ისე დავიბენი, რომ ადგილზე გავქვავდი | სექსუალური შევიწროების შემთხვევები ტაქსიში

ავტორი: გიგა ბერუაშვილი
30.11.23
თემა: ქალები

“Საღამო იყო, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ავტობუსში პრაქტიკულად არავინ იჯდა, სკამები ცარიელი იყო. ერთი კაცი ზუსტად იმ გაჩერებაზე ამოვიდა, როცა ჩემი მეგობარი ავტობუსიდან ჩავიდა და გვერდით მომიჯდა,”იხსნებს ქეთი, რომელიც ახლა სტუდენტია. ქეთის შოთა რუსთაველის ნახატი ეჭირა ხელში, რომელიც ხელოვნების გაკვეთილზე დახატა. ,,მკითხა ვინ არის დახატულიო და თან ფიზიკურ შეხებაზე გადავიდა, ხელები მუხლებზე დამადო. შიშისგან გავიყინე, მაგრამ მომდევნო გაჩერებაზევე ჩასვლა კი შევძელი.” უცნობი კაცი ქეთის აედევნა. ,,შემეშინდა, რომ სახლამდე გამომყვებოდა, ამიტომ საპირისპირო მიმართულებით გავიქეცი.”

ამ შემთხვევას ქეთი თვეები ვერ იგდებდა თავიდან. ,,ჯოჯოხეთი იყო, მარტო არსად წასვლა აღარ მინდოდა. Სახლშიც ვერავის მოვუყევი, ახლაც არ ვიცი, რატომ… არც ვიცოდი, რა გააკეთა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რაც გააკეთა, არასწორი იყო,”ამბობს ქეთი.

,,ზოგადად, რთულია სექსუალური შევიწროების იდენტიფიცირება. განსაკუთრებით, არასრულწლოვანებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა ხდება.”

ამის შემდეგაც, ქეთი ხშირად ხედავდა ამ კაცს მგზავრობისას. ყოველ ჯერზე, როცა ის ავტობუსში ადიოდა, ქეთი მეორე გაჩერებაზე ჩადიოდა, რომ რამე ინციდენტი თავიდან აერიდებინა. ,,დღესაც კი, როცა ამ ავტობუსს ვხედავ, თავს უხერხულად ვგრძნობ. აღარ მეშინია, მაგრამ დისკომფორტი სულ მაქვს.”

Bankwatch-ის მიერ 2022 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხული 382 ქალიდან 35%-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სექსუალური ხასიათის შევიწროება გამოუცდია. უმრავლესობა მათგანს ამ შემთხვევაზე არსად განუცხადებია.

Მიუხედავად შემთხვევების სიმრავლისა, სექსუალურ შევიწროებაზე საქართველოში ბევრს არ ლაპარაკობენ, ამიტომ მსხვერპლებს საკუთარი თავის დაცვა ხშირად მარტო უწევთ, ან მხარდაჭერას ონლაინ, სოციალურ ქსელებში ეძებენ.

სარა* ემიგრანტია, რომელიც ოთხი წელია უკვე საქართველოში ცხოვრობს. ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წარსულში სექსუალური შევიწროების გამოცდილებამ.

,,ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად ამ საზიზღრობას/უხამსობას გავმკლავებოდი.”ამბობს სარა ,,ეს ზაფხული მძიმე აღმოჩნდა. იმაზე ფიქრი დავიწყე, რა მაცვია, ვინმეს ზედმეტ ყურადღებას ხომ არ მივიქცევ-მეთქი. ადრე სავარჯიშო ტანსაცმლით მეტროში ჩავდიოდი ხოლმე, მაგრამ ახლა აღარ ვიცვამ. Ძაან მაშინებს, თუ ვინმე კაცმა მეტროში გამაჩერა და ლაპარაკი დამიწყო.

Მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, სექსუალურ შევიწროებაზე საქართველოში, განსაკუთრებით საჯაროდ, მაინც ნაკლებად ლაპარაკობენ.

Სარა ერთ ინციდენტს იხსენებს ავტობუსში, როცა უცნობი მამაკაცი დაჟინებით მიაშტერდა. ,,ისეთი უსიამოვნო იყო, მაგრამ ვერ ჩავედი ავტობუსიდან, ხალხით გაჭედილი იყო.” როცა ამ კაცის ავტობუსიდან ჩასვლის დრო მოვიდა, ფიზიკურადაც შეეხო. ,,გაჩერებაზე ვითომ შემთხვევით მომეჯახა და ბუტბუტებდა: ლამაზი ხარო. ისე გავნერვიულდი, ტირილი დავიწყე.” სარამ მაინც იპოვა თავის თავში ძალა და დაუყვირა: ,,არადა, არ მახასიათებს ეს ქცევა, მაგრამ საკუთარი თავით ახლაც ვამაყობ, რომ ეს შევძელი.” სარამ მხარდაჭერა ავტობუსში ვერავისგან იგრძნო. Პასუხად მხოლოდ დუმილი და თვალისმომჭრელი მზერა მიიღო. არდა, როგორც ამბობს, თანაგრძნობა სჭირდებოდა. 

Სხვა შემთხვევის დროს კაცი აედევნა, დაჟინებით სთოხვდა პაემანზე გაყოლას. Სარამ თავი ახლომდებარე რესტორანს შეაფარა. ,,ოფიციანტებმა გარეთ გაიყვანეს და კარი ჩაუკეტეს, რომ ვეღარ შემოსულიყო. იმ ღამეს მათ გადამარჩინეს.”

Ბოლტის ტაქსის მძღოლებთან რამდენიმე საშინელი გამოცდილების შემდეგ, სარამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გადაწყვიტა. ის გამონაკლისი არ არის. ემილიც* ემიგრანტია. Ბოლტის სატრანსპორტო კომპანიასთან და მძღოლთან მასაც ძალიან უსამოვნო გამოცდილება აქვს. 2023 წლის თებერვალში ბოლტის მძღოლმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აპლიკაციაში მგზავრობა დაასრულა და მანქანა გააჩერა.

,,ძალიან შემეშინდა უცებ მგზავრობა რომ დაასრულა. თითქოს მანქანიდან უნდა ჩამოვსულიყავი. Მაშინ ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობდი, მან კიდე საკმარისი ინგლისური არ იცოდა, რომ გამეგო რას მეუბნებოდა. Მანიშნა, ახლა შენ უნდა მიკარნახო დარჩენილი გზაო.” დანიშნულების ადგილამდე რომ მივიდნენ, მძღოლმა ჰკითხა, მარტო ცხოვრობდა თუ არა. ემილიმ არ უპასუხა.

,,მერე ტელეფონი ამოიღო, WhatsApp-ის ხმოვანი თარჯიმანის დახმარებით ტექსტი წამიკითხა: ძალიან გვიანი რომ არ იყოს, ყავაზე დაგპატიჟებდი.” ემილი მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და მძღოლზე საჩივარი დაწერა. Რამდენიმე დღის შემდეგ ბოლტიდან დაურეკეს. მაშინ გაიგო, რომ კომპანია მძღოლებს სექსუალურ შევიწროებაზე ტრენინგებს არ უტარებს.

,,Მსგავსი გამოცდილებების შემდეგ ვისწავლე, რომ მძღოლებთან ძალიან თავაზიანი არ უნდა ვიყო და ლაპარაკში რაც შეიძლება მალე უნდა ვახსენო ჩემი ქმარი,”ამბობს ემილი. ის არ მოელოდა, რომ კომპანიას ამ ინციდენტზე რეაგირება არ ექნებოდა და პასუხისმგებლობას ვერ იგრძნობდა.

,,მე ხომ არ ვარ ერთადერთი ქალი, ვისაც ეს შეემთხვა. Ბევრი სხვა ქალისგან მომისმენია მსგავსი ისტორია, მათ შორის ჩემს გამოცდილებაზე გაცილებით მძიმეც. Მათაც განუცხადებიათ კომპანიაში, მაგრამ ბოლტს არანაირი რეაქცია არ ჰქონია. Ზოგი ხმამაღლაც კი ვერ ამბობს, იციან, რომ არ დაუჯერებენ.

Ბოლტმა Chai Khana-საც უარი უთხრა ინტერვიუზე. არც წერილობითი განმარტება მოგვწერა ამ ბრალდებებზე. 

ქალებს სექსუალურ შევიწროებაზე საჩივარი აქვთ დაწერილი სატრანსპორტო კომპანია Yandex-ის მძღობელზეც. Სალომე* უნივერსისტეტის სტუდენტია. ცოტა ხნის წინ ძალიან შეეშინდა, როცა Yandex-ის მძღოლმა მგზავრობისას, 10 მილიონი ლარის სანაცვლოდ, გატაცებაზე ეხუმრა. 

Სალომემ ეს ნათქვამი ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ როცა დაინახა, რომ თვითონ მძღოლს არ ეღიმებოდა, მგზავრობა ადრე დაასრულა და ტაქსიდან გადმოვიდა. არ უნდოდა, მძღოლს სცოდნოდა, სად სწავლობდა. ,,თავისი სკამიდან უკან ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა, რა ლამაზი და კულტურული გოგო ხარო,”იხსენებს სალომე. Მალევე დაუკავშირდა კომპანიას და ამ შემთხვევაზე მოუყვა. Yandex-ი დაპირდა, რომ დაინტერესდებოდა და რეაგირებაც ექნებოდა. მას Სამი ლარის ღირებულების კუპონი აჩუქეს. Სალომემ მოგვიანებით გაიგო, რომ ამ მძღოლზე სხვა ქალებიც ჩიოდნენ, თუმცა, ის ამ დრომდე Yandex-ში მუშაობდა.

Სექსუალური ხასიათის შევიწროების შემთხვევებზე უმოქმედობა ადამიანებში შიშის კულტურას კვებავს.

,,რამდენიმე კვირის მერე, ჩემმა მეგობარმა სქრინი გამომიგზავნა Yandex-ის მძღოლზე წარწერით: ამ მანიაკს მანქანაში არ ჩაუჯდეთ,”ამბობს სალომე.

Სალომემ ამ პოსტის ავტორი ნათია* გაიცნო. აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე მძღოლზე ლაპარაკობდნენ.

Ნათია მძღოლთან უცნაურ დიალოგს იხსენებს მას შემდეგ რაც გაიგო, რომ კლუბში მუშაობდა.  ,,ეგ ჩანთა ალბათ ფულით გაქვს სავსე, რამდენს გადაიხდის კლუბის მფლობელი ახლა რომ გაგიტაცო?”

თავიდან ნათია ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობად აღექვა. Მაგრამ ძალიან შეეშინდა, როცა Yandex-ის აპლიკაციამ შეტყობინება გაუგზავნა, თქვენი მგზავრობა გაუქმდაო.

,,ჩემს მეგობარს დავურეკე და ლაპარაკი დავუწყე. მინდოდა სცოდნოდა, რომ ვიღაც მელოდებოდა. Სახლამდე არ მივაყვანინე თავი, უფრო ადრე ჩამოვედი.” სანამ სახლამდე მივიდოდა, ნათია ხედავდა, როგორ გააჩერა იქვე ახლოს მძღოლმა მანქანა და ადგილიდან არ იძვროდა. Მაშინვე კომპანიაში დარეკა და მძღოლზე საჩივარი დაწერა. Ნათიასაც დაპირდნენ, რომ რეაგირება ექნებოდათ და მასაც, სალომეს მსგავსად,  შვიდლარიანი კუპონი გაუგზავნეს.

Chai Khana ინტერვიუსთვის Yandex-ის საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურსსაც დაუკავშირდა. Რამდენჯერმე გაგზავნილი წერილის მიუხედავად, Chai Khana-ს მათგან პასუხი არ მიუღია. 

Როცა ნათია მიხვდა, რომ კომპანიამ არაფერი მოიმოქმედა, ამ მძღოლზე საჯაროდ დაწერა. იქნებ სხვები მაინც ეხსნა. Პოლიციასაც შეატყობინა, მაგრამ ნათიას ვერც ისინი დაეხმარნენ.

,,სერიოზულად არ აღიქვეს რასაც ვეუბნებოდი, ალბათ მოგეჩვენაო, მითხრეს. Როცა გაიგეს, რომ მასზე ინფორმაცია მოვიძიე, კომპანიას მივწერე და საჯაროდაც დავწერე, ხუმრობდნენ, მემგონი ახლა შენ უფრო საფრთხე ხარ მისთვის, ვიდრე ის შენთვისო.

Მოგვიანებით ნათიამ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია ,,საფარს” მიმართა.  ისინი დაეხმარნენ, რომ ამ საქმეს სამართლებრივი ფორმა მისცემოდა. ,,პოლიციის განყოფილების თანამშრომელი ქალები ძალიან ემპათიურები იყვნენ,”ამბობს ნათია, თუმცა რადგან დანაშაულის პირველი შემთხვევა იყო,  მძღოლს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

,,ძალიან გამიკვირდა, ჩემს პოსტს ინსტაგრამზე ამხელა გამოხმაურება რომ მოჰყვა. უამრავი ადამიანი მწერდა და თავის გამოცდილებაზე მიყვებოდა. Მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს კაცი მართლა საფრთხეს წარმოადგენდა. Მით უმეტეს, რომ კომპანიაც პასუხისმგებლობას არ იღებდა,”ამბობს ნათია.

,,ადრე ამ შინაარსის პოსტები რომ მხვდებოდა, ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა ვხვდები, თურმე რა მნიშვნელოვანია ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი.

2019 წლამდე სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს ნამდვილად ვერავინ დაიცავდა, გარდა გარშემომყოფებისა, მხოლოდ მათი მხარდაჭერის იმედად შეეძლოთ ყოფილიყვნენ, რადგან საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობდა. 

2019 წელს მიღებული კანონი მსხვერპლებს იურიდიული დაცვის უფლებას ანიჭებს. კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, პირველად ჩადენილი დანაშაულისთვის, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, 10 დღემდე თავისუფლების აღკვეთას. Მსხვერპლები დანაშაულის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს - 112-ს აცნობებენ და სავარაუდო დამნაშავეზე საქმე რომ აღიძრას, მათ მტკიცებულების სახით - ვიდეო, ფოტო, ან თვითმხილვევის ჩვენება უნდა წარადგინონ.

,,საფარის” იურისტი მარი ვარამაშვილი ამბობს, რომ კანონი ეფექტიანად მუშაობს. Მისი თქმით, თუ მტკიცებულებები არსებობს და დამნაშავე იდენტიფიცირებულია, მაშინ საქმის აღძვრა უკვე შესაძლებელია.

Მაგრამ მარი იმასაც აღნიშნავს, რომ ხშირად ზუსტად მტკიცებულებების შეგროვებაა ძალიან რთული. Მით უმეტეს, როცა სტრესულ მდგომარეობაშია ადამიანი. Პირველი ინსტიქტია, რომ გაიქცე. ფოტოებისა და სამხილების შეგროვებაზე არ გეფიქრება მაგ დროს. თან ბევრი ვერც იაზრებს მაშინვე, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. გაქცევასთან ერთად, Ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი პასუხი სტრესზე ,,გაყინვა” ყოფილა. Ხშირად ადამიანების ნაწილი ამ დროს უბრალოდ ვერაფერს აკეთებს. უმოქმედოა. 

ქეთისაც* ახსოვს, როგორ ელოდებოდა სკოლის წინ ავტობუსს გაჩერებაზე. ვიღაც უცხო კაცი გვერდით დაუჯდა და მასტურბირება დაიწყო. გარშემო მასწავლებლებიც იყვნენ, რომლებმაც ქეთი ამ კაცთან მარტო დატოვეს.

,,რამე მაინც რომ ეთქვათ, თუნდაც ის, რომ ქეთი, ადექი და წადი, გავეცლებოდი. პირიქით, ისე შემომხედეს თითქოს არანორმალური ვიყავი და დამტოვეს. იმ წუთში ისე დავიბენი, რომ ადგილზე გავქვავდი. არ ვიცოდი, რა მექნა. Მადლობა ღმერთს, ავტობუსი მალე მოვიდა და ავედი, გავიქეცი.

გარშემომყოფებისგან მხარდაჭერის ნაკლებობა მსხვერპლისთვის მეორე თავდასხმის ტოლფასია.

ვარამაშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან ბუნებრივი რეაქციაა, განსაკუთრებით ბავშვებში.

,,ზოგადად, რთულია იდენტიფიცირება…ზოგიერთმა არასრულწლოვანმა უბრალოდ არ იცის, რა ხდება. იმას კი ხვდებიან, რომ რაც მათ თავს ხდება ცუდია, საფრთხეში აგდებთ, Მაგრამ საპასუხოდ რა მოიმოქმედონ, არ იციან. არც საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ, ამიტომ ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. იგივეს თქმა შეიძლება ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებიც მსხვერპლები ხდებიან,”ამბობს მარი. 

თვითმხილველების მხარდაჭერის იმედი რომ არ აქვს, ეს მსხვერპლს ძალიან ასუსტებს.

იდა ბახტურიძე, რომელიც ,,ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის თანადირექტორია და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მუშაობს, ამბობს, რომ საქართველოში დღესაც ბევრი გოგო იზრდება სტერეოტიპებით. Მათ ეუბნებიან, რომ ჩუმად უნდა იყვნენ და არ გაამწვავონ სიტუაცია. ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის სექსუალური შევიწროების შემთხვევებისთვის. ,,ოჯახში გოგოებს ეუბნებიან, რომ ხმა არ ამოიღონ, ,კარგი გოგო’ მორჩილი უნდა იყოს; თუ შენზე სექსუალურად იძალადეს, ეს შენ ,ცუდ გოგოდ’ გახასიათებს,” ამბობს იდა ბახტურიძე.

,,რომ წარმოვიდგინოთ, სისტემა ასე მუშაობს: Საზოაგადოება მსხვერპლებს აჩუმებს, მოძალადემ კი იცის, რომ მსხვერპლი ხმას ვერ ამოიღებს. ამას ემატება გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ შენ თავდასხმის სამიზნე გახდი, შენი ბრალია, შენ გამოიწვევდი მოძალადეს, შეიძლება გამომწვევადაც გეცვა. სინამდვილეში,  ეს ძალიან აზიანებს საერთო მდგომარეობას. Ჩვენი ახლანდელი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ ძალიან კვებავს ძალადობრივ კულტურას.”

იდა ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო მაშინ ხდება, როცა მსხვერპლი გაბედავს და ხმას ამოიღებს. Მით უმეტეს, თუ ისინი დანაშაულში ძალაუფლების მქონე კაცს ამხელენ. 

,,ყველა ვხედავთ როგორი დისკუსია მოჰყვება ხოლმე ამას. არადა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეცვა მსხვერპლს, როგორ იქცეოდა, ან როგორი ადამიანია. Მოძალადეს ძალადობის უფლება არც ერთ შემთხვევაში არ აქვს.”

იდა ბახტურიძისთვის ისიც შესამჩნევია, რომ ახალგაზრდა თაობა საკუთარი უფლებების დაცვაში უფრო გამბედავია და სექსუალური შევიწროების შემთხვევებზეც საჯაროდ უფრო მეტად ლაპარაკობენ.

,,წარსულში სრული სიჩუმე იყო. ქალების ბევრი თაობა სიტყვებს ,,სექსუალური შევიწროება’’ ვერც კი წარმოთქვამდა. არც კი ვიცოდით ამ ფენომენზე, ისიც არ ვიცოდით, თუ არსებობდა. ვფიქრობდით, რომ ეს მხოლოდ გოგოების გარკვეულ ნაწილს ემართებოდა და ფართოდ არ იყო გავრცელებული. Მოგვიანებით, როცა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ფართოდ გავრცელებული კი არა, სოციალური მოვლენა/ფენომენი ყოფილა. იმდენად გავრცელებული, რომ ყოველი მეხუთე ქალი ამბობს, რომ მასზე სექსუალურად უძალადიათ.

იდა ბახტურიძისთვის გამოსავალი განათლება და ადამიანების ინფორმირებაა.

,,კანონი, რომელიც საქართველოში გვაქვს, შედარებით ახალია. Პარალელურად, Საინფორმაციო კამპანიებია საჭირო. ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, რადგან მათ ამის რესურსი აქვთ.”

,,ჩვენც უნდა ველაპარაკოთ ჩვენს შვილებს ამ თემაზე და ავუხსნათ…რომ ჩუმად არ იყვნენ; ან ვის შეიძლება მიმართონ, თუკი თავს საფრთხეში იგრძნობენ.  გარანტია ვერ გვექნება, რომ ეს მათ არ დაემართებათ. Სექსუალური შევიწროება ყველგან არის, უბრალოდ, ყველა ჩვენი რესურსით უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას,”ამბობს იდა ბახტურიძე.


*უსაფრთხოების მიზნით, რესპონდენტების სახელები სტატიაში შეცვლილია.


სტატია მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. ზაფხული-შემოდგომა, 2023

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია