ინდივიდუალური ინიციატივების იმედად დარჩენილი მიუსაფარი ცხოველები

ავტორი: გიგა ბერუაშვილი
03.04.24

ბოლო ექვსი წელია დათო დიდებაშვილი თბილისში უსახლკარო ძაღლებისთვის პატარა სახლებს აშენებს. პირველად ის 2018 წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა შთააგონა და ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როცა დედაქალაქში და მთელ ქვეყანაში ქუჩაში დარჩენილი ცხოველების რიცხვმა დრამატულად მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცით, ზუსტად რამდენი ცხოველია პატრონის გარეშე დარჩენილი, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის  Mayhew International-ის მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ ეს ციფრი დაახლოებით ნახევარი მილიონია. მათგან 30 150 თბილისშია. ეს კვლევა  2023 წლის თებერვალში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.

[Facebook Page] - Animal Project /პროექტი ცხოველებისთვის

სტატისტიკასთან ერთად, იზრდება მოსახლეობის შეშფოთებაც. ეროვნულ დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) 2023 წლის კვლევა აჩვენებს, რომ 2068 რესპონდენტიდან 68%-ისთვის უსახლკარო ძაღლები სერიოზული პრობლემაა. 

მთავრობის პასუხი, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, ფრაგმენტულია. 2015 წელს თბილისში შეიქმნა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომელიც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამას ახორციელებს. თუმცა, მათი რესურსები და მანდატი შეზღუდულია. კიდევ უფრო ნაკლები რესურსია რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში. ზოგიერთს სტერილიზაციის შესაძლებლობაც კი არ აქვს.

ბოლო რამდენიმე წელია აქტივისტები და სხვადასხვა სათემო ჯგუფი ამ ხარვეზის გამოსწორებას საერთო ძალებით ცდილობენ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური Animal Project-ი 2020 წელს, ფეისბუქის საერთო ჯგუფით დაიწყო. იმ დროს, როცა ქვეყანაში პანდემიის გამო სრული იზოლაცია გამოცხადდა. გადაადგილების მკაცრ შეზღუდვასთან ერთად, დაიკეტა რესტორნებიც. ცხოველები, რომლებიც ღამეს რესტორანში ათევდნენ და საჭმელსაც იქ აჭმევდნენ, სრულიად უპატრონოდ დარჩნენ.  ,,ჩვენმა მეგობარმა ქეთი ორაგველიძემ ფეისბუქის ცალკე ჯგუფში შეგვკრიბა ცხოველთა მოყვარული ნაცნობ-მეგობრები, დაახლოებით 50 კაცი და იკითხა, რა შეიძლება მათ დასახმარებლად გავაკეთოთო,” იხსენებს ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის თანადამფუძნებელი.

საბოლოოდ, 8-9 ადამიანი დარჩა, რომელიც საქმეს შეუდგა. ფეისბუქზე ჯგუფი შექმნეს ,,მარტოდ დარჩენილი ცხოველებისთვის,” რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწვდინათ ხმა და მეტი ფული შეეგროვებინათ იმ აქტივობებისთვის, რომლებიც დაგეგმეს. ,,ფულის მობილიზება დავიწყეთ და შევაგროვეთ კიდეც. მედიაც დაინტერესდა, გაგვაშუქა და სხვა მოხალისეებიც შემოვიკრიბეთ რეგიონებიდან,”ამბობს ნათია. ამ ხალხის ჩართვა გადამწყვეტი აღმოჩნდა თურმე, რადგან პანდემიის გამო, რეგიონებს შორის გადაადგილებაზე ჯერ კიდევ შეზღუდვები მოქმედებდა.

რადგან საქმე წარმატებით დაიწყეს, ჯგუფის შემქმნელებმა: ნათიამ, დათომ, ნინი ონიაშვილმა და მარიამ ცერცვაძემ გადაწყვიტეს თავიანთი სამუშაოსთვის ფორმალური სახე მიეცათ და ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს. მათი მიზანი იყო უფრო დიდი როლი ეთამაშათ მიუსაფარ ცხოველთა დაცვის პოლიტიკის ადვოკატირებაში და ხალხში ცნობიერების ამაღლებაზე. 

 

[Facebook Page] - Animal Project /პროექტი ცხოველებისთვის

,,რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მე გამიმართლა, რომ ჩემი სამსახური ძალიან მიწყობს ხელს. არც დაგვიანებაზე მაძლევენ შენიშვნას და ადრეც შემიძლია გავიდე ხოლმე. მაგრამ დიდი ენერგია მიაქვს,” ამბობს დათო. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უსახლკარო ძაღლებისა და კატების მთავარ პრობლემად ქუჩაში სასტიკ მოპყრობას ასახელებენ ხოლმე, ცხოველთა გადარჩენა Animal Project-ის გუნდის მთავარი მიზანი არ ყოფილა. მათი მთავარი ამოცანაა მოიზიდონ სახსრები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიუსაფარ ცხოველთა გადარჩენაზე ზრუნავენ. ასევე, იმუშაონ მთავრობასთან, რომ ეს პრობლემა სისტემურად მოგვარდეს.

,,ჩვენი მიზანი იყო ქუჩაში დარჩენილ ცხოველებს დავხმარებოდით ან სამედიცინო კუთხით, ან საჭმლით, ან თავშესაფრით. გვინდოდა, რომ მათთვის ქუჩაში ცხოვრება ცოტათი მაინც გაგვეადვილებინა.  უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი, უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების რიცხვი შეგვემცირებინა,” გვიხსნის დათო.

Animal Project-ის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რომელსაც ახლა უკვე ყოველწლიურად ატარებენ, არის -  ,,იგრძენი სიყვარულის ძალა.”  ამ დღეს ისინი ორგანიზებას უწევენ ქუჩიდან და თავშესაფრებიდან ძაღლების გაშვილებას. ასევე აწყობენ გამოფენას. მაგალითად, შესანიშნავ მეტისთა გამოფენა, რომელიც ჯიშიანი ძაღლების გამოფენების ერთგვარი შარჟია. აქ ნახავთ ნომინაციებს, როგორიცაა: ,,ვინ ჰგავს პატრონს ყველაზე მეტად?!’’ ,,ყველაზე მოკლე,” ,,ყველაზე გრძელი…” მართავენ ფოტოგამოფენასაც: ,,მეტისები გაშვილებამდე და მას შემდეგ.”

[Facebook Page] - Animal Project /პროექტი ცხოველებისთვის

Animal Project-ის ჯგუფი ხშირად ატარებს ცხოველთა სტერილიზაციის მხარდასაჭერ კამპანიებს. ,,კატებზე ზრუნვის ზამთარი,” ერთ-ერთი მათგანია, რომლის ფარგლებშიც, 120 კატას ჩაუტარდა სტერილიზაცია.

Animal Project-ის ძირითად საქმიანობას აფინანსებს ,,მეამა”(ქართული ყავის კომპანია). მის გარდა, სხვადასხვა კერძო კომპანიისგანაც მიუღიათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება. მაგალითად, ,,ბოლტმა” უსახლკარო ძაღლებისთვის დამატებით 10 სახლის აშენება დააფინანსა. ამ დრომდე, ჯამში, 60 სახლამდე არის უკვე აშენებული.
,,ყველაზე ხშირად მოქალაქეები უბანში თავშესაფრის აშენებას გვთხოვენ ძაღლებისთვის. გვწერენ მონაცემებსაც: ზომას, საჭიროებებს. ვუშენებთ და მერე პასუხისმგებლობაში ვაბარებთ განმცხადებელს, რომ არავინ მოიპაროს, ან დააზიანოს,”ამბობს ნათია.

[Facebook Page] - Animal Project /პროექტი ცხოველებისთვის

[Facebook Page] - Animal Project /პროექტი ცხოველებისთვის

ყავის კომპანია ,, მეამასგან” მიღებულ ფულად შემოწირულობას ორგანიზაცია აძლევს აქტივისტებს, მოქალაქეებს, სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ცხოველებზე ზრუნავენ. ეს თანხა იხარჯება სამედიცინო მანიპულაციებზე, საკვებზე და სხვა სასიცოცხლო საჭიროებებზე. გარდა ამისა, Animal Project-ის გუნდი დრო და დრო თბილისის სკოლებში ბავშვებისთვის ცხოველთა მოვლაზე საგანმანათლებლო შეხვედრებს ატარებს. ქუჩიდან ძაღლების აყვანისა და გაშვილების კამპანიის ფარგლებში ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთანაც (UN) თანამშრომლობდნენ. Animal Project-ს კიდევ ერთი დამფინანსებელი გამოუჩნდა: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. მათი დახმარებით შეაგროვეს ფული Zero Strays Georgia-სთვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარიამ შეყილაძე, Animal Project-ის ერთ-ერთი წევრი. 

Zero Strays Georgia დაფუძნებულია ზუგდიდში და ცდილობს, უსახლკარო ძაღლები ევროპაში გააშვილოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქუჩიდან ძაღლის აყვანის ძალიან ცოტა მსურველია ევროპის ქალაქებთან შედარებით,  Animal Project-ი ცხოველთა დაცვის ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. 

,,ჩვენთან მიუსაფარი ძაღლების აყვანაზე დიდი მოთხოვნა არ არის, ამ დროს, ევროპაში პირიქითაა. იქ ჩვეულებრივი ამბავია ძაღლების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან წამოყვანა. ომის დროს უკრაინიდან ბევრი ძაღლი გადაარჩინეს. ისევე როგორც ბელორუსიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც,”ამბობს ნათია.

2015 წლიდან მოყოლებული, მარიამმა 120-ზე მეტი ცხოველისთვის იპოვა პატრონი საზღვარგარეთ, საქართველოში კი 150-ზე მეტი ცხოველი დააბინავა. ამის გარდა, ის გაშვილების სისტემის ამუშავებაზე მუშაობს. უკვე ჰყავს 40 ძაღლი, რომელიც 6 მიმღებ ოჯახში ჰყავს განაწილებული. ამ ოჯახებიდან ზოგიერთი სოციალურად დაუცველია და დამატებით შემოსავალს იღებს. 

დათო ამბობს, რომ წლებთან ერთად, საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ ემპათია გაიზარდა.
,,წლების წინ ქუჩაში რომ გამოვედით და უპატრონო ძაღლების გამოკვება დავიწყეთ, მახსოვს ხალხი გვეუბნებოდა, მაგათ ნაცვლად ბავშვებს აჭამეთო. დღეს ისინი ბევრად კეთილგანწყობილები არიან.”

თუმცა, უსაფრთხოების საკითხი დღესაც მთავარ პრობლემად რჩება ქალაქებსა და სოფლებში. მიუსაფარი ცხოველები საფრთხესაც შეიძლება წარმოადგენდნენ, მით უმეტეს, თუ ბევრნი ერთად გადაადგილდებიან. ცხოველებისთვის რისკი იზრდება, როცა მოძრაობა გადატვირთულია; როცა ადამიანები ცენტრიდან გარეუბნებში ინაცვლებენ. გარეუბნები, როგორც წესი, არასასურველი ცხოველების ნაგავსაყრელად იქცევა ხოლმე.

,,ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ჯანმრთელობის პრობლემები და ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკი. ძაღლებმა მოქალაქეებს  შეიძლება შეუქმნან საფრთხე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრნი ერთად არიან და საკბენად იწევენ,”ამბობს ნათია.

მდგომარეობა გაცილებით მძიმეა რეგიონებში, სადაც არ არის სტერილიზაციის რესურსი, ან საერთოდ არ არსებობს ცხოველთა პოპულაციის კონტროლის სხვა ღონისძიებები. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად რაჭაში, ცხოველს ოპერაციას საერთოდ ვერ უკეთებენ. არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. როგორც ნათია ამბობს, იმისთვის, რომ ქუჩაში დარჩენილი ცხოველების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდეს, დედალი ძაღლების მინიმუმ 70%-ს სტერილიზაცია უნდა ჩაუტარდეს. სხვა შემთხვევაში, მათი რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. 

ამ პრობლემაზე საპასუხოდ, Animal Project-ი მთავარობასთან კანონმდებლობის დახვეწაზე თანამშრომლობს, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესს და პატრონთა პასუხისმგებლობებს შეეხება. 

[Facebook Page] - Animal Project /პროექტი ცხოველებისთვის

,,ჩვენ ჩართულები ვართ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელზეც მმართველი პარტია 2022 წლიდან მუშაობს. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენი შენიშვნები და გასათვალისწინებელი ცვლილებები მოისმინეს და ჩვენდა გასაკვირად, კარგად მიიღეს,” ამბობს ნათია.

შინაური ცხოველების პოპულაციის სამართავად კანონმდებლობა მრავალმხრივ მიდგომას იყენებს, მათ შორის, სავალდებულო რეგისტრაციას და მკაცრ ჯარიმებს ცხოველის მიტოვების შემთხვევაში. კანონის მიღება 2024 წლის ივნისში იგეგმება, პარლამენტში მოსმენებისა და პრეზენტაციების შემდეგ.

ნათია ამბობს, რომ ამ კანონის წარმატების გასაღები მისი ეფექტიანი ამოქმედება იქნება. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მასშტაბით, ქუჩაში დარჩენილი/უპატრონო ძაღლების აღრიცხვა მოხდეს.
,,ხალხის ინფორმირებისთვის ყველაზე კარგი იქნება, რომ მთავრობამ დაიწყოს უკვე საკომუნიკაციო კამპანია, რომლითაც კანონის ინტერპრეტაციის რისკებს თავიდან აიცილებს. კანონის გარდა, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, სად წავიდნენ და ვის მიმართონ, როცა დახმარება სჭირდებათ. იქნება ეს ცხოველზე ძალადობის შემთხვევის შეტყობინება, თუ სხვა რამ.”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია