რეჟისორი: მაკა გოგალაძე

სადამდეც ფეხით მისვლა შემიძლია

29.03.21

იმ ადგილებისა და მოვლენების დოკუმენტურად აღბეჭდვა, რომლებზეც პანდემიამ განსაკუთრებული კვალი დატოვა. 


2020 სამყარო ჩვენს გარშემო მნიშვნელოვნად დავიწროვდა და მხოლოდ ფეხით სავალი მანძილით შემოისაზღვრა. 

პანდემიაში სახლში მარტო გამოკეტილი რეჟისორი მაკა გოგალაძე გრძნობს, რომ გაურკვეველი მომავლის შიშთან მარტო არ არის და რაღაც დიდის ნაწილია. ამიტომაც ის ქალაქში დადის, შიშებს უცხო ადამიანებთან ერთად იზიარებს და იმ ადგილებსა და მოვლენებს აღბეჭდავს, რომლებზეც პანდემიამ განსაკუთრებული კვალი დატოვა.

 

მაკა გოგალაძე:

რაღაც ნამდვილად რომ შეიცვალა, პირველად, დაახლოებით ერთი წლის წინ, იმ დღეს გავაცნობიერე, როცა ავტობუსში ნიღბის ქვეშ დავახველე და ჩემ გვერდით მჯდომმა ქალმა ზურგი დემონსტრაციულად შემაქცია, მოგვიანებით კი, პირველივე შესაძლებლობისას, ჩემგან შორს გადაჯდა. იმ დღეს ადამიანს პირველად შეეშინდა ჩემი.

ამ შემთხვევიდან მალევე, მძიმეზე მძიმე გამოცდილებების  მთელი სერია დაიწყო ჩემთვის და შიში ჩემი ყოველდღიურობა გახდა. მაგრამ საკუთარ შიშებთან გამკლავება არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, როცა სხვა ადამიანს ეშინია შენი. ძალიან უსუსური ხდები თურმე ამ დროს.

ამ ფილმით ყველა იმ რეალობაში შევიხედე, რომელიც ჩემგან ფეხით სავალ მანძილზეა და რომელთანაც ზურგშექცეული მე თვითონ ვიჯექი. ვეცადე, ჩემივე აღმართული შიშის კედელი გამერღვია და ხელახლა აღმომეჩინა სამყარო, რომელიც ჩემგან ხელის გაწვდენაზეა და რომელთან კავშირიც ბევრი წლის წინ, მაშინ დავკარგე, როცა შესაძლებლობების ზღვაში შესულმა ხელი გავუშვი.