დაბრუნება| ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის წარუმატებელი მცდელობები

ავტორი: სოფიო შარაძე
17.10.22
გამოცემა: მომავალი
თემა:

გასული ათწლეულის განმავლობაში, ციხის რამდენიმე ეტაპიანი რეფორმის შედეგად, ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას მოჰყვა სარეაბილიტაციო პროგრამებიც. თუმცა, ყოფილი პატიმრები და ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ არც საკმარისი რესურსი და არც მექანიზმი არსებობს საიმისოდ, რომ პატიმრებს რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში დაბრუნების რეალური შანსი ჰქონდეთ.

“სარეაბილიტაციო პროგრამები ციხეშიც იყო, მაგრამ რადგან მონაწილეობას არავინ გავალდებულებდა, არ ჩავერთე,”იხსენებს თამაზ გოგოლაძე, ყოფილი პატიმარი, რომელსაც ახლა საკუთარი ბიზნესი აქვს.

ყოველ დღე გათავისუფლებაზე ვფიქრობდი და მხოლოდ ამაზე ვიყავი კონცენტრირებუბლი.”

თამაზი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით პატიმარს შორის, რომელმაც უარი თქვა ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელსაც საპატიმროშივე სთავაზობდნენ. სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2021 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 235 პატიმრისთვის შემუშავდა ინდივიდუალური გეგმა, რაც ქვეყანაში, ჯამში, 9203 პატიმრის 3.2%-ია. 

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე გვეუბნება, რომ პროგრამების რაოდენობა რეალურად ცოტაა, მაგრამ სისტემის მხრიდან არც წამახალისებელი სამუშაოები ტარდება იმისთვის, რომ მეტი პატიმარი ჩაერთოს პროგრამაში. თავად პატიმრები მიზანს და სარგებელს ვერ ხედავენ.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ძალიან მწირია სარეაბილიტაციო ღონისძიებები. პანდემიის პერიოდში, პატიმრებს სერვისებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. თუმცა, რეგულაციების მოხსნის შემდეგაც, დიდად არაფერი შეცვლილა. პატიმარი, რომელიც პროგრამაში ერთვება, მისი გათავისუფლების ვადები ხელახლა არ განიხილება და არც სხვა სარგებელს იღებს. ამიტომაც ინტერესი არ აქვთ.”

არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ თავმჯდომარე - ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიმარი თანახმაა, პროგრამის სრულფასოვნად მუშაობისთვის საკმარისი სოციალური მუშაკები არ გვყავს.

ჩვენ ისეთი პენიტენციალური სისტემა უნდა გვქონდეს, რომელიც ნამდვილად პატიმრის რესოციალიზაციისკენ იქნება მიმართული. ეს პროცესი საპატიმროშივე უნდა დაიწყოს და ცხადია,  გათავისუფლების შემდეგაც გაგრძელდეს,”ამბობს ტატო და იმ ფაქტსაც აღნიშნავს, რომ პატიმრების უმრავლესობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის შემდეგ წარმატებას იშვიათად აღწევს. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნანა ქორიძე ამბობს, რომ პატიმრებისთვის არაერთი მომსახურებაა ხელმისაწვდომი, დაწყებული ფსოქოლგიური მხარდაჭერიდან, განათლებითა და დასაქმებით დამთავრებული.  

“ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე პროგრამა გვაქვს პატიმრებთან; გადაჭრით არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ თუკი ისინი ამ სარეაბილიტაციო პროგრამით ვერ ისარგებლებენ, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია შეუძლებელია. ბევრი სხვა პროგრამაც არის, რომელიც პატიმრებს სხვადასხვა ღონისძიებაში რთავს.”

ქელბაქიანი ბევრ ფაქტორს ასახელებს, რაც ამ პროგრამის წარუმატებლობას შეიძლება განსაზღვრავდეს, თუმცა მათ შორის, სოციალური მუშაკების სიმწირეს ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს. 

ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ სისტემაში მომუშავე  სოციალური მუშაკების მოტივაცია, მწირი ხელფასის გამო, იმდენად დაბალია, რომ დოკუმენტაციის წარმოების გარდა, მეტის გაკეთების სურვილი არც აქვთ.

ნანა ქორიძეც თანხმდება იმაზე, რომ სისტემას მეტი სოციალური მუშაკი სჭირდება. “მათი სიმცირის გამო, შეუძლებელია მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. ამიტომაც გვყავს პროგრამაში ცოტა პატიმარი.”

ყოფილი პატიმარი ავთანდილ ხითარიშვილი, რომელიც ქსნის დაწესებულებაში რვა წელი იხდიდა სასჯელს, ხის კვეთის სასწავლო პროგრამაში ჩაერთო. შვიდი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეხვდა სოციალურ მუშაკს. 

ციხეში ყოფნის დროს ერთხელ დამეხმარნენ კატალოგის გამოქვეყნებაში. უნიკალური კატალოგია, 86 არტეფაქტს მოიცავს. ამის შემდეგ, სამწუხაროდ, სოციალურ მუშაკთან ან სხვა სპეციალისტთან კომუნიკაცია აღარ მქონია.”

ხითარიშვილი ამ ცოდნას დღესაც იყენებს და ეკლესიებისთვის ორნამენტებსა და ფიგურებს ტვიფრავს.

ორგანიზაციები, რომლებიც ყოფილ პატიმრებთან მუშაობენ, მიუთითებენ, რომ პროგრამას მონიტორინგის მექანიზმიც სუსტი აქვს. ეს კიდევ უფრო ართულებს პატიმრების დარწმუნებას იმაში, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ისინი ინტეგრირებულები იქნებიან საზოგადოებაში, მხარდაჭერას იგრძნობენ და დასაქმდებიან.

“როცა ციხე დავტოვე, იუსტიციის სახლში მივედი, ციხეში სოციალური მუშაკისგან ვიცოდი, რომ არსებობდა პროგრამა, რომელიც გარდა ფსიქოლოგიური, სამართლებრივი და სამედიცინო დახმარებისა, ყოფილ პატიმრებს დასაქმებაშიც ეხმარებოდა,  საკონსულტაციო შეხვედრებს უწყობდნენ ბიზნესის წარმომადგენლებთან, დასაქმების საიტებზე არეგისტრირებდნენ, განაცხადს ავსებინებდნენ. მეც მინდოდა ამ პროგრამით დაფინანსება მიმეღო. მაგრამ, საერთოდ ვერ გავაგებინე რაზე ველაპარაკებოდი. პროგრამის შესახებ მემგონი არაფერი იცოდნენ,”იხსენებს ავთანდილი.

პროგრამა 2012 წელს იუსტიციის სამინისტრომ შექმნა და მთლიანად ყოფილ პატიმრებზე იყო ფოკუსირებული; მიზნად ისახავდა მათ საზოგადოებაში დაბრუნების ხელშეწყობას და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის მინიმუმადე შემცირებას. წლების განმავლობაში პროგრამა საქართველოს მასშტაბით გაფართოვდა. 2020-2021 წლებში ყოფილ პატიმრებთან სამუშაოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ორგანიზაცია “ტოლერანტი” შეირჩა. 

ყოფილმა პატიმარმა თამაზ გოგოლაძემ როგორც კი პროგრამის შესახებ გაიგო, დახმარებისთვის ორგანიზაციას მიაკითხა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ თამაზმა, სხვა პატიმრებთან ერთად, ბევრი ახალი უნარ-ჩვევა შეიძინა.  მათ შორის ისწავლეს, როგორ იწერება ბიზნეს გეგმა, როგორ ივსება და შეგაქვს განაცხადი დაფინანსებაზე. 

სამწუხაროდ, არც ერთი პატიმრის იდეას არ მიუღია სახელმწიფოს დაფინანსება. პროგრამის ხანმოკლე პერიოდის გამო, ორგანიზაციამ 538 გათავისუფლებული პატიმრიდან, მხოლოდ 20 ყოფილ პატიმართან შეძლო მუშაობა,”ამბობს ცირა. 

