მევენახეები ყურძნის მკრეფავებად

ავტორი: მარიამ ნიკურაძე

11.11.15

ვაჟა, რეზო და მიშა კახეთში, სოფელი ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველ საბჭოთა სატვირთო მანქანებთან დგანან და მევენახეებს ელოდებიან, იქნებ მკრეფავებად დაიქირაონ. მკრეფავთა უმრავლესობა, ვინც ამ ადგილას იკრბება, თვითონ მევენახეები არიან, თუმცა წლევანდელი რთველი მათთვის იმდენად საზარელი იყო, რომ დამატებით უხდებათ ფულის გამომუშავება.

კახელი გლეხები შარშანდელ რთველს ზღაპარივით იხსენებენ. ყურძნის მისაღები ფასები, რომელიც შარშან დაფიქსირდა, უკანასკნელი წლების განმავლობაში უმაღლესი იყო. მევენახეებს მოტივაცია გაუჩნდათ, რომ მეურნეობა გაეფართოვებინათ. აიღეს მეტი სესხი, რომ უკეთესად მომზადებულიყვნენ წლევანდელი რთველისთვის. თუმცა წელს ლარის გაუფასურებისა და ღვინის ექსპორტის შემცირების ფონზე ყურძნის ფასიც მკვეთრად დაეცა და სახელმწიფო სუბსიდირების მიუხედავად ხალხმა ისიც ვერ მოახერხა, რომ წლევანდელ რთველზე დახარჯული ფული ამოეღოთ.

„ხომ იცით, როგორც ხდება საქართველოში. რთველი ყოველთვის დღესასწაული იყო ჩვენთვის, სასიამოვნო ტრადიცია, მაგრამ წელს არ გვედღესასწაულება არავის,“ ამბობს ვაჟა.

მან 5 ტონა ყურძენი სწრაფადვე გაყია, რომ ბანკში აღებული კრედიტი დაეფარა, რადგანაც ბანკი ჯარიმას დააკისრებდა. ახლა 2 ტონა ყურძენი დარჩა. გეგმავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს შედარებით მაღალ ფასად, რითიც სესხის დარჩენილ ნაწილს გაისტუმრებს და იქნებ საჭმლის ფულიც დარჩეს.

კილო ყურძენი 65 თეთრად გაყიდა და მთელი შემოსავალი ბანკში წაიღო. შარშან იმავე ყურძენში 1.50 ლარი გადაუხადეს.

„მკრეფავებმა 25 ლარი წაიღეს, 30 ლარი მტვირთავებს გადავუხადე. მე რა დამრჩა?“ გვითხრა ვაჟამ. ახლა მან უნდა გაისტუმროს სესხი, რომელიც შხამქიმიკატების საყიდლად აიღო. ზამთარში შეშა დასჭირდება, ამიტომაც მოვიდა აქ სხვების მსგავსად, იქნებ მკრეფავად დაიქირაონ.

„აქ არიან მევენახეები, რომლებიც ყურძნის ჩაბარებას 50 თეთრად დათანხმდნენ. რა უნდა ქნას გლეხმა? ვენახს ჩვილი ბავშვივით სჭირდება მოვლა. იმედი გაუცრუვდათ. ზოგმა ვენახები გაყიდა,“ გვიხსნის რეზო.

 

რთველი კახეთში ოქტომბრის ბოლოს სრულდება. თითქმის ყველამ დაკრიფა ყურძენი, თუმცა ეს ადგილი ჩალაუბანში, რომელსაც „ბირჟას“ ეძახიან, სავსეა მკრეფავებით, რომლებიც კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოდიან. ზოგს მიტოვებულ ვაგონებში სძინავთ ღამე, რომ დილას პირველები დახვდნენ მევენახეებს. მევენახეებმა კი იციან, რომ მუშა ხელს სწორედ აქ, „ბირჟაზე“ ნახავენ.

„რამდენიმე წუთის წინ ერთი კაცი მოვიდა. ოთხი ქალი 40 ლარად დათანხმდა სამუშაოს, იქნებ გზის ფული მაინც ვიშოვოთო,“ თინა ჩაერთო საუბარში. თინა სამ ქალბატონთან ერთად დილიდან სხედან „ბირჟის“ შეასვლელში, თუმცა უკვე მესამე დღეა, არავის წაუყვანია.

 

გზის მეორე მხარეს მამუკა ფრიდონიშვილი ყურძენს კრეფს. მან 15 მკრეფავი დაიქირავა. თითოს 20 ლარს უხდის, ეს კი მკრეფავებისთვის სტანდარტული გადასახადია დღეში.

კამერის დანახვისას ლეილამ სასაცილო, მაგრამ მზეში კომფორტული ქუდი მოიხსნა, თეთრი, მტვრისგან გაჭუჭყიანებული პერანგიც გაიხადა და წელიდან საფულეც მოიშორა, რომ სურათში უკეთესად გამოჩნდეს.

ის დედოფლისწყაროდან ჩამოვიდა, რომ დამატებით ფული იშოვოს. წლევანდელი რთველი არც მისთვის ყოფილა წარმატებული.

„დღეს გამიმართლა,“ იღიმის ლეილა და სურათისთვის ლამაზ მტევნებს არჩევს. სხვები კი ეხუმრებიან, რომ მალე ცნობილი გახდება, რადგანაც მის ფოტოს ინტერნეტში ნახავენ.

ამ ადამიანებს ნახევარ დღეზე მეტი სჭირდებათ, რომ 7 ტონამდე ყურძენი დაკრიფონ ვენახში.

ქალები კრეფენ, კაცები სავსე ვედროებს ცლიან სატვირთო მანქანაზე.

ერთი კვირით ადრე, სანამ მამუკა ფრიდონიშვილი ყურძენს დაკრეფდა, ალიკას ვენახში ჭეშმარიტი კახური რთველი გაიმართა.

წლევანდელი პრობლემების მიუხედავად ალიკამ, მამის, ბიძის, ცოლის და რამდენიმე დაქირავებული მკრეფავის მეშვეობით, ტრადიციული ზეიმი მოაწყო თავის ნაკვეთში.

მკრეფავები ლამაზ მტევნებს კრეფენ, ბებია ბავშვების დახმარებით სუფრას ამზადებს. კრეფის ბოლოს ოჯახის უხუცესი მწვადებისთვის ცეცხლს ანთებს, რომ სუფრაზე ცხელი საჭმელი იყოს. ნინი, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, მთელი დღეა ყურძენს იპარავს და ჩუმად ჭამს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მიიღო საყვედური.

შარშან დაწურული მანავის მწვანე სუფრაზეა. ღვინის ქარხნიდან სტუმრები მოვიდნენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელიც აქაა. სუფრა გაიშალა. ყურძენი შეგროვებულია და ქარხნის გზას ადგას. გრძელი სადღეგრძელოები და სიმღერები ისმის მაგიდაზე, რომელიც ვენახის შესასვლელში გაიშალა.

ალიკა მამასთან ერთად ლოცავს ვენახის წინა მფლობელებს. ეს ვენახი 15 წელია, რაც შეიძინეს.

„მიყვარს ეს მიწა, მიყვარს ყურძენი, რომელიც აქ მოდის და მოგვყავს ყოველ წელს,“ ამბობს ალიკა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ყურძნის ფასი მისთვისაც იმედგაცრუება იყო, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და აპირებს, რომ შემდეგ წელსაც იგივე საქმიანობა გააგრძელოს.

„ერთ ტონა ყურძენს ჩემთვის ვიტოვებ. ცოლისდა თხოვდება. ათასი რამ ხდება, ღვინო საჭიროა სახლში. კახეთია, აბა როგორ გინდა?“ იცინის ალიკა.

ალიკასთან სასიამოვნო დროის გატარების შემდეგ მეღვინეები ლევანი და ბესო, რომლებიც ქარხანა KTW-ში მუშაობენ, ყურძნის მიღების პროცესს გვათვალიერებინებენ. როგორ შემოდის ყურძენი ქარხანაში, როგორ იწონება, დახარისხდება და იწურება დანადგარებში.

წლევანდელი რთველი მასიური აქციებს ფონზე დაიწყო. მევენახეები ადგილობრივი გამგეობის შენობებთან იკრიბებოდნენ და ფასების მომატებას ითხოვდნენ. ზოგი იმუქრებოდა, რომ ვენახს გაჩეხავდა, თუმცა ერთადერთი შედეგი, რაც წლევანდელმა აქციებმა მოიტანა იყო ის, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესი ქარხნებში დაჩქარდა. ფასები არ შეცვლილა.

ლარის კურსის ვარდნასთან ერთად 2015 წელს სხვა პრობლემებიც იყო. ღვინის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. 2015 წლის დასაწყისში ექსპორტი 67 პროცენტით ნაკლები იყო გასულ წელთან შედარებით, რაც უკრაინის კრიზისზა და რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს დაუკავშირეს.

ვაჟა, რეზო და მიშა წრეში დგანან უიმედოდ, რომ დღეს აღარავინ დაიქირავებს.

„კი, ვიმუქრებოდით აქციების დროს, რომ ყურძენს გავჩეხავდით, მაგრამ მაგას ვინ გააკეთებს? სხვა გზა რა გვაქვს, რომელი გლეხი მოიქცევა ასე,“ ამბობს რეზო. მისი თქმით, გლეხების უმეტესობა მთელი ცხოვრება ვენახს უვლის და სხვა არჩევანი არ აქვთ.

ყველა დისკუსია „ბირჟაზე“ პოლიტიკურ ჭრილში მიდის. კაცები პირობას იძლევიან, რომ მომავალ წელს არც ახლანდელ და არც წინა ხელისუფლებას ხმას აღარ მიცემენ. იმედი გაუცრუვდათ.

თინამ მეგობარ ქალბატონებთან ერტად „მარშუტკა“ გააჩერა და სახლში დაბრუნდა.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია