სტატია, რომელსაც ეცნობით, Chai Khana-ს არქივის ნაწილია. არქივი აერთიანებს 2015-2024 წლებში გამოქვეყნებულ მასალებს.
ნახევარი კილომეტრი - ეს არის მანძილი, რომელიც აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აშორებთ. ეს იგივე მანძილია, რომელიც 34 წლის ბადრის საკუთარ ცოლ-შვილთან თითქმის მთელი ზაფხული აშორებდა. ზუსტად იგივე მანძილმა დააშორა 23 წლის ნიკა სამაგისტრო პროგრამას.
სამი თვის განმავლობაში ენგურის ხიდი ჩაკეტილი იყო. ამის გამო ოჯახები გაიყო, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ. ერთი შეხედვით ძალიან უწყინარი სურვილიც კი, როგორიც კონცერტზე დასწრებაა, შეუძლებელი გახდა.
გალის რაიონში მცხოვრები ქართველები, შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, იშვიათად აპროტესტებენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. თუმცა, გამშვები პუნქტის ჩაკეტვა იმდენად დამაზიანებელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ეს ფაქტი მიმდინარე წლის იანვარში გალის ადმინისტრაციის შენობასთან გააპროტესტეს. მომიტინგეებს განცხადებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვა გალის რაიონის მცხოვრებთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებსაც უნდა ითვალისწინებდეს.
თუმცა, ამის მიუხედავად, პროგრესი მაინც არ შეიმჩნევა.
რესპონდენტების სახელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეცვლილია.
"ჩაიხანა" უსაფრთხოების დაცვის მიზნით ავტორის სახელსა და გვარს არ ასახელებს.