გაუდექი გზას...ეტლით

ავტორი: თამი ბაღაშვილი
08.12.16
გამოცემა: მოძრაობაში

“Hit the road Jack, don’t you come back no more no more…” [გაუყევი გზას, ჯეკ, და აღარ დაბრუნდე, აღარ დაბრუნდე] - წავიღიღინე ავტობუსში ჩაჯდომისას. თბილისიდან ჩითახევში მივდიოდი, სამცხე-ჯავახეთის სამხრეთ მხარეს. ჯეკისა და უკან დაბრუნების რა გითხრათ, მაგრამ ეტლში რომ ვმჯდარიყავი, სადგურის შესასვლელსაც ვერ გავცდებოდი. ჩითახევში ეტლით მოსარგებლე ალეკო გითოლენდიას სანახავად მივდიოდი.  

 

ეტლით საქართველოში საზოგადო ტრანსპორტით მგზავრობა ლოჯისტიკური ჯოჯოხეთია.

 

 

საქართველოში განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ ოფიციალური მონაცემები საგანგაშოა. ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახელმწიფო პენსიას 118,651 ადამიანი იღებს. სამედიცინო შეფასების შემდეგ, ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას იღებენ 100-160 ლარის (39-62 დოლარის) ოდენობით. თუმცა ეკონომიკური და სოციალური მიზეზების გამო, შშმ პირთა აღრიცხვა არ არის სრული. მაგალითად, პენსია მოხუცებულთათვის შშმ პირისათვის გამოყოფილ დახმარებაზე მეტია, ამიტომ ხშირად ოჯახს ურჩევნია, არ დაარეგისტრიროს შშმ პირის სტატუსი და დაელოდოს მის საპენსიო ასაკს. ამასთან ერთად, შშმ პირებისადმი საზოგადოებაში არსებული სტიგმა ისევ მძლავრია და დისკრიმინაციის შიშით ოჯახები შშმპ სტატუსის რეგისტრაციისაგან თავს იკავებენ.

 

2016 წლის ბოლომდე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამით 914 ადამიანი მიიღებს უფასო ეტლს. ეს პროექტი ხორციელდება თბილისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” თანამშრომლობით, რომელიც შშმ პირებთან მუშაობს. მათი და USAID-ის ხელშეწყობით 2010 წელს საქართველოში ეტლების ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც პროექტისათვის ეტლების მთავარი მიმწოდებელია.

 

თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც საქართველოში ეტლით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობას ასახავს.

 

ეტლით გადაადგილების მთავარი საშუალება ამ ეტაპზე კერძო ავტომობილებია. თუ ოჯახის წევრს ან ვინმე ნაცნობს მანქანა ჰყავს, საქმე იოლდება. არსებობს შშმ პირებისათვის მანქანის ადაპტირების სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც მათ დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას მისცემენ. თუმცა ისინი საკმაოდ ძვირი ღირს და სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ადამიანებისათვის ეს ფუფუნება შესაძლოა ხელმისაწვდომი არ იყოს.

 

განსაკუთრებულ შემთხვევებში შშმ პირებს ტრანსპორტირებით არასამთავრობო ორგანიზაციებიც უზრუნველყოფენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის მათი ყოველდღიური გადაადგილების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

 

“შშმ პირებსა და საზოგადოებას შორის დიდი გაუცხოებაა. ირგვლივმყოფებს ხშირად არ ესმით მათი საჭიროებები და ვერ აფასებენ მათ შესაძლებლობებს,” - აღნიშნავს თამარ მაღლაკელიძე, პროექტის მენეჯერი ორგანიზაციაში “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”. “ზოგი მათგანი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადაა, მაგრამ ზოგი სოციალურ დაუცველობას გრძნობს ან ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს. როდესაც რაიმე ღონისძიებას ვგეგმავთ, სულ გვიწევს გავითვალისწინოთ მათი ტრანსპორტირების ხარჯი, რადგან ეს მუდამ პრობლემური საკითხია.”

 

საქართველომ ბევრ საერთაშორისო კონვენციას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მან შშმ პირების უფლებები უნდა დაიცვას: გაეროს კონვენციას 2009 წელს, ხოლო 2014 წელს მთავრობამ მიიღო ეროვნული სტრატეგია შშმ პირების უფლებების დაცვისათვის. თუმცა ყოველდღიურობა მაინც რთულია.

 

2016 წლის ივლისში თბილისის ტრანსპორტის მუნიციპალურმა სამსახურმა  განაცხადა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 143 ადაპტირებული ავტობუსის დამატების შესახებ. პროცესი 21 ავტობუსის დამატებით უნდა დაწყებულიყო და ამ ეტაპზე ზუსტი განრიგი არ არის ცნობილი. 2015 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი წერს: “სახელმწიფო არ ზრუნავს საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტაზე - არსებული მეტროსადგურების ინფრასტრუქტურის შშმ პირთათვის ადაპტირებაზე.”

 

დედაქალაქში ავტობუსების 12 სადგურია, რომელთაგან არცერთი არ არის ეტლისათვის ადაპტირებული, არც მისადგომი გზის და არც ტრანსპორტის თვალსაზრისით.  და თუ თბილისში ვითარება პრობლემურია, რეგიონებში ყველაფერი კიდევ უფრო უარესადაა. უმეტესწილად, სატრანსპორტო საშუალებები კერძო კომპანიებს ეკუთვნით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობისათვის კი მანქანების შეძენა და გზის ინფრასტრუქტურის ადაპტაცია ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის.

 

რევაზ რევაზიშვილის აზრით, ეტლით მოსარგებლეთა თანადგომისათვის ქმედებაა საჭირო.

 

“საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების 34 წევრი ეტლით მოსარგებლეა და მათი უმეტესობა რეგიონებში ცხოვრობს,” - ხსნის საქართველოს სახელმწიფო პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი. “მაგრამ ისინი იძულებულები არიან თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და აქ ივარჯიშონ, რადგან ადგილობრივი ტრანსპორტი ადაპტირებული არა არის, ჩვენ კი არ გვაქვს საშუალება მათი ინდივიდუალური ტრანსპორტირება ვუზრუნველყოთ.”

 

ჩემი მასპინძელი ჩითახევში, ალეკო გითოლენდია, ამ პრობლემების წინაშე ყოველდღე დგება. ის 31 წლის სამხედრო მოსამსახურე, მამა და მოგზაურია. ალეკომ უამრავი სისხლისღვრა გამოიარა, მშობლიური აფხაზეთის ომიდან, ერაყამდე, სადაც ორივე ფეხი დაკარგა და მარცხენა ხელი დაიზიანა. შეუპოვრობითა და გამართლებით ჯარში სამსახური შეინარჩუნა - ახლა ის ოფიცერია გორის სამხედრო ბაზაზე.

 

 

ისედაც რთულ სურათს სოციალური სტერეოტიპები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. კვლევების თანახმად, საზოგადოება შშმ პირებს აღიქვამს როგორც სუსტ, საბრალო და უმწეო ადამიანებად, რომლებიც თითქოს საზოგადოების ტვირთები არიან და ყოველღიურ ცხოვრებაში ჩართვა არ ძალუძთ. ეს მოჯადოებული წრეა, და რაც ნაკლებად ეცნობა და შედის საზოგადოება შშმ პირებთან  კონტაქტში, მით ნაკლებად აქვთ მათ შესაძლებლობა ურთიერთობისა იმ საზოგადოებასთან, რომლის წევრებიც ისინი  არიან.

 

მაგალითად მოვიყვანოთ არქიტექტურული წინაღობები და ხმის მიცემის შესაძლებლობა. ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 2014 წელს მხოლოდ 4,883 შშმ პირმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაოები და გაკეთდა ოლქებამდე მისასვლელი პანდუსები, საარჩევლო ოლქთა უმრავლესობა ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მისაღებად მზად არ აღმოჩნდა.

 

ალეკო გითოლენდია ჩითახევშია და ხუმრობს:
“სახელმწიფო და კერძო მესაკუთრეები პანდუსებს აშენებენ ხოლმე, მაგრამ ხშირად ეს პანდუსები ძალიან ციცაბოა, ამის გამო გამოყენებაც შეუძლებელია.”

 

 
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია