loading

ყველა საქმის კურსშია | უშგულის ლამარიაზე უნებართვოდ სატრაპეზო შენდება

ყველა საქმის კურსშია | უშგულის ლამარიაზე უნებართვოდ სატრაპეზო შენდება ყველა საქმის კურსშია | უშგულის ლამარიაზე უნებართვოდ სატრაპეზო შენდება

შხარის მყინვარიდან წამოსული, მდინარე ენგურის სათავიდან გზას ხეობისკენ რომ გამოუყვები, უშგულის სოფლებს სანამ დაინახავ, შემაღლებულ გორაზე ჩანს ლამარიას ეკლესია ფიქალის ქვის გალავნით, ზედ მიდგმული კოშკითა და ორი შენობით. იქვე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ოთხი კაცი მუშაობს —  ერთი ნიჩბით ცემენტს ურევს, დანარჩენები ბლოკებს აწყობენ, საძირკველი ჩასხმულია, მშენებლობა უკვე შვიდ ბლოკზეა ამოყვანილი.

ვეკითხებით, რას აშენებენ და მათგან ვიგებთ, რომ დაახლოებით თვენახევარია, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ლამარიასთან სატრაპეზოს აშენებს. 

პროექტი და ნებართვა გაქვთ? - კითხულობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი. გვპასუხობენ, რომ არ იციან, მეუფემ დაიქირავა და თავის საქმეს აკეთებენ.

ბლოკებსა და სამშენებლო მასალებს რომ ხედავს, თამარ ამაშუკელი მაშინვე ტელეფონს იღებს და რეკვას იწყებს. თუ კი ვინმე ეგულება ძეგლის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, ლამარიას ამბავს ეკითხება. ცხად პასუხებს ჯერ ვერ იგებს. 

ლამარია და მთელი ზემო სვანეთის რეგიონი განსაკუთრებული სტატუსით დაცული ტერიტორიაა. ამ განსაკუთრებულობას იუნესკოს სტატუსი განსაზღვრავს, რომელიც ამბობს, რომ ზემო სვანეთი კაცობრიობისთვის გამორჩეული ღირებულების მქონე ადგილი და ეროვნულ მნიშვნელობასთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიის ნაწილია. ზემო სვანეთთან ერთად, საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში სულ ოთხი ობიექტია შეტანილი. მათგან სამი კულტურული მემკვიდრეობაა —  გელათის მონასტერი, მცხეთის ისტორიული ძეგლები და ზემო სვანეთი, ხოლო ერთი — კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები — ბუნებრივ მემკვიდრეობას მიეკუთვნება.

ეს სტატუსი გულისხმობს იმასაც, რომ ზემო სვანეთი და, შესაბამისად, IX -X საუკუნით დათარიღებული ლამარიას ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი დაცული ზონაა, სადაც სამშენებლო საქმიანობა მკაცრად შეზღუდულია. იუნესკო განმარტავს, რომ კანონი კრძალავს ძეგლებზე ნებისმიერი სახის ჩარევას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წინასწარი ნებართვის გარეშე და ამავე დროს უზრუნველყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისთვის დაცვის ზონირების უმაღლეს დონეს.

„მაგ ზონაში ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების გარეშე. ასევე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან მშენებლობის პროექტი და თანხმობა უნდა არსებობდეს”, - ამბობს ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველოს პრეზიდენტი. ICOMOS საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა, როგორც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტი.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსთან ერთად ლამარიას ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საერთაშორისო კონვენციის გარდა, ეროვნული კანონმდებლობაც იცავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის სახით. 

თამარ ამაშუკელი ადგილზე სწორედ კანონის უგულებელყოფის ფაქტს ხედავს. მშენებლობის დასაწყებად აუცილებელი ნებართვის ამბის გარკვევას ვიწყებთ და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლტს, ილარიონს, ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ვაკითხავთ.

მიტროპოლიტი ადგილზე არ დაგხვდა, ჩვენს შეკითხვებს დედა სიდონიამ, მამა ეგნატემ და მამა ლაზარემ უპასუხეს. გვიხსნიან, რომ მშენებლობის ადგილას 2014 წლიდან მცირე ზომის შენობა იდგა (ისიც უნებართვოდ აშენებული) და ძირითადად, შეშის შესანახ სათავსოდ იყენებდნენ. მეუფემ ამ შენობის დემონტაჟი და ამავე ადგილას სატრაპეზოსა და საპირფარეშოების აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლამარია დედათა მონასტრად გადაკეთდა, ლამარიას მაჩუბები კი - კელიებად.

პროექტი კერძო კომპანიას შეადგენინეს და მშენებლობა გაზაფხულის მიწურულს, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად დაიწყეს.

დედა სიდონია ამბობს, რომ მეუფემ ნებართვის აღება „საჭიროდ არ ჩათვალა“, მამა ეგნატე კი ამატებს:

„მაგათ (სააგენტოს) ნებართვას რომ ველოდოთ, არც ერთი ტაძარი არ გვექნებოდა ფეხზე მდგარი და ცოცხალი, არც ერთი ფრესკა არ იქნებოდა დარჩენილი. მე ლატალში ვმსახურობ, 67 ტაძარი და ნატაძრალია. 10 წელია, რამოდენიმე ტაძარზე ვიხვეწები, წყალი ჩამოდის-მეთქი [...] ყურადღება არ მოუქცევიათ“.

გვეუბნებიან იმასაც, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო ლამარიას ეკლესიის დაზიანებული სახურავის შესახებაც ინფორმირებულია, თუმცა, არ რეაგირებს. 

დედა სიდონია მშენებლობასთან დაკავშირებულ დინამიკას ასე აღწერს -  სააგენტომ სატრაპეზოს მშენებლობის შესახებ ადგილობრივისგან გაიგო, 15-16 ივნისს მშენებლობის სანახავად ლამარიაზე ორი ადამიანი ავიდა, რომლებიც ადგილზე მყოფ მამა კვირიკეს სააგენტოს წარმომადგენლებად გაეცნენ. ამ ვიზიტის შემდეგ, მიტროპოლიტ ილარიონს კულტურის მინისტრი თინა რუხაძე პირადად დაუკავშირდა. მიტროპოლიტმა მას სატრაპეზოს მშენებლობაზე ინფორმაცია მიაწოდა და მშენებლობის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელს whatsapp-ით გაუგზავნა. მამა ეგნატე ამბობს, რომ პროექტი გარდა კულტურის სამინისტროსი, საპატრიარქოს და სააგენტოსაც გაგზავნილი და ნანახი აქვს. მეტიც, რჩევა მიიღეს, რომ თავდაპირველი პროექტის ვერსია დაეკორექტირებინათ.

„ძველი პროექტი რომ ნახეს, დაუწუნეს და უშუალოდ მამა კვირიკეს უთხრეს, აქ არ შეიძლება ასე გაკეთდეს, ქვა უნდა იყოს გაკრულიო. მერე შეიცვალა ეს პროექტი“, - გვიხსნის დედა სიდონია.

დედა სიდონიამ Chai Khana-ს პროექტის განახლებული ვერსიაც გაუზიარა. პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სატრაპეზო შენობის სიმაღლე 4,3 მეტრი, სიგრძე - 21,5 მეტრი, სიგანე კი 12,7 მეტრია. გარედან ფიქალის ქვით მოპირკეთდება, მუქი ფერის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩაისმება და მუქი ნაცრისფერი თუნუქით გადაიხურება.

ფოტო სატრაპეზოს პროექტიდან

ფოტომონტაჟი

თამარ ამაშუკელის შეფასებით, პროექტსაც პრობლემა აქვს, რადგან დოკუმენტში მხოლოდ მშენებარე სატრაპეზოს სიმაღლეა მითითებული და არა ლამარიას კომპლექსში შემავალი შენობებისა და ღობის სიმაღლე. „როგორ მივხვდეთ რამხელაა? რომ მეუბნები ოთხ მეტრს, მე ხომ არ ვიცი, ფარავს თუ არა რამეს. უნდა ვხედავდე ამ სიმაღლეს“.

პროექტს დასამტკიცებლად შემდეგი პროცედურები უნდა გაევლო: გაგზავნილიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში, სადაც არსებობს შესაბამისი კომისია, რომელიც იხილავს ამ პროექტებს, და ან აძლევს ნებართვას, ან არ აძლევს. ეს ცოტა გრძელვადიანი პროცესი კი არის, მაგრამ არა მგონია, რომ ახლა სატრაპეზო გადაუდებელი საჭიროება იყოს”, - აბობს თამარ ამაშუკელი და ამატებს:

ეს არის კლასიკური შემთხვევა კანონდარღვევის. წესით, სააგენტომ უნდა შეაჩეროს ეს მშენებლობა.

„ჩვენთვის უკანონო არ არის, ეკლესიის ტერიტორიაა და ეკლესიის მღვდელმთავარი აშენებს. რა არის უკანონო?“ - კითხულობს მამა ეგნატე და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ პროექტი „არავისთან არ არის შეთანხმებული, თუმცა ყველა საქმის კურსშია“.

სიტყვიერი შეთანხმება თუ არაფორმალური კომუნიკაცია არ არის ის სტანდარტი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასთან მიმართებით კანონი განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმებით (კონკორდატი) ეკლესიის საკუთრებაა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტები ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ძეგლებზეც ვრცელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, მის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.

Chai Khana ცდილობს გაარკვიოს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში იციან თუ არა მშენებლობის შესახებ, ნანახი აქვთ თუ არა სამშენებლო პროექტი, გაცემულია თუ არა მათგან ნებართვა უკვე დაწყებულ მშვენებლობაზე და უწევს თუ არა ამ პროცესს სააგენტო ზედამხედველობას.

პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ საკითხს მოიკვლევენ, თუმცა, აღარავინ გვიკავშირდება. დავურეკეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, თეა ონიანს, რომელიც ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა. 

„შევისწავლით მაგ საკითხს და მერე იქნება კომენტარიც და განცხადებაც. ინტერვიუს არ მოგცემთ და აღარ გააგრძელოთ კითხვების დასმა. ოფიციალურ განცხადებას გავავრცელებთ და მხოლოდ მერე გიპასუხებთ”

პარალელურად, კულტურის სამინისტროს პრესსამსახურთანაც უშედეგოდ ვცდილობთ დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას. ვცადეთ საპატრიარქოსთანაც დაკავშირება, თუმცა, მათ Chai Khana-ს არც სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უპასუხეს.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უშგულის ლამარიასთან თვეზე მეტია მიმდინარეობს, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ საზოგადოების ინფორმირება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ თემით Chai Khana დაინტერესდა. სასულიერო პირებთან ინტერვიუს შემდეგ, მეორე დღეს, როცა ასევე საჯარო უწყებებთან ამბის გადამოწმება დავიწყეთ, ეპარქიამ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებას თან ერთვის პროექტიდან ამოღებული რამდენიმე ფოტო. მთავარი განსხვავება პროექტის სრულ ვერსიასა და გამოქვეყნებულ ვერსია შორის, არის ის, რომ ეპარქია საჯარო განცხადებაში სატრაპეზოს აღარ ახსენებს, ამის ნაცვლად, მშენებლობის აუცილებლობას მონაზვნების საცხოვრისის საჭიროებით და მათი ჯანმრთელობის დაცვის არგუმენტით ხსნის.

მონაზვნების ცხოვრების გაგრძელება არსებულ შენობაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა, იმავე ფართზე აშენებულიყო ახალი შენობა, რომელიც „ლამარიაზე“ მონასტრული ცხოვრების გაგრძელებას შესაძლებელს გახდიდა და მონაზვნების ჯანმრთელობაც დაცული იქნებოდა.

ასევე, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მიერ დაჩქარებულ მოვლენებს, რადგან უშგულში ბუნება სამშენებლო პერიოდად მხოლოდ სამ თვეს თუ გაცლის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ იურიდიული მიმართულება ცოტა ჩამოგვრჩა და ამ კვირაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება საპროექტო წინადადება, ასევე მას განიხილავს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოც. 
[ამონარიდი განცხადების ტექსტიდან]

ინსტიტუცია, რომელსაც კანონით რეაგირების ბერკეტი აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა, რომელიც ჯერ არ გვეუბნება, როგორ იმოქმედებს.