პირბადეები მოთავსდა პაკეტებში და დაილუქა | ჩხრეკის ოქმი
ფოტოგრაფი: მარიამ გიუნაშვილი
მიხეილ ზაქარეიშვილს სახეზე აფარებული ჰქონდა მოლურჯო მოთეთრო ფერის პირბადე, ასევე პირადი გასინჯვისას მიხეილის უკანა მარცხენა ჯიბეში მოთავსებული ჰქონდა მოლურჯო მოთეთრო ფერის ერთი ცალი პირბადე, რომელიც თავადვე წარმოადგინა. პირბადეები ცალ-ცალკე მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტებში და დაილუქა ლუქის ბეჭდით.
23 ოქტომბერი, 2025. ამონარიდი ჩხრეკის ოქმიდან.
ამ დროისთვის მიხეილ ზაქარეიშვილს „სამართალდარღვევისთვის” პოლიციამ 4 ოქმი შეუდგინა და ნივთმტკიცებად 5 პირბადე დაულუქა.
***
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან” 5-6 პოლიციელი ახალგაზრდა ქალს აჩერებს.
- კონცერტიდან მოვდივარ. პლაკატიც მაქვს.
- თქვენი სახელი და გვარი? პირადობა წარმომიდგინეთ.
- არ მაქვს.
- პირბადე მოიხსენით.
- ვერ მოვიხსნი, იმიტომ რომ ვერ ვლაპარაკობ, კბილები არ მაქვს.
- აი, შეხედეთ და ღრძილებზე ანიშნებს. რა საქციელია, პირბადე რომ მიკეთია, მაგიტომ გამაჩერეთ?
- ბილეთს გაჩვენებთ, კონცერტზე ვიყავი — ეუბნება ახალგაზრდა ქალი და ბლოკნოტში შენახულ ბილეთს აწვდის პოლიციელს.
- კარგით, თავისუფალი ბრძანდებით.
- სირცხვილია, რისთვის მაჩერებთ?
- ჩვენი საქმე ეს არის.
21 ოქტომბერი, 2025. ვიდეოს მედია ავრცელებს.
***
16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის განმეორებითი დარღვევა უკვე სისხლის სამართლის წესით ისჯება და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამკაცრდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსიც. აქციაზე სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, გზის გადაკეტვა და ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნა, ცრემლმდენი საშუალების ქონა მხოლოდ საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს და კანონდამრღვევს პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობას უფარდებს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ერთი წლის ვადით.
351-ე დღეა საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები. არაერთგზის გამკაცრებული კანონების, გაზრდილი ჯარიმების და საპატიმრო სასჯელის შემოღების მიუხედავად, პარლამენტის წინ დემონსტრაციები არ წყდება. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, 16 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, პოლიციამ 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავა და ათობით მათგანი სამართალდამრღვევად ცნო.
ფოტოგრაფმა მარიამ გიუნაშვილმა ბოლო დროის საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ვიზუალური სამხილის შექმნა სცადა.
2024 წლის 13 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა ეკრძალებათ.
2024 წლამდე საპროტესტო ატრიბუტიკა და თავდაცვის საშუალებები, როგორებიცაა: პირბადე, სათვალე, აირწინაღი აკრძალული ნივთების სიაში არ შედიოდა.
1 მაისი, 2024
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეთვალყურეო კამერების რაოდენობა უწყვეტი პროტესტის ფონზე გაიზარდა.
,,როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს სპეციალურ საშუალებებსა და არაპროპორციულ ძალას იყენებდა, ვიდეომონიტორინგის გაძლიერება, როგორც ჩანს, მათ ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა იმ პერიოდიდან, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებების გზით დემონსტრანტების დასჯაზე კონცენტრირდა, შეკრების ადგილას რამდენიმე ათეული სახის ამომცნობი კამერა გაჩნდა", - ფრაგმენტი ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებიდან.