რუსეთის გავლენის იარაღად ქცეული საქართველოს ხელისუფლება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, 2024 წლის 29 აპრილის გამოსვლა წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი და ამომრჩევლებისადმი მორიგი რუტინული მიმართვა უნდა ყოფილიყო, თუმცა მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის სახელით ცნობილი კანონის ხელახალი ინიიცირება ახალ რეალობაზე თავისთავად მიანიშნებდა. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტი მართლაც სარკისებურად იმეორებდა წლების განმავლობაში რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოსა და ზოგადად პოსტ-საბჭოთა სივრცეში დასავლეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლებაში მყოფი ძალა თავად აღმოჩნდა მტრული სახელმწიფოს მავნე ნარატივების გამავრცელებელი.


ფერადი რევოლუციები

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 2011 წელს სპეციალური პროგრამის „საუბარი ვლადიმირ პუტინთან” ფარგლებში გააკეთა, რაც შეეხება სერგეი ლავროვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2008 წლის მოვლენებზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 2023 წელს.

ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის 29 აპრილის მიმართვიდან.


2008 წლის ომი, 2014 წლის ყირიმის ანექსია და 2022 წლის ომი - საქართველოს და უკრაინის ბრალეულობა და დასავლეთის როლი

ეს განცხადება 2008 წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინმა სოჭში, კლუბის „ვალდაის“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. პუტინი მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ 2023 წლის ნოემბერში ეუთოს სამშვიდობო მისიის შეხვედრაზე ისაუბრა.

ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის 29 აპრილის მიმართვიდან.


ჰიბრიდული საფრთხეების წარმოება რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად რუსეთი სხვადასხვა მეთოდს იყენებს, მათ შორის, საინფორმაციო ომის ელემენტებსაც. ამ მხრივ საქართველო, პოსტ-საბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან ერთად, წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი სივრცე იყო, სადაც ანტი-დასავლური დეზინფორმაცია საქართველოს მოსახლეობის დესტაბილიზაციას, პოლარიზაციის გამწვავებას და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას ისახავდა მიზნად. ამ ამოცანების მისაღწევად რუსეთი ისეთ ჯგუფებს ეყრდნობოდა, ვინც რელიგიურ და ისტორიულ ფაქტებს, ტრადიციულ ღირებულებებს მანიპულაციურად იყენებდა. სახელმწიფო სტრუქტურებში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები სწორედ  ამ კამპანიასთან დასაპირისპირებლად ჩამოყალიბდა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და საქართველოს ღიად ანტიუკრაინულმა პოზიციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ პერიოდიდან საქართველოს ოფიციალური პირების ლექსიკონში მკვიდრდება ისეთი სიტყვათშეთანხმებები, როგორებიცაა: „გლობალური ომის პარტია“, რომელიც „ქვეყანას უკრაინის მსგავსად ომში ითრევს“ და „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს.  ასეთ რიტორიკას თან ახლავს ისეთი ქმედებებიც, რაც ბუნდოვანებას ქმნის და დასავლური ინტეგრაციის მიმართ მოჩვენებით ერთგულებას აჩვენებს, მაგრამ რეალურად, რუსეთს სულ უფრო უახლოვდება. 

2023 წელს„რუსული კანონის“ იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიიცირება და მისი შემდგომი გაწვევა ამის ერთგვარი მტკიცებულებაა. ამავე წელს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გამო „ქართული ოცნების“ მიერ გამართული საყოველთაო ზეიმი და ამ მოვლენის საკუთარ მიღწევად წარმოჩენაც მმართველი პარტიის პროევროპული იმიჯის განმტკიცების მცდელობაა.

ვითარება კიდევ ერთხელ, 2024 წელს იცვლება. უკრაინის წარმატებულმა საზღვაო ოპერაციებმა რუსეთის პოზიციები შავ ზღვაში საგრძნობლად შეასუსტა, რის შედეგადაც რუსეთს მოუწია საზღვაო ძალების ყირიმიდან აღმოსავლეთით, ნოვოროსიისკ-სოჭის მიმართულებით გადაწევა და ერთ ნაწილში მოქცევა. ამავე გარემოებას უკავშირდება იგივე არეალში,  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირის პორტის მშენებლობის დაწყება. ფართო შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც მოიცავს, რუსეთის გავლენის დასუსტებას კიდევ ერთი ახალი ფაქტორი მიანიშნებდა - 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ მთიან-ყარაბაღში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც სომხეთი საბოლოოდ ჩამოშორდა რუსეთის ორბიტას და დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ფოკუსირდა. 

ამ პროცესების ფონზე, შავ ზღვაში საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად, საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის რადიკალურად გაიზარდა და ძალაუფლების კონსოლიდირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. სწორედ ამას უნდა დავუკავშიროთ გავლენის ახალი ინსტრუმენტის ფორმირება, ანუ რუსეთის სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად „ქართული ოცნების“, როგორც ხელისუფლებაში არსებული ძალის გამოყენება. 

ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის სიტყვა ამ ახალი მოცემულობის ათვლის წერტილია. ამ სიტყვის მთავარ გზავნილებს „ქართული ოცნების“ წევრები აქტიურად  იყენებენ  საჯარო გამოსვლებში.

მათი  დაჯგუფება შემდეგი სახით შეიძლება:

სუვერენიტეტი, როგორც უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია

პოლიტიკური რიტორიკა საქართველოში 2024 წლიდან სუვერენიტეტს წარმოაჩენს არა როგორც სამართლებრივ პრინციპს, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ლეგიტიმურობის მთავარ გარანტიას. სუვერენიტეტი პოლიტიკური გზავნილების ცენტრალური ღერძი გახდა და  საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, შიდა რეფორმებს ან პოლიტიკურ მოთხოვნას, სწორედ სუვერენიტეტით ასაბუთებენ. ირაკლი კობახიძის 2024 წლის 29 აპრილის განცხადებაც ამის დადასტურებაა. კობახიძე სუვერენიტეტს უსაფრთხოების არა ერთ-ერთ კომპონენტად, არამედ მთავარ საყრდენად გვისახავს. სუვერენიტეტისა და გარე გავლენების მიმართ დამოკიდებულება იდენტურია რუსეთის ოფიციალურ რიტორიკაშიც:

ქართულ დისკურსში, გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სუვერენიტეტია გადარჩენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი გზა. რუსულ რიტორიკაში, სუვერენიტეტი სახელმწიფოს უწყვეტობისა და გარე გავლენის მიმართ მდგრადობის საფუძველია.

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებასაც „ქართული ოცნების” დისკურსი სუვერენიტეტში შესაძლო შეჭრად და ჩარევად წარმოაჩენს, რითაც რუსეთის მსგავს პოზიციას იმეორებს, რომ დასავლური ინსტიტუტების ზეწოლა ძირს უთხრის სუვერენულ არჩევანს. ორივე მათგანი „უცხოურ გავლენას” დამოუკიდებლობის საფრთხედ მიიჩნევს. ქართულ რეალობაში საკანონმდებლო ცვლილებები და პოლიტიკური პრიორიტეტები, ძირითადად, სუვერენიტეტის გაძლიერების საბაბითაა გამართლებული. რუსეთის ოფიციალურ განცხადებებში სუვერენიტეტი ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილებების, მათ შორის, დიპლომატიური პოზიციონირებისა და შიდა რეფორმების საფუძველია.

ეს თანხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა არ არის იზოლირებული, ის ასახავს უფრო ფართო სტრატეგიულ ჩარჩოს, სადაც სუვერენიტეტზე აქცენტით მმართველი პარტიის ლიდერები:

▸ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ულტიმატუმად წარმოაჩენენ და ამით ამართლებენ ანტიევროპულ პოზიციას;

▸ კრიტიკას შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევენ;

▸ შიდა პოლიტიკურ პლურალიზმს ერთიანობისთვის საფრთხედ აღიქვამენ;

▸ მმართველ ძალას ერის ერთადერთ დამცველად წარმოაჩენენ;

▸ „გარე მმართველობიდან“ „გლობალური ომის პარტიამდე“.

„ქართული ოცნების“ ოფიციალური გზავნილების თანახმად, შიდა პოლიტიკა დემოკრატიულ კონკურენციად აღარ განიხილება, არც საგარეო პოლიტიკა განიხილება პარტნიორობის მშენებლობად. ამის ნაცვლად, მთავრობა საქართველოს „გარე მმართველობის“, „აგენტების“ და დასავლური მანიპულაციების მუდმივ ალყაში მყოფ სახელმწიფოდ წარმოგვიდგენს. ასეთ რეალობაში ოპონენტები „უცხოურ პროექტებად“, პროტესტი „რევოლუციურ ტექნოლოგიად“, ხოლო დასავლური ინსტიტუტები ფარული მტრული ქსელის იარაღებად სახელდებიან. ამ ნარატივში მთავარი პოლიტიკური საფრთხე არ არის კორუფცია, ეკონომიკური სტაგნაცია ან დემოკრატიული უკუსვლა. მთავარი პოლიტიკური საფრთხე ხდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ოპოზიციური ძალების გამოყენებით „უცხოური ჩარევა“, მაგალითად, 2024 წლის 28 მაისს ირაკლი კობახიძე აცხადებს:


„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში. ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული“.

„შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან გამოვიარეთ ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი საქართველოში. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა რადიკალური პარტიების, ენჯეოებისა და მედიასაშუალებების შესრულებით. ამ ქვეყანას სჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა“.

„გამუდმებით გვქონდა ამ ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის, რევოლუციის მცდელობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რომ ვიზრუნოთ პირველ რიგში იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა… ეს კანონიც ამას ემსახურება - სუვერენიტეტის გამყარებას და საქართველოს დამშვიდებას“.


ეს ციტატები ქმნის პოლიტიკურ მოდელს, სადაც სახელმწიფო ყოველთვის „თავდასხმის ქვეშაა“ და სადაც გამჭვირვალობის სახელით მიღებული კანონები, მტრული ქსელის წინააღმდეგ თავდაცვის ინსტრუმენტია.

ანალოგიურად, რუსეთის ოფიციალური დისკურსი დასავლურ ინიციატივებს გარედან ჩარევად წარმოაჩენს: მაგალითად, 2018 წელს სერგეი ლავროვმა განაცხადა:

„პრობლემა აქ სახელწოდებაში ან ტერმინში კი არა, ამ კონცეფციის [გულისხმობს ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების ჩარჩო-კონცეფციას] შინაარსშია, რომელიც [ ... ] უშვებს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას ავტორიტარული რეჟიმების წინაშე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის საბაბით, რომელთა ქმედებებიც, მათი თქმით, რადიკალური განწყობების გავრცელების ძირითადი მიზეზია“.

ანალოგიურად, ნიკოლაი პატრუშევმა, ამ დროისთვის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, 2020 წელს განაცხადა:

„უცხოური არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, ისინი ცდილობენ ნაციონალისტური და სეპარატისტული განწყობების პროვოცირებას […] ასევე გეგმავენ რუსეთის მოსახლეობაზე საინფორმაციო ზეწოლის გაძლიერებას, რომლის მიზანია რუსული სულიერი, მორალური, კულტურული და ისტორიული ღირებულებების შერყევა, რაც სახელმწიფოებრიობის საფუძველს წარმოადგენს და შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში საერთო რუსული იდენტობის განცდის დასუსტება“.

ამ  რიტორიკის თანახმად, „უცხოური დაფინანსება“ არა დახმარება, არამედ კონტროლის საშუალებაა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები არა სამოქალაქო აქტორები, არამედ ამ კონტროლის ინსტრუმენტები არიან. შესაბამისად, პროტესტი დესტაბილიზაციის მცდელობად აღიქმება.  ასეთი განცხადებების ფონზე, ლოგიკურია ისიც, რომ  დასავლეთისგან წამოსული კრიტიკა  ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ასეთ პირობებში, რუსეთის ოფიციალური პირების მსგავსად, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა იძენს სახეს, სადაც მოლაპარაკებები დანებებად აღიქმება, კრიტიკა კი იძულებად.

ირაკლი კობახიძის 2024 წლის 13 მაისის განცხადებები სწორედ ამ მიდგომას უსვამს ხაზს:

„საქართველოს დამშვიდება და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა არის ჩვენი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე… საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას“.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის… იმისათვის, რომ ქვეყანას უკრაინის სცენარი ავარიდოთ თავიდან“.

ეს მიდგომა საბოლოოდ დასავლური ინსტიტუტების მტრულად წარმოჩენას ემსახურება, რაც თავისთავად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას არა ეროვნულ ინტერესად, არამედ საეჭვო ხაფანგად ხატავს.


„უკრაინის სცენარის“ შიში და „მშვიდობა“, როგორც პოლიტიკური ფარი

უკრაინის ე.წ. სცენარის მიმართ  შიშის დანერგვა სტრატეგიული ნარატივის განვითარების შემდგომი ეტაპია, სადაც მტრის სურვილები და გეგმა ყალიბდება. ეს გეგმა, ძირითადად, ქაოსისა და დესტაბილიზაციის შექმნას და საზოგადოების ემოციურ მანიპულირებას მოიაზრებს. ამ რეალობაში „უკრაინის სცენარი“ პროტესტის, დასავლეთის ჩართულობისა და შიდა კონკურენციის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება და ხელისუფლება ეუბნება მოსახლეობას, რომ სწორედ ხელისუფლებაა ერთადერთი შემაკავებელი მათსა და კატასტროფას შორის.

ასეთ რიტორიკას ვაწყდებით რამდენიმე განცხადებაში. 2024 წლის 11 მაისს, ირაკლი კობახიძე ამბობს:

„მე ვთხოვ, სათანადოდ გაიაზრონ ამ კანონის მნიშვნელობა, სინამდვილეში რას ემსახურება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი [გამჭვირვალობის შესახებ], რათა განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და რაც მთავარია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს უკრაინული სცენარი. მე შეგახსენებთ, რომ უკრაინა დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში და ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მიიყვანა აქამდე უკრაინა, მათ შორის რუსეთის სამხედრო აგრესიამდე, არის სწორედ ის, რომ თავის დროზე შავი ფულისგან ვერ დაიცვა თავი ამ ქვეყანამ და საბოლოო ჯამში, პროცესები წავიდა იმ მიმართულებით, რომელიც არ შედიოდა უკრაინის ეროვნულ ინტერესებში“.

ანალოგიურად, 2024 წლის 23 მაისს ის ამბობს:

„ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი და ეს თევზი რაში გამოიხატა უკრაინის მაგალითზე, ძალიან კარგად ვნახეთ. ჩვენ არ გვინდა, დავტოვოთ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს „ქართულმა მაიდანმა“ ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის „უკრაინიზაცია“. ამაზე ვერ ვთანხმდებით. ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, ჩვენ არ გვინდა, ვიღაცებს უნდათ აქ „მაიდანი“, ჩვენ არ გვინდა მაიდანი. ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ჩვენ არ გვინდა მეორე ფრონტი“.

ეს რიტორიკა ქმნის ერთიან შიდა სიუჟეტურ ხაზს:

პროტესტი → მაიდანი → უკრაინა → ომი → სუვერენიტეტის დაკარგვა

2014 წლიდან რუსეთის ოფიციალური ნარატივიც იმ იდეას ეფუძნება, რომ უკრაინის ტრაგედია რუსეთის აგრესიის ნაცვლად, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა „მაიდანმა“ გამოიწვია. რუსული მხარის განცხადებები „მაიდანს“ გარედან შექმნილი ნგრევის უნივერსალურ სიმბოლოდ წარმოაჩენს. ამ რიტორიკის მიხედვით, ნებისმიერი შიდა პროტესტი სახელმწიფოს გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

2014 წელს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა:

„კიევში მომხდარს მხოლოდ ერთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს: ეს იყო ანტიკონსტიტუციური გადატრიალება და ძალაუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდება“.

ანალოგიურად, სერგეი ლავროვმა 2014 წელს განაცხადა:

„გადატრიალება [უკრაინაში] ორგანიზებული იყო აშშ-სა და ბრიუსელის მხარდაჭერითა და წახალისებით“.

ამ გზავნილების თანახმად, მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი. მშვიდობის რიტორიკა განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პერიოდში გააქტიურდა, როცა ძალაუფლების შენარჩუნება მშვიდობის შენარჩუნების ტოლფასად წარმოჩინდა:

ირაკლი კობახიძე, 23 ოქტომბერი:

„ჩვენ ვივლით მხოლოდ მშვიდობით ევროპისკენ. მშვიდობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და არც ევროინტეგრაცია… საქართველოს მშვიდობა შევუნარჩუნეთ… ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია“.

ირაკლი კობახიძე, 26 ოქტომბერი:

„ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მხოლოდ ევროინტეგრაცია რომ იყოს მშვიდობის გარანტი, ამ შემთხვევაში უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა… მაგრამ ერთადერთი გარანტი მშვიდობის არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა…“


კულმინაცია: როდესაც რიტორიკა პოლიტიკად იქცევა

ხელისუფლების წარმომადგენლები „უკრაინის სცენარის“ მიმართ შიშის გაღვივებით, ცდილობდნენ, პოლიტიკური ცხოვრება მთლიანად ამ შიშს განესაზღვრა - როცა საზოგადოებას მუდმივად ეუბნებიან, რომ არასტაბილურობა კონფლიქტს იწვევს და რომ კონფლიქტის გაღვივებას გარე ძალები ცდილობენ, მთავრობის გადარჩენა ეროვნული გადარჩენის სინონიმი ხდება.

ამავდროულად, დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ნარატივი გაფართოვდა. რაც უფრო მეტ ზეწოლას აწყდებოდა საქართველო პარტნიორების მხრიდან, ამ ზეწოლას ხელისუფლება ფარული კონტროლისა და მტრული განზრახვის დასტურად წარმოაჩენდა. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს რებრენდინგი მნიშვნელოვანია, რადგან ახალ მოცემულობაში ანგარიშვალდებულება აგრესიის მიზეზი ხდება, კრიტიკას შანტაჟის სახელი ერქმევა, დემოკრატიული მოთხოვნები ჩარევად ფასდება, ხოლო ინტეგრაცია დანებებად. როდესაც ეს ლოგიკა იკიდებს ფეხს, დასავლეთთან სტრატეგიული თანხვედრის ღიად უარყოფა საჭირო აღარცაა.

ასე იქცევა ლეგიტიმური ძალაუფლება რუსეთის გავლენის ინსტრუმენტად: არა აუცილებლად პირდაპირი ბრძანებების შესრულებით, არამედ ისეთი ნარატიული არქიტექტურის მიღებით, რომელიც მტრის ინტერესებთან თავსებადი შედეგების მიღებას უზრუნველყოფს. აღნიშნული კამპანიის ლოგიკური კულმინაცია 2024 წლის 28 ნოემბერი გახდა, როდესაც თვეების განმავლობაში დაგროვებული რიტორიკა - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გადადება - კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად გამოცხადდა. მავნე ნარატივებმა საზოგადოების ნაწილი მოამზადა იმისთვის, რომ ისტორიული საგარეო-პოლიტიკური შემობრუნება არა დანაკარგად, არამედ სუვერენიტეტად, არა იზოლაციად, არამედ „მშვიდობის“ დამყარებად აღექვათ.


ავტორის შესახებ

თვალსაზრისის ავტორი საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. მისი აკადემიური საქმიანობა, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, რუსეთის მიერ ჰიბრიდული საფრთხეების გამოყენების კვლევას და საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების სხვა საკითხებს უკავშირდება. თვალსაზრისის ავტორი ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივებით შექმნილი ვითარების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, როცა კვლევით საქმიანობისა და საჯარო განცხადებების გამო არაერთი პირი დაიბარა გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ავტორის და რედაქციის გადაწყვეტილებით, თვალსაზრისი ქვეყნდება ანონიმურად.