ანგელოზები და ვირუსები

ავტორი: თომა სუხაშვილი
19.04.16
გამოცემა: ტრადიციები

“იავნანა, ვარდო ნანა, იავ-ნანინაო

ბატონები მობრძანდნენ, იავ-ნანინაო..”

 

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სული და სხეული განიხილებოდა, როგორც ერთი მთლიანობა. დაავადების წარმოშობის მიზეზად ზებუნებრივი ძალების გავლენა მიაჩნდათ და მკურნალობას  რიტუალური სახე ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერების განვითარებამ დიდი გავლენა მოახდინა სამედიცინო სფეროზე, კვლავ რჩება ისეთი დაავადებები, რომელსაც ადამიანები რიტუალების თანხლებით მკურნალობენ.  საქართველოც არაა გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ზოგიერთ დაავადების წარმოშობას მიაწერენ ზებუნებრივ ძალებს. საქართველოში, ასეთ გადამდებ დაავადებათა საერთო სახელია ბატონები, როგორიცაა ჩუტყვავილა, ქუნთრუშა, ყბაყურა, პროტოქრისტიანულ ქართულ სამყაროში ბატონები ანუ ანგელოზები წარმოადგენდნენ მითიურ არსებებს და სწორედ მათ სტუმრობას ოჯახში მიაწერდნენ ვირუსის გაჩენას.

ბატონები იყვნენ ძველი ქართული ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას შვილები. ბატონები ვისაც შეხვდებოდა ითვლებოდა, რომ ანგელოზებისგან დალოცვილია და შესაბამისად სხვა ბავშვები მიჰყავდათ ავადმყოფთან, რომ მასსაც გადასდებოდა ვირუსი. ამას შეიძლება მეორე ახსნაც მოვუძებნოთ, ვინაიდან ბავშვობაში მსგავსი ვირუსები უფრო მარტივად გადასატანია ვიდრე მოზრდილობაში.

ბატონებით დასნებოვნების ალბათობა ბავშვობაში უფრო მაღალია.  შედეგად, ორგანიზმი გამოყოფს ანტისხეულებს, რომელიც იცავს ადამიანს განმეორებითი ინფიცირებისგან. თუმცა, არც ისე იშვიათია ზრდასრულ ასაკში დასნებოვნების შემთხვევებიც. როგორც წესი, დაავადების გართულების ალბათობა  ნაკლებია ბავშვებში და შედარებით დიდი მოზარდებში. 

 

 

დაჩი 19 წლის

 

მას ახლა ჩუტყვავილა აქვს და ათდღიან კარანტინშია ძაღლთან ერთად. სახლიდან გარეთ არ გადის რადგან ვირუსი შეიძლება გაურთულდეს ან სხვებს გადასდოს. მასთან სახლში სიმშვიდე და დადებითი ატმოსფეროა. შესაბამისად ოჯახის წევრები ცდილობენ ბატონები არ განარისხონ და შეუქმნან ავადმყოფს კარგი გარემო. ის ისვამს ბრილიანტის მწვანეს რადგან გამონაყარი არ გაუღიზიანდეს, თუმცა ტრადიციულად ამას არავინ კეთებდა რადგან ბატონებს მხოლოდ წითელი ფერი უყვართ. ის ზოგჯერ ანთებს „ბაზმებს“ - დანაყილი ნიგვზისგან დამზადებულ პატარა სანთლებს ან უბრალოდ კარგად გამომწვარ კაკალს. კაკალი წვის დროს  სურნელს გამოსცემს, რაც ძველი წარმოდგენით ანგელოზებს  სიამოვნებთ.

 

მარიამი 6 წლის

 

მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს,  ყველა სურვილი შეასრულონ, რადგან მიაჩნიათ მისი სურვილები ანგელოზების სურვილებს წარმოადგენს. ავადმყოფს ძილის წინ უმღერიან ანგელოზებისთვის მიძღვნილ იავნანას.

 

გაცილება

 

იმის მიუხედავად რომ ძველი ტრადიციის სრული დაცვით აღარავინ იქცევა მაინც რჩება გარკვეული რწმენები, რომელსაც თანამედროვე მშობლები ასრულებენ. მაგალითად ბატონების გაცილების რიტუალს. ავადმყოფს ძილის წინ უმღერიან ანგელოზებისთვის მიძღვნილ იავნანას. როდესაც დაავადების პერიოდი ჩაივლის, შემდეგ აცილებდნენ ბატონებს. აცხობნენ ნიგვზიან ტკბილ ქადას, რომელსაც წაიღებნენ და უახლოეს გზაჯვარედინზე ჭრიან და გამვლელებს აჭმევენ. დასავლეთ საქართველოში კი მიდიან ტყის განაპირას და ხეზე აბამენ წითელ ნაჭრებს. ამ ტრადიციიდან დღესდღეობით ზოგიერთი ელემენტი შემორჩენილია, თუმცა არსებობს ოჯახების მცირე რაოდენობა, რომელიც ძველ წესს მიჰყვებიან.

 

მასალას ფონად გასდევს აუდიონაწყვეტი ფილმიდან "იავნანა".

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია