მიშენების პერსპექტივით

ავტორი: მარიამ მუმლაძე

28.03.18
გამოცემა: სივრცე

კომუნისტური გეგმის მიხედვით, 1979 წელს, საბჭოთა კავშირს საცხოვრებელი პირობების საკითხი გადაჭრილი უნდა ჰქონოდა. თუმცა, ლუიზა მჟავიას ხუთსართულიან კორპუსს ეს არ ეტყობოდა.

„როდესაც საცხოვრებლად აქ გადმოვედი, არაფერი არ იყო, წყალიც კი“, იხსენებს იგი.

69 წლის მჟავია ყოფილი ექიმია. მან ტიპური, ოროთახიანი ბინა, ვაჟა ფშაველას გამზირზე, საკუთარ სივრცედ აქცია. თუმცა, ბევრი ქართველისთვის ეს და სხვა მისი მსგავსი ნაგებობა უმარტივესი ბეტონის შენობაა, რომელთა დავიწყებაც სურთ, რადგან ისინი ძველი დროისა და მენტალობის სიმბოლოებია, აშენებული საბჭოთა კავშირის ლიდერის ნიკიტა ხრუშოვის დროს (1953-1964).

როგორც ხელოვნებათმცოდნე და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ცხადაძე აღნიშნავს: „ეს პროდუქტი მიზნად ისახავდა საბჭოთა თანასწორობის იდეის - ყველა თანაბარია და ამით ყველა ბედნიერი - ვიზუალიზაციას.“

თბილისის მერია დედაქალაქში ხრუშოვკების ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს, თუმცა შარშან ზაფხულში, წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეოში, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხრუშოვკების დანგრევის გეგმა გააჟღერა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, დანგრეული ხრუშოვკების მცხოვრებნი სანაცვლოდ ახალ ბინებს მიიღებენ. კალაძის აზრით, ეს ცვლილება „თბილისის გათავისუფლებისა” და „საბჭოთა იდეოლოგიის ჩანაცვლების” მნიშვნელოვანი გზაა.

მე-13 სართულიდან ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ხრუშოვკის ტიპის სახლები. თბილისი, საბურთალო.
თბილისში, საბურთალოს უბანში, ხრუშოვკები და ე.წ. ბრეჟნევკები ერთმანეთის გვერდით არის აშენებული. ბრეჟნევკები საბჭოთა კავშირის ლიდერის ლეონიდ ბრეჟნევის დროს აშენდა (1964-1982). ხრუშოვკებთან შედარებით მათ უფრო თანამედროვე დიზაინი აქვთ.
ჩაშენებული ავეჯი ტიპურია ე.წ. ,,ხრუშოვკებისთვის”. ხშირად ისინი მთლიან კედელს იკავებს და სიმაღლითაც - ჭერს სწვდება.
,,ხრუშოვკის ტიპის” სახლებს, როგორც წესი, აივანი არ აქვს. მცენარეების ადგილი „ლოჯშია”, სადაც მთელი კედლის გაყოლებაზე ფანჯრებია და ოთახში - სინათლე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან სახლების პირველ სართულებზე უფრო და უფრო მეტი გისოსი გაჩნდა.

ხრუშოვკები 25 წლიანი ვადით შეიქმნა. ისინი თბილისის უბნებში: საბურთალოზე, გლდანში, ვარკეთილსა და თემქაზე 1950-1960-იანი წლებიდან გამოჩნდა. დღესდღეობით ამ უბანთა მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

ხრუშოვკის სტილის ბინები მხოლოდ უტილიტარული მიზნებისთვის იყო გათვლილი. ამ დიზაინის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა  სივრცის მაქსიმალურად გამოყენების საკითხს, რასაც მოწმობს 31-58 კვადრატული მეტრის ბინებში კედლებში ჩაშენებული კარადები. ასეთ სახლებში ჭერის სიმაღლე 2.49 მეტრს აღწევდა, თუმცა არსებულთან შედარებით უფრო პატარა ჩანდა. ამიტომაც გავრცელდა ხუმრობა, რომ ხრუშოვი დაბალი ტანის კაცი იყო და ხრუშოვკების ჭერის სიმაღლე საკუთარი სტანდარტებით განსაზღვრა.

საბჭოთა კავშირში მნიშვნელოვანი იყო იაფი და მარტივი კონსტურქციები, რის გამოც ნაცრისფერ, ხუთსართულიან შენობებში ლიფტი, სანაგვე ბუნკერი და ხანდახან აივნებიც კი არ იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველკვირეული გაზეთი „Крокодил“ ხრუშოვკების შესახებ სატირული ხასიათის ინფორმაციას აქვეყნებდა.

მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანისთვის ხრუშოვკები მისაღები იყო, როგორც დროებითი თავშესაფარი უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოლოდინში.

მიუხედავად იმისა, რომ ლუიზას ბინაში, საყრდენი კედლების გარდა, ყველაფერი შეცვლილია, აქ მაინც ნახავთ ჩაშენებულ კარადებს .
ლუიზა მჟავიას სახლის გადაკეთებამდე ამ მისაღების ადგილას ორი საძინებელი იყო. მათი შეერთებით კი ერთი დიდი ოთახი გამოვიდა, რაც ხრუშოვკების ფართობის მაჩვენებელია.
ასე, გვერდიგვერდ საძინებლებს ვერ ნახავთ სტანდარტულ ხრუშოვკის ტიპის ბინაში. ლუიზამ სხვადასხვა სადარბაზოს ორი ოროთახიანი ბინის შეერთებით განსხვავებული სახლი მიიღო.
ლუიზა მჟავიას სახლის შემოსასვლელიც ისევე, როგორც მთელი სახლი, სრულიად არასტანდარტულია.

„ხრუშოვკები იყო ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ ხალხი გადავსებული კომუნალური ბინებიდან გადასულიყო,” - აღნიშნავს არქიტექტურის ისტორიკოსი ნოკოლაი იერეფოვი.

საბოლოო ჯამში, ხრუშოვკა დროებითი საცხოვრებლიდან მუდმივ საცხოვრებლად გადაიქცა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხრუშოვკებში მცხოვრებლებმა შენობებს საკუთარი კვალი დააჩნიეს.

თბილისში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში ხრუშოვკებს ოთახები მიუშენეს, ან უკვე არსებული ოთახები შუაზე გაყვეს. დამატებითი აივნები, კარებები და ფანჯრები ხრუშოვკების ფასადებზე თითქოს ერთ ღამეში გაჩნდა. ამ პერიოდში, გაზეთები ხშირად  აქვეყნებდნენ განცხადებებს ბინებზე, რომელთაც „მიშენების პერსპექტივა” ჰქონდათ.

2000-იანი წლების დასაწყისში მჟავიას ოჯახმა მეზობლის ბინის ყიდვა და ახალი და ძველი ფართების გაერთიანება გადაწყვიტა. „დავანგრიეთ ყველაფერი, ორი საყრდენი კედლის გარდა“, - იხსენებს მჟავია.

კახა კალაძის ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელების შემთხვევაში მჟავიას სამართლიანობის იმედის აქვს და მიაჩნია, რომ „მათ უნდა გაითვალისწინონ ჩადებული შრომის ფასიც.“

კერძო კომპანია „m2”, რომელიც დღესდღეობით სამშენებლო ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს, ხრუშოვკების ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა თბილისის მერიამ მისი გეგმა არ დაამტკიცა.

„m2“-ის წარმომადგენლის, დავით გიორგაძის თქმით, კომპანია მთავრობასთან თანამშრომლობს. ,,რა გამოვა და როგორ, ჯერ არ ვიცით“, - აცხადებს გიორგაძე.

ხრუშოვკების ზოგიერთი მცხოვრები „m2“-ის ინიციატივას მიესალმება.

ნუცუბიძის ქუჩაზე M2-ის შენობა და ხრუშოვკის ტიპის სახლებს სულ რამდენიმე მეტრი აშორებს ერთმანეთისგან. საინტერესოა, როგორ შეიცვლება ეს ადგილი, თუ M2-ის ინიციატივა განხორციელდება.
52 წლის მუსიკოსი, რობი კუხიანიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად ამ სახლში 8 წელია ცხოვრობს. “ამ ბინაში წამსლველ- წამომსვლელი ბევრია, სულ ვიღაცა მოდის,” ამბობს იგი.
1950 წლებში აშენებული ხრუშოვკის ტიპის სახლები გათვლილი იყო დაახლოებით 25 წლით ფუნქციონირებისთვის, თუმცა მათი ექსპლუატაციის ვადამ გადაიწია.

51 წლის გეოლოგი დავით კობახიძე ხუთ შვილთან ერთად ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე, ხრუშოვკის ტიპის კორპუსში ცხოვრობს 2004 წლიდან. კობახიძე ამბობს, რომ შენობა თავდაპირველად პოლიციის თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი.

„ისეთი ძველი სახლია, რომ არ ვიტყოდი უარს [ჩანაცვლებაზე]. თანაც კარგი შემოთავაზება იქნებოდა“, - ამბობს კობახიძე. „სულელი უნდა იყო, რომ არ დათანხმდე”.

კობახიძის თქმით, რამდენიმე წლის წინ, მეზობლების უმეტესობამ მსგავს შემოთავაზებაზე უარი თქვა.

საქართველოს ეკომომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ნინო გვენცაძე აღნიშნავს, რომ იმ ადამიანთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომელთაც ხრუშოვკების დატოვება არ სურთ,  შენობების დანგრევის პროცესი გართულდება.

„წარმოიდგინეთ 4-5 სართულიანი კორპუსი, სადაც თითოეულ სართულზე სამი ოჯახი ცხოვრობს. საეჭვოა ამ ოჯახებმა იგივე ფართის ნაცვლად დათმონ თავიანთი სახლები. გარდა ამისა, იმდენი ადამიანია შესახლებული, რომ სამშენებლო კომპანიას გაუჭირდება მოგების მიღება... ამის გამო, ეს ცოტა რთულად დასაწყები პროცესია“.

ამჟამად ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან მოსკოვში მიმდინარეობს, თვალნათლივ აჩვენებს  პრობლემის არსს.

ზოგიერთისთვის შენობების ჩანაცვლების სირთულე გადამწყვეტი არ არის. როგორც ხელოვნებათმცოდნე ცხადაძე აღნიშნავს „შეუძლებელია ადამიანი იქ ბედნიერად გრძნობდეს თავს”.

თუმცა ლუიზა მჟავია ამბობს, რომ დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია დიდი ხნის ნაცნობი სამეზობლო იყოს, რაც გამოიწვია საბჭოთა კავშირში სახლების შეცვლის იშვიათობამ.

„მეზობლები ერთად გავიზარდეთ და ხშირად ერთმანეთს ვენათესავებოდით - ხან ერთი იყო მეჯვარე, ხან მეორე.”

„მე რომ მაღალკორპუსიან სახლში მეცხოვრა, არამგონია ასე ვყოფილიყავი,” -ამბობს იგი.  

დავით კობახიძის სახლის მისაღები ოთახის სივრცე პატარაა იმისათვის, რომ მისმა 11 წლის ქალიშვილმა იცეკვოს. ამისთვის მაგიდა და კარადა სხვა ადგილას გაწიეს.
კობახიძეების სახლში კედელში ჩაშენებულ კარადა. ასეთი კარედები ხრუშოვკების განუყოფელი ნაწილი იყო.
ხრუშოვკის ბინებში პატარა სივრცეა. დავით კობახიძის სამი ქალიშვილის საძინებელში, კარადა ოთახს ორ ნაწილად ჰყოფს.
1960 წლის ხრუშოვკების გეგმა, თბილისში, კომინტერნის ქუჩაზე (ვაჟა-ფშაველას გამზირი). (ფოტო: საქართველოს ეროვნული არივი)
1957 წლის ხრუშოვკის ნახაზები. შენობა ყოფილი პავლოვის გამზირზე (ა.ყაზბეგის გამზირი) ააშენეს და იგი აბრეშუმის ქარხანაში მომუშავე ადამიანებისთვი იყო გათვილი. ამ შენობათა ფასადები მას შემდეგ შეიცვალა. (ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი).
1959 წლის ხრუშოვკის კორპუსის, პირველი სართულის გეგმა. შენობა საბურთალოს რაონში აბრეშუმის ქარხანაში მომუშავე ადამიანებისთვის აშენდა და იგი 60 ბინისგან შედგება. (ფოტო: საქართველოს ეროვნული არიქივი).
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია