loading

ერევნული სიზმრები

სიზმრებს დიდი ხანია გადაჩვეული ვარ. ვიცი, რომ ეს მეცნიერულად მთლად გამართული ფორმულირება არ არის, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, უკვე წლებია სიზმრები იშვიათად მამახსოვრდება. სიზმრების გაქრობის ათვლის წერტილი 2013 წელს საქართველოში დაბრუნებაა. ყველაფერი შეიცვალა, როცა 2025 წლის დეკემბრის შუაში ერევანში წავედი. იქ გატარებული სამთვენახევრის განმავლობაში ერთი-მეორეზე უცნაური სიზმრები დამჩემდა. ეს საზღვარგარეთ, უცხო გარემოში ყოფნით ვერ აიხსნება. მასე 2013 წლის მერეც ბევრჯერ მიცხოვრია გეოგრაფიულად და კულტურულად ბევრად უფრო შორეულ ადგილებში, მაგრამ ეგ ჩემი სიზმრების ეკონომიაზე არ ასახულა. 

სიზმრები დიდად 2023 წელსაც კი არ გამმძაფრებია, როცა სიმსივნე მეწვია და მთელი ცხოვრება ამომიყირავა, შეიძლება იმიტომ, რომ გარშემო მყოფმა ადამიანებმა საშუალება მომცეს, ბოლომდე გამჭვირვალე გამხდარიყო და ამომეთქვა ყველა ჩემი შიში. სისტემურად სიზმრები მოკლე ხნით, 2024 წლის დეკემბერში, დამიბრუნდა; ყველა მათგანი ეხმაურებოდა იმ კატასტროფულ პოლიტიკურ გარდატეხას, რასაც სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა ცოცხალ სხეულებზე აღბეჭდავდა. იმ დღეებში ბევრს დასჩემდა მსგავსი სიზმრები, რომელთა გავლითაც თითქოს კოლექტიურად ვითავისებდით, რომ არა უბრალოდ ინსტიტუციურად, არამედ ანთროპოლოგიურად ძალიან ცუდ და საშიშ განზომილებაში გადავდიოდით.  

თვითონ სიზმრების შინაარსი იმდენად პირდაპირ „ავტორიტარული“ იყო, რომ დღისით ცხადში მომხდარი შევარდნა-დაჭერა-ცემა-ტყეპისგან დიდად არც განსხვავდებოდა. არცერთში არ ყოფილა ისეთი გამრუდება, წანაცვლება, გაორება, რაც სიზმრებში ყველაზე ნაცნობ რაღაცასაც კი სიუცხოვის აურით ტვირთავს და სწორედ ამით გამახსოვრებს თავს.  

ერევანში აშკარად რაღაც სხვა მოხდა. ერევნული სიზმრები ცალკე ენაზე მეტყველებდნენ, სხვანაირი სინტაქსი ჰქონდათ. მათში ყველაზე შინაური და ყოფითი ელემენტიც კი იმდენად გაუცხოებული იყო, რომ ცხადში მათ მიერ შესრულებული ფუნქციიდან აღარაფერი რჩებოდა.    

ღამეული სიზმრების გარდა, სიზმრისეული სიმრუდე დაკრავდა ჩემს დღიურ ცხოვრებასაც, სადაც ყველაფერი თან საოცრად ნაცნობიც იყო და სრულიად უცხოც, რაც ყველაზე ყოფით მოვლენასაც კი რაღაც დამატებით შემეცნებით განზომილებას სძენდა. ღამეც და დღეც ისეთ გამოწვევად მექცა, რომ პირველად ვიგრძენი მოთხოვნილება, ცხელ კვალზე ჩანაწერების კეთება დამეწყო. ასე მივყავი ხელი ონირიკას, სიზმრების შესწავლა-გაშიფვრის სამუშაოს. 

ამ პროცესში თანდათან ცხადი გახდა, რომ ყოველი ეს დღიური და ღამეული სიზმარი რაღაც უფრო დიდისკენ, კოლექტიურისკენ მიმითითებდა. მე მათ ვკითხულობ, როგორც პირად გამოცდილებაში ფესვგადგმული საზოგადო ზმანების ფრაგმენტებს, სადაც გეოპოლიტიკა გეოონირიკად იქცევა, სადაც ერთ ქალაქს მეორე ესიზმრება, სადაც ერთს მეორის ლაბირინთებში შეჰყავხარ და იქ გკარგავს. 


18 დეკემბერი

გამიმართლა, რომ ბინა ვიშოვე ტურისტული ცენტრისგან მოშორებით, არაბკირის უბანში, რომელიც საბჭოთა ერევნის ყველასთვის ნაცნობი ერთიანი, მრგვალი გეგმის ჩრდილოეთ კიდეში მდებარეობს. ვარდისფერ ტუფში გადაწყვეტილი ჭავჭავაძის, პეკინის და თამარ მეფის გამზირების ნაზავია. ბინაში ფეხის შემოდგმისთანავე სახლში ვიგრძენი თავი; მეგონა ვაგზალზე ვიყავი ბებიაჩემთან, ამავე ტიპის, ბუნებრივად თბილ სტალინურ სახლში. სახლი დგას ყოფილ სარქის კასიანის (სომხეთის გამასაბჭოებელი ძველი ბოლშევიკის) სახელობის ქუჩაზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ კათოლიკოს ვაზგენ პირველის ქუჩა დაარქვეს, თუმცა, ადგილობრივები მაინც კასიანს ეძახიან. 

ბინა განთავსებულია ცნობილ მწერალთა სახლში, რომელშიც 1960-იანი წლებიდან სომხეთის მწერალთა კავშირის წევრ მწერლებს დაურიგეს ბინები. „სევაკის დაფა ნახეთ ქვემოთ, ხო?“ - მკითხა ბინის მეპატრონემ მძიმე სიამაყით. მთელი სახლის ფასადი მართლაც გადაძეძგილი იყო სხვადასხვა მემორიალური დაფებით.  

თვითონ ჩემი ბინა თურმე ეკუთვნოდა სომხეთის საბჭოთა ენციკლოპედიის თანარედაქტორს, მთარგმნელსა და მწერალს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა. მისი შვილისგან, ვინც ბინა მომაქირავა, გავიგე, რომ მამა იყო წალკელი სომეხი, რომელიც ჯერ თბილისში წავიდა, შემდეგ კი, ერევანში გადმობარგებულა. გაუვლია კლასიკური გზა - როცა საბჭოთა საქართველოში ქართველები გამოცხადდნენ „ტიტულარულ ერთად“ და სომხები გადაიქცნენ  უმცირესობად, მას საბჭოთა სომხეთში გაეხსნა სომეხი „ტიტულარული ერისთვის“ განკუთვნილი კარიერული გზა - მწერალთა სახლში ბინის მიღების ჩათვლით.  

აღმოვჩნდი ბინაში, რომელიც თავისი მეპატრონით და მთლიანად სახლის ისტორიით განსხეულებაა იმ პოლიტიკური და კულტურული ძვრებისა, რის გამოც  დღეს მე ერევანში წამოსვლა მიწევს მე-19 საუკუნის თბილისის საკვლევად. მასალა, რა თქმა უნდა, თბილისშიც ოხრადაა, მაგრამ მე-19 საუკუნის თბილისი რომ სათანადოდ მოიხელთო, სომხურის ცოდნას ვერ აცდები. დღევანდელ თბილისში კიდევ სომხურის სისტემურად შესწავლის შესაძლებლობა თითქმის აღარაა. 

ეს იმ პროცესის დაგვირგვინებაა, რამაც თბილისი, საერთო კავკასიური მიკუთვნებულობის ადგილი, ქართული ერი-სახელმწიფოს დედაქალაქად გადააქცია. განსაკუთრებით ბერიას დროს, ქალაქის ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციისას, თბილისი ჯერ სიმბოლურ დონეზე გაქართულდა, სანამ მე-20 საუკუნის შუა ხანებში უკვე დემოგრაფიულადაც მთლიანად გაქართველდებოდა. წაიშალა ქალაქის სომხური იდენტობის მრავალი საკვანძო სიმბოლო: უამრავი ეკლესია და ხოჯივანქის სომხური სასაფლაო დაანგრიეს და - ცინიზმიც ასეთი უნდა - ზედ „მეგობრობის პარკი“ გააშენეს. როგორც „ძველი რეჟიმის“ და კაპიტალისტური სპეკულაციის ემბლემა, დაანგრიეს ჩემი მთავარი საკვლევი საგანი - დღევანდელი თავისუფლების მოედნის შუაგულში მდებარე შენობა, რომელიც 1874 წლის ხანძრამდე თეატრ-ქარვასლა იყო, მეფისნაცვალ ვორონცოვსა და დიდვაჭარ თამამშევს შორის შემდგარი კომპრომისის ეს სრულიად მაზალო ნაყოფი, სადაც ვაჭრები, მომღერლები, მსახიობები ერთმანეთს თავზე ასხდნენ, სანამ არ გადაბუგეს კიდეც იქაურობა. ხანძრის მერე შენობამ ქარვასლად გააგრძელა ფუნქციონირება, 1934 წელს კი, თბილისის ბერიასეული ტრანსფორმაციისას, ეგეც დაანგრიეს. 

ჩემი სახლიდან ხუთი წუთის სავალზე იდგა ეს შენობა, არადა მისი სამყაროს აღსადგენად მიწევს მრავალი ბარიერის გადალახვა - ენის, მეხსიერების, სახელმწიფო საზღვრის. 

29 დეკემბერი

რაც დამესიზმრა, აშკარად გრენლანდიის კრიზისს ეხმიანებოდა: ჩემს კანადელ კოლეგას აშშ-დან თავისი მანქანით მივყავდი კანადაში. აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის გავლისას გარშემო ყველაფერი ძალიან მივარდნილი და პირქუში ჩანდა, ხოლო რაწამს კანადის საზღვარი გადავკვეთეთ (მგონი, შემოწმების და გაჩერების გარეშე), გზის აქეთ-იქით მთელი გარემო გადაივსო ფერადი განათებებით; იყო სითბოს და კეთილდღეობის განცდა, ცოტათი ზღაპრული. ძალიან ჰგავდა იმას, ექვსი წლის, 1995 წლის დასაწყისში, ჩაბნელებული და გაყინული თბილისიდან თეირანისკენ მიმავალ ავტობუსში რომ ვიჯექი, საქართველოს ახალგახსნილი საელჩოს თანამშრომლების სხვა ოჯახის წევრებთან ერთად. იმ პერიოდიდან, პერსეპოლისის გვერდით, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გრაფიკულ შთაბეჭდილებად სწორედ ეს ჩამრჩა - სადღაც თავრიზთან, სიბნელეში, ავტობუსიდან მთელი ტრასის გასწვრივ ძელებზე გადაკიდებული ფერადი ბურთების უსასრულო რიგი. 

5 იანვარი 

ქალაქში თითქოს ყველაფერი ნაცნობია, თბილისიდან ნაცნობი კილო  და რუსული ბარბარიზმებიდან დაწყებული მსგავსი საბჭოთა ინფრასტრუქტურით დამთავრებული. მეტროში ჩავედი თუ არა, თვალდახუჭული მივიკვლევდი გზას, ინტუიციურად იმდენად გამჯდარი მქონდა თბილისის მეტროდან, სად რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. ამავდროულად, ყველაზე ელემენტარულიც კი ნულიდან გაშიფვრას მოითხოვს - პირველ რიგში ენა, დამწერლობა... 

ნახევრად კოშმარულ სიზმრებში რომ ლაბირინთში ამოყოფ თავს და გასაღწევს ვერ პოულობ, ასეთი რაღაც მემართება ყოველ ჯერზე ჩემი სახლის ქვემოთ ბარეკამუთიუნის (მეგობრობის) მეტროს უშველებელ, ბაზრობიან მიწისქვეშაში, თავისი უთვალავი გასასვლელ-გამოსასვლელით. ყველგან ყველაფერი მხოლოდ სომხურად წერია; ასოების ცნობა კი დავიწყე, მაგრამ მთლიანი სიტყვების აღქმა - მით უმეტეს, თუ არ ვიცი, რა სიტყვაა - ძალიან მიჭირს. მიწისქვეშა რომ არ გამოვიყენო, არ გამოდის, რადგან გმირთა მოედანივით ცენტრალური სამანქანო გადაკვეთის წერტილია ბარეკამუთიუნის მოედანი. სახლში რომ მივაღწიო, მაგასაც კი დამატებითი ძალისხმევა სჭირდება - უცნობი ანბანის გაშიფვრის, რაც ენის სწავლის მოტივაციას ერთი-ორად ამაღლებს.  

ჩემი ბინის ისტორია იქნება, თუ გარეთ გადამხდარი ყოფითი თავგადასავლები, მაქვს განცდა, რომ ვეზიარები რაღაც სრულიად უცხოს, ოღონდ თან ისეთს, რაზეც არ ვიცოდი, რომ სინამდვილეში ჩემივე თავის აქამდე შეუცნობელი, დაფარული ნაწილი იყო. სწავლის, ზრდის, გაფართოების ყველაზე მძაფრ გამოცდილებას ამდენ შორეულ ადგილას ნავალ-ნაცხოვრები ისევ და ისევ ყველაზე ახლო სამეზობლოში, ყურის ძირში ვიღებ. (ესეც ჩემი  ქედმაღლობა და ცოტაც მთლიანად ქართველობისაც, თითქოს კავკასიაში რომ არც ვმდებარეობთ და ზემოდან ვუყურებთ გარშემო ყველას,  სანამ მაგრად არ მოგვეხაზა.) 

10 იანვარი 

როგორც იქნა, ამდენი დღის თოვლის, ღრუბლის და სმოგის შემდეგ, ჩემი აივნიდან არარატიც დავინახე. ერევანში ბინას როცა ეძებ, გამქირავებლები „არარატის ხედს“ განსაკუთრებულ ფასს ადებენ. ეს ისტორიულად, რელიგიურად, ემოციურად, სიმბოლურად, კულტურულად რაღაც უძვირფასესი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ მაინც სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრების გადაღმა, როგორც უამრავი სხვა მსგავსი ფუძემდებლური მნიშვნელობის ადგილი - ანისის ნანგრევები, უკვე ყარაბაღიც. ჩემს უბანსაც „არაბკირი“ თურმე დღეს აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე არაპგირის გამო დაერქვა, საიდანაც გენოციდის დროს სომხები მთლიანად გამოყარეს. არაბკირი ერთ-ერთია იმ მრავალ დაკარგულ ადგილს შორის, რომელთაც ლეგენდარული ალექსანდრე თამანიანის მიერ დაგეგმარებული საბჭოთა ერევანი სიმბოლურად აბინავებს თავის წიაღში (ისტორიის ირონიაა თუ ისტორიის, როგორც უსამართლობათა ჯაჭვის, კანონზომიერება, რომ მეხსიერების დაბინავების, გამოქანდაკების ეს მონუმენტური პროექტი, თავის მხრივ, ძველი, სპარსული ყაიდის ერევნის სრულ ამოძირკვაზე დაშენდა?).  

მთელი ქალაქი ისე გაშენდა, რომ არარატი ჩანდეს ერევნის ქვაბულის ყველა საკვანძო ადგილიდან და მით უმეტეს მაღლობებიდან, ხელნაწერთა მუზეუმი იქნება ეს, წიწერნაკაბერდის ბორცვი, სადაც გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალია, თუ ის წერტილი არაბკირში, საიდანაც კომიტასის გამზირიდან ბარეკამუთიუნის მეტროსკენ ჩამოდიხარ ჩემი ქუჩის გავლით. 

არარატის ხედი ჩემი აივნიდან.

2026 წლის იანვარი.

მაგრამ არარატის ხედს ყველა ამ ადგილიდან ნელ-ნელა ფარავს უკონტროლო მშენებლობები. ქოჩარიანის დროს დაწყებული სამშენებლო ბუმი, რომელსაც ფაშინიანის მმართველობის პერიოდში მეორე სუნთქვა გაეხსნა, დღეს საუკეთესო მოკავშირეა ფაშინიანის ქირურგიული მცდელობისა, აიძულოს სომხები, „დაეტიონ“ თავიანთ ტყავში, მოეშვან არარატსა თუ „ისტორიული სომხეთის“ სხვა სიმბოლურ ადგილებზე ოცნებას. ამის ნაწილია მისი ჭიდილიც ეკლესიასთან, რადგან ამ სიმბოლური გეოგრაფიული წარმოსახვის მთავარი მტვირთველი, შუა საუკუნეებში სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან მოყოლებული, პირველ რიგში, ეკლესიაა. ამ წადილის მუდმივი აცდენა დღევანდელ სახელმწიფო საზღვრებთან და ისტორიული სამართლიანობის თანმდევი პათოსის შეუსაბამობა საერთაშორისო სამართალთან სომხეთს დაბრკოლებადაც ექცა. 

მაგრამ, თუ არარატისკენ აღარ უნდა იყოს მიმართული სომხური სახელმწიფო და ერევნის მთელი დაგეგმარება, მაშინ საით? 

არარატის ხედი წიწერნაკაბერდის, სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსის, მხრიდან.

1 თებერვალი 

დამესიზმრა ბებიაჩემის ის ფოტო, რომელიც მისი გარდაცვალების მერე ჩარჩოში ჩავასმევინეთ. ერთ-ერთ ბოლო დაბადების დღეზე დერეფანში გამოვიჭირე და გადავუღე, ახალნაჩუქარი ულამაზესი შალით, ბაცად შეფერილი თეთრი თმით, საყურეებით. ეს ფოტო იმის გამო შევარჩიეთ, რომ თან საკმარისად გვიანი პერიოდის იყო, მისი ასაკი რომ აღებეჭდა (ოღონდ ჯერ კიდევ დემენციის დაწყებამდე და, მე მგონი, კორონამდეც, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა), და თან ბოლომდე რომ წარმოეჩინა მისი ელეგანტურობა, სიკეკლუცე და მშვიდი მზაობა, კამერისთვის მიენდო მისი ცხოვრების ეს ეტაპი, რომლის იქითაც ბევრს აღარაფერს ელოდა.   

არ მახსოვს, სიზმარში ფოტო თავიდან ზუსტად ისეთი იყო თუ არა, როგორიც სინამდვილეშია. სამაგიეროდ, მახსოვს გაოცება, უცებ ამ ფოტოში ლელი თვალებდახუჭული რომ გამოჩნდა, უფრო მიმსგავსებული მის ბოლოდროინდელ ბებრულ იერს; შეიძლება გარდაცვლილიც იყო. კიდევ უფრო გავოცდი, თვალებდახუჭული ლელის თავი უცებ თეთრი კატის თავმა რომ ჩაანაცვლა. ოღონდ, ფისოს თავის გარშემო ისევ ვარდისფერი შალი და ლელის დანარჩენი ინვენტარი ეხვია. 

შეიძლება ის ჩამრჩა, დარეჯანაზე რომ ვფიქრობდი, ჩემს პლეხანოველ ჩოქჩოქა გომბიოზე, რომელიც 2018 წელს ჯერ მარჯანიშვილზე შემომისახლდა კნუტებიანად, მაზრდევინა ექვსი თვე, მერე კი ეს კნუტები თვითონვე გაყარა (მეორე ვერსიით, მეზობელმა მომიკლა). არ დამავიწყდება ყრუ გლოვის განცდა, როგორიც არც მანამდე და არც მერე აღარ განმიცდია. თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი, როგორც გლოვა, რადგან ის არც ადამიანს ეხებოდა, არც ნივთს, არამედ ჩემს ცხოვრებაში პირველად შემოსულ ოთხფეხს. დამრჩა დარეჯანა, რომელიც ბირთვისში ამომყვა და იქ ისე გაუტკბა, რომ თბილისში ჩამობრუნებაზე კატეგორიული უარი განმიცხადა. იქ თეთრი კავალერიც გაიჩინა, თუმცა ჩემი სიზმრის თეთრი კატა უფრო ხმელი იყო. მისი ბეწვის და ლელის თმის სითეთრე თითქოს ერთი იყო.  

14 თებერვალი 

ჩემი სახლის ქვეშ მთელ გაყოლებაზე, საზოგადო მოღვაწეთა აბრებს შორის, სულ ვალუტის გადასახურდავებელი ჯიხურებია. მთელ კვარტალში შუქი არ იყო. რომ შევედი, სანთლის შუქზე ორი ხნიერი კაცი იჯდა დახლის უკან და სომხურად რაღაცას მასლაათობდა. გავუწოდე ლარები და რუსულად ვუთხარი, დრამი მინდა-მეთქი (ჯერ მხოლოდ ბაზარში მაწვნის და ჩირის ბებოებთან ვარ დიდ გულზე, რომ სომხურად ვაბრახუნო რიცხვები). ფული ვინც გამომართვა, გადათვლისას ქართულად ჩაიბურტყუნა რაღაცა და მე სულელიც გამოვენთე, უი, ქართული იცით-მეთქი? კაცმა ამომხედა და ბრაზიანი, ნაწყენი და სევდიანი მზერით მითხრა: თბილისელი ვარ. მერე მკითხა, აქ რას აკეთებო. მე-19 საუკუნის თბილისის საკვლევად ვარ ჩამოსული, სომხურს ვსწავლობ, ამ სახლში ვცხოვრობ-მეთქი. თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვარო.  

არ მავიწყდება ამ კაცის მზერა და ტონი. არ ამომდის თავიდან სიტყვა „წყენა“ და უცებ მორიგი მოკლე ჩართვა მაქვს: მახსენდება, რომ ნოემბერში, აქ წამოსვლის წინ, ინსტიტუტში ჩემს კოლეგასთან, ფლორიან მიულფრიდთან ერთად, მრავალდარგობრივი ვორკშოპი რომ მოვაწყვე სიზმრების შესახებ. მაშინ  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ნუცა ბათიაშვილის ეთნოგრაფიულმა კვლევამ თბილისელ სომეხ ქალზე: სიზმარში ის თავისი ქართველი ქმრისგან ეთნიკურ ნიადაგზე ისეთ წყენას იწვნევს, რისი საფუძველიც ცხადში თითქოს არასდროს ყოფილა, მაგრამ სიზმარში განცდილი ეს წყენა სინამდვილეზე უფრო ნამდვილიც ხდება. 

საერთოდაც, ორი თვის წინანდელი ეს ვორკშოპი ახლა ჩემთვის სულ სხვა დატვირთვას იძენს. ჯერ კიდევ როდის იყო, ფლორიანმა რომ შემომთავაზა, მოდი, სიზმრებზე გავაკეთოთ რამე სამუშაო შეხვედრაო; თვითონ რა ხანია იკვლევს, როგორ გვეცვლება ავტორიტარიზმში სიზმრები; მეც დამსვა და მომაყოლა 2024 წლის დეკემბერში რა მესიზმრებოდა, მაგრამ კონკრეტულად ვერც ვერაფერი მოვუყევი, რადგან არცერთის სიუჟეტი არ მახსოვდა. ჩემი მაშინდელი სიზმრები პირდაპირ ირეკლავდა იმ პერიოდის ძალადობრივ სინამდვილეს.

ვორკშოპის მიმდინარეობისას თითქოს სრულიად გულგრილი ვიყავი სიზმრების საკითხისადმი, უფრო მეტაფორად აღვიქვამდი; ინტერესს ისევ და ისევ თეატრი-ქარვასლის პროექტის ფარგლებში აღრძავდა: ვორონცოვმა პეტერბურგიდან ჩამოიყვანა მწერალ-ბიუროკრატ-არისტოკრატ-ინფლუენსერი ვლადიმირ სოლოგუბი, რომელმაც ახალგახსნილი თეატრისთვის დაწერა ფუტურისტული კომედია. ამ კომედიაში ვორონცოვისეული სწრაფი მოდერნიზაციით თავბრუდახვეულ ქართველ ქაიხოსროს სიმთვრალეში საქართველო ესიზმრება 1000 წლის შემდეგ. ვორკშოპზე სწორედ ამაზე მქონდა მოხსენება - რა ესიზმრება რუს იმპერიალისტს მე-19 საუკუნის შუა ხანების თბილისში; რა ტიპის კოლექტიურ ზმანებას აღბეჭდავს ეს პიესა; როგორ იყენებს ის სიზმარს მხატვრულ ხერხად. 

მაგრამ აი, ჩამოვედი ერევანში და სიზმარი აღარაა უბრალოდ მეტაფორა. 

24 თებერვალი 

თბილისიდან ჩამოსულ მეგობრებს უნდა შევხვედროდი ცენტრში. გადავწყვიტე, ბაგრამიანის ცენტრალური პროსპექტის ნაცვლად, მოკლეზე გადამეჭრა პატარ-პატარა გვერდითა ქუჩებით. ჯერ ხომ უსასრულო აღმართ-დაღმართებზე გავწამდი - დღემდე ვერ ვხვდები, ქალაქი სად ადის, სად ჩადის, სად ხრამია, სად გადასასვლელი. ამ ერთიანად სიმეტრიულად დაგეგმარებული ერევნის შუაგულში თავი ისეთ ვიწრო ლაბირინთებში ამოვყავი, რომ რაღაც მომენტში, ჩამოქცევის პირას მყოფი სახლების ქვეშ, გაჭრილი ტუნელებით ვცდილობდი გზის გაკვალვას და ეს გზაც სულ უფრო ვიწროვდებოდა. ერთ-ერთ ასეთ ხვრელში კუზიანი კაცი შემომეფეთა, რომელიც ბნელ კუნჭულში შელასლასდა და, მე მგონი, მოსასაქმად ჩაიცუცქა. შევეჩეხე პატარა, მდუმარე სახლებით ჩახერგილ ჩიხებს. ჩავუარე უვიწროვეს კიბეზე ჩამომჯდარ ინდოელ სტუდენტს, რომელიც მობილურზე საქმეს არჩევდა. და უცებ, თითქოს არსაიდან ისევ ცენტრალურ ქუჩაზე, პირდაპირ მეგობრებთან დათქმული რესტორნის წინ ამოვყავი თავი, ოფლში გაწურულს და დაზაფრულს, თითქოს კოშმარიდან გამომეღვიძოს.  

არადა, ჯერ კიდევ არ გამნელებია ის მომაჯადოებელი შთაბეჭდილება, რაც რამდენიმე დღის წინ გეღარდის მონასტერმა მოახდინა ჩემზე, თავისი ლაბირინთებით. ძალიან ლამაზი დღე მაჩუქეს თამთამ და ჰამლეტმა. ვიქაქანეთ ქართულ-სომხურ-რუსულ-ინგლისურად, ქართულ-სომხურ ისტორიაზე, დღევანდელ ვითარებაზე, ჩვენ-ჩვენ კვლევით ინტერესებზე. 

გეღარდში რომ შევედით, კი მივხვდი, რომ რაღაც ძალიან უცნაური ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ არტიკულირებას ჯერ ვერც ვახერხებდი. ადგა ჰამლეტი, დამაყენა საკვანძო ადგილას, მიმომახედა და ჩამეძია ზუსტად იმ კითხვებით, რამაც ყველა უნარი დამიძაბა და წესრიგში მომაყვანინა მანამდელი ყრუ გაოგნება. 

გეღარდი - კლდიდან გამოთლილი შუა საუკუნეების მონასტერი, უპატარავესი სივრცე, ცალკეულ ოთახებად და სართულებად დაკბილული, დანაწევრებული, გადაბმული, გადაბლანდული. ღრიჭოები, საიდანაც შემოედინება იქითა სივრცეში დაგროვებული სინათლე და ხმა. გასასვლელები, რომელთაც ერთი დარბაზიდან მეორეში გაჰყავხარ. გასასვლელები, რომელთაც არსად არ შეყავხარ, გარდა ბნელი უსასრულობისა. ყოველი კუნჭული თვალს, ყურს, სულს ამუშავებს. გამოდიხარ გარეთ, ვიწრო ხეობაში, რომელშიც ჩაშენებულია გეღარდი, და ხვდები, რომ გარეთ ნაკლები სივრცეა, ვიდრე დარბაზების იმ გაუვალ ნაერთში, რომელიც სულს ლაბირინთად ექცევა (მით უმეტეს, თუ მასპინძელსა და თანმხლებში გაგიმართლა).

გეღარდი, 2026 წლის თებერვალი.

6 მარტი

გუშინ ერევნის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრაზე კულტურის მკვლევრებთან მომიწია ჩემი თეატრ-ქარვასლის პროექტის წარდგენა. ჩავაქსოვე მთელი განაზრებები, რატომ მიწევს ძველი თბილისის საკვლევად ერევანში ჩამოსვლა და ა.შ. უშუალოდ ამ შეხვედრისთვის ჩავეძიე ძველი თბილისის ხატებას თბილისელ სომეხ ხელოვანებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც ჩემი ბინის პატრონივით საბჭოთა ნაციონალურმა გადალაგებამ თბილისიდან ერევანში გადმოაბარგა.    

რა თქმა უნდა, ქართველებსაც აქვთ „ძველი თბილისის“ მითოლოგია. მაგრამ ერევანში გადმოსული თბილისელი სომხების ძველი თბილისი მაინც რაღაც განსაკუთრებით ნოსტალგიურ, კარნავალურ, ჯადოსნურ განცდას ტოვებს. და რაც უფრო შორს იხევს „ძველი თბილისი“ წარსულში, მით უფრო ფანტაზმაგორიული ხდება მისი ხატება. (ასეთი  არაა ბეკ-ნაზარიანის მიერ გაბრიელ სუნდუკიანის პიესის მიხედვით 1935 წელს გადაღებული პეპო”, სადაც ძველი თბილისი ჯერ კიდევ ცოცხალია). 

ამას მთელი სიცხადით ორი დღის წინ მივხვდი, როცა 1971 წლის საბჭოთა სომხურ ფილმს ხათაბალას ვუყურებდი, რომელიც ისევ სუნდუკიანზე დაყრდნობით ერთმა თბილისში დაბადებულმა სომეხმა, იური იერზნკიანმა, გადაიღო მეორე თბილისელი სომეხის, აღასი აივაზიანის, სცენარის მიხედვით. მერე ძველ თბილისზე აივაზიანის მოთხრობებსაც ჩავხედე ხელახლა, რომლებიც თავის დროზე ჩემმა მეგობარმა მედეა იმერლიშვილმა თარგმნა. მხოლოდ ერევნის გადმოსახედიდან აღვიქვი, რაში მდგომარეობს ის პოლიტიკურ-კულტურული ნიადაგი, რის გამოც ლამის მაგიური რეალიზმით იმსჭვალება ის ძველი თბილისი, რომელსაც აივაზიანი ერევნიდან იგონებს.

იგივეს წავაწყდი ვაღარშაკ ელიბეკიანთან (1910-1994), რომელიც თავის მხატვრობაში (რისი მადაც უკვე სიბერეში, ერევანში ცხოვრებისას გაეხსნა)  ბავშვობის დროინდელ თბილისს აცოცხლებს, მათ შორის ჩემს თეატრ-ქარვასლას.

ვაღარშაკ ელიბეკიანი, "თამამშევის თეატრი თბილისში", 1982.

ნიშანდობლივია, რომ ელიბეკიანს ბავშვობაში მხოლოდ ის შენობა შეეძლო ენახა, რომლის თეატრალური ნაწილიც მის დაბადებამდე ჯერ კიდევ ოთხი ათწლეულით ადრე, 1874 წელს, ხანძარმა იმსხვერპლა. 1934 წელს ბოლშევიკებმა უკვე უთეატროდ დარჩენილი ქარვასლაც დაანგრიეს. მაგრამ ელიბეკიანი მას არათუ თეატრ-ქარვასლად, არამედ საერთოდაც ექსკლუზიურად თეატრად ხატავს. გვიანი ცარისტული ხანიდან შემორჩენილი ფოტოებისგან განსხვავებით, სადაც თამამშევის ქარვასლის მთელი ფასადი სხვადასხვა მაღაზიის რეკლამებითაა გადაძეძგილი, ელიბეკიანთან მხოლოდ აფიშებს ვხედავთ სომხური და ქართული წარწერებით („ჩმიშკიანის ბენეფისი“, „პეპო“, „ბედი ქართლისა“). ბავშვობის ის თბილისი, რომელზეც ელიბეკიანი ერევნიდან ოცნებობს, აშკარად თავის წილ ზმანებებს იტევს, ისეთივე აცდენილს სინამდვილისგან, როგორც ნებისმიერი სიზმარი ან ბავშვობის მოგონება.  

ერთია, ერევნიდან როგორ ჩანს ძველი თბილისი, მეორეა, სომხური თბილისის რამდენმა დოკუმენტმა, რამხელა მემკვიდრეობამ გადმოინაცვლა ფიზიკურად ერევანში იმის გამო, რომ ახალმა, საბჭოთა, გაქართულებულმა თბილისმა ის აღარ იმემკვიდრა. მათ შორისაა, ფარაჯანოვის ნამუშევრები თუ სუნდუკიანისნაირი ალალი თბილისელის მთელი არქივი. სუნდუკიანის არქივში უშველებელი ადგილი უკავია მის საოჯახო მიმოწერას, რომელიც მთლიანად ქართულადაა შესრულებული. ალბათ, სწორი იყო ერევნის უნივერსიტეტში ჩემი მოხსენების მასპინძელი, როცა შენიშნა, რომ ერევანმა შესაძლოა უფრო მეტად „შეინახა“ ძველი თბილისი, ვიდრე თავად თბილისმა. ოღონდ ეს იმის ფასად მოხდა, რომ ფარაჯანოვიც და სუნდუკიანიც ამორგეს თავიანთი ძველთბილისური ჰაბიტატიდან და გადმორგეს ცალკე სომეხი „ტიტულარული ერის“ დედაქალაქად ქცეულ ერევანში, როგორც „ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა“. 

9 მარტი 

დამესიზმრა, რომ კიევში ვიყავი რაღაც დიდ მოედანზე. მაღალი თეთრი შენობის არკადების ქვეშ ვიჯექი კაფეს წინ და ლეპტოპით ვმუშაობდი. ჩამოიარა პროცესიამ: შავი დაბურულმინებიანი მანქანა. დინამიკებში ჩართული უკრაინული სევდიანი პოპ-მუსიკა. გარშემო ადამიანები სამგლოვიარო ტანსაცმელში. მანქანას უკან მოსდევდა კატაფალკა. თვალი მოვკარი კუბოდან ამოწვეტილ მუქ-ყვითელ სახეს. უკან ადამიანების ჯგუფი მოჰყვებოდა, შუაში შავოსანი ქალებით, რომლებიც, ნახევრად ჩაკეცილები და გულწასულები, სხვებს ეყრდნობოდნენ. პროცესიამ როცა ჩაიარა, შევამჩნიე, რომ მოედნის გარშემო აღმართული დიდი შენობის გასწვრივ, ძირში, რაღაც მოზრდილ საგნებზე გადაფარებული იყო თეთრი სუდარები და მათ წინ - შავოსანი პერსონაჟები, თეატრალურ, პანტომიმურ პოზებში. 

ალბათ, „ხათაბალას” ყურებიდანაც ჩამრჩა დაქირავებული შავოსანი მომტირლები. გუშინ კიდევ, სუნდუკიანის პიესაში „დაქცეული ოჯახი” (1872) ვკითხულობდი, გიჟ-მოზე როგორ აზომებს თბილისელ ვაჭარ ფარსიღასა და მის ცოლს უკბილო ხუმრობით ტანზე ნაჭერს სასუდარედ. შავოსნები მახსოვს სუნდუკიანისავე კომედიიდანაც „ოსკან პეტროვიჩი ჯოჯოხეთში” (1866), მატყუარა ვაჭარი ოსკანი ჯოჯოხეთიდან რომ უყურებს სააქაოში მის გამოგლოვებას და თან კუპრის და ნავთის სუნში იხრჩობა.


თეატრ-ქარვასლაში 1866 წელს დადგმული სუნდუკიანის კომედიის „ოსკან პეტროვიჩი ჯოჯოხეთში“, 1906 წლის გამოცემა.

ოსკან. როგორ თუ მე არა ვარ, მაშ მე ოსკან პეტროვიჩი არა ვარ? 
დიდი ეშმაკი (სიცილით). შენ ოსკან პეტროვიჩის სული ხარ. 
ოსკ. (გაგიჟებული აქეთ-იქით იყურება) ვაი მე, ახლა კი მესმის, [ტექსტში ქართულად, სომხური ასოებით] შვიდობით ცოლო და შვილო... მაშ ჩვენს ქალაქს აღარა ვნახავ?
დ. ეშმ. არა, მორჩა შენი საქმე.
ოსკ. არა?! (ხელებს იბერტავს) [სომხური ასოებით] პრაშშაი თიფლის... (ტირილით) ახ! ჩემო მართაჯან, ნეტა ეხლა მანდ რას აკეთებ?
დ. ეშმ. აი რას აკეთებს, აბა უკან მიიხედე. (სცენაზე ფარდა აიხდება და გამოჩნდება ოსკანას სახლი, სადაც შავი ტანისამოსით სხედან მისი ცოლი მართა, ქალი კეკელა და სხვა მგლოვიარენი).
მართა. (ტირილით) ჩემო ფაშავ და დროშავ, ოსკანჯან! ჩემგან გამწყარი სად მიდიხარ, ოსკანჯან! თუ გიყვარვარ, ერთი ხმა გამე, ოსკანჯან. 


ნავთობის ხანძარი თეირანში, 9 მარტი 2026. წყარო: sentdefender

14 მარტი 

აქაური კოლეგების ჩაწყობით ლიტერატურის მუზეუმის არქივში შევაღწიე სუნდუკიანის ქართული მიმოწერის სანახავად. დავხოცე გუშინ სიხარულით, როცა ვუთხარი, ვაღ გნუმ ემ არხივ სუნდუკიანი ვრაცერენ ნამაკნერ კართალუ-მეთქი („ხვალ არქივში მივდივარ სუნდუკიანის ქართული წერილების წასაკითხად”).

რა ვიცოდი, არქივში რა განსაცადელი მელოდა. ჯერ ნაბეჭდ ასოებს ძლივს აღვიქვამ ერთიან სიტყვებად, აქ კიდევ სომხურად ხელნაწერი საბჭოთა დროინდელი კატალოგი დამიდეს წინ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხე გარჩევა, სად იყო „ვრაცერენ ნამაკნერ“ და ასობით დოკუმენტისგან შემდგარ სიასაც დავუარე სანახავი მასალების ამოსარჩევად. სწორედ მანდ გამომადგა,  სომხურის სწავლის დაწყებისას რომ ვცადე დიდი ხნის გაუვარჯიშებელი ხელით სომხური ასოების გამოყვანა. გავხსენი ინსტაგრამზე დაპოსტილი ის ფოტო, რომლითაც ყველაზე სუფთად გადაწერილი ანბანი გავამარიაჟე დეკემბერში, და მაგის მიხედვით ვცადე ვიღაც საბჭოთა არქივარიუსის ხელწერის გარკვევა. 

ვარჯიში სომხურ ანბანში. 2025 წლის დეკემბერი.

ამასობაში არქივის თანამშრომელი ქალი განაცხადის ფორმითაც წამომეწია, რომელიც შემეძლო რუსულადაც შემევსო, მაგრამ უკვე შეტოპილმა ვიფიქრე, ბარემ ბოლომდე-მეთქი, და პირველად გამოვიყვანე საკუთარი სახელი და გვარი სომხურად. ოღონდ, თან რაღაც ასოებზე ვერ ვხვდებოდი, ხელით როგორ მომეხაზა და ეს ქალი მასწავლებელივით თავზე მედგა, მეშველებოდა და თან მაქებდა. დირექტორთან შესვლის პატივიც მერგო, აქაური კოლეგის გავლით გაჩარხული კავშირებიც ავამუშავე და, საბოლოოდ, მოვიპოვე ნებართვა. უბრალოდ, იმდენია ქართული მასალა, რომ ამის კარგად დამუშავებას ცალკე ჩამოსვლა დასჭირდება. იქამდე სომხურშიც წინ წავიწევ. 

15 მარტი 

დავუბრუნდი გეღარდს ჩემი ბინის პატრონების წყალობით. კარგა ხანია, ჩემი სადმე დაპატიჟება სურდათ, მაგრამ ყოველ ჯერზე ამინდი გვიშლიდა ხელს. ძალიან ამაყობენ და მადლიერები არიან იმისთვის, რასაც ვიკვლევ, სომხურსაც რომ ვსწავლობ. ოღონდ, მაინც უფრო ისე ესმით, რომ უბრალოდ თბილისისა და საქართველოს ისტორიაში სომხურ წვლილს მივაგებ პატივს; თვითონ ჩარჩო თითქოს ისევ ნაციონალისტური რჩება. პირაქეთ რომ ქართული არმენოფობიაა და სომხური განზომილების სრული განდევნა, პირიქით - ამ განზომილების გამოცალკევება და მითოსური გაქვავება. 

მაგრამ განა მაგაზე მიანიშნებს სავალუტო ჯიხურის მეპატრონე თბილისელი სომხის მზერა? ან სუნდუკიანის პერსონაჟების ქართულ-სომხური თბილისური? ან ელიბეკიანის ტილოებში, აივაზიანის მოთხრობებსა თუ ფილმ „ხათაბალაში” მიმობნეული ქართული? არა - სომხური, არამედ ქართული. 

ერთია, სუნდუკიანის თბილისში, 1866 წელს, პიესა „ხათაბალას” მაჭანკალი ხამფერა რომ ქართულად დასჭექს (და სომხურ ტექსტში სომხური ასოებითვე რომ წერია): „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა!“ მეორეა, ერთი საუკუნის შემდეგ, ერევნიდან ეკრანიზებულ „ხათაბალაში” რომ წარმოთქვამს იგივე წინადადებას მარინა თბილელის მიერ შესრულებული ხამფერას სომხურენოვანი გამხმოვანებელი. 1971 წელს ეს უკვე ციტატაა, დაკარგული წარსული დროისა და სივრცის, და უპირველესი ნიშანი, რაც ერევნიდან მაცქერალისთვის გასაგებს ხდის, სადაც ვართ - თბილისში, შინ. 

სად წამიყვანა ასოციაციებმა. ჩაწერის პროცესმა გეღარდის ლაბირინთიდან გამოღწეული ახლა ენების, დროების, სივრცეების ლაბირინთში გამხლართა.

18 მარტი 

სუპერმარკეტში ვარ, კალათაში მწვანილს ვიწყობ და პარალელურად, ტელეფონში ქართულად ვუწერ ვიღაცას ვოის-მესიჯს. უცებ იქვე მდგომი ხანში შესული ქალი მადგება თავზე და მეუბნება, აშკარად სომხური აქცენტით: უი, ქართულად ლაპარაკობ?! თბილისელი ვარო, მთელი ახალგაზრდობა იქ გავატარე, მერე გადმოვედი აქეთ და ვარ აქ „ასეო“ - დაჭყანული სახით ამატებს; ისე მენატრება იქაურობაო, როგორ გამიხარდა, ქართველს რომ გადავეყარეო, ქართული უკვე მავიწყდება და რუსულად მირჩევნია შენთან ლაპარაკიო. რუსები ორგანულად სძულს. მითხარი, ძალიან ბევრი რუსია თბილისშიო? აქაც რამდენი არიანო. ყველაფერი გააძვირეს, იყიდეს, გაზიდესო. ზოგადად, მსოფლიოში რამდენი უბედურება ხდებაო. მომეცი შენი ნომერი, დამირეკე და მიგითითებ ბიბლიაში ყველა იმ პასაჟს, რომელშიც დღევანდელი უბედურებები ნაწინასწარმეტყველებიაო - პანდემია, ომები, შიმშილი, ნუ, შიმშილი რა, მაღაზიებში ფასებს შეხედე, შიმშილია ეს, აბა რა არისო. ნომერს ვიწერ, ვპირდები, რომ დავურეკავ, და ვშორდები ტკბილად. 

22 მარტი 

ერევნიდან ვუყურებ, როგორ დგანან საათობით რიგში ადამიანები სამებაში ილია მეორის პანაშვიდზე შესასვლელად. ბებიაჩემივით კუჭიდან სისხლდენა დაემართა. (მაგას კი გადაურჩა ლელი მაშინ, მაგრამ იმდენი სისხლის დაკარგვა იმხელა დარტყმა იყო, რომ დემენციაც დაუჩქარა და ინსულტის ბიძგებიც სულ უფრო გაუხშირა). 

სხვადასხვა არხზე ვისმენ, ყველა როგორ იხსენებს რაღაცას პატრიარქზე. რამდენი საინტერესო ადამიანი გამოჩნდა ეთერებში; დამარეტიანებელი ყაყანის ნაცვლად, ტელევიზია დინჯი, მწყობრი საუბრისა და ფიქრის სივრცედ გადაიქცა. 

მეც გამახსენდა, რამდენჯერ წავუყვანივარ ბებიაჩემს ოპერაში ან კონცერტზე, სადაც ფოიეში კვერთხიან, ანაფორიან მოხუცსა და მის ამალას გადავყრივარ; ერთხელ უაზროდ ხვანცალისას პირდაპირ შევეტაკე კიდეც. ეს შავოსანთა ჯგუფი, როგორც წესი, ამფითეატრის პირველ რიგში ჩამწკრივდებოდა ხოლმე  და შავი ზოლით ყოფდა დარბაზს. ეს მახსოვს ოპერაში რომელიღაცა იარუსიდან ქვემოთკენ ყურებისას და იგივე მახსოვს მუსიკალურ ცენტრში სცენიდან დარბაზის მიმართულებით დგომისას, როცა ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა გუნდში ვმღეროდი (ირანიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვობის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება). კონცერტის წინ გვეტყოდნენ ხოლმე, პატრიარქი აპირებს დასწრებასო. არ იყო ეს პატარა ამბავი, მაგრამ არც ის ზედმეტი ფარისევლური მოწიწება მახსოვს, რაც დღეს წესად იქცა. მაშინ არც იმხელა ფული იყო, არც გავლენა. უბრალოდ ვიცოდით, რომ მნიშვნელოვანი ადამიანი მოდიოდა, რათა, როგორც მელომანს, სხვებსავით ესიამოვნა კარგი მუსიკით. 

ერთი თვის წინ, ჩემმა აკადემიურმა მასპინძლებმა ერევნის კამერული მუსიკის დარბაზში წამიყვანეს პერგოლეზის Stabat Mater-ზე, რომელიც აღარც მომესმინა დარბაზში მას მერე, რაც კახიძის დირიჟორობით ვიმღერეთ 2000 თუ 2001 წელს. მთელი ეს დღეები, თბილისში მიმდინარე ცერემონიის პარალელურად, „ყურის ჭიად“ მექცა ბოლო ნაწილი - Quando corpus morietur fac ut animae donaetur  paradisi gloria. Amen („ოდეს ხორცი მოკვდებოდეს, ჰქმენ, რომ სულს მიენიჭოს სამოთხის დიდება. ამინ“). თავდაპირველი ვერსიით, ორი სოლისტი ასრულებს, ჩვენ კიდევ მთელი გუნდი ვმღეროდით ორ ხმაში. 

29 მარტი 

ორი დღეღა დამრჩა თბილისში გაბრუნებამდე. წასვლის მოახლოებასთან ერთად, ყველაფერი სულ უფრო აჩქარდა. ჯერ კიდევ იანვარში ჩამერთო განგაში, რომ ზედმეტად ცოტა დრო მქონდა ერევანში გახსნილი ბილიკების ბოლომდე მისაყოლად, ყველაფრის ბოლომდე შესარგებად და შესასრუტად. მარტის შუაში რომ უნდა წამოვსულიყავი, კიდევ კარგი, ამასობაში კონფერენციაზე დამპატიჟეს და ორი კვირით მეტ ხანს დავრჩი, თორემ ვეღარც არქივს მოვასწრებდი, ვერც გიუმრიში ჩასეირნებას და ვერც ბევრ სხვა რამეს. 

იმდენი ვწერე, რომ აშკარად რაღაც ფორმაში უნდა მოვიყვანო და აქაური გამოცდილების შემჭიდროებულ დოკუმენტად ვაქციო, რომელიც უბრალოდ კი არ ასახავს, არამედ ამუშავებს, ავითარებს მიღებულ გამოცდილებას, თან ისე, რომ გამოცდილების თითოეული ეს ფრაგმენტი საკუთარ ლოგიკას ავითარებს, ახალ-ახალ ხაზებს ხსნის. 

ასოციაციებით, მონტაჟით, მოკლე ჩართვებით სიტყვებს, ხატებს, მუსიკას შორის, სიზმარსა და ცხადს შორის, დღესავით ცხად სიზმარსა და სიზამრივით არარეალურ ცხადს შორის, რაღაც ისეთ გამოცდილებას იღებ, რაც თითქოს არც „ნამდვილი“ არ არის (ფაქტების უტყუარობის ბანალური გაგებით), მაგრამ იმდენად მძაფრია, რომ თვალსაწიერს გიფართოვებს და არსებობას გარდაგიქმნის, როგორც კარგი ხელოვნება. როგორც სიზმარი. როგორც გეღარდი.  

3 აპრილი

თბილისში დაბრუნებულმა მედეასთან ერთად ავლაბარი დავლაშქრე. კაი გვარიანად ვურტყით წრეები სამებას, სანამ სომხურ პანთეონში შესასვლელი ვიპოვეთ, რომელიც გვიან საბჭოთა პერიოდში ხოჯივანქისგან დარჩენილი ნაშთის ადგილას გაკეთდა და სადაც ერთნაირი საფლავის ქვები უძღვნეს მე-19 საუკუნის უამრავ სომეხ კლასიკოსს, ვისი ნეშტებიც ხოჯივანქის განადგურებისას დაიკარგა. 

შესასვლელის ძიებაში ქუჩაში გადავეყარეთ სომხურ-ქართულად მოლაპარაკე მოხუცებს და მედეამ მითხრა, კითხე, საიდან მივუდგეთო, მაგრამ მომერიდა. უცებ ვერ მივხვდი, რა ენაზე დავლაპარაკებოდი; თან მინდოდა ჩემი სომხური წარმომეჩინა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ტუტუცურ ჟესტად გამომივიდოდა.  

ჩვენ გარდა პანთეონში აშკარად სომხეთიდან ჩამოსული სომხების პატარა ჯგუფი იყო, რომელსაც გიდი ადგილის ისტორიას უყვებოდა. ერევნელებისგან ისედაც ვიცოდი, რომ სომხეთიდან ტურები იგეგმება ხოლმე თბილისის სომხური მემკვიდრეობის სანახავად, რომლის ერთ-ერთი „ჰაილაითიც“ ხოჯივანქია.    

მერე შევიარეთ თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლაში. საცავებიდან კაკაბაძის და სხვების გრაფიკა იყო გამოტანილი, რომლებზეც სამახსოვროდ და სამუზეუმოდ აღბეჭდეს ძველი თბილისი იმ მომენტში, როცა ბერია ის-ის იყო მის დემონტაჟს იწყებდა.   

ეგებ თბილისის ეს ნაწილები თბილისის ქვეცნობიერია - შეუმჩნეველი, მთვლემარე, რაღაც სიმპტომებში ალაგ-ალაგ წამოცდენილი. ხოლო, ერევანი თბილისის არაცნობიერია - რაღაც, რაც იმდენად ღრმადაა განდევნილი, რომ სივრცესა და დროში წანაცვლდა, ადგილი იცვალა. 

16 აპრილი 

ბირთვისში ამოვაღწიე. ათი დღით სულს მოვითქვამ თბილისის რუზრუზისგან. დარეჯანა არ გამოჩენილა, რაც ამოვედი. როცა მივდიოდი, იცოდა ხოლმე გადახვეწა და ჩემი ამობრუნებისას დაბარებულივით ისევ ჩნდებოდა ხოლმე ჩვენთან. მისი ახალგაზრდა თეთრი კომპანიონი მაშინვე დაბრუნდა. 

ღამით თითქოს რაღაც მაზალო სიზმარი ვნახე, მაგრამ გაღვიძებისთანავე დამავიწყდა. ის ინტერვალი, ერევანში ფოტოგრაფიული სიზუსტით რომ მამახსოვრდებოდა სიზმრები, როგორც ჩანს, ერევანშივე დავტოვე.  

დილით დავზვერე „ქართული ოცნების“ შემომწირველის მიერ პრივატიზებული კანიონი. მაინტერესებდა, მორიგი ბანალურად კორუფციული პროექტის ფარგლებში კიდევ რომელი კლდე გაბურღეს ყოველგვარი კვლევის და წესის გარეშე, მორიგი „დაკიდებული ხიდის“ და „ზიპლაინის“ გასადებად. შარშანდელივით, წელსაც სულ მესმის წალკელი და თეთრიწყაროელი მუშების სომხური. შარშან თავიანთი ჩოკინა ვირებით და ცხენებით ეზიდებოდნენ მასალას საცალფეხო ბილიკებზე. მათგან ვიგებდი ხოლმე, კიდევ რისი გაკეთება იგეგმებოდა, თან ჩემს უკმაყოფილებას ვუზიარებდი. 

დღეს რომ გადავეყარე, მორიგად წავეჯუჯღუნე. თან ხომ ვიცი, რომ ამათი ბრალი არაფერი არ არის და ეს სამუშაო - ბუნების „ეკონომიკურად დატვირთვით“ შექმნილი „დასაქმების ადგილი“ - შეიძლება მათი ერთადერთი შემოსავალიც იყოს. მე კიდევ, ქალაქის სიმახინჯეს გამორიდებული მეშჩანი, გამოვდივარ აქ პრეტენზიებით, რომ ხელუხლებელი ბუნებით ტკბობაში ხელს მიშლიან. 

დამტვრეული ქართულით შემომიტიეს, რა იყო, რა არ მოგწონსო. ბნუთიუნ აფსუს ე-მეთქი. არ ვიცი, საიდან მოვიტანე. ალბათ იქიდან, რომ რაგინდ გრამატიკის 90 % ჯერ კიდევ დახშული იყოს შენთვის, უკიდეგანო ექსპრესიულობისკენ მიდრეკილება გათავხედებს. თან მერე გადავამოწმე და გრამატიკულად სწორად მითქვამს, ბუნება მენანება-მეთქი. კი გაშეშდნენ, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა; ერთმა თვალებიც მოჭუტა, მგონი, ფიქრობდა, რაღაც პროვოკაციააო. მთელი ამ სცენის დრამატული ეფექტით უკიდურესად კმაყოფილი სახლისაკენ დავეშვი. 

P.S.

როგორც ჩანს, ერთადერთი არ ვარ, ვისაც ხოჯივანქის ამბავი არ ასვენებს. 

სქრინები თბილისის ისტორიისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ფეისბუკ-გვერდიდან.

კომენტარები პოსტზე „ეს სასაფლაო ხომ არ იყო!?...“

კომენტარები პოსტზე „ეს სასაფლაო ხომ არ იყო!?...“

იმაზეც დავა იყო, ხოჯივანქის აღებისას, ხალხს მიეცა თუ არა საშუალება, თავიანთი მიცვალებულები გადაესვენებინათ. ერთგან ვკითხულობდი, აოხრებული ხოჯივანქის ადგილას გაშენებული „მეგობრობის პარკი“ გართობა-დასვენების მხრივ ფაქტობრივად უფუნქციო დარჩა ავლაბრელი სომხების ბოიკოტის გამოო. 

„მართალია, სომხები და ქართველები თანაცხოვრობენ ავლაბარში, ამ მრავალეროვან უბანში, რომელიც დახუნძლულია სომხური მემკვიდრეობის ადგილებით, მაგრამ სომხები აცნობიერებენ, რომ ქართველები მათთან ამ ადგილებს იზიარებენ მათი მოგონებების გაუზიარებლად“ (ნუცა ბათიაშვილის სტატიიდან იდენტობის შფოთზე ქართველ სომხებში).  

შეიძლება არ იზიარებენ, მაგრამ კოშმარებად მაინც უბრუნდებათ. 

გაზეთი ასავალ-დასავალი", 2025 წლის ნოემბერი.

2001 წლის ბოლოს, გაზეთ „რაო-რაო?”-ში გამოქვეყნებული სტატიიდან ჩანს, რომ სანამ 2006 წელს შრომით ინსპექციას გააუქმებდნენ (რამაც კატასტროფულად გაზარდა მშენებლობაზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები), ჯერ კიდევ  გასაკვირი იყო ამდენი მუშის სიკვდილი. 2018-ში ინსპექციის აღდგენის მერე, ვითარება ცოტათი გამოსწორდა, თუმცა, დერეგულაციით გამოწვეული მსხვერპლი დღემდე „უბედურ შემთხვევებად“ საღდება. 2001 წელს თითქოს უფრო დამაჯერებელია, სამების მშენებლობაზე მუშების ხშირი დაღუპვა ცოდვასა და წყევლას მიაწერო. იქვე პარაფსიქოლოგიც თავისებურად გამართულ ახსნას იძლევა. საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი, თავის მხრივ, „სასაფლაოს წყევლის“ ვერსიას რომ იგერიებს, „ასეთი გრანდიოზული მშენებლობისთვის“ გადასახდელ ფასში მარტო გარდაცვლილ მუშებს გულისხმობს და არა - სასაფლაოს წაშლას. ეს უკვე წინა თაობის უსამართლობაა, მოცემულობად ქცეული, ნიადაგად - ახალი უსამართლობებისთვის. 

გაზეთი „რაო-რაო?”
სტატია „რატომ იღუპებიან მუშები სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე?” გამოქვეყნებულია 2001 წლის დეკემბერში.


ავტორის შესახებ

ლუკა ნახუცრიშვილი არის ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორი და სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგის გადაკვეთაზე იკვლევს მოდერნულობის გამოცდილებებს, ისტორიულ წარმოსახვასა და პოლიტიკურ კულტურას საქართველოში, მეფის რუსეთის დროიდან პოსტსაბჭოთა პერიოდის ჩათვლით.