მიზეზი.

„ხალხი, განსაკუთრებით ჭიათურაში, რადგან  მონოინდუსტრიული ქალაქია და ყველაფერი არის [კომპანიის მიერ] მართვადი, დამოკიდებულია ერთადერთ სამსახურზე და ეს სამსახურიც კარგად გამოსავაჭრებელია მთავრობისგან და კომპანიისგან. ამიტომ ეხმარებიან ერთმანეთს „ქართული ოცნება” და კომპანია”, - გვეუბნება ტარიელი. მისი თქმით, ამ ფაქტორს ხშირად იყენებენ არჩევნებზე ხმების მობილიზაციისთვისაც. 

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და მთავრობას შორის ინტერესების თანხვედრას მაღაროელები ხშირად უსვამენ ხაზს. ამას მოწმობს არაერთი შემთხვევა, როცა კომპანიასთან ასოცირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას“ დიდი ოდენობით თანხა შეწირეს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მონაცემების მიხედვით, 2025 წლისთვის ამ თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა.

ტარიელ მიქაცაძე კიდევ ერთ დაკვირვებას გვიზიარებს ჭიათურის წინააღმდეგობის გამოცდილებიდან. ჭიათურელ ხალხს  თბილისში მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქცია თითქოს არ ეხება. მათ დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ ეს ბრძოლა მათთვისაც სასარგებლოა.

საკმაოდ კარგად მუშაობს  პროპაგანდა, რომ ისინი [რუსთაველის პროტესტის მონაწილეები] არიან რადიკალები, მათ ქვეყნის გადატრიალება უნდათ და ათასი ბრალდებები”.

თავიდან ჭიათურელები ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ, რომ მათი პროტესტი მხოლოდ სოციალური იყო. უნდოდათ მთავრობის ყურადღების მიქცევა, თუმცა უშედეგოდ. ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ, თუ თავის სათქმელს პირველ პირებამდე მიიტანდნენ, მათ მოუსმენდნენ და დაეხმარებოდნენ კიდეც. ეშინოდათ, რომ, თუ პოლიტიკურ საკითხებზე კონცენტრირდებოდნენ, შეიძლება, მათთვის უარესი შედეგი დამდგარიყო. ტარიელის თქმით, დრომ სხვა რამ აჩვენა. 

საზოგადოების ნაწილი მიხვდა და მივიდა იმ აზრამდე, რომ კი, [ყველაფერი] პოლიტიკაა”, - ამბობს ტარიელი და და იმ გარემოებებს თვლის, რომელიც მისი აზრით ჭიათურის პროტესტის პოლიტიზებაზე მიუთითებს, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან მშრომელი ხალხისთვის რადიკალების წოდებას, განაჩენის გამოტანამდე პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაკავებულებზე იმის თქმას, რომ დასასჯელები არიან და სხვა.

ტარიელისთვის დღეს უკვე ცხადია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ვერ იაზრებს, რომ მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი მაღაროელები არ არის პრობლემა, რომ ახლახან გაფიცული აზოტის ქარხნის თანამშრომლების თითქოს წარმატებული” გაფიცვის დასასრულიც არ არის საკმარისი. რუსთავის აზოტის” თანამშრომლები 2026 წლის დასაწყისში გაიფიცნენ და ხელფასის 300 ლარით მატებას ითხოვდნენ. 9-დღიანი პროტესტი იმით დასრულდა, რომ კომპანიამ მათ ხელფასი 200 ლარით მოუმატა.

ტარიელი ფიქრობს, რომ გამოსავალი ყველა სოციალური ფენის ერთიანობაშია.

ქვეყნის საერთო მთავარი პრობლემა არის [ქართული] ოცნების  რეჟიმი, რომელიც დღითიდღე უჭერს [მარწუხებს] ხალხს, თუმცა ამის აღქმა ჭიათურაში ბევრს უჭირს დღეს”. 

სოლიდარობის გამომხატველი და მხარდაჭერის მაგალითებიც ახსოვს ტარიელს. მაღაროელების აქციაზეც არაერთხელ ჩნდებიან მოძრაობები და სამოქალაქო აქტივისტები თბილისიდან.

აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა უწყვეტი პროტესტის 1 წლისთავზე ჭიათურაში. 28 თებერვალი, 2026 წელი.

გიორგი ნეფარიძის მამა, ნოდარ ნეფარიძე, პროტესტზე. 2025 წლის თებერვალი.

საპროტესტო ბანერი ჭიათურაში. 2026 წლის თებერვალი.

ერთიანობის გზაზე ტარიელისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროპაგანდის გაძლიერებაა. 

„ყველაზე მეტად ვის ეშინია ასეთი გაერთიანების? ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, ჩვენ ვართ ძალა. ჩვენ თუ ერთიანი ვიქნებით, დამღუპველია ავტორიტარული რეჟიმისთვის. მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება გაერთიანება”.


პროტესტის მონაწილეები ციხეში და გარეთ

2026 წლის 29 აპრილს ერთი წელი გახდა, რაც ჭიათურელი პროტესტის მონაწილეები ციხეში არიან. როგორც გიორგი ნეფარიძემ ციხიდან გვითხრა, მარტის შუა რიცხვებში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღეს შემოთავაზება, რომ, თუ დანაშაულს აღიარებდნენ, მიხეილ ყაველაშვილი მათი შეწყალების საკითხს განიხილავდა, რაზეც გიორგიმ უარი თქვა. 

„რასაც ვუყურებ, ზოგს გარეთ უფრო აქვს შეზღუდული თავისუფლება, ვიდრე ჩვენ აქ, შიგნით. ჩვენი სიმართლისთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას”, - გვითხრა მან.

საპროცესო შეთანხმებაზე მსგავსი შეთავაზება გიორგი ნეფარიძემ პროკურატურისგანაც მიიღო, წინაპირობა ისევ ბრალის აღიარება იყო, რაზეც კვლავ უარი განაცხადა. გიორგი საქმის გაგზავნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში გეგმავს. 

როგორც დედა ამბობს, გიორგი მხნედ არის.

“[...] ის პრობლემები, რომლებიც ჭიათურაში დგას, ჩვენი ციხეში გამოკეტვით, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვით ვერ მოგვარდება”, - თქვა გიორგი ნეფარიძემ თავის დასკვნით სიტყვაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

„იქიდან გვამხნევებს, იმას მოუკვდა დედა. იქიდან გვეუბნება, თავს მიხედეთო. ოდნავ ხმა შეცვლილი თუ დაველაპარაკები, დედა, რატომ გაქვს ასეთი ხმა, გუშინაც დამირეკა და გუშინაც ზუსტად ასე. ტირილი წამომივა ხოლმე, მაგრამ იმას არ მინდა, რომ გავაგონო… ასე გამწარებულები ვართ, რა ვიცი, რა მაცოცხლებს ექვსი წელი.”

ლია ნეფარიძე, გიორგის დედა. 2026 წელი.


2026 წლის 25 მარტს მაღაროელები ისევ თბილისში ჩამოვიდნენ. თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით, პროკურატურასთან აქცია ჰქონდათ დაგეგმილი. წინა ღამით, რამდენიმე მათგანი პარლამენტის წინ მიმდინარე ყოველდღიურ აქციაზე მივიდა. ტარიელ მიქაცაძე სიტყვით გამოვიდა:

„მინდა, სოლიდარობა გამოგიცხადოთ ჭიათურელი მაღაროელების სახელით თქვენ, რომლებიც უკვე წელიწადნახევარია და ცოტა მეტიც, იმ საერთო პრობლემების გამო გაერთიანდით წვიმაში, თოვლში, მზეში, ასეთ რეპრესიებში, როდესაც უბრალოდ აქ დგომის გამო ადამიანებს აპატიმრებენ. ეს არის ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული”, - მიმართა ტარიელმა ადგილზე შეკრებილებს.

პროკურატურასთან მათი აქცია ჩაიშალა, რადგან წინასწარი მიმართვის მიუხედავად, პოლიციამ მათ შენობის წინ აქციის გამართვა აუკრძალა და ალტერნატიულ სივრცედ გზის მეორე მხარეს, აფთიაქის წინ ტერიტორია შესთავაზა, რაზეც უარი თქვეს. მათთვის პრინციპული იყო, აქცია პროკურატურასთან გამართულიყო. 

მაღაროელმა, მერაბ სარალიძემ, სასამართლოზე, მომავალზე და უფლებებზე ვრცელ წერილში ისაუბრა, რომელიც თებერვალში გაზეთ “ინდუსტრიულ მშრომელთა ხმა”-ში გამოქვეყნდა. 

„გული არაფერზე დაგწყდეთ, მალე თქვენ გვერდით ვიქნები”, მიმართა მან მაღაროელებს.

წერილში დეტალურად ისაუბრა ქუთაისის სასამართლოში გამართულ საქმეზე და უსამართლობაზე, რომელსაც წააწყდნენ.

„როცა ჩვენ ბრალდებულები ვიყავით და სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, პრემიერმა უკვე გამოგვიტანა განაჩენი. საჯაროდ თქვა ჩვენზე - კრიმინალი დამნაშავეები არიან და მაგათი ადგილი ციხეშიაო. სასამართლო უბრალოდ ფორმალური პროცედურაა, მოსამართლეს რაც დაავალეს, ის გააკეთა და მოგვისაჯა”,  წერს მერაბი.

მიუხედავად ყველაფრისა, პროტესტის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ. წინააღმდეგობას  ჭიათურაშიც გააგრძელებენ მანამ, სანამ მათი თანამებრძოლები არ გათავისუფლდებიან. 

ტარიელიც ფიქრობს, რომ ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. 

„ასეთი ავტორიტარიზმი შეეხება კერძო მეწარმესაც, სოფლის მეურნესაც, ინდუსტრიულ მუშასაც, გარემოვაჭრესაც და ყველას. ბევრს ეგონა ჭიათურაშიც, რომ - მე რა შუაში ვარ? მაგრამ მივიდა მათ ოჯახებშიც, მათ შორის „ოცნების” ძალიან მაგარ მხარდამჭერებშიც. ასე მიაკითხავს ნელ-ნელა ყველას და ვფიქრობ, რომ ერთიანობის დრო არის, ვიდრე ყველას თავის თავზე არ გამოუცდია ის უსამართლობა, რაც უკვე გამოსცადა იმ ოთხი ადამიანის ოჯახმა და ზოგადად, 125 პატიმრის ოჯახმა საქართველოში”.

ტრაქტორი ღია კარიერს ამუშავებს ჭიათურაში. 2026 წელი.