8 წლის წინ, თვეების განმავლობაში, ჩემს შვილთან ერთად, მეტროსთან ახლოს, მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობდი. მაშინ გლდანი ჩემთვის სიმშვიდესთან, სიმწვანესთან და იმ დიდ ბაზართან ასოცირდებოდა, სადაც უბნის ყოველდღიურობას ყველაზე მძაფრად შეიგრძნობ.
წლების შემდეგ აქ ფოტოაპარატით ხელში დავბრუნდი, რომ ხელახლა აღმომეჩინა საბჭოთა პერიოდის ურბანული დაგეგმარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი — ე.წ. „საძინებელი რაიონის“ ცხოვრება. თავიდან გამეცნო გლდანი თავისი უზარმაზარი მასივებით, ლიფტებითა და თვითნებური მიშენებებით, სადაც ასობით ოჯახი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.
გლდანი შეცვლილა — თითქოს უფრო გალამაზდა, ქუჩები მოწესრიგდა, ახალი დასასვენებელი პარკები გაჩნდა, საცურაო აუზები აშენდა, კიდევ მოლები და გასართობი ცენტრებიც. გლდანი თავად არის დამოუკიდებელი ორგანიზმი. აქ ადამიანს შეუძლია თვეები ისე იცხოვროს, რომ უბნიდან არც კი გავიდეს. თუმცა, მეტროს მიმდებარე ტერიტორია ისევ ძველ, ნაცნობ ქაოსშია ჩაფლული: მეტროს გამოსასვლელთან ტანსაცმელია გამოფენილი, ხილ-ბოსტნეულის დახლებიც იქვეა, ამას ემატება მშენებლობები გარშემო, მტვერი და ხმაური.
მეტროს ტერიტორიას როგორც კი გასცდები და მიკრორაიონებში შეაბიჯებ, სულ სხვა უბანი გეშლება. განიერ ქუჩებში, კორპუსებს შორის, პარკებსა თუ ეზოებში, ყველგან უზარმაზარ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებს, ბუჩქებს, ხეხილს, ვარდებსა და ხვიარა მცენარეებს დაინახავ. გლდანი, ალბათ, იმითაც გამოირჩევა სხვა უბნებისგან, რომ აქ თითქმის ყველა კორპუსის პირველი სართულის მცხოვრებს შემოღობილი და ათვისებული აქვს მიმდებარე ტერიტორია. ამ ბაღების უმეტესობა მოვლილია — ყვავილები და ნარგავებია გაშენებული, ზოგი კი, პირიქით, ათასგვარი ხარახურითაა გადავსებული. მიუხედავად ამ კონტრასტისა, გლდანი მაინც სიმწვანეშია ჩაფლული.
ამ უბანში ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ყველა ერთმანეთს იცნობს, მეზობლობს და მეგობრობს.
ერთ-ერთი მიკრორაიონის საბჭოთა კორპუსებით გარშემორტყმულ ეზოში ახალგაზრდებს შევხვდი. მათთვის გლდანი სხვა ემოციაა. მიუხედავად უბნის განახლებისა, ამბობენ, რომ ეს სივრცე მათ მოთხოვნებსა და ამბიციებს ვეღარ აკმაყოფილებს; ზოგიერთი ქვეყნიდან წასვლასაც გეგმავს.
ბეტონის შთამბეჭდავ მასივებსა და თვითნაკეთ ბაღებს შორის, გლდანი კვლავაც ინარჩუნებს თავის უცნაურ, ცოცხალ ენერგიას. ჩემი ფოტოაპარატით სწორედ ამ გარდამავალ კვალს ვეძებ — უბნის სიმყუდროვეს, მეტროს ქაოსსა და ახალგაზრდების თვალებში გაჩენილ კითხვის ნიშნებს მომავალზე.
თუ გინდა მიხვდე და გაიგო მართლა როგორია გლდანი, უნდა მოხვიდე! განსაკუთრებული ის არის, რომ საერთოდ რომ არ გასცდე გლდანს, ყველაფერია იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნო თავი. თავისი რესურსი ამ უბანმა ჩემთვის ამოწურა. თინეიჯერისთვის მოლი და სუპერმარკეტი ვერ იქნება საკმარისი.
ნიკა ოსიყმაშვილი, 21 წლის.
ჩემი სახლია გლდანი. მიკრორაიონები აქვს საინტერესო, ჭადრაკის დაფასავით. ა მიკრო არის მხოლოდ ერთი, ბე ან გე არ აქვს. სამეგობრო ხან სახლებში ვიკრიბებით, ხან ჩვენს კორპუსებთან ახლოს სკვერებში. ჩამოსაჯდომი ადგილები არის და არც მოსაწყენია. ამ ბოლო დროს ქუჩის ძაღლებს ვეღარ ვხედავ, მართლა ყველა დაიჭირეს?
გიორგი ჯოლოხავა, 21 წლის.
გლდანი მრავალფეროვანია. ხალხით, რომელიც ისევ ძველ დროშია და ხალხით, რომელიც პროგრესულად აზროვნებს. ამ ორს შორის კომუნიკაცია და ინტერაქცია ჩემთვის საინტერესოა. არქიტექტურაც ასეთი აქვს უბანს. უფრო ზემოთ რომ ადიხარ, შეიძლება ძველი თბილისი გაგახსენოს. ქვემოთ უბნებში ახალ თბილისს ხედავ.
მე მაგალითად, სკოლაში თავისუფლების მოედანზე დავდიოდი. დედაჩემს სულ ვუსვამდი ხოლმე კითხვას, გლდანში ამდენი სკოლაა და თავისუფლებაზე რატომ მაწვალებ-მეთქი. ახლა მივხვდი, რატომაც. მხოლოდ უბნის ბაბლში არ უნდოდა დავრჩენილიყავი. სხვანაირი ჩამოვყალიბდებოდი. სულ გლდანში რომ ვყოფილიყავი, სხვა ინტერესები მექნებოდა.
ნიკა ბირბიჩაძე, 20 წლის.
გლდანის მნიშვნელოვანი ნაწილია კედლის წარწერები, სულ რომ არაფერი იცოდე გლდანზე და ქუჩაში სეირნობისას კედლებზე წარწერები წაიკითხო, თავადაც მიხვდები, რომ მართლა ყველა ტიპის ადამიანი ცხოვრობს აქ. ჩემი დაკვირვებით, ერთ უბანში ამდენი სხვადასხვა ხასიათის წარწერა იშვიათია. ერთ პატარა მონაკვეთში, შეიძლება წააწყდე სევდის, უიმედობის, პროტესტის, პოზიტივის და მოტივაციის შემცველ უბრალო კალიგრაფიით დაწერილ პატარა წინადადებებს.
თეკლა გობეჯიშვილი, 20 წლის.
გლდანი საძილე უბანია, ქალაქის ცენტრიდან 30-40 წუთამდე გზით დაშორებული, სადაც სპონტანურად აღმართული გარაჟები და ქაოტური განაშენიანება ურბანული ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ამ ადგილის ყოველდღიურ პეიზაჟს ქმნის მონჯღრეული ინფრასტრუქტურა, დაბინძურებული ჰაერი და კიდევ მრავალი სიმძიმე, რომელიც უხილავია.
არადა, ჩემი ოჯახი გლდანში ქალაქის ცენტრიდან გადმოვიდა. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი მწვანე სივრცეების სიმრავლეს, სუფთა ჰაერსა და შედარებით მშვიდ გარემოს ასახელებდა. მაშინ ეს ადგილი თითქოს ქალაქის ხმაურისგან თავშესაფარს ჰგავდა.
დაწყებით კლასებში მე და ჩემი და ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლაში ვსწავლობდით, ამიტომ ჩვენი ყოველდღიურობაც და მეგობრობებიც უფრო ქალაქის სხვა უბნებთან იყო დაკავშირებული. გლდანში კი, თითქოს მხოლოდ დღის დასასრულს ვბრუნდებოდით-დასაძინებლად, როგორც დროებით თავშესაფარში, და არა იმ ადგილას, რომელსაც სრულად ჩვენს სივრცედ აღვიქვამდით.
გლდანში კულტურული სიცოცხლე ნაკლებად იგრძნობა-არ გვხვდება მუზეუმები, გალერეები, კრეატიული სივრცეები ან ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები. ყველაფერი უფრო სწრაფ, ხელმისაწვდომ და დაბალბიუჯეტიან გართობაზეა მორგებული: საბავშვო ცენტრები, სწრაფი კვების ობიექტები. ერთი შეხედვით, თითქოს უბანში ყველაფერია, მაგრამ რეალურად გზაზე ყველაზე ხშირად ხვდები შაურმებს, ლომბარდებს, ტოტალიზატორებს და მათ რიგებში მდგარ ახალგაზრდებს.
ქაოსური განაშენიანებისა და მანქანების დაუსრულებელი ნაკადის ფონზე, უბანმა დაკარგა ის უნიკალური მომხიბვლელობა, რაც მას სხვა საძილე უბნებისგან გამოარჩევდა და გამორჩეულ იერს სძენდა.
გლდანთან განსაკუთრებულ კავშირს არასოდეს ვგრძნობდი. ხშირად ვფიქრობ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე.
ეკატერინე კოლესნიკოვა, 32 წლის.
გლდანი თბილისისთვის თვითმყოფადი უბანია. ბევრი ადამიანია, რომელიც ქალაქის ცენტრში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შეიძლება აკეთებდეს და დამღლელი დღის ბოლოს, შეუმჩნევლად ისევ გლდანს აფარებდეს თავს.
მაინც კარგი უბანი მგონია გლდანი, თავისებური, სახასიათო. ბევრი მოსახლე ჰყავს. მიუხედავად ამ სიმრავლისა, მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა ოღონდ. სკოლის მოსწავლეებისთვის, მე-5, მე-6 კლასელებისთვისაც კარგია, სანამ სკვერი და საქანელები მათთვის საკმარისია. თინეიჯერებისთვის უკვე მოსაწყენია. არც კაფეა, არც კლუბი.
უმადური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ არ მინდა გლდანში ცხოვრება. კავშირსაც ვგრძნობ ამ უბანთან, იმდენი წელია აქ ვცხოვრობ.
მარი სიხარულიძე, 47 წლის, ხელოვნების მასწავლებელი.
საღამოს საათებში რთულია ცენტრიდან დაბრუნება. მეტროთი მგზავრობა არ მიყვარს. თუ ტაქსით მიდიხარ და უკანაც ტაქსით უნდა დაბრუნდე, დღეში 40 ლარია ეგ უკვე. უფრო მეგობრებისთვის გავდივარ ქალაქის ცენტრში. იქ მყავს. გლდანი ცალკე ქალაქი კი არის, მაგრამ გიწევს მაინც. გინდა არ გინდა, მაინც უფრო განვითარებულია ცენტრი.
ნიკა ბირბიჩაძე, 20 წლის.