სამშობლოს ცალმხრივი სიყვარული

ავტორი: დინა ოგანოვა

19.05.17

სარვარ საფაროვს უყვარს თავისი სამშობლო. მაგრამ ეს სიყვარული არ არის ორმხრივი, რადგან მისი სამშობლო, საქართველო სარვარს თავის მოქალაქედ არ თვლის.

2008 წელს სარვარმა დატოვა აზერბაიჯანი, სდაც მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა, და ახალციხეში გადმოსახლდა.

სარვარი ეთნიკურად მესხეთელი თურქია. მისი წინაპრები სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობდნენ იქამდე, სანამ 1944 წელს იოსებ სტალინი თემის მასიურ დეპორტაციას მოახდენდა. 14 ნოემბერს, ერთ დღეში 220 სოფელში მცხოვრები 115 ათასი ადამიანი გამოასახლეს თავიანთი სახლებიდან და ცენტრალური აზიისკენ მიმავალ მატარებლებში ჩასვეს. სავარაუდოდ, ეს იმიტომ, რომ სტალინი იმ დროს თურქეთის ტერიტორიის ნაწილის დაკავებას გეგმავდა და შიშობდა, მესხებს მეზობელი ქვეყნის მხარე არ დაეჭირათ. ოფიციალურად გადასახლების ფაქტის აღიარება მხოლოდ 10 წლის შემდეგ მოხდა. სტალინის სიკვდილის მერე ოჯახებმა ნელნელა დაიწყეს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან უკან დაბრუნება, თუმცა იმ დროისთვის საქართველოში შემოსვლა მაინც ეკრძალებოდათ. შესაბამისად, ბევრი მათგანი მეზობელ აზერბაიჯანში დასახლდა.

სარვარი სკოლის ასაკამდე ყაზახეთში ცხოვრობდა და 1959 წელს მშობლებთან ერთად გადავიდა აზერბაიჯანში. მრავალი წლის შემდეგ კი, როცა შესაძლებლობა გამოუჩნდა, საცხოვრებლად საქართველოში წავიდა.

“ყოველთვის ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მერე რა მოხდა? საქართველოში უკვე აღარვის ვახსოვდით,” - იხსენებს 65 წლის სარვარი, რომელიც დღემდე სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობას.

2007 წელს მესხეთელი თურქების რეპატრიაციის პროგრამა დაიწყო, მაგრამ მათ მოსაფიქრებლად მხოლოდ ერთი წელი მიეცათ - იმავე წლის 2 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაეფიქსირებინათ თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსულოში. ამ შესაძლებლლობის შესახებ ცოტამ, თუ გაიგო და კიდევ უფრო ცოტა ადამიანმა შეძლო საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება საქართველოს მოქალაქეობის ასაღებად. სარვარი ამ უკანასკნელთა რიგებში ვერ მოხვდა და დღემდე აზერბაიჯანულ პასპორტს ატარებს.

“ერთადერთი რამ, რაზეც მართლა ვოცნებობდი იყო, გავმხდარიყავი საქართველოს მოქალაქე. დღემდე აზერბაიჯანის მოქალაქეობა მაქვს. გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ამიტომაც დავბრუნდით აქ. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველომ გვაღიაროს თავის შვილებად”.

სარვარ საფაროვი, ეთნიკურად მესხეთელი თურქი, რომელიც 2008 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.
65 წლის სარვარი
სარვარი და მისი მეუღლე, გულსინა ვახშმისთვის ემზადებიან
61 წლის გულსინა
სამი თაობის წარმომადგენელი ქალები სარვარის ოჯახში - გულსინა, მისი რძალი, მუხაბატი (ცენტრში) და შვილიშვილი, მაია - ვახშამს ამზადებენ.
ტრადიციული მაგიდა საგანგებოდ “პელმენების” მოსამზადებლად
გულსინა და მუხაბატი
სარვარის უფროსი შვილი, 39 წლის ელდარი, რომელიც ადრე პოლიციაში მუშაობდა, მაგრამ ახლა დროებით უმუშევარია.
სარვარის 4 წლის შვილიშვილი, მერაბი
სარვარის 12 წლის შვილიშვილი, მაია
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია