წარმოსახვითი სამყარო

ავტორი: საბა გორგოძე

21.02.19
გამოცემა: ახალგაზრდები

წარმოსახვითი სამყარო: პირადი დოკუმენტური პროექტი (2013 - მიმდინარე)

 

ეს ყველაფერი სკეიტბორდინგით დაიწყო. 

დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, თბილისში. 

უახლესი ისტორიული კონფლიქტების ფონზე ქვეყანაში ცხოვრება ძნელი იყო.

ექვსი წლის რომ გავხდი, ჩემმა მშობლებმა პირველი ტელევიზორი იყიდეს, რომელიც უცხოურ არხებს აჩვენებდა. ყველაფერი ჩემთვის უცხო ენაზე, რუსულად იყო გახმოვანებული, მაგრამ მაინც გაოცებული ვიყავი.

მთელი დღეები ტელევიზორის წინ ვიჯექი და ანიმაციებს ვუყურებდი. იქ ყოველთვის იყო ერთი გმირი, რომელსაც სკეიტბორდი ჰქონდა.

ფერადი გმირები, ფიზიკის კანონებს არ ემორჩილებოდნენ. ჩემდა გაუცნობიერებლად მაჯადოვებდნენ და მიტოვებდნენ სივრცეს ოცნებისთვის, სადაც მე ჩემი საკუთარი სკეიტბორდით ვსრიალებდი არარსებულ, დახატულ ქუჩებში.

ოცნება იმ ნივთს დაემსაგასვა, რომელსაც დაკარგავ და წლების მერე საკუთარი საწოლის ქვეშ აღმოაჩენ.

თხუთმეტი წლის ასაკში სკეიტბორდის მოგონებები ჩემთან დაბრუნდა. მაშინ უკვე სკეიტბორდის ყიდვა თავად შევძელი, ის რკინის იყო.

მოგვიანებით, 2013 წელს პირველი ფოტოკამერა ვიყიდე. ყველაფრის გადაღება დავიწყე, რაც ჩემ გარშემო იყო. სკეიტბორდინგი კი ბუნებრივად გახდა ჩემთვის გადაღების ობიექტი. ასე დაიწყო პროექტზე ირიბად მუშაობა.

პროექტის საბოლოო სახე მხოლოდ 2015 წელს ჩამოყალიბდა, გაფართოვდა. მისი მიზანი ქართველი ახლგაზრდების ცხოვრების ეტაპების ასახვა გახდა. მიმდინარე დოკუმენტური პროექტი ერთგვარი ფანჯარაა მათი ფიქრების, გრძნობების, სურვილებისა და შიშების დასანახად.


პროექტის „წარმოსახვითი სამყარო“ საბოლოო მიზანი ქართველი ახალგაზრდების ცხოვრების დოკუმენტაციაა. პროექტი ვიზუალური ენის საშუალებით გვიყვება საზოგადოებასა და პოლიტიკურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ და მუდმივად სვამს კითხვას, როგორია, იყო ახალგაზრდა საქართველოში?

ნოდარი გველოდება, სანამ ველურ კანაფს დავკრეფთ. კანაფს რძეში ვურევდით, რომ ნახარში მიგვეღო, რომელსაც „მანაგუას” უწოდებენ. 2015 წელი, მცხეთა.
რამდენიმე წლის წინ საქართველოში მხოლოდ 20-30 სკეიტბორდისტი იყო. ისინი ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი პირველი სკეიტბორდის შეჯიბრის შემდეგ ენრიკოს გამარჯვებას ზეიმობენ. 2014 წელი, თბილისი.
“სლემ ცეკვა” აგრესიული ცეკვის ფორმაა. იგი თავდაპირველად პანკ მოძრაობის ნაწილი იყო. 2015 წელი, თბილისი.
ერთ-ერთმა სკეიტბორდისტმა გრაფიტის პროექტი “Lamb” დაიწყო. მხატვარი გრაფიტის საშუალებით სოციალურ რწმენებსა და ტრადიციებს აკრიტიკებს. 2017 წელი, თბილისი.
საქართველოში სამი გოგოა, ვინც საკუთარ თავს სკეიტბორდისტს უწოდებს. მათ შორის - 18 წლის ქეთი და მარიამი. 2017 წელი, თბილისი.
ფოტოს გადაღებიდან ორი კვირის შემდეგ 19 წლის გური კანაფის შენახვისთვის დაიჭირეს. დაკავებისას რამდენიმე კილო ჰქონდა თან და 10 000 ლარის გადახდამ მოუწია, რომ ციხეში არ წასულიყო. 2015 წელი, მცხეთა.
23 წლის თორნიკე. ადრე იგი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. 2017 წელი, თბილისი.
20 წლის ლაშა, დრაგ შოუზე ბარში “Succes”. 2017 წელი, თბილისი.
თბილისში მხოლოდ ერთი პარკია სკეიტბორდინგისთვის. იგი 2009 წელს აშენდა, თუმცა იქ სკეიტბორდისტებისთვის ბევრი წინაღობა არ არის მოწყობილი. ამიტომ პარკში ხშირად ცვლილებები შეაქვთ. ამ ფოტოში ახალგაზრდები ცდილობენ, ქვით შვერილი მოაწყონ.
დღესდღეობით ახალგზარდები ნარკოტიკებს ყიდიან, რადგან ეს არის ყველაზე მარტივი გზა ფულის საშოვნელად. ფოტოზე ასახულია ნარკოტიკების გაყიდვით ერთი ღამის შემოსავალი. 2017 წელი, თბილისი.
20 წლის გიორგი ეხუტება სანდროს ციხიდან გამოსვლის შემდეგ. გიორგი 2014 წელს დაიჭირეს წვრილმანი ქურდობისთვის. 2017 წელი, ქსანი.
გოგოები ტბაში შერბიან. 2017 წელი, თბილისი.
სკეიტბორდისტები ღია წყალგამტარ მილში სეირნობენ. 2016, გორი.
ფოტო 13-მაისის პროტესტიდან. აქციის მონაწილეებმა ხელები ასწიეს იმის საჩვენებლად, რომ არ სურთ კონტრაქციის მონაწილეებთან ჩხუბი. 2018 წელი, თბილისი.
13-მაისს ქართველმა ნაციონალისტებმა ახალგაზრდების პროტესტის კონტრაქცია გამართეს. ნაციონალისტები ქართულ კლუბურ კულტურასა და ლგბტ ჯგუფების უფლებებს აპროტესტებდნენ. ორი უცნობი გოგო აქციის შემდეგ ერთმანეთს კოცნის. 2018 წელი, თბილისი.
ნაციონალისტური ჯგუფები, ახალგაზრდა აქტივისტებსა და მათ შორის არსებული პოლიციის ბარიერის გარღვევას ცდილობენ. 13 მაისი, 2018 წელი.
13-მაისს ცეკვა პროტესტის ფორმა გახდა, მას შემდეგ რაც ახალგაზრდებმა სადემონსტრაციო გამოსვლები დაიწყეს ქართული კლუბური კულტურის დასაცავად. 2018 წელი, თბილისი.
12-მაისს პოლიციამ თბილისის ღამის კლუბებში რეიდი ჩაატარა, ნარკოტიკებთან ბრძოლის მიზნით. დარბევისას უდანაშაულო მოცეკვავეები დააკავეს. პოლიციის აგრესიას ახალგაზრდები სამი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ. ერთ-ერთი აქციის მონაწილის წარწერა ასფალტზე „არ დამიჭირო’”. 2018 წელი, თბილისი.

ახალგაზრდები, თებერვალი/მარტი 2019

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია