სტატია, რომელსაც ეცნობით, Chai Khana-ს არქივის ნაწილია. არქივი აერთიანებს 2015-2024 წლებში გამოქვეყნებულ მასალებს.
თბილისში, იამანიძის ქუჩაზე სამსართულიან შენობაში განთავსებული საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს და ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულ 70 000-ზე მეტ ვეტერანს ემსახურება.
ვეტერანთა ჰოსპიტალის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. რამდენადაც საქმიანობის ლიცენზიებს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს, დარგობრივად კლინიკა ამ უწყებას ექვემდებარება.
ჰოსპიტალში ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსაურება 2016 წლამდე უფასო იყო. კლინიკის ფუნქციონირებისთვის ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 800 000 ლარით ფინანსდებოდა. დაფინანსება სამთავრობო დადგენილების საფუძველზე ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიცემოდა, თუმცა მიმდინარე წელს შესაბამისი დადგენილება მიღებული არ არის, საკითხი ღიაა.
2016 წლიდან ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა შეწყვიტა კლინიკის დაფინანსება. კლინიკის თანამშრომლები უხელფასოდ განაგრძობენ მუშაობას, პაციენტებს კი ხშირ შემთხვევაში თავად უწევთ საჭირო მედიკამენტების შეძენა. ჰოსპიტალში შეიქმნა ე.წ. შტაბი, რომელშიც ერთიანდებიან კლინიკის მედპერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პაციენტები მოთხოვნით, სახელმწიფომ აღუდგინოს დაფინანსება ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსიტალს.
ჰოსპიტალი პაციენტებს ფართო პროფილის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს და მოიცავს - პოლიკლინიკურ, ქირურგიულ, ინტენსიური და ზოგადი თერაპიის განყოფილებებს. სტაციონარი 80 საწოლზეა გაშლილი და წლის განმავლობაში საშუალოდ 1700-ზე მეტი პაციენტს ემსახურება, ამბულატორიაში კი წლიურად 12000-მდე პაციენტს 15000ზე მეტი ვიზიტი ფიქსირდება.