“მთავრობას, რეალურად, ფინანსური რესურსი ყოფილი პატიმრების დასახმარებლად აქვს, უბრალოდ, მათი სტრატეგია არ არის კარგი,” გვეუბნება ნანა გოგოხია,  კიდევ ერთი სარეაბილიტაციო პროექტის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” კოორდინატორი. პროგრამა 2017-2020 წლებში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. პროექტს უშუალოდ ახორციელებდა  Hilfswerk International-ი და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია - თანხმობა

“საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რას აკეთებ, მთავარია, როგორ აკეთებ. მაგალითად, ჩვენი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, განათლების სამინისტრომ პრობაციონერებისთვის დააფინანსა პროფესიული გადამზადების სამსახური. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა მოგეჩვენოთ, სამინისტრომ არაფერი იცოდა ამ პროგრამის შესახებ.  600-მა პირობით მსჯავრდებულმა გაიარა ეს პროგრამა. ჩვენც შევიტანეთ წვლილი. დავაფინანსეთ ტრანსფერი, ერთჯერადი კვება. სახელმწიფოს დღეს თავისუფლად შეუძლია პროგრამა განავითაროს. მაგალითად, მოელაპარაკოს სხვადასხვა უწყებას სტაჟირებაზე. განათლების სამინისტროს, სინამდვილეში, ჰქონდა და დღესაც აქვს პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყენოს ის უფრო ეფექტიანად,”ამბობს ნანა გოგოხია.

ყოფილ პატიმრებს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამებიც დაეხმარათ სამსახურის მაძიებელთა პორტალებზე დარეგისტრირებულიყვნენ და ვაკანსიები ეპოვათ. “თუმცა, 20 ყოფილი პატიმრიდან სრულ განაკვეთზე მხოლოდ ორი დასაქმდა,”ამბობს მესხიშვილი. 

გათავისუფლების შემდეგ, სამსახურის პოვნა ძალიან გაუჭირდა ავთანდილ ხითარიშვილსაც.

“ბოლოს ცირა მესხიშვილთან მივედი. ის იყო ერთადერთი, ვინც მომისმინა და თან მეთვალყურეობაც გამიწია.”

ამ დროისთვის, სამწუხაროდ, მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა უკვე დასრულებული იყო, ამიტომ შეზღუდული რესურსების პირობებში, ავთანდილმა სამსახური ვერ იპოვა.

გათავისუფლების შემდეგ, სამსახურის ძებნის პროცესში მივხვდი, რომ ყველა კომპანია კადრებით უკვე შევსებული იყო. ამიტომაც, ჩემს თავს დავპირდი, რომ ხელობას ვისწავლიდი და ჩემს თავს მე თვითონ დავასაქმებდი. საქმე მექნებოდა და ფინანსურადაც არავის ჩამოვეკიდებოდი,”ამბობს ავთანდილი.

ნანა გოგოხია ამბობს, რომ ავთანდილის გამოცდილება გამონაკლისი არ არის. კერძო კომპანიები საქართველოში ძალიან ერიდებიან ყოფილი პატიმრების სამსახურში აყვანას. 

საზოგადოება მათ არ ენდობათ; ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ. ამის გამო, ყოფილ პატიმრებს სულ ბრძოლა უწევთ და იმის მტკიცება, რომ თუ ერთხელ დანაშაული ჩაიდინეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში მეორე შანსს აღარ იმსახურებენ.”

გოგოხიას თქმით, პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სერვისები ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ადგილობრივმა ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს ამ პროგრამების შინაარსი, რომ ყოფილ პატიმრებს დახმარების მიღება მაშინ შეეძლოთ, როცა დასჭირდებათ.

“თუ მათ ადგილზე არაფერი დახვდათ, ალბათობა იმისა, რომ განმეორებით დანაშაულს ჩაიდენენ და ისევ ციხეში აღმოჩნდებიან, დიდია.”

მიუხედავად იმ უნარებისა, რაც ავთანდილ ხითარიშვილმა ციხეში ყოფნის დროს შეიძინა, მას ცხოვრების ხელახლა დაწყება დაფინანსების არქონის გამო ძალიან გაუჭირდა. 

სოფელში დიდი ნაკვეთი მაქვს. იმედია, ერთხელაც იქ ჩემს სახელოსნოს ავაშენებ. ვარ თუ არა სრულად ინტეგრირებული საზოგადოებაში? მემგონი, კი. მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, 8 წელი ციხეში ცოტა არ არის!”


სტატია მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და Chai Khana-ს პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია