სანამ გოგოებს ვუმასპინძლებთ: ქალთა ფეხბურთი საქართველოში

ავტორი: გიორგი როდიონოვი

14.02.19
გამოცემა: ახალგაზრდები
ანა მოზაიძე და მისი თანაგუნდელები კლუბიდან „ნორჩი დინამოელი” გლდანის სტადიონზე სავარჯიშოდ ემზადებიან.
2018 წელს ბოლო ვარჯიში გუნდს „ნორჩი დონამო” დეკემბრის ბოლოს ჰქონდა.
მოზაიძე(მარცხნივ) ერთ-ერთი პირველი გოგო იყო სოფელში, რომელმაც ფეხბურთის თამაში დაიწყო. მან სხვა თანატოლებს ამ სპორტში გზა გაუხსნა. ახლა კი კლუბში „ნორჩი დინამოელი” ერთ-ერთ თანაგუნდელთან ერთად თამაშობს, რომელიც მისი სოფლიდანაა.
მოზაიძე ოცნებობს, რომ ზემო ალვანში საფეხბურთო კომლექსი გახსნას, ადგილობრივი გოგოებისთვის.
სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე (მარჯვნივ) ეროვნული ლიგის ფენტეზის მეორე ადგილისთვის ელენე ადამაშვილს (შუაში) აჯილდოებს. "ფენტეზი" არის თამაში, სადაც გულშემატკივრები ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ვირტუალურ გუნდს ჰქმნიან და ჩემპიონატის ტურებში მათი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მოთამაშეები ქულებს აგროვებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2018 წლის დაჯილდოებაზე სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე 2018 წლის საუკეთესო ქართველი ქალი ფეხბურთელის ნომინანტებს აცხადებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ელოდება სცენაზე 2018 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელ გულნარა გაბელიას. გაბელია კლუბში „ ნორჩი დინამოელი” თამაშობდა. ამჟამად კი ყაზახეთის კლუბში „ბიკ-კაზიგურტი" თამაშობს.

ტექსტი: გიორგი როდიონოვი და მონიკა ელენა

ფოტო: გიორგი როდიონოვი

 

ანა მოზაიძე სოფელ ზემო ალვანში გაიზარდა და სხვა თანატოლი გოგოების მსგავსად ფეხბურთის თამაში არასდროს უფიქრია.

“ათი წლის ვიყავი. მაშინ უკვე დავდიოდი ალვანის სამუსიკო სკოლაში, რომლის წინაც იყო ფეხბურთის სტადიონი. გაკვეთილზე შესვლამდე ყოველთვის ვუყურებდი როგორ ემზადებოდნენ ფეხბურთში ბიჭები და ამის გამო ხშირად მაგვიანდებოდა კიდეც გაკვეთილზე. მაგ დროს ვერც წარმოვიდგენდი, რომ გოგოს საერთოდ შეეძლო ეთამაშა ფეხბურთი”- იხსენებს 17 წლის ანა.

ერთი წლის შემდეგ მოზაიძე მწვრთნელმა შეამჩნია და გუნდში თამაში შესთავაზა. თერთმეტი წლის ანას ფეხბურთზე სიარული სოფელში ყველას დროებითი გატაცება ეგონა. ანამ მუსიკის გაკვეთილებს თავი დაანება, ფეხბურთზე სიარული დაიწყო და დღესდღეობით იგი თბილისში დაფუძნებულ კლუბში „ნორჩი დინამოელი” მცველის პოზიციაზე თამაშობს. მას იგივე პოზიცია უკავია საქართველოს 19-წლამდე ქალთა ეროვნულ ნაკრებში. გუნდი UEFA-ს 19-წლამდე ქალთა ევროპულ ჩემპიონატში იასპარეზებს, რომელიც 2020 წელს თბილისში ჩატარდება.

19-წლამდე ქალთა ევროპული ჩემპიონატის შესარჩევი ტური 2019 წელს დაიწყება და მასში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული 7 გუნდი კი 2020 წლის ივლისში, თბილისში გამართულ საფინალო ტურში ითამაშებს. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, შეჯიბრში ავტომატურად მერვე გუნდად იასპარეზებს. ჩემპიონატი ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც მოზაიძეა, ბევრს ნიშნავს. მონაწილეობის გარდა, ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი საქართველოში ქალთა ფეხბურთს იმ აღიარებას მოუტანს, რაც სპორტს ჯერჯერობით არ აქვს.

ეკა ქარცივაძემ კარგად იცის თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ქალთა ფეხბურთი. როგორც ქალთა საფეხბურთო კლუბის „თბილისის თბილისი” ხელმძღვანელს, მას მოუწია ისეთ სირთულეებთან შეჯახება, როგორიც გოგოების გუნდისთვის მწვრთნელების, ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის  მოძიებაა.

ფინანსური პრობლემების გარდა, საქართველოში ქალთა ფეხბურთი სხვა ტიპის დაბრკოლებასაც აწყდება. როგორც მოზაიძის სოფელში, ისევე სხვაგან, ქართველებისთვის ფეხბურთი მხოლოდ ბიჭების თამაშია. ასეთი წარმოდგენების ფონზე, გოგოებისთვის უბრალოდ თამაშიც კი წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

მოზაიძე იხსენებს, თუ როგორ არ მოსწონდათ მის მასწავლებლებს, რომ იგი ფეხბურთს თამაშობდა. მსგავსი დამოკიდებულება ხშირია გოგო ფეხბურთელების მიმართ. საქართველოს „სპორტისა და ახალაზრდობის სამინისტროს” კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული  „HeforShe” კამპანიისის მხარდასაჭერად განაცხადა, რომ „ მიდგომა, რომლის მიხედვითაც სპორტი გოგოებისა და ბიჭების სახეობებად იყოფა, უნდა შეიცვალოს. გოგოების სპორტში ჩართულობა კონკრეტულად მათი გადაწყვეტილებაა და საზოგადოების განსჯის საგანი არ უნდა ხდებოდეს”.

თუმცა გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

“გოგონები უცემიათ კიდეც და სახლში ჩაუკეტიათ, ვიცით კონკრეტული შემთხვევები. ყველას ცოტა ესირცხვილება, რომ მათი გოგო დადის ფეხბურთზე იმიტომ, რომ ესენი ძირითადად არ იცვამენ კაბებს. ზოგს აქვს განსხვავებული თმა, ტრანსპორტში ბევრი მათგანი ჰგონიათ ბიჭი. ბევრი მშობელი ფიზიკურად არ დადის თამაშზე და არ გულშემატკივრობს შვილებს” - ამბობს ეკა ქარცივაძე.

ფეხბურთი ერთადერთი სპორტი არ არის, სადაც გენდერული სტერეოტიპები ვლინდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, „დღესდღეობით საქართველოში სპორტის ყველა სახეობაში ქალებსა და გოგოებს მონაწილეობის თანაბარი უფლება აქვთ. ზოგიერთ სახეობაში, მაგალითად ჭადრაკში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში და ა.შ. ქართველი ქალები მსოფლიო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს აღწევენ, თუმცა ქართულ სპორტში ქალებისა და გოგოების ჩართულობის მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ია. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის გავრცელებული სტერეოტიპებია, რომლებიც სპორტს ქალურ და კაცურ სახეობებად ჰყოფს.”

საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრა 1999 წელს სერბეთთან შედგა. გასაკვირია ის, რომ 2016-წლამდე საქართველოში ქალთა ეროვნული ჩემპიონატი არ იმართებოდა, რადგან არ იყო საკმარისი რაოდენობის საფეხბურთო კლუბი. საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ნინო სორდიას თანახმად, 2003 წლამდე საქართველოს მხოლოდ ერთი ქალების საფეხბურთო გუნდი ჰყავდა. იმ დროს 30-მდე გოგო იყო ჩართული ფეხბურთში და მათ დიდი წვლილი მიუძღვით ქალთა ფეხბურთის განვითარებაში. 

„2016 წელს ექვსი გუნდით დავიწყეთ. ეს იყო ის რაოდენობა, რომელიც UEFA-ს სტანდარტს აკმაყოფილებდა,” ამბოს სორდია, რომელსაც წლების წინ ასევე ფეხბურთის ფედერაციაში სამსაჯო განყოფილების მენეჯერის თანამდებობა ეკავა. სტანდარტები, რომელიც ჩემპიონატის ჩატარებისას გასათვალისწინებლია, სტადიონის ზომას, ბალახის ზედაპირსა და ტევადობას ეხება. 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოთხი სტადიონი უნდა გამოყოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამასთანავე - რვა სპეციალურად მოწყობილი ტერიტორია, სადაც სტუმარი გუნდები ივარჯიშებენ. ამჟამად საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს საკუთარი სტადიონი არ აქვს. ისინი ლაგოდეხის ბიჭების სავარჯიშო  ბაზაზე ვარჯიშობენ. თბილისში კი ერთ-ერთი კლუბის სტადიონზე.

2016 წლის საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი საფეხბურთო გუნდებისთვის სტიმულის მიმცემი იყო. გოგოებმა დაინახეს, რომ მათ ფეხბურთში შესაძლოა მომავალი ჰქონდეთ. 2018 წელს ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობდა, 2019-2020 წლებში კი სორდია 12 მონაწილე გუნდს ელის.

მსოფლიოს მასშტაბით ქალთა ფეხბურთმა წინა პლანზე გადმოინაცვლა. 2018-წელს UEFA-ს განცხადებით, ქალთა ფეხბურთის დაფინანსება 50 პროცენტით გაიზრდება, რაც ევროპაში ქალების ფეხბურთს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტად აქცევს.

UEFA-ს პრეზიდენტის ალექსანდრე ჩეფერინი განცხადებით “ქალების ფეხბურთს უსაზღვრო პოტენციალი აქვს”. ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტად 2016 წელს დაინიშნა. ქალთა ფეხბურთის ხელშეწყობა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალის გაყოფაზე აისახა.  2019 წელს ჩემპიონთა ლიგა ორ ქალაქში ჩატარდება. ქალები ბუდაპეშტში იასპარეზებენ, ხოლო კაცების გუნდი - მადრიდში.

გარდა ამისა ფეხბურთში იზრდება ქალი მსაჯების რაოდენობა. საქართველოს ფედერაციის მსაჯთა აკადემიამ 2017 წელს შვიდი ქალი მსაჯი მიიღო.

ყველაფრის მიუხედავად სექსმიზმი და სტერეოტიპები კვლავ სპორტის ნაწილია.

ქალთა ფეხბურთის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას ამტკიცებს წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. „თბილისის ერთ-ერთი ქალთა კლუბის მწვრთნელმა, კლუბის თამაშში მონაწილეობის მიღებაზე უარი მხოლოდ იმის გამო განაცხადა, რომ მას ქალი მსაჯი უძღვებოდა.” 

არსებობს სხვა შემთხვევებიც. ქალთა საფეხბურთო კლუბის “თბილისის თბილისი” მწვრთნელი, რომელსაც ბრალად კლუბში გოგონების ფსიქოლოგიური და მორალური შეურაცხყოფა ედებოდა, პოზიციიდან გაათავისუფლეს. 

“იგი ბავშვებს ეუბნებოდა, რომ ისინი არაფრის ღირსები არ იყვნენ და არაფერს წარმოადგენდნენ” - ამბობს ქარცივაძე. “იმის მიუხედავად რომ სტიმული მიეცა, გოგონებს გასახდელში თამაშის წინ უვარდებოდა და კედლებს ფეხებს ურტყამდა. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ მე ამოვიღე ხმა.” 

ქარცივაძემ საჩივრით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რის შემდეგ ოფიციალურ კრებაზე მწვრთნელის ბრალეულობა ნათელი გახდა.

ეკა ქარცივაძე პირველია, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან დამოუკიდებლად 2016 წელს ჩამოაყალიბა „ქალთა ფეხბურთის განვითარების და დახმარების ფონდი”, რომლის ძირითადი მიზანი ქალი ფეხბურთელების ფინანსური და მორალური მხარდაჭერაა. ფონდმა დაფინანსება მოიპოვა თბილისის მერიიდან, გაეროს ქალთა ფონდიდან და სხვადასხვა კერძო ბიზნესიდან. ხარჯები კლუბის “თბილისის თბილისი” ეკიპირებასა და მგზავრობის ხარჯებს მოხმარდა.

ქალთა საფეხბურთო კლუბების ძირითადი ფინანსები დონორების და ფეხბურთის ფედერაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 2018 წელს ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვებულ კლუბ „ნიკე”-ს ფულადი პრიზი არ მოიუღია. ქალთა ფეხბურთის მიმართ ნაკლები ინტერესის ფონზე სპორტი ადეკვატურ დაფინანსებას არ იღებს. „(წელს) კეთილი ნება იყო ეს, რომ 10 ათას ლარს აძლევს ფედერაცია გუნდებს გაწეული ხარჯებისთვის, რადგან ვიცით, რომ გოგონების გუნდებს ძალიან უჭირთ, მათ არანაირი ფინანსური დახმარება არ აქვთ, ამიტომ ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ, რომ გუნდი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით არ ჩამორჩეს და უარი არ თქვას ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე” - აღნიშნავს სორდია. 2017 წელს თბილისის მერიამ 4,560 ლარი გამოუყო ქალთა ლიგაში გამარჯვებულ გუნდს.

ეკა ქარცივაძის 16 წლის შვილი ელენე რაუხი საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდის მთავარი მცველის პოზიციაზე თამაშობს. იგი იხსენებს, როდესაც 15-წლამდე გოგოების გუნდში თამაშობდა, მათ რთულ პირობებში უწევდათ ვარჯიში, 100-მეტრიან მოედანზე მხოლოდ კვირაში ერთხელ, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ იქ ბიჭების გუნდი არ თამაშობდა.   

ელენე რაუხი მოუწოდებს ყველა გოგოს, ვისაც ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ ფეხბურთამდე მისასვლელად, არ შეეშინდნენ,  იბრძოლონ იმისთვის, რაც უყვართ და სხვისი აზრის გამო არ გაჩერდნენ.

ანა მოზაიძე ამჟამად კლუბის „ნორჩ დინამო” წევრია, თუმცა მას სათამაშოდ ესპანეთში წასვლა სურს, რათა ფული დააგროვოს და ზემო ალვანში საფეხბურთო ბაზა გახსნას, რომელიც ძირითადად ქალ ფეხბურთელებს უმასპინძლებს. 

ვარჯიში გლდანში. როგორც ქალთა საფეხბურთო კლუბების უმრავლესობა, „ნორჩი დინამოელის” მწვრთნელები - ლალე დავითაშვილი და გიორგი ახალაძე ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.
16 წლის ელენე რაუხი კლუბში „თბილისის თბილისი” ვარჯიშობს. რაუხი ევროპაში ბევრს მოგზაურობდა და გარვეული პერიოდი ლიტვაში ცხოვრობდა. საქართველოში რომ ჩამოვიდა გაუკვირდა როდესაც ქალთა კლუბების არსებობის შესახებ შეიტყო. რაუხი 19-წლამდე ეროვნული ნაკრების მთავარი მცველია.
2016 წელს ეკა ქარცივაძემ ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად ფონდი დააფუძნა, რადგან ფიქრობს რომ ფეხბურთის ფედერაციის ამ ამოცანას სრულყოფილად ვერ ასრულებს.
რაუხი თბილისის ერთ-ერთი უბნის მოედანზე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. მოედანი ხშირად უბანში მცხოვრები ბავშვებით არის გავსებული.
კლუბის „თბილისის თბილისი” გასახდელი გარაჟშია განთავსებული, რომელიც მფლობელმა კლუბს უფასოდ მისცა.
კლუბის „თბილისის თბილისი” სავარჯიშო მოედანი.
პლაკატი გამოკრული სტადიონზე, სადაც კლუბი „თბილისის თბილისი” ვარჯიშობს. პლაკატზე ბიჭი ფეხბურთელები არიან გამოსახულნი. საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთი ბიჭების სპორტია და გოგო ფეხბურთელებს საზოგადოება და ოჯახი კიხცავს.
კლუბის „თბილისის თბილისი” ჯილდო გარაჟში ინახება, რომელიც ასევე გოგოების გასახდელია და სადაც გარაჟის მეპატრონე სხვა ნივთებსაც ინახავს.
კლუბი „თბილისის თბილისი” ხშირად ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს.
ანა მოზაიძე და მისი თანაგუნდელები მწვრთნელის მითითებებს ელოდებიან.
ვარჯიში გლდანში. საქართველოში ათი ქალთა საფეხბურთო კლუბი არსებობს.
ელენე რაუხი საკუთარი სახლის სამზარეულოში. ელენეს სწყინს, როდესაც სხვებს არ ესმით რომ ფეხბურთელობა ქალის პროფესია შეიძლება იყოს.
წიგნები და ფეხბურთის ჯილდოები ელენე რაუხის ოთახში.

ახალგაზრდები, თებერვალი/მარტი 2019

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია