გასულ წელს თბილისიდან წავედი და საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქ გორში დავბრუნდი. დედაქალაქის ქაოსს მინდოდა გავრიდებოდი. უფრო მშვიდ გარემოში ფიქრისთვის და რეფლექსიისთვის მეტი თავისუფალი დრო მჭირდებოდა. ამის მიუხედავად, თბილისთან ყოფითი საკითხების გამო, კავშირი არ გამიწყვეტია.
ყოველკვირეული მგზავრობისთვის მატარებელი ვარჩიე, ბიუჯეტური და თან საინტერესო ტრანსპორტია. მატარებელი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, გადის ბორჯომიდან თბილისისკენ და უკან. ეს არის ძველი მატარებელი, რომლის ბილეთიც ერთი ან ორი ლარი ღირს, დანიშნულების ადგილის მიხედვით, ამიტომაც ხალხში მას „ლარიანი მატარებელი” შეერქვა.
22.04.26
20:26
მოხუცი ფეხზე არ იდგა, თუმცა მატარებლის სკამზე მჯდომი ფეხსაცმლის წვერებს ძლივს აწვდენდა იატაკს. ზოგჯერ მოშვებულ ტერფებს ერთმანეთს გადააბჯენდა და ფიქრში წასული დაძაბუნებულ კიდურებს მატარებლის სვლის დინჯ რიტმს მიანდობდა. დიდხანს იმგზავრა ასე ჩუმად. მას შემდეგ, რაც ვაგონის ფანჯრიდან, მტკვრის ანარეკლში, დაისის სხივები აციმციმდნენ, თანამგზავრთან საუბარი წამოიწყო. შემთხვევითმა მსმენელმა ბევრი რამ გავიგე მასზე — დაბერებას განიცდიდა. მატარებელი ჩემს გაჩერებაზე დაბნელებამდე ჩამოდგა. დავაკვირდი, რომ ბაქნის სიმაღლის გამო, თბილისიდან წამოსულმა ვაგონის იმაზე მეტი საფეხური უნდა ჩავიარო, ვიდრე ავიარე.
01.05.26
20:21
ნელი მატარებლის დაორთქლილი ფანჯრებიდან მზის სინათლე მალე გაქრა. ნასვამმა მგზავრებმა ვაგონის გასასვლელში იქამდე იჩხუბეს, სანამ მატარებელი მათ გაჩერებაზე არ გაჩერდა. ალბათ, ქვევითაც განაგრძეს.
ჩემთან ერთად მატარებლის გვერდითა ვაგონიდან პატარა ტანის კაცი ჩამოვიდა წითელი ქუდით, რომელიც ლიანდაგების ქვეშ გამავალ ბნელ გვირაბში გაუჩინარდა.
12.04.26
11:36
მატარებელში ყველა სკამი დაკავებულია. სკამზე მსხდომნი ფეხზე მდგომებს თვალს არიდებენ. ალბათ, პირველი კლასის ტრანსპორტში ფეხზე დასადგომი ბილეთები იმიტომ არ იყიდება, პრივილეგირებულმა ადამიანებმა თავი დამნაშავედ არ იგრძნონ და იფიქრონ, რომ სამყაროს უთანასწორობა მხოლოდ ფანჯარასთან ან გასასვლელთან მსხდომთა განსხვავებებში ვლინდება. მთავარია, რომ ადგილი ყველასთვის საკმარისია.
დაბალი სოციალური კლასის ტრანსპორტში კი, ვისაც სკამზე დაჯდომის პრივილეგია ერგო, დანაშაულის შეგრძნებისთვის განწირულია, ამიტომაც არიდებენ თვალს ფეხზე მდგომთ ან კარის უკან, იატაკზე მიყუჟულებს.
20.09.26
07:51
მგზავრობის დასრულებამდე დარჩა 39 წუთი და საყრდენი ფეხების მონაცვლეობის კომბინაციები უკვე ამოვწურე.
ჩამობნელდა. მატარებლის ვაგონებს შორის, გასასვლელ კარში, შემოდგომის სუსხი იგრძნობა. „სტოპ კრან” წარწერის გვერდით მოწევის ამკრძალავი სტიკერია გაკრული და ამით ის, თითქოს, ამ მატარებლის ასწლოვან კულტურას ეწინააღმდეგება.
თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია მსოფლიოში ბევრად უფრო ახალი ტენდენციაა, ვიდრე ამ ვაგონში ანთებული ყვითელი ნათურა, რომლის შუქიც მატარებლის ჯანჯღართან და მის მონოტონურ რიტმთან ერთად ისეთ შეგრძნებას გიჩენს, თითქოს, მაღაროში ჩავდიოდეთ.
მივიწყებულ სადგურებში წვიმა წვეთავს. სიგარეტის კვამლი დროს ანელებს.
07.11.26
15:50
ბაქანი, რომელსაც ყველა მგზავრი სადგურის შესასვლელში დაკიდებული სტალინის პორტრეტით ცნობდა, ახალგაღვიძებული ადამიანებით გაივსო. როგორც კი გვამცნეს, თუ რომელ ლიანდაგზე ჩამოდგებოდა მატარებელი, წარმოსახვით ვაგონში ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. ამ მატარებლით პირველად მხოლოდ ის ორი უცხოელი მგზავრობს, ვისაც დედაქალაქამდე ამ ტრანსპორტით მგზავრობა მატარებლის გუგუნის ხმამ და დიდი ფანჯრების რომანტიზებამ გადააწყვეტინა.
უკვე ყველა ადგილი დაკავებულია, თუმცა რამდენიმე ოპტიმისტი მაინც ჩაუყვება ვაგონებს მთელ სიგრძეზე. სხვას რომ ადგილი დაუთმოს, ასეთ ადამიანს აქ იშვიათად შეხვდებით.
ნელი სვლით დავიძარით, ყველა შემხვედრ სოფელში გავჩერდებით, სადაც სადგურია. დიდ ფანჯრებში არეკლილი პეიზაჟი რამდენჯერაც არ უნდა ნახო, ხიბლი არ ეკარგება. მტკვარს ამ რაკურსით მხოლოდ ვაგონის ფანჯრიდან თუ დაინახავ და ისეთი მომაჯადოებელია, რთულია მასზე კაიაკით დაშვების სურვილი არ გაგიჩნდეს. კანალიზაციით სავსე მდინარეს ახლოდან როგორც კი დაინახავ, კაიაკის სურვილი მაშინვე ქრება.
ბურბუშელა ამ ისტორიის უკვდავი ნაწილია. ზრდასრულს არასოდეს მიყიდია, თუმცა ყოველი მგზავრობისას შრომაგადატანილი ხელების მქონე ხანში შესული ქალი, მოხუცი კაცი დანაოჭებული თვალებით ან ახალგაზრდა ბიჭი უეჭველად გამოჩნდება და ხელსახოცს, საღეჭ რეზინსა თუ ბურბუშელას შემოგთავაზებს. ამ დროს ბავშვობა ცოცხლდება: ნერწყვით მიწებებული ხრაშუნა ტკბილეულით აშენებული გრძელი კონსტრუქცია.
მგზავრების ოთხი ძირითადი კატეგორია არსებობს: ჩაფიქრებულები, ჩაძინებულები, მოლაპარაკეები და მსქროლავები. უმეტესად ოთხივე მათგანის ნაზავი, რადგან მგზავრობის ხანგრძლივობა ამის შესაძლებლობას იძლევა. „მოლაპარაკეები” ყველაზე საინტერესო ხალხია. მე არასოდეს არავინ გამომლაპარაკებია, იშვიათად, ხატვის დროს თუ ჩამძახებს ცნობისმოყვარე კონტროლიორი — „ისაა?”და რომელიმე მგზავრზე მიმითითებს, მერე კი მას გადასძახებს — შენ გხატავსო. მგზავრების უმეტესობა ერთმანეთს მატარებლიდან უკვე იცნობს. შესაძლოა, ერთმანეთისთვის ახლობლები არ იყვნენ, მაგრამ მარტივ დიალოგშიც კი, გულწრფელები არიან. არ მოიტყუებიან, რომ თავს კარგად გრძნობენ; არ მოერიდებათ თავიანთი შვილების წარმატებების ხსენება. მათი უმრავლესობა სავაჭროდ ან სამუშაოდ დადის დედაქალაქში. სტუდენტები მატარებელში თითქმის არ ლაპარაკობენ. დილით, საღამოსგან განსხვავებით, ნაკლები მთვრალი მგზავრია. ამიტომ უფრო სიჩუმეა.
ლიანდაგი მცხეთის სადგურს რომ გაივლის, კიდევ 30 წუთის გზაა ბოლო გაჩერებამდე. უკვე გამოფხიზლებული მგზავრები, ახალგაღვიძებულ დედაქალაქში გაიშლებიან.
ავტორის შესახებ
ნიკა ხაბელაშვილი ქართველი ვიზუალური ხელოვანია, რომლის შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა მედიასა და მხატვრულ პრაქტიკას. მისი ნამუშევრები იკვლევს ადამიანის იდენტობას, მის ურთიერთობას გარემოსთან. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახლის, მეხსიერებისა და პირადი გამოცდილებების საკითხებს.