სამი თვის განმავლობაში ენგურის ხიდი ჩაკეტილი იყო. ამის გამო ოჯახები გაიყო, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ. ერთი შეხედვით ძალიან უწყინარი სურვილიც კი, როგორიც კონცერტზე დასწრებაა, შეუძლებელი გახდა.
“საშინელი გამოცდილება იყო ეს ჩვენთვის, აღწერაც კი მიჭირს. ივლისში, როცა გალელი მოსწავლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებდნენ, მშობლები 5000 რუბლს იხდიდნენ ხიდზე რომ გადმოსულიყვნენ (დაახლოებით 77 ამერიკული დოლარი), ზოგიერთი 10 000-საც ($155). აღარ მინდა გალში დაბრუნება თუ იგივე გაგრძელდება. ეს დაახლოებით ციხეში ყოფნას ჰგავს. შეუძლებელია ამ პირობებში ცხოვრება”- ამბობს ნიკა.
უსამართლობას თითქმის ყოველდღიურად გრძნობენ. მაგალითად, მოსწავლეებს გალში ქართულ ენაზე სწავლა ეკრძალებათ. დაცული არ არის უსაფრთხოების ისეთი ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც საკუთრების რეგისტრაციას ან არჩევნებში ხმის მიცემას უკავშირდება. არ აქვთ ნდობა პოლიციის მიმართ, რომ რამე თუ დასჭირდათ, ისინი მათ დაიცავენ.
“სამწუხაროდ, საკმარისად დიდი არ ხარ.” ეს ფრაზა ერთგვარ ხუმრობად იქცა გამყოფ ხაზთან. სინამდვილეში კი იმაზე მიუთითებს, რომ 18-დან 65 წლამდე ქართველ მამაკაცებს, რომელებიც ხიდის გადაკვეთას შეეცდებიან, ამის უფლებას არ მისცემენ. უკეთეს შემთხვევაში, იქამდე ვერ გაივლიან ენგურის გამშვებ პუნქტს, სანამ ქრთამს არ გადაიხდიან.
მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბადრის არაერთხელ მოუწია ამ არჩევანის გაკეთება. განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი შვილები ავად გახდნენ. როგორც ბადრი ამბობს, საავდმყოფოები გალში არ არის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მედიკამენტებიც მწირია. ამის გამო, მის ცოლს ენგურის ხიდზე გადმოსვლა მოუწია, რომ უკეთესი მომსახურება მიეღო თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ივლისში მიიღო, ეს იმ პროტესტზე საპასუხო რეაქცია იყო, რომელიც თბილისში, 20 ივნისს დაიწყო საქართველოს პარლამენტთან. ბადრი იზოლაციაში აღმოჩნდა.
სამ თვეზე მეტხანს ეკრძალებოდათ გალში მცხოვრებ მამაკაცებს გამყოფი ხაზის გადმოკვეთა. ეს შეზღუდვა ცოტა ხნის წინ, 2 ოქტომბერს მოიხსნა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მოსახლეობა მაინც მუდმივად შეშინებული და იმედგაცრუებულია.
მიმდინარე წელს, ენგურის ხიდი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორჯერ ჩაიკეტა. როცა ეს ხდება, გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს საპასუხოდ მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ: ან ქრთამი უნდა გადაიხადონ ან სახლში ჩაიკეტონ.
“თბილისის საავადმყოფოში ჩემი შვილები რომ მომენახულებინა, ჯამში 5000 რუბლის ($ 77) გადახდა მომიწია. ყოველ ჯერზე 1000 რუბლს ($15) ვიხდიდი. ეს არის ცხოვრება? კინაღამ გავგიჟდი, ჩემი შვილები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ შეერთებულნი და მე კიდევ მათი ნახვა არ შემეძლო,” გვეუბნება ბადრი.
არც ის გაქვს გარანტირებული, რომ თუ 15 დოლარს გადაიხდი, აუცილებლად გაგიშვებენ. ზოგჯერ გართმევენ ამ ფულს მესაზღვრეები და ზოგჯერ, არა. ფასიც სულ შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ნიკასთვის ეს თანხა $46 დოლარი იყო. ეს იმისთვის რომ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში თავისი ადგილი არ დაეკარგა.
“2000 რუბლი ($ 30) გადავიხადე მეორედ. მოგვიანებით, სწავლის დასაფინანსებლად განცხადება უნდა დამეწერა განათლების სამინისტროში, შესაბამისად, კიდევ უნდა გადმომეკვეთა ხიდი, მესამედაც 2000 რუბლი გადავიხადე,” იხსენებს ნიკა.
ხიდის ჩაკეტვა და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარშიც მიიღო, ე.წ “ღორის გრიპის” თავიდან აცილების მიზნით.