საქართველოს ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი სხვადასხვა დროს მომხდარი ომის მონაწილეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს. 2016 წლიდან სახელმწიფო დადგენილების არარსებობის გამო ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა კლინიკას დაფინანსება შეუწყვიტა. მოთხოვნით, აღდგეს სახელმწიფო პროგრამა, ექიმები უხელფასოდ განაგრძობენ მუშაობას, პაციენტებს კი თავად უწევთ მედიკამენტების შეძენა.
ავტორები
მაკა გოგალაძე
2010 წლიდან მუშაობს ფოტოგრაფად და ძირითადად თანამშრომლობს ბეჭდური მედიის სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან საქართველოში. 2013 წლიდან არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფოტოგრაფი.
ავტორის ისტორიები
ჰოსპიტალი - ვეტერანების მორიგი ფრონტი
ფოკას წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, რომელიც სამცხე-ჯავახეთში 1992 წელს გაიხსნა, იღუმენია ელისაბედის წინამძღოლობით ხუთი მონაზონი და ერთი მორჩილი ცხოვრობს. დედები აქ ევროპული ყაიდის ქართულ ყველს, თაფლს, შოკოლადს და სხვა პროდუქტებს ამზადებენ. მონაზვნები ასევე მუშაობენ ტიხრულ მინანქარსა და მოზაიკაზე.
ფოკა
თბილისის მეტროს დეპო დღისითაც და ღამითაც სიცოცხლითაა სავსე. როდესაც ღამდება, მხოლოდ მემანქანეები იძინებენ. მათ დაძაბულ საქმეს ნათელი გონება და დასვენებული სხეული სჭირდება. "გამღვიძებელი" ის ადამიანია, ვინც პასუხისმგებელია განრიგის დაცვაზე: ის მემანქანეებს აღვიძებს. გაღვიძების შემდეგ ისინი ყავას სვამენ, სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადიან, ამოწმებენ მატარებელს და მას სამუშაო დღისთვის ამზადებენ. დილით სადგურიდან გასული მატარებლები რამდენჯერმე ბრუნდებიან დეპოში რეგულარული ტექნიკური შემოწმებებისათვის. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ შეაკეთებენ და აბრუნებენ თბილისის მიწისქვეშა გვირაბების ლაბირითებში.
ჩასვლა
საბჭოთა კავშირის ამბავი ბაბუაჩემის ამბავია. იგი 1919 წელს, საქართველოს გასაბჭოებამდე ორი წლით ადრე დაიბადა და 1997 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ექვსი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ბაბუაჩემის 78-წლიან ცხოვრებას, მილიონობით სხვა საჭოთა ადამიანის ცხოვრების მსგავსად, ეპოქამ თავისი მიმართულება მისცა – მეორე მსოფლიო ომი, კომუნისტური პარტია, ქორწინება, ახალი სახლი და ნივთები. საბოლოოდ, ყველაფერი საბჭოთა კავშირის დაშლით და მალევე – მისი სიკვდილით დასრულდა. ბაბუაჩემის კვალი სამუდამოდ წაიშალა, როდესაც ხანძარმა მისი მამაპაპისეული სახლი გაანადგურა. ამ კომუნისტი კაცის ამბავს ხანძარსგადარჩენილი პირადი ნივთები აცოცხლებენ.
დროის ნაპერწკალი
მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გურიის დაბა ლაითურში ქართულ ენასთან ერთად რუსული, სომხური და აზერბაიჯანულიც ისმოდა. ჩაის შრომატევად კულტურაზე სამუშაოდ იქ განსხვავებული წარმომავლობის, რელიგიის და ტრადიციების მქონე უამრავი ადამიანი ჩავიდა და დიადი ინდუსტრიული მომავალის შენებაში ჩაება. 90-იანი წლების დასაწყისში წარმოება ერთბაშად შეწყდა, ჩაის გარშემო გაერთიანებული ოჯახების უმრავლესობა კი შემოსავლის გარეშე დარჩა. დღეს ლაითურში საუბარი იშვიათად ისმის, რადგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანების უმრავლესობა ჩაის სეზონზე სახლებს ტოვებს და სამუშაოდ თურქეთში მიდის. ფილმში ასახული სამი ამბავი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც ჩაიმ შეცვალა.
ღმერთო, მადლობა ჩაისთვის!
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით, სტამბოლში საცხოვრებლად ჩასული ქართველები ქალაქის სხვადასხვა პოლუსზე გაბნეულ თავის სივრცეებში პატარა საქართველოებს აშენებენ. ჰუსეინის საქართველოში ქართველები თურქულ ჩაის და კერძებს ამზადებენ, სართულიდან სართულზე დაატარებენ და ადგილობრივებს უმასპინძლდებიან. ირაკლის საქართველო კაფე გალაკტიონია, ყველასთვის ღია ქართული სამზარეულოთი, ლიტერატურით და მუსიკით. ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში ბევრი ქართველი ქალი ოჯახშია დასაქმებული. ისინი დადუსთან ხშირად იკრიბებიან, ქართულ კერძებს ამზადებენ, ქართულ სიმღერებს მღერიან და სადარდებელს უზიარებენ ერთმანეთს.
თან მიმაქვს ჩემი სამშობლო
თბილისში სწრაფი და რადიკალური ცვლილებების შემდეგ, ჩემს სახლში მალევე ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მოგონებებიც თან გაიყოლა. წაშლილი მეხსიერებით ახალ, უცხო რეალობასთან პირისპირ აღმოვჩნდი. კამერა ავიღე და წარსულში მოგზაურობა დავიწყე. ხანძრისგან დატოვებულ კვალს გავყევი, უბანში ყველა ნაცნობი ადგილი მოვინახულე, რომ მენახა რა გადარჩა, ან რა დაიკარგა სამუდამოდ. ამ ფილმით ვცდილობ, ჩემი პერსონალური ისტორიის არტეფაქტები შევაკოწიწო და ამ გზით მეხსიერებაში შემოვინახო. ეს კადრები, თავის მხრივ, საქართველოს კოლექტიურ ემოციურ მეხსიერებასაც ირეკლავს.
ჩემი ნაწილი დედამიწაზე
იმ ადგილებისა და მოვლენების დოკუმენტურად აღბეჭდვა, რომლებზეც პანდემიამ განსაკუთრებული კვალი დატოვა.
2020 სამყარო ჩვენს გარშემო მნიშვნელოვნად დავიწროვდა და მხოლოდ ფეხით სავალი მანძილით შემოისაზღვრა.
პანდემიაში სახლში მარტო გამოკეტილი რეჟისორი მაკა გოგალაძე გრძნობს, რომ გაურკვეველი მომავლის შიშთან მარტო არ არის და რაღაც დიდის ნაწილია. ამიტომაც ის ქალაქში დადის, შიშებს უცხო ადამიანებთან ერთად იზიარებს და იმ ადგილებსა და მოვლენებს აღბეჭდავს, რომლებზეც პანდემიამ განსაკუთრებული კვალი დატოვა.
მაკა გოგალაძე:
რაღაც ნამდვილად რომ შეიცვალა, პირველად, დაახლოებით ერთი წლის წინ, იმ დღეს გავაცნობიერე, როცა ავტობუსში ნიღბის ქვეშ დავახველე და ჩემ გვერდით მჯდომმა ქალმა ზურგი დემონსტრაციულად შემაქცია, მოგვიანებით კი, პირველივე შესაძლებლობისას, ჩემგან შორს გადაჯდა. იმ დღეს ადამიანს პირველად შეეშინდა ჩემი.
ამ შემთხვევიდან მალევე, მძიმეზე მძიმე გამოცდილებების მთელი სერია დაიწყო ჩემთვის და შიში ჩემი ყოველდღიურობა გახდა. მაგრამ საკუთარ შიშებთან გამკლავება არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, როცა სხვა ადამიანს ეშინია შენი. ძალიან უსუსური ხდები თურმე ამ დროს.
ამ ფილმით ყველა იმ რეალობაში შევიხედე, რომელიც ჩემგან ფეხით სავალ მანძილზეა და რომელთანაც ზურგშექცეული მე თვითონ ვიჯექი. ვეცადე, ჩემივე აღმართული შიშის კედელი გამერღვია და ხელახლა აღმომეჩინა სამყარო, რომელიც ჩემგან ხელის გაწვდენაზეა და რომელთან კავშირიც ბევრი წლის წინ, მაშინ დავკარგე, როცა შესაძლებლობების ზღვაში შესულმა ხელი გავუშვი.
სადამდეც ფეხით მისვლა შემიძლია
ადამიანები, რომლებიც ერთ ისტორიიდან მოდიან, ერთ ქუჩაზე დადიან და ერთ ენაზე საუბრობენ, ერთმანეთისგან იზოლირებულად, სხვადასხვა სივრცეებში ჯგუფებად ცხოვრობენ. წარსული ამ ჯგუფების კოლექტიურ, ემოციურ მეხსიერებაში ცოცხლობს, თუმცა სხვადასხვა სივრცეში განსხვავებულად არის გააზრებული და შეფასებული. ისტორიის ტყვეობით, ან მისგან თავის დაღწევის მძაფრი სურვილით გამოწვეული თავბრუსხვევა ამახინჯებს პერსპექტივას და მომავალიც ყველა სივრციდან განსხვავებული ჩანს. გადაკვეთის წერტილის, შესაბამისად საერთო პერსპექტივის დანახვაც თითქოს სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ეს ფილმი განსხვავებული სივრცეების ერთად თავმოყრის მცდელობაა.
ვერტიგოს ეფექტი
საქართველოს უახლესი ისტორიის არქივების შემოქმედებითი გამოყენებით რეჟისორი მაკა გოგალაძე საკუთარი ოჯახის ამბავს გვიყვება, იმას, რაც ყველაზე მკაფიოდ დაამახსოვრდა დაბადებიდან დღემდე. განსხვავებული მნიშვნელობის ეს ორი ამბავი ერთი კანონზომიერებით ვითარდება, რადგან ქვეყნის ისტორიამ მისი პირადი ისტორიაც განსაზღვრა.
ჩემი ოთახი
1990-1995 წლებში ავთანდილ მარგიანი საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 1992-1995 წწ. ქვეყნის ვიცე-პრემიერი იყო. ამჟამად მარგიანი პოლიტიკური კავშირი „ერთიანი საქართველო“-ს ლიდერია. მოძრაობის ოფისი თბილისში, სამთო ქიმიის შენობაშია განთავსებული.
რაც შეეხება 90-იანებს
საარქივო მასალა 90-იანი წლების ქუთაისის ყოველდღიურობას ასახავს. მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ხელოვანებისა და ჟურნალისტების თვალით დანახული გარდამავალი პერიოდი ქვეყნის წინაშე არსებულ მწვავე და რთულ გამოწვევებზე გვიყვება.