ჯადოსნური სამყაროს გაცოცხლება მარნეულში

ჟურნალისტი: ბასა მეტრეველი, ,

ფოტოგრაფი: ბასა მეტრეველი

28.12.23

თვითნასწავლი ოსტატი, არმენ ჰოვანისიანი, მშვიდობისთვის თავისი ინსტრუმენტით იბრძვის - თოჯინებით.

,,პატარა რომ ვიყავი, ზღაპრები დიდად არ მომწონდა…  ცოტა გვიან მივხვდი, რომ ზღაპარს შეუძლია ადამიანი ჯადოსნურ სამყაროში დააბრუნოს,” ამბობს 35 წლის არმენ ჰოვანისიანი.

,,გადავწყვიტე თეატრი შემექმნა. იქნებ ამ საყაროში მცირე სიკეთის მოტანა თოჯინებს შეუძლიათ.”

არმენი ეთნიკურად სომეხი ქართველია დაბა შაუმიანიდან (მარნეულის მუნიციპალიტეტი), სადაც მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ: ქართველი სომხები და ქართველი აზერბაიჯანელები.

არმენმა თეატრის გაცოცხლება ერთი ჩემოდნით დაიწყო. Მისი მთავარი მიზანი იყო ისეთ ხალხთან მიეტანა კულტურა, რომელიც არც სპექტაკლებით და არც კინოთია განებივრებული. თავისი თოჯინებით სოფელ-სოფელ მოგზაურობს და ამ სპექტაკლებით სომხურ კულტურას აცნობს ადგილობრივებს. 

„პატარა რომ ვიყავი, ველოდებოდი, რომ ერთ დღესაც თეატრი ჩვენს სოფელშიც მოაღწევდა, მაგრამ არასოდეს მოსულა“, იხსენებს არმენი.

„როცა მივდივარ, გავხსნი ჩემოდანს, საიდანაც ჰოვანეს თუმანიანი [სომეხი პოეტი ] და მისი გმირები აღმოცენდებიან, ან ფარაჯანოვი (კინორეჟისორი), ზღაპარიც იწყება…  ბავშვს, რომელიც თოჯინებთან თამაშით იზრდება,  განსხვავებული შინაგანი სამყარო უვითარდება. Სულ მგონია ხოლმე რომ ადამიანებს, რომლებსაც ომი უნდათ, ბავშვობაში თოჯინები არ ჰყოლიათ.”

ფოტოგრაფმა ბასა მეტრეველმა რამდენიმე დღე არმენთან ერთად გაატარა და ბავშვებთან ამბის გაზიარების ჯადოქრობა ფოტოებში აღბეჭდა. Chai Khana-სთვის მომზადებულ ფოტოპროექტს დღიურის ფორმა აქვს.

…...
მახსოვს მამა როგორი აღფრთოვანებით მიყვებოდა  და მპირდებოდა, მარიონეტების თეატრში აუცილებლად წაგიყვანო. ეგ დღე არასდროს დამდგარა. მეც არ შემიხსენებია, ინტერესიც დიდად არ მქონდა და ამიტომ, გულიც არ დამწყვეტია.

თუმცა, გამოხდა ხანი და ალან მურის საკულტო კომიქსს “დარაჯებს” (Watchmen) მივადექი. მარიონეტებმა თვითონ შემახსენეს თავი.

,,ის თოჯინა ვარ, თავის სიმებს რომ ხედავს” ("I'm just a puppet who can see the strings”) - ამბობს დოქტორი მანჰეტენი და სამუდამოდ მებეჭდება მეხსიერებაში. მინდა, რომ ეს შთაბეჭდილება სხეულზეც ავსახო, მაგრამ გონებაში ილუსტრაციას ვერ ვხატავ და ვერც ვფიქრობ, ეს ვის შეიძლება ვთხოვო.

სამაგიეროდ, მიხარია, როცა ვიგებ, რომ ნამდვილი თოჯინების ოსტატი, არმენ ჰოვანისიანი მყავს გადასაღები.

დიდი კაცი ჩანს, არტისტული ქუდით. ეტყობა, რომ მთელი გულით აკეთებს თავის საქმეს. სერგო ფარაჯანოვის დიდი მოტრფიალეა. ფარაჯანოვზე, რა თქმა უნდა, მსმენია, მაგრამ მემგონი მისი ფილმები გულისყურით არასოდეს მინახავს. ,,ახლაც თუ არა,  როდისღა?!” - ვფიქრობ ჩემთვის და “საითნოვას” ვრთავ. Მონუსხული ვარ. რომელიღაც სტატიაში ვკითხულობ, რომ ავტორი ფილმის გამოსვლის შემდეგ, ძალიან მალე დაიჭირეს. “აშიკ-ქერიბსაც” ვუყურე. ეს უკვე ციხიდან გამოსვლის შემდეგ გადაუღია. მოკლედ,  მაინც ვერავინ აიძულა ისე არ გამოეხატა სათქმელი, როგორც თავად უნდოდა. 

Არმენს სჯერა , რომ სარკეები მაგიურ აურას ატარებენ, მით უმეტეს, თუ ისინი ძველია. მის სახლში არაერთ საინტერესო სარკეს იპოვით. არმენის სახლი, შაჰუმიანი

3 ივლისი, 2023

მარნეულში დილით ადრიანად ჩავდივარ. არმენი საჯარო ბიბლიოთეკასთან მხვდება და შიგნით შევდივართ.

როგორც მიყვება, დღეს მოსწავლეების ორი ჯგუფი ჰყავს: ერთი მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მეორე სოფელ თამარისში. დღევანდელ გაკვეთილზე ბუს თოჯინას შექმნიან. 

“არ ვიცი, დადგება თუ არა ამ ბავშვებიდან რომელიმე ხელოვანი, მაგრამ ის კი ნაღდად ვიცი, რომ ნებისმიერ დარბაზში კარგი მაყურებლები  იქნებიან,”  მეუბნება არმენი.

თვითონ ბავშვები აღფრთოვანებულები ჩანან. როგორც გავიგე, თავიანთი წარმოდგენისთვის ემზადებიან: “მარნეულის ახალი ამბები”, ასე დაარქვეს სპექტაკლს. თოჯინებს რეგიონში არსებულ პრობლემებზე აალაპარაკებენ, ამინდის პროგნოზზეც მათ შორის.

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა, არმენი ბავშვებს თოჯინების შექმნას ასწავლის.

არმენს თავისი წარმოდგენა აქვს წინ, რომელიც მარნეულის კულტურის სახლში იმართება. პიესაში ერთ-ერთი თოჯინა მისი პროტოტიპია. ჰარუკი ჰქვია და თოჯინების თეატრი აქვს.

”თეატრი თეატრში… ნამეტანი ჩაგიხლართავს. მემგონი, ამჯერად ზედმეტი მოგივიდა.” -  კომენტარისგან თავს ვერ იკავებს ბიბლიოთეკარი.

თამარისში მეორე გაკვეთილის შემდეგ, არმენი თავის სახლში, შაუმიანში მეპატიჟება სტუმრად. 

მეც მეტი რა მინდა, ზუსტად ამისთვის არ ჩამოვედი აქ?!

არმენის სახლი, შაუმიანი. ეზოში სკამი ძველი თბილისური ტრადიციით აქვს გაფორმებული

ოთახები სავსეა ნაირ-ნაირი თოჯინებით, მარიონეტებით, ხელნაკეთი ნივთებთ, ნახატებით. ყველა შესაძლო წერტილიდან სხვადასხვა თვალი მიმზერს.

ფოკუსის გასწორება მიჭირს: კამერისაც და საკუთარი თვალისაც. თითქოს ყველა მე მიყურებს. რთული ყოფილა ყურადღების ცენტრში ყოფნა…მაგრამ, მემგონი, ზუსტად ეს არის, რის გამოც ფოტოგრაფობა მინდოდა: ისეთ ადგილებში შემეყო გრძელი ცხვირი, სადაც კამერა რომ არა, შეიძლება ძალიან რთულად, ან საერთოდაც ვერ მოვხვედრილიყავი.

მაგიდა, ჯადოსნური მუსიკალური ყუთი,  და ყველაფერი, რასაც ფოტოზე ხედავთ, არმენის ხელით არის შექმნილი. არმენის სახლი, შაუმიანი

სახლის ინტერიერი პატრონის შინაგანი სამყაროს  განსხეულებაა. Ჩემ თვალწინ უცებ ცოცხლდება მე-19, მე-20 საუკუნეების მულტიკულტურული კავკასიის რეგიონი, როცა სხვადასხვა ეთნოსისა და მრწამსის ადამიანი მშვიდობიანად თანაცხოვრობდა და სრულიად უნიკალურ კულტურას ქმნიდა.

საშობაო მინიატურა არმენის მისაღებ ოთახში. არმენის სახლი, შაუმიანი

ერთ-ერთი სარკის ანარეკლში, თაროზე, ნიკო ფიროსმანს ვპოულობ, რომელიც  როგორც ჩანს განსაკუთრებით უყვარს არმენს. 
და სარკეები..  სარკეები.. Სარკეები ყველგან…

,,სარკეები რაც უფრო ძველია, მით უფრო ჯადოსნური და მაგიურია. შეგიმჩნევიათ? Ზღაპრებიც ხო ასეა? ოღონდ, ჩემი ზღაპრები დიდებისთვისაც არის. დიდებსაც სჭირდებათ ზღაპრები.” 

14 ივლისი, 2023 - “აისიას” პრემიერის დღე

„აისიას“ რეჟისორი - ტატო გელიაშვილი მსახიობებს სპექტაკლის  დაწყებამდე უკანასკნელ მითითებებს აძლევს.
მარნეულის კულტურის სახლი

კარი იხსნება. Მე მანამდე ვახერხებ დარბაზში შესვლას, სანამ მაყურებელი შემოვა. Მაყურებლები ბავშვები არიან, მხოლოდ რამდენიმეს ჰყავს მშობელი მოყოლილი.
შუქი ქრება, ფარდა იხსნება და ყურადღებას ულამაზესი სცენოგრაფია და მარიონეტები იპყრობენ.

Სანამ სპექტაკლი დაიწყება, ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები ადგილებს ირჩევენ. Ყველა თოჯინა არმენის შექმნილია. მარნეულის კულტურის სახლი.

Სპექტაკლში მოქმედება სოფელ ,,აისიაში” იმართება, რომელსაც  ამომავალი მზის სახელით იცნობენ. ეს სოფელი ბედნიერად თანაცხოვრების ადგილია: ადამიანები განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობით და მსოფლმხედველობით ერთმანეთის მხარდამჭერები არიან.

Ნაწყვეტები სპექტაკლიდან ,,ჰარუკი’’, არმენის  პროტოტიპი და მისი მინიატურების თეატრი

Მონუსხული ვუყურებ სცენას. ვამჩნევ, რომ ყველაფერი დიდი სიყვარულით არის შექმნილი. მხოლოდ სადღაც სპექტაკლის შუაში ვხვდები, რომ პირველად ვესწრები მარიონეტების წარმოდგენას  და  მამის ნაცვლად, აქ ჩემმა კამერამ მომიყვანა. Შესაძლოა, ზუსტად ეს არის კამერის ჯადოსნობაც: გადაღების პროცესში ხვდები, რომ შემთხვევითი არაფერია და  რასაც იღებ, შენს თავზე უფრო ბევრს გიყვება, ვიდრე კამერის ობიექტივში ასახულ ობიექტებზე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ თოჯინების სპექტაკლს პირველად მარნეულში ვნახავდი. Ჩემს შვილსაც აუცილებლად წამოვიყვან. უკვე ვიცი, რამდენ კითხვას დამისვამს.

Სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მსახიობები მშვილდს იღებენ 
მარნეულის კულტურის სახლი.

წარმოდგენის შემდეგ, არმენს სახლში წაყვანას ვთავაზობ. გზაში ვუმხელ, რომ ასეთ სპექტაკლს ნამდვილად არ ველოდი და აღფრთოვანებული ვარ. Შექებაზე იმორცხვებს და მეუბნება, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ისევ თავისთან მეპატიჟება, მაგრამ ამჯერად უარს ვეუბნები, ბავშვი მყავს ბაღიდან გამოსაყვანი და უნდა მივუსწრო. Როცა ჩემი შვილის სახელს - ნერსე - იგებს, სიხარულს ვერ მალავს. 

- ნერსეს შნოჰარლი, ალბათ იცი, ვინც არის, ხომ?

- რა თქმა უნდა, არ ვიცი. თან ცოტა მრცხვენია ამის აღიარება. ამ კაცმა ჩემი შვილის სახელზეც კი ჩემზე მეტი იცის. Შემეძლო, ერთხელ მაინც დამეგუგლა.

- მეთერთმეტე საუკუნის უაღრესად ცნობილი სომეხი ღვთისმეტყველი, პოეტი, მწერალი და ჰიმნების ავტორია. წმინდანად არის შერაცხული არამარტო სომხური, არამედ კათოლიკური ეკლესიის მიერაც,” მიხსნის არმენი.

ვპირდები, რომ ახლა მაინც დავგუგლავ და შემდეგ წარმოდგენაზე მასთან ერთად ჩამოვალ.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია