ცეცხლი და სუფრა

ავტორი: მარიამ ნიკურაძე
25.03.16
გამოცემა: ტრადიციები

ლამპრობა სვანეთში

„რთული ხალხი ვართ, სვანები,“ - მაფრთხილებს ჩემი მასპინძელი ლელა, სანამ პირველად მოვხვდები სვანეთში, რომელიც დღემდე გამორჩეულია უნიკალური კულტურითა და უძველესი ტრადიციებით.

ლამპრობას სხვადასხვა მთიან დასახლებაში აღნიშნავდნენ, თუმცა ის მხოლოდ სვანეთშიღა შემორჩა. საინტერესო კი ისაა, რომ ზუსტად არავინ იცის, რას ნიშნავს ეს ტრადიცია. ყველა ოჯახი თავის ამბავს მოყვება ლამპრობაზე, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს დადასტურებული არ არის. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ინტევიუზე უარი თქვა, შეცდომაში რომ არ შევეყვანე.

ჩემი მასპინძელი ლელაა, რომელმაც რესპონდენტობაზე უარი თქვა, თუმცა მეზობელი დაარწმუნა, რომ ლამპრობა მის ოჯახში გადაგვეღო. მას, ისევე, როგორც სხვა მრავალ ოჯახს, საოჯახო სასტუმრო აქვს. ბევრი ოჯახისთვის ეს აქ ერთადერთი შემოსავლის წყაროა, ლელა კი ახლა იწყებს, რადგანაც ოთახები ახლახან გაარემონტა.

მესტია თოვლით არის დაფარული. თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მიუხედავად ამისა, სითბოა, თოვლი დნება და სიარული თითქმის შეუძლებელია. ლელასთან ერთად შათიმას ოჯახს ვესტუმრეთ, როცა ის სვანური ტრადიციული კუბდარისთვის ცომს ზელდა. ყოველ წელს ცდილობს, ტრადიცია ზედმიწევნით შეასრულოს თავისი შვილის, 24 წლის გოგონას ხათრით, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა. თავს ვალდებულად თვლის, ყველაფერი ზუსტად შეასრულოს მანამ, სანამ ცოცხალია.

საჭმელი დილით ადრე მზადდება და თბილად ინახება. თორმეტსულიანი ოჯახს თბილად შეხვეული საჭმელი, ასევე ღვინო, სასაფლაოზე მიაქვს. საღამოს 8 საათისთვის მანქანქანაში სხდებიან, რომ ჩართოლანების საგვარეულო სასაფლაოს ესტუმრონ. შათიმას ოჯახი სამ საფლავს უვლის. მანქანაში საუბარი პოლიტიკისკენ იხრება. მგზავრთა უმეტესობა თანხმდება, რომ წინა მთავრობამ სვანეთისთვის ბევრი რამ გააკეთა და მისი დამსახურებაა, რომ დღეს ბევრი ოჯახის შემოსავალი სწორედ ტურიზმია, თუმცა შათიმა ამბობს, რომ უსამართლოა, არ აღნიშნონ ახალი მთავრობის ჯანდაცვის პროგრამა, რადგანაც, როცა მის შვილს ოპერაცია სჭირდებოდა გულის თრომბის გამო, უფასოდ უმკურნალეს.

ზოგიერთის თქმით, ლამპრობა დღეს უფრო სიმბოლურია. სვანების უმრავლესობა ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ ლამპრობა არ არის წარმართული ტრადიცია, როგორც ეს მრავალ ეთნოგრაფიულ წყაროშია აღწერილი. ერთნი ხსნიან, რომ ლამპრობას აღნიშნავდნენ, რომ გაეგოთ, რამდენი მებრძოლი იყო სვანეთში, რადგანაც ოჯახი იმდენ ლამპარს ანთებდა, რამდენი კაციც იყო ოჯახში საბრძოლველად მზად. თუმცა სხვები ამბობენ, რომ ეს სიცრუეა და ლამპრობით გაზაფხულს ეგებებოდნენ, ათბობდნენ გარდაცვლილთა სულებს.

შათიმას ოჯახის საფლავების წინ არსებული პატარა თოვლის გორა სუფრის მაგიდად იქცა. ლელა ჩვენთან ერთად წამოვიდა. მისი ქმარი და შვილები კი სხვა მთაზე ავიდნენ, სხვა სასაფლაოზე. ლელას დახმარებით სუფრა გაიშალა - ხაჭაპური, კუბდარი, ნამცხვრები, ხილი, ღვინო და სანთლები საფლავის ქვებსა და ღვეზელებზე.

„ამ ნამცხვრის რეცეპტი ინტერნეტში ვნახე,“ აღნიშნა ერთ-ერთმა ქალმა, რომლის ნამცხვარი ყველამ შეაქო, „დუნაის ტალღები ერქვა, მაგრამ მე ენგურის ნაპირები დავარქვი, რატომაც არა.“

სადღეგრძელოები საკმაოდ გრძელია, ყველა იცავს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ჯერ ღვთის სადღეგრძელო ისმება, შემდეგ წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის და გარდაცვლილთა ხსოვნის.

სასაფლაო სავსეა ხალხით. ჩართოლანების სხვადასხვა ოჯახი სტუმრობს მას. სუფრები გაშლილია, საფლავებზე ლამპრებს ანთებენ. ბევრი ტურისტი მოვიდა ლამპრობის სანახავად და ფოტოების გადასაღებად.

დღის ბოლოს ნაგავი გროვდება. მანქანისკენ ვბრუნდებით. უკანა გზაზე ისევ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, თუმცა დღე არ დასრულებულა. ლელას ოჯახის უხუცესმა სუფრაზე მიგვიწვია. რამდენიმე საათს ვისაუბრეთ, ძირითადად სვანეთის უძველეს და უნიკალურ ტრადიციებზე. სვანური სადღეგრძელოების წესი ისევ არ დარღვეულა.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია