ოსურის გაკვეთილები

ავტორი: თომა სუხაშვილი

04.05.17

დღეს საქართველოში იშვიათად, თუ მოისმენთ ოსურ ენას.

2009 წელს იუნესკომ ოსური, რომელიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ შტოს განეკუთვნება, შეიყვანა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის, ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი სულ უფრო მცირდება.

არეშფერანი ის იშვიათი სოფელია ლაგოდეხში, სადაც ოსური ჯერ კიდევ ისმის. დაახლოებით 200-კაციანი სოფლის ერთადერთი საჯარო სკოლა ერთერთია საქართველოში არსებული იმ ორი სკოლიდან, რომელშიც ოსურ ენას ჯერ კიდევ ასწავლიან (მეორე სკოლა მდებარეობს კახეთის სოფელ წიწკანაანთსერიაში). სულ ცოტა ხნის წინ, ოსური ენა სამ სკოლაში ისწავლებოდა - არეშფერანიდან 10კმ-ში მდებარე სოფელ ფონაში ოსურის სწავლება 2016 წელს შეწყდა. 

საკლასო ოთახი არეშფერანის ერთადერთ საჯარო სკოლაში

1991-92 წლებში იმდროინდელ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან მომხდარი კონფლიქტისა და ახლად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ნაციონალისტური რიტორიკის გამო, ათასობით ოსი იძულებული გახდა, დაეტოვა საქართველო და საცხოვრებლად გადასულიყო ვლადიკავკაზში, რუსეთის ფედერაციაში შემევალ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკაში. გავრცელებული აზრის მიხედვით, დაახლოებით 20, 000-მდე ოსიდან, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, ბევრს მოუწია გვარის შეცვლა, რათა თავიდან აერიდებინათ დაძაბულობა და დისკრიმინაცია საქართველოს არასადავო ტერიტორიაზე ცხოვრებისას. ამ მიგრაციამ გავლენა იქონია ოსურ ენაზეც - ის სულ უფრო ჩაანაცვლა ქართულმა და რუსულმა.

სკოლის დერეფანი კედელზე მოხატული საქართველოს დროშით

90-იანი წლების გახსენება არეშფერანში არ უყვართ. სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე მხოლოდ სევდიანად იხსენებს 1995 წელს ოსი პოეტის, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლის აფეთქებას სკოლის ეზოში - სავარაუდოდ, ქსენოფობიური ვანდალიზმის აქტს. ქანდაკება 2000-იან წლებში აღადგინეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მმართველობისას. დღეს, ყოველ 15 ოქტომბერს, არეშფერანი ეპატიჟება საქართველოში მცხოვრებ ყველა ოსს ე.წ კოსტაობას ფესტივალზე, კოსტა ხეთაგუროვის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობის აღსანიშნავად. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 14 400 ოსი ცხოვრობდა - ეს რიცხვი ნახევარზე ნაკლებია 2002 წლის მონაცემებთან შედარებით.

ცნობილი ოსი პოეტის, კოსტა ხეთაგუროვის, ძეგლი
1995 წელს სკოლის ეზოში ძეგლი უცნობმა პირებმა ააფეთქეს
ქანდაკება 2000-იან წლებში აღადგინეს. ადგილობრივები არეშფერანის სკოლას კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სკოლად მოიხსენიებენ.

თამაზ კაპანაძე ამბობს, რომ 90-იანებამდე არეშფერანში მხოლოდ ოსები ცხოვრობდნენ. ომის შემდეგ ბევრი ვლადიკავკაზში გადასახლდა. მოგვიანებით მთავრობამ აჭარელი ეკომიგრანტები ჩაასახლა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის არეშფერანშიც. დროთა განმავლობაში მოსახლეობა შერეული გახდა და აჭარლებმაც კი ისწავლეს ოსური ენა.

არეშფერანის სკოლში, რომელიც ახლა უკვე კოსტა ხეთაგუროვის სახელს ატარებს, სულ სწავლობს 115 მოსწავლე - ბევრი სკოლაში მიმდებარე სოფლებიდან დადის. მათგან 36 ეთნიკურად ოსები არიან. დანარჩენები აჭარლები და აჭარელი-ოსები. ადრე გაკვეთილები რუსულ ენაზე ტარდებოდა, სანამ, დაახლოებით 10 წლის წინ, ქართული ჩაანაცვლებდა. ოსური ენა კვირაში ორჯერ ისწავლება პირველი კლასიდან, თუმცა საგანი არჩევითია. გაკვეთილს დაესწრებიან, თუ არა, ეთნიკურად ქართველები ოსურ ენას თავისდაუნებურად სწავლობენ, მეგორებთან ყოველდღიური ურთიერთობით.

ცნობილი ქართველი მწერლების პორტრეტები საკლასო ოთახში

ალექსი ჩიგოშვილმა არეშფერანის სკოლა ახლახანს დაამთავრა. ოსური ენის სწავლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვნია, რადგან ფიქრობს, რომ სწორედ ენა შეადგენს ოსური იდენტობის მთავარ ნაწილს. როგორც თითქმის ყველას არეშფერანში, ისე ალექსისაც ჰყავს ვლადიკავკაზში მცხოვრები ნათესავები, მაგრამ ის და მისი მეგობრები თბილისში წასვლაზე ოცნებობენ. არეშფერანში უმაღლესი განათლების მიღება შეუძლებელია. დასაქმების პერსპექტივაც მწირია. 2010 წლიდან სახელმწიფო ახორციელებს “1+4” პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის მხოლოდ ერთ სავალდებულო გამოცდის ჩაბარებას ზოგად უნარებში, ოთხი ეროვნული გამოცდის ჩაბარების ნაცვლად. შემდეგ პირველ კურსზე ისინი მხოლოდ ქართულ ენას სწავლობენ, სასურველი ფაკულტეტის არჩევამდე. ალექსიც გეგმავს, რომ 2018 წელს ამ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

ალექსი ჩიგოშვილი, რომელმაც ახლახანს დაამთავრა არეშფერანის სკოლა

არეშეფერანი ერთგვარი გამონაკლისია, რომელიც ამავდროულად აღწერს დღევანდელ რეალობას - შესაძლებლობების ნაკლებობა და ოსური ენის გაკვეთილების სიმწირე იმაზე მიანიშნებს, რომ, დიდი ალბათობით, ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი კიდევ უფრო დაიკლებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენ ხანს შეძლებს არეშფერანი, შეინარჩუნოს როგორც ოსური ენის გაკვეთილები, ისე თავისი ახალგაზრდები.

რედაქტორები: ანა ლომთაძე და მონიკა ელენა

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია