2080 ლარი მჭირდება მხოლოდ ბავშვისთვის | დედობის ფასი საქართველოში
ფოტოგრაფი: მზია საგანელიძე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემები გვეუბნება, რომ გასულ წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია. ქვეყანაში ბოლო ხუთი წელია, უარყოფითი ბუნებრივი მატებაა. 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს ჯამში 31 806-ით გადააჭარბა.
საქართველოში შობადობის მაჩვენებელი 2015 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად მცირდება. 2024 წელს კი ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა.
ამ პრობლემაზე ილაპარაკა 18 თებერვალს პარლამენტში "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. მან ეს ტენდენცია არა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ ლიბერალური მსოფლმხედველობით ახსნა.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას”, - თქვა კობახიძემ.
3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. Chai Khana დედობის გამოცდილებებზე გიყვებათ.
ანანო თავდგირიძე, 35 წლის
10 თვის მაშოს დედა
ორსულობისას ყველა სახელმწიფო პროგრამით ვისარგებლე, რაც მეკუთვნოდა: კვლევები, ანალიზები და რამდენიმე ექოსკოპია. ექოსკოპია დამატებითაც დამჭირდა, რაც იაფი არ ღირს — 140 ლარი ერთი ვიზიტი. მთელი ორსულობა ვმუშაობდი, კერძო დაზღვევასაც ვიყენებდი ანალიზებისა და კვლევების დროს. გამიმართლა, რომ მარტივი ორსულობა მქონდა, გართულებების გარეშე.
ბავშვი რომ ჩნდება, მერე გაცილებით მეტი გჭირდება. ჩემმა მეგობრებმა, რომლებსაც შვილები უკვე ჰყავდათ და გამოცდილები იყვნენ, პირველადი ნივთები მაჩუქეს.
სამი თვე ვაჭამე მაშოს ძუძუ. მერე უკვე ფორმულაზე გადავიყვანე. დილიდან საღამოს 6 საათამდე ოფისში ყოფნა მიწევს, ამიტომ ბავშვს რეჟიმი ძალიან აერეოდა. ფორმულა ძვირი ღირს. თან ამაზე ეკონომიას ვერ გააკეთებ, ბავშვის განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომ საუკეთესოს ყიდულობ შენი შვილისთვის. თვეში დაახლოებით 500 ლარამდე გამოდიოდა რძე და საკვები. ფასდაკლებებს ვიყავი ჩასაფრებული, მაგრამ ყოველთვის არ ემთხვეოდა. პამპერსიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, აქციებს ველოდებოდი ხოლმე, რომ შედარებით იაფად მეყიდა. ერთი შეკვრა 65 ლარი ღირს. ამას ემატება კიდევ ტანის მოვლის საშუალებები: დასაბანი და დამატენიანებელი.
მაშო 6 თვის რომ გახდა, უკვე მყარ საკვებზე გადავედით. ახლაც ვცდილობ, რომ კარგი ხარისხის, ნატურალური პროდუქტი ვუყიდო, რაც თავისთავად, უფრო ძვირია.
მაშო ჩვენი პირველი შვილია, ზრდასრულ ასაკში გავაჩინე, თითქოს მომზადებული ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან რთულია ახალ რეჟიმს მიეჩვიო. ცხოვრების წესი რადიკალურად გეცვლება. დიდი შრომაა ქალისთვის, მოკლედ.
ბევრ რამეზე ვამბობ უარს. ახლა პრიორიტეტი შვილია და მერე ჩემი საჭიროებები. სამსახურში ვარ დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე. კერძო სტრუქტურაში ვმუშაობ, დეკრეტული შვებულების აღების ფუფუნებაც არ მქონია. 7 საათამდე სახლში ვერ მოვდივარ, ამიტომ ძიძა მეხმარება.
ახლა უხეშად ჩამოვწერე, გაუთვალისწინებელი ხარჯიც დავამატე 5% და თვეში მხოლოდ ბავშვისთვის 2080 ლარი მჭირდება. რაც ბავშვი გავაჩინე, ფორმულის ფასმა 8 ლარით მოიმატა. მაშოს 400 მლ-იანი ფორმულა 51 ლარი ღირდა, ახლა 59 ღირს.
სახელმწიფოს დახმარება მშობიარობისთვის გამოვიყენე. ერთჯერადია — 1200 ლარი. ბავშვის დაბადების შემდეგ ვაქცინებს და რაღაც პერიოდულობით, გეგმიურად პედიატრის მომსახურებასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო. აცრისთვის პოლიკლინიკაში მივდივართ ხოლმე. მშვიდად რომ ვიყო, ბავშვს კერძო დაზღვევა გავუკეთე, რაშიც დამატებით თანხას ვიხდი.
ამ ქვეყანაში სტაბილურად ცხოვრების გარანტია არავის არ აქვს. პოლიტიკური მდგომარეობა ისეთია ახლა ქვეყანაში, ხვალ სამსახური მექნება, თუ არა, ისიც არ ვიცი. ავსტრალიურ კომპანიაში ვმუშაობ და ახალი პროექტები არ იწყება.
თამარ ქააძე, 32 წლის
10 წლის ანდრიას და 2 წლის ერეკლეს დედა
ანდრია რომ გავაჩინე, უფრო პატარა ვიყავი და ალბათ, ამის გამო, ყველაფერს გაცილებით იოლად ვუყურებდი. სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მეორე ბავშვის გაზრდა ადვილი არ არის. ახლა კერძო დაზღვევაც მაქვს. ექიმთან ერთ ვიზიტზე 600 ლარამდე ვხარჯავდი. ვგულისხმობ, კონსულტაციას, ანალიზებს, ექოსკოპიას. რამდენიმე ვიზიტი უფასოდ მეკუთვნოდა. მაგალითად, არის ანალიზები, რომლებზეც გირჩევენ, რომ ჯობია, სხვასთანაც გადაამოწმო. ცხადია, ამას სახელმწიფო აღარ აფინანსებს. ასეთ დროს ძნელია, შენი სიმშვიდე სასწორზე დადო.
10 წლის წინ, ექიმის აყვანა 250 ლარი ღირდა. მეორე ორსულობაზე 750 ლარი გადავიხადე. მესმის ინფლაციის ამბავი, მაგრამ ჩემი ხელფასი 550 ლარით არ გაზრდილა. შვილის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გაიღებ. შეიძლება, ბავშვის განმავითარებელ სათამაშოზე უარი თქვა, მაგრამ პამპერსზე ვერ დაზოგავ ფულს.
ანდრიასთვის ეს სათამაშოები მაშინ ევროპიდან ჩამოვიტანე, 2 ევრო ღირდა, აქ 40 ლარი ღირს. ძალიან ძვირია საქართველოში ბავშვის მოვლის საშუალებებიც: დასაბანი, დამატენიანებელი. ერეკლეს დამატენიანებლის ფასი 80 ლარია. აქციებს ველოდები ხოლმე. დიდ შეფუთვას ვყიდულობ და რამდენიმე თვე მიმყვება.
ყველაზე დიდი ხარჯი ჩემთვის პამპერსია. ყოველ კვირა ვყიდულობ და დაახლოებით 30-40 ლარს ვიხდი. ბუნებრივ კვებაზე მყავდა, მაგრამ დანამატიც რომ დასჭირდა, ეგეც არ არის იაფი. ერთ შეფუთვაში 40 ლარს ვიხდიდი. 2-3 დღეში ერთხელ სჭირდებოდა. მე მყავდა მეგობრები, რომლებმაც თავიანთ შვილებს 1 წლამდე მისცეს მაწონი, იმიტომ რომ ფორმულას ვერ ყიდულობდნენ. არადა, რეკომენდებული არ არის.
ბავშვისთვის კარგი, ნატურალური პროდუქტის ყიდვაც ფინანსურად სერიოზული გამოწვევაა. ოჯახის მთელი ბიუჯეტი ფაქტობრივად კვებაზე იხარჯება.
მაგალითად, გუშინ წამლებისთვის აფთიაქში შევედი. ჩემი დაზღვევა 60%-ს მინაზღაურებს. 100 ლარი მაინც დამეხარჯა. თან, ყურის და თვალის წამალს ვერ შეინახავ, 6 დღის მერე ვეღარ გამოვიყენებ. თუ დამჭირდება, ახალი უნდა ვიყიდო.
ბავშვები ბაღში ხშირად ცივდებიან. შესაბამისად, ექიმთანაც ხშირად გვიწევს სიარული. ერთი ვიზიტის ფასი 70 ლარია.
საბედნიეროდ, მაქვს საშუალება, რომ ზაფხულში 2 თვე მეც დავისვენო. ძირითადად, თბილისში ვართ ხოლმე, მხოლოდ 10 დღე ვახერხებთ ქალაქიდან გასვლას. ზამთრის კურორტებიც ძვირია ბავშვებისთვის. ანდრიას ძალიან უყვარს თხილამურით სრიალი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვაგზავნით. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მეც ვმუშაობ და ჩემი ქმარიც, მაინც არ არის იოლი ყველაფერს გასწვდე.
სანამ ერეკლე ბაღში წავიდოდა, იძულებული ვიყავი, ძიძა ამეყვანა, რომელსაც ფაქტობრივად, მთელ ჩემს ხელფასს ვუხდიდი.
ახლა ბებიებიც მეხმარებიან. როცა სახლშია, ჩემი ქმარიც იტოვებს ბავშვს. ბოლო 2-3 თვეა ოჯახის ყველა წევრზე გადავანაწილეთ.
ჩაკეტილი სოციუმიდან უცებ ძალიან ღია სივრცეში გადავიდა დედობა. ფეისბუქზე რამდენიმე ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და დედები ძალიან გულწრფელად გაძლევენ რჩევებს და გიზიარებენ გამოცდილებას. ზოგჯერ მკაცრადაც შეიძლება გაგკიცხონ, მაგრამ ამას თუ არ მიაქცევ ყურადღებას, სასარგებლო ინფორმაციასაც ნამდვილად მიიღებ.
ერეკლეს ძალიან უყვარს წიგნები. მე, როგორც მასწავლებელს, 50%-იანი ფასდაკლება მეკუთვნის, ერთ-ერთ გამომცემლობაში ისედაც ფასდაკლება იყო და მთელი ოჯახი წავედით. ერთად ავარჩიეთ წიგნები და სალაროსთან რომ მივედით ბედნიერად, კონსულტანტი გვეუბნება, 402 ლარია თქვენგან გადასახდელიო. ლაშამ ფასდაკლების ბარათზე ანიშნა, მაგრამ ამ გოგომ ეს უკვე ფასდაკლებული ფასიაო. სანამ ლაშა გადაიფიქრებდა, ბარათი სწრაფად გავატარებინე და გადავიხადეთ.
ორივე შვილი საჯარო ბაღში შევიყვანე. კერძო ბაღების ფასებს ვერ გავწვდებოდით. მოწესრიგებულია, კვებითაც კმაყოფილი ვარ. ამას ვერ დავუკარგავ სახელმწიფოს. თუმცა, უკეთეს ინფრასტრუქტურას ვისურვებდი.
ნატალი ქენქაძე, 37 წლის
9 თვის თედოს დედა
ძალიან დიდხანს არ ვიყავი დარწმუნებული, მინდოდა, თუ არა, მზად ვიყავი, თუ არა შვილისთვის. თავისუფლების დათმობა მაშინებდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ, მთლიანად იცვლება შენი ცხოვრება.
მინდოდა ფინანსურად ისე სტაბილურად ვყოფილიყავი, რომ თუნდაც ერთი წელი მაინც შემძლებოდა მშვიდად ყოფნა. გეგმის და დანაზოგის გარეშე შვილის ყოლის გადაწყვეტილება ჩემთვის წარმოუდგენელია. მე და კრისს წლები დაგვჭირდა, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. ფინანსების გარდა, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობაც გვაფიქრებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის საუკეთესო დაზღვევა მქონდა, ლიმიტი პირველ თუ მეორე თვესავე ამოვწურე. პირველ სამ თვეში ხშირად მიბარებდნენ გამოკვლევებზე. რადგან ასაკში ვიყავი და თან პირველი ორსულობა იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი ექიმს. ერთი ვიზიტი 150 ლარი მიჯდებოდა. თავიდან, ხან კვირაში ერთხელ, ხან ორ კვირაში ერთხელ დავდიოდი.
სამი თვის შემდეგ სახელმწიფო პროგრამაში ჩავერთე და ერთ-ერთ კლინიკაშიც დავდექი აღრიცხვაზე. გადასამოწმებლად სხვა გინეკოლოგთანაც დავდიოდი. ამას ემატება გენეტიკური კვლევა, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. ბავშვის დაბადების შემდეგ ჭიპლარის სისხლიც შევინახე. ყველა გენეტიკური და ალერგიის ტესტი გავიკეთე. მოკლედ, ყველაფერი ვიყიდე, რაც მომყიდეს. დეკრეტის თანხა რაც იყო სახელმწიფოსგან გამოყოფილი, ჭიპლარის სისხლის შენახვაში გადავიხადე. არც იყო საკმარისი, ჯერ კიდევ ვიხდი, არ დამისრულებია. მშობიარობისას ექიმს თუ ირჩევ, ეგეც ცალკე თანხაა, ასევე ანესთეზია, ცალკე პალატა.
ბავშვისთვის პირველადი ნივთების ხარჯი რამდენიმე ათას ლარზე ავიდა (6000 ლარი). ახლა უკვე ყოველდღიური რუტინა დაიწყო და თვეში ერთხელ ვიმარაგებ ყველაფერს: პამპერსს, დასაბან საშუალებებს, ფორმულას, ძირითადად, ფასდაკლებებზე ვყიდულობ. ველოდები ხოლმე. მარაგს რომ ვიკეთებ, აფთიაქში საშუალოდ 800 ლარს ვიხდი. ამას ემატება ძიძა და თვეში მხოლოდ ბავშვზე 2300 ლარი გვჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ მარტოხელა დედა, რომელიც პარალელურად მუშაობს. ჩვენ ყველა ხარჯს ორნი ვიყოფთ.
ყველაფერი დავგეგმეთ, კარგად მოვემზადეთ ჩვენი პირველი შვილისთვის, მაგრამ ის ვეღარ გავთვალეთ, როგორ გაუარესდებოდა ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა. ახლა ემიგრაციაზე დავიწყეთ ფიქრი. წავალთ, ალბათ.
ბავშვი აღრიცხვაზე მყავს და სახელმწიფო პროგრამით აცრებს ვუკეთებთ, კერძო დაზღვევაც მაქვს.
საუკეთესო შემთხვევაში, დედას უნდა ჰქონდეს საშუალება ერთი წელი იყოს ბავშვთან და იმდენი შემოსავალი ჰქონდეს, რომ დაიფინანსოს თავიც და ბავშვის საჭიროებებიც უზრუნველყოს. ეს არის ალბათ, სახელმწიფოს ფუნქცია. ერთი წელი თუ არა, 6 თვე მაინც.
ბავშვის პასუხისმგებლობასთან ერთად, მშობლების პასუხისმგებლობაც გვაქვს, რომლებიც ბერდებიან და მათი სახელმწიფო პენსია რას უნდა გასწვდეს. სახელმწიფო მათთან მიმართებაში კიდევ უფრო უფუნქციოა.
სალომე სუხიშვილი, 36 წლის
3 წლის თინას დედა
ძალიან გააზრებულად გავაჩინე შვილი. 32 წლის ვიყავი. მე და ჩემმა ქმარმა ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. წინასწარ მოვემზადეთ: ფსიქოლოგიურად, ემოციურად, მათ შორის, ფინანსურადაც. ვიცოდით, რომ თინას დაბადების შემდეგ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა.
ჩემი ორსულობა უკრაინაში ომის დაწყებას დაემთხვა. ისეთი სტრესული ფონი იყო, რომ რაღაც ეტაპზე საინფორმაციო ველისგან თავს ვიცავდი. მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ ვიყავი პასუხისმგებელი.
რაღაცების გათვლა შეგიძლია, რაღაცებს ვერ გათვლი. მაგალითად, წინასწარ ვერ მეცოდინებოდა, რომ ჩემს შვილს მძიმე კვებითი ალერგია ექნებოდა. ეს დედისგან დამატებით ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ მზაობას მოითხოვს. თინა 40 დღისაც არ იყო, ეს რომ გავიგეთ. მისი ფორმულა 2-ჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ჩვეულებრივი.
ვცდილობ, რომ ყველაფერი ფასდაკლებაზე ვიყიდო, სხვანაირად ჩვენნაირი საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახი ამ ყველაფერს ვერ გასწვდება. ერთი კონსულტაცია პედიატრთან 100 ლარი ღირს. თინას ატოპიური დერმატიტი აქვს, მისი სახის დამატენიანებლის ფასი, 70 მილიგრამიანის, 100 ლარია. ერთი წლის რომ იყო, ამის ნახევარი ფასი ღირდა. ახლა გაძვირდა. სპონტანურად არაფერს არ ვყიდულობთ, მაგ დროს ხარჯი ძალიან გეზრდება.
თინას შემთხვევაში მხოლოდ გეგმური აცრებია უფასო, სამ წლამდე რაც ჰქონდა, ხუთი წლისას უწევს კიდევ და მერე, მგონი, 12 წლის რომ გახდება. სხვა სამედიცინო საჭიროებები დამოუკიდებლად დავფარეთ.
სახელმწიფოს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. ახლა თავს დაცულად ნამდვილად ვერ ვგრძნობ. პარკშიც რომ გამყავს, სულ მეშინია, სადმე არ ჩავარდეს. თან არ მინდა, ისიც სულ დავაშინო, ეს ხომ მის ფსიქიკაზე კარგად არ აისახება მომავალში.
ამ გარემოს უნდობლობის გამო, ემიგრაციაზე დავიწყეთ ფიქრი. აქტიურად განვიხილავთ, მეორე შვილი სხვა ქვეყანაში ხომ არ გავაჩინო?
ძალიან ვცდილობთ, რომ დასასვენებლად წავიყვანოთ ხოლმე თინა სუფთა ჰაერზე, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. გაუთვალისწინებელი ხარჯიც ხომ გაქვს?! მაგალითად, ამ თვეში სამჯერ გახდა ავად. ეს ნიშნავს, რომ სამჯერ უნდა წაიყვანო პედიატრთან.
თავიდან, 2 წლამდე, ძიძა გვყავდა დამხმარედ. მერე ისე გაძვირდა, რომ უარი ვთქვით. ვიცი, რომ იმსახურებს, ყველა ძიძას დიდ პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ ჩვენ ვეღარ შევძელით. 4 წელია, 10 საათის შემდეგ არსად არ ვყოფილვარ. მთლიანად ბავშვის რეჟიმს ვართ მორგებულები.
თინა კერძო ბაღში დაგვყავს, ეს გადაწყვეტილებაც იმ ილუზორული უსაფრთხოების შეგრძნების გამო მივიღეთ, რომ ცოტა ბავშვში მეტ ყურადღებას მიაქცევენ, მისი ალერგიის გამო, უფრო ვღელავთ.