ბიჭი საოცრად დიდი ლამაზი შავი თვალებით

ავტორი: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

29.01.21
გამოცემა: უცხო

თედოს მაშინ შევხვდი, როცა ის 4 წლის იყო. პატარა ბიჭი საოცრად დიდი ლამაზი შავი თვალებით, ასე დამამახსოვრდა. თედოს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი 2 წლის ასაკში დაუსვეს. როგორც გავიცანი, მივხვდი, რომ ხალხთან ლაპარაკი არ უყვარდა, თავისი სამყარო ჰქონდა და იქ გრძნობდა თავს კარგად.

ფოტოების გადაღება დავიწყე და თან ვნერვიულობდი, როგორი რეაქცია ექნებოდა თედოს ამაზე.  სახალისო იქნებოდა მისთვის, თუ პირიქით,  კამერის ხმა გააღიზიანებდა. გამიმართლა. თედოს ისე მოეწონა ჩემი კამერის “ჩხაკუნის” ხმა, რომ ყველა ფოტოზე განსხვავებული ემოციით და პოზით აღიბეჭდა. რამდენიმე ათეული კადრის მერე, მთხოვა, გავჩერებულიყავი. აი, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

თედოს დიაგნოზმა სრულიად შეცვალა მისი მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების ცხოვრება. დრო დასჭირდათ გაეგოთ, როგორი მოვლა და აღზრდა სჭირდება ბავშვს ამ დიაგნოზით. არც ამ რეალობასთან შეგუება მომხდარა სწრაფად. დავრწმუნდი, რომ მხოლოდ მშობლის უპირობო სიყვარულს შეუძლია ამ სიძნელეებთან გამკლავება, მით უმეტეს, საქართველოში, როცა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმა ისევ ძლიერია. 

მიუხედავად ამისა, აუტიზმზე ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად გაიზარდა. მახსოვს, ადრე ბავშვებს სახლებში კეტავდნენ ამის გამო, მშობლებიც არასოდეს იტყოდნენ ხმამაღლა, სირცხვილად ითვლებოდა. დღეს გაცილებით მეტი შესაძლებლობებია მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. 

თედო განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხმაურისა და სინათლის მიმართ. ის ძალიან შემოქმედებითია. ხატავს, უკრავს, მღერის და ამის გარდა, კიდევ ბევრი რამ აინტერესებს. რამდენიმე ენაც თავისით ისწავლა. როგორც ფოტოგრაფს, მინდოდა სხვებისთვის ის სამყარო გამეცნო, როგორც მას თედო ხედავს და აღიქვამს. ამ ზაფხულს როცა თედოსთან სტუმრად წავედი, ერთი ფოტოაპარატი მისთვის წავიღე. მაინტერესებდა, მოეწონებოდა თუ არა გადაღების პროცესი.

ამ ექსპერიმენტის შედეგი ეს ფოტო-პროექტია, რომელიც თედოს ცხოვრებას ორი პერსპექტივიდან გვანახებს: ერთი, მისი წარმოსახვით და მეორე, ჩემი, როგორც დამკვირვებლის.

ამ ლურჯი სახლიდან არც ისე მოშორებით, ე.წ. სამოთხის ვაშლების ხეივანია, რომელიც თედოს ძალიან უყვარს. ამ სახლში, ზაფხულობით, თედოს ოჯახი ცხოვრობს.
ადგილობრივები ამ სახლს „ლურჯი სახლით“ იცნობენ. რომ იკითხო, ყველა გეტყვის, სად არის.
ემი, პატარა ბოლონიეზი, ამ ოჯახის წევრია. ცნობილია, რომ ამ ჯიშის ძაღლები ჰიპოალერგიულები არიან და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან განსაკუთრებით მეგობრობენ. ემი და თედო საუკეთესო მეგობრები არიან, ხშირად ერთადაც თამაშობენ.
თედოს მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ბაჩას, წლების წინ თედოს დახატული პინგვინის სვირინგი აქვს.
მის დიდ შავ თვალებს უყურებ და ფიქრობ, ნეტა როგორია სამყარო მის წარმოდგენაში? ალბათ, რამდენი რამეა, რასაც მხოლოდ ის გრძნობს და ჩვენ ვერც კი ვხვდებით.
სენსორული პრობლემები დამახასიათებელია ნევროლოგიური და განვითარების დარღვევების შემთხვევაში. აუტიზმეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ. ბავშვებს, რომლებსაც მომეტებული მგრძნობელობა აქვთ, ზოგჯერ ისეთი ხმები ესმით და აწუხებთ, რაც ჩვენ შეიძლება საერთოდ ვერ გავიგონოთ, თუ სმენა ძალიან არ დავძაბეთ. ამიტომაც ვერ ჩერდებიან ოთახში, სადაც ხმაურია. მძაფრ სუნებსაც ვერ იტანენ.
თედოს თვალები მზის სინათლეზეც ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომ, თუ გარეთ არის, ყოველთვის სათვალე უკეთია.
სენსორულ დისფუნქციას ასევე ახასიათებს ჩახუტება და განსაკუთრებული ფიზიკური სიახლოვე ადამიანებთან.
თედოს საყვარელი საჭმელი პიცაა. პიცას ფენოვანი ცომისგან გაკეთებულ ხაჭაპურს ეძახის. კიდევ ყველის ნაჭრები უყვარს ჰამბურგერის პურში გახვეული. საერთოდ, ცოტა რამეს ჭამს.
თედოს მშობლები საუკეთესო მაგალითები არიან ჩემთვის, როგორ უპირობოდ შეიძლება გიყვარდეს შვილი. ქეთის ცხოვრება მთლიანად თედოს აღზრდას ეძღვნება. მაქსიმალურად ცდილობს, არც-ერთი თერაპია და სხვა მნიშვნელოვანი რესურსი არ გამორჩეს, რომ მისმა შვილმა რამდენადაც შესაძლებელია სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს.

ფოტო ისტორია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს. 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია