7 min.

სახლი საბავშვო ბაღში

ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილი ბავშვები და მათი მშობლები მრავალწლიანი იზოლაციის, გადარჩენისა და პანდემიის სოციალურ გავლენაზე გვიყვებიან.

ყოველი მეორე დევნილი კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვის მოწოდების შესრულება, პანდემიის პირობებში, მათ განსაკუთრებით გაუჭირდათ. ათასობით დევნილს დღესაც არ აქვს წყალი, შესაბამისად, ძნელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თავად ამბობენ, რომ მათი იზოლაცია 90-იანი წლებიდან იწყება და დღესაც გრძელდება.

მიტოვებული სკოლების, სასტუმროებისა და საბავშვო ბაღების შენობებში დევნილებმა ახალი სახლისა და იდენტობის ძიება ერთდროულად დაიწყეს. ამასობაში თაობაც შეიცვალა. 

“სახლი საბავშვო ბაღში” ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, გლდანის კოლექტიურ დასახლებაში კოვიდ პანდემიის გავლენას აკვირდება, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებლი ოჯახები 28 წელია ცხოვრობენ.

ვიდეოს ავტორი გურამ საყვარელიძე პანდემიით გამოწვეულ იზოლაციასა და დევნილობას ერთმანეთს ადარებს და მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ‘იზოლირებისა’ და სოციალური დისტანცირების განაჩენი დევნილებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოუტანა.

მისი აზრით, “ საზოგადოებამ გასცა რეკომენდაციები იზოლირების, ტრაგედიაზე თვალის დახუჭვის. დევნილებისადმი სხვა სახის, უფრო „ჰუმანური“ მიდგომებიც არსებობს. მაგალითად, შეცოდებისა და წამიერი დასევდიანების. დამკვიდრებულია უფრო შემტევი, ცინიკური ან თუნდაც აგრესიული დამოკიდებულებებიც, რომლებიც შეძახილებში, ანეკდოტებში და მიუღებლობაში წარმოჩინდება. ეს ყველაფერი თავდაცვის მექანიზმს წააგავს, აბსტრაქტულ პირბადეს, რომელიც ყოფით რეალობაში საკმაოდ ცხადად არის გამოხატული. დევნილების დიდი ნაწილი რჩება „სხვად“ საქართველოს მოსახლეობისთვის.

სოციალური დისტანცირების არაფორმალურად გაცემულ რეკომენდაციას ჯერ კიდევ აქტიურად ვიცავთ. ათობით ათასი დევნილი მიტოვებულ შენობებში ცხოვრობს, საზოგადოებისგან განცალკევებულად. უამრავი ადამიანის საცხოვრებელი სივრცე ხშირად ვერ აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს. გადატვირთული, შეზღუდული ფართის მქონე საცხოვრისებში არსებობს ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეები და შექმნილია სტრესული გარემო.”