აჭარელი მუსულმანი ქალები

ავტორი: ნინო-ანა სამხარაძე
12.04.16
გამოცემა: ტრადიციები

აჭარაში ისლამის გავრცელება სათავეს იღებს 1510 წლიდან, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ კავკასიაში გაფართოება დაიწყო. შედეგად, ისლამური ტრადიციები ნელ-ნელა დამკვიდრდა ადგილობრივ ცხოვრებაში.

პროექტი აღწერს აჭარელი ქალების ცხოვრებას, მათ ტრადიციებსა და კულტურას. პროექტი მიზნად ისახავს, ნათელი მოფინოს  სხვადასხვა თაობის აჭარელი მუსულმანი ქალების შეხედულებებსა და გამოწვევებს. 

ქებალი ჯიმშერაძე

"პარასკევის ლოცვა ქალებისთვის სავალდებულო არ არის - მეჩეთში წასვლა და ლოცვა სავალდებულო არაა. ფარდის იქეთ ლოცვა შეუძლიათ. ერთ შენობაში, ოღონდ ფარდის მიღმა".

 

ფატიმე 77 წლის (ხელვაჩაური)

"4 კლასი დავამთავრე. სკოლის მერე სახლის საქმიანობას ვსწავლობდით. მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი და არ მისწავლია. ხშირად ხდებოდა ასე მაშინ. 

რა ტრადიციებიც გვქონდა, ისევ ის გვაქვს. არაფერი შეგვიცვლია. ტრადიციები არ დაგვიკარგავს. როგორებიც ვიყავით, ისევ ისეთები ვართ. მეჩეთში არ დავდივართ, ოჯახში გვაქვს სალოცავი და იქ ვლოცულობთ.

ახალგაზრდობა დროის მიმდევარია. როგორი დროცაა, ისეთივე ახალგაზრდობაა. ჩვენ, მოხუცები, პირიქით. ვერასდროს შევეგუებით იმ დროს, როდესაც აღარ ვილოცებთ".

 

"რძალი რომ მოგვყავდა, დედოფალი იყო, რომელსაც ვახვედრებდით მეფეს. წინასწარ ერთმანეთს არ იცნობდნენ. როცა ერთმანეთს შევახვედრებდით, ჩადრი დახურული ჰქონდათ. მე არ ვიცნობდი ჩემს მეუღლეს და არც თვითონ მიცნობდა. 17 წლის ვიყავი რომ დავინიშნე და 3 წელი დანიშნული ვიყავი. არ ვხვდებოდით ერთმანეთს. დედამთილ-მამამთილი გვსტუმრობდა ხოლმე. ასე გავიდა 3 წელიწადი.

ახლა სხვანაირად ხდება ყველაფერი. ტელეფონით და სიყვარულით თხოვდებიან ახლანდელი გოგონები.

შუამავალი წყვეტდა და არჩევდა ოჯახს, აფასებდა რამდენად შეძლებდა რჩენას და ზრუნვას. როგორ ზიდავდნენ ერთმანეთის ტვირთს. შუამავალი თუ აქებდა გოგოსაც და ბიჭსაც, მშობლები გადაწყვეტდნენ, შვილები დაექორწინებინათ. ბიძა, მამა, დედა.. დასხდებოდნენ და გადაწყვეტდნენ საქმეს, იყიდნენ ნიშანს და ქორწილის თარიღს ნიშნავდნენ.

დღესდღეობით, ნიშნობის რამდენიმეწლიანი ტრადიცია აღარ არსებობს. ახლა ერთ კვირას თუ დაინახავენ ერთმანეთს, მეორე კვირას ქორწინდებიან. 

რომ გამოეკითხათ ერთმანეთი კარგი იქნებოდა, გეცოდინება ვის მიყვები. თუმცა ახალგაზრდები ახლა ქორწილამდე ელაპარაკებიან და ეცნობიან ერთმანეთს და ეს კარგია.

ადრე უფრო მყარი ოჯახები იყო. ქალი რომ დაქვრივდებოდა, ის მეორედ არ თხოვდებოდა. არ შეიძლებოდა. იშვიათად, თუ ძალიან უჭირდა და შვილებს ვერ უვლიდა, იძულებული იყო, გათხოვილიყო.

რელიგია არ კრძალავს მრავალცოლიანობას , მაგრამ ახლა აღარ ხდება მასე. ადრე, თუ ცოლს ბავშვი არ უჩნდებოდა, ან მხოლოდ გოგოს გააჩენდა, მაშინ ქმარს შეეძლო მოეყვანა მეორე ცოლი, მაგრამ თავის ცოლთან შეთანხმებით".

"რომ გავთხოვდი, ვცხოვრობდი ჩემი მეუღლის მშობლებთან ერთად ოჯახში. მამამთილთან საჭმელს არ ვჭამდით, წესი იყო ასეთი. არც დავილაპარაკებდით მამამთილთან. ან სხვას ათქმევინებდი შენს სათქმელს, ან საერთოდ არაფერს ეტყოდი. მე რომ რძალი მოვიყვანე, თავიდანვე ერთად დავსვი მაგიდასთან და დავალაპარაკე ერთმანეთს.

ვფიქრობ, რომ მამამთილთან ერთად რომ ჯდომა და საუბარი ძალიან ლამაზია. გინდა, რომ თან ისაუბრო და თან ჭამო მამამთილთან.

პირველად, როცა მამამთილს დაველაპარაკე და მასთან ერთად ვისადილე, ის დღე იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი".  

 

ქებალი ჯიმშერაძე 74 წლის:

"მე 16 წლის ვიყავი ცოლი, რომ მოვიყვანე. 13 წლის ასაკში დავინიშნე.

მაშინ წესი იყო ასეთი. ასე პატარას არ მინდოდა ცოლის მოყვანა, მაგრამ დედა ავად იყო და მიხედვა სჭირდებოდა. ოჯახში პრობლემები გვქონდა და ამან განაპირობა რომ, ცოლი მომეყვანა, რომელიც ოჯახის საქმეებს მიხედავდა. 1 წლის შემდეგ შეგვეძინა ბავშვი.

წლოვანობის  თანმიმდევრობის მიხედვით ქორწინდებოდნენ და-ძმები. რძალს მულების დასაქმების უფლება არ ჰქონდა. მხოლოდ ზრდილობიანად თუ თხოვდნენ, ან თუ საქმის გაკეთებას ვერ ასწრებდნენ, მაშინ შეიძლებოდა ეთხოვა მულებისთვის დახმარება.

ჩვენს შვილებს მე შევურჩიე ცოლები. ცხოვრება ისე მიდის რომ.. იმ ჩადრით ვეღარ მოიყვან ქალს".

 

სურიე ჯიმშერაძე (რძალი)

"20 წლის ვიყავი რომ, გავთხოვდი. სამკერვალოზე ვსწავლობდი, მერე დედა გამიხდა ავად.ამის გამო, დეიდებმა მთხოვეს, გავთხოვილიყავი. იმ დროისთვის, ასე, ქრმის უნახავად გათხოვება ვერ წამორმედგინა. არც ვგეგმავდი გათხოვებას.

11 წელიწადი შვილი არ მყავდა, მაგრამ მეორე ცოლის მოყვანის საკითხი არასდროს დამდგარა. ძალიან მხარში მედგა ოჯახი.

არ მინდა ჩემი შვილი რომ ქრისტიანს გაყვეს, ვერ შევეგუები. მაინც თავისებური იქნება. დღევანდელ დროში, როცა ორი ადამიანი, ქრისტიანი და მუსულმანი ხვდება ერთმანეთს, იქ უკვე სუაბარში მალევე ჩნდება კონფლიქტი. ორივეს თავისი ღირებულებები და შეხედულებები აქვს. მე ჩემი მირჩევნია, რომელსაც ჩვენი ტრადიცია აქვს და ჩვენი უფრო ესმის. თუმცა რელიგია არ კრძალავს ქრისტიანთან ქორწინებას".

„სიყვარულის 40 წესში“ (ავტორი : ელიფ შაფაქი) ქრისტიანის და მუსულმანის ერთად ყოფნა იგივეა, როგორიც ზეთისა და წყლის შერევა ერთმანეთშიო.

'სარწმუნოებას თუ იცვლის ვინმე მას ღმერთი სჯის და ხალხი არა. ხალხი არაფერს იტყვის. მთავარია, კერპთაყვანისმცემლობას არ მიეცეს.  სარწმუნოებას უნდა ჰქონდეს წიგნი.

ცხოვრებას ცხოვრება ჰქვია და გამჩენ ღმერთს ხომ დაყოფილი აქვს ეს 24 საათი. ძილისთვისაც, შრომისთვისაც, ლოცვისთვისაც და ამის მიხედვით შეძლებისდაგვარად ემსახურები და მიყვები ყველაფერს. სულ რომ ვილოცო, აქეთ ცხოვრება ითხოვს თავისას. ვიმუშაო და არ ვილოცო, მაშინ გამჩენი ღმერთი თავის დროზე თავისას გვიბრძანებს და, საბოლოოდ, რამდენსაც შევძლებთ, ღმერთიც იმდენი ჩაგვითვლის".

 

68 წლის მოსწავლე
68 წლის მოსწავლე

"2 თვეა ვსწავლობ და მალე ვამთავრებ სასწავლო კურსს. 5-6 წელი ვოცნებობდი, აქ მესწავლა, მაგრამ შვილიშვილები მყავდნენ გასაზრდელები და ვერ მოვახერხე. ახლა ღმერთს მადლობა, საშუალება ვნახე. დასაზრდელები აღარ მყავს პატარები და შეძლებისდაგავარად დავდივარ გაკვეთილებზე. დიდი სურვილი მაქვს, რომ არაბული ვისწავლო და ყურანი ვიკითხო ღმერთის წინაშე. ახლა ამ ასაკში ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც ღმერთი თურმე მომხმარეა და რაღაც-რაღაცეებს ვითვისებ.

ახალგაზრდობაში სკოლაში ვსწავლობდი, ვმუშაობდი კოლექტივში, შემდეგ ვაჭრობაში ვიყავი ჩართული. ცხოვრება ითხოვდა. ახლა კი, აღარ მეხება ცხოვრება. აქ კი მასწავლებლები შეუძლებელს აკეთებენ, რომ მე რაღაც ავითვისო.

ძალიან განსხვავდებიან თაობები, ღმერთო გვაპატიე და ღმერთო მოგვეხმარე. დღეს უკვე ქალი-კაცი აღარ გაირჩევა და ყველაფერი გამოტანილი აქვთ სააშკარაოზე. ამას ღმერთი ჩვენ არ გვაპატიებს.

ქალის ტანს ქმრის გარდა რატომ უნდა ხედავდეს ვინმე? მოდა.. მოდას რომ ავყვეთ, რამდენ რამეს შვრება. მოდამ დააქცია ყველაფერი და არ უნდა ავყვეთ მოდას.

ადრე ვერ დაილაპარაკებდი მამამთილთან, ვერც მამამთილთან სუფრასთან დაჯდებოდი, ლუკმას შეჭამდი, ვერც კარში გაივლიდი სწორად, ზურგს ვერ შეუქცევდი მამამთილს.

ახლანდელი რძლები არაფერს ერიდებიან, ყველაფერი გათანაბრებულია.  ხომ უნდა განსხვავდებოდეს მამამთილი და მოსული რძალი? ამით განსხვადებოდნენ და მეტი დაფასება იყო. ენა ბევრ რამეს იტყვის. ენას რომ შეაჩვევ, ერთს იტყვი და მიყვება და მიყვება.. ამით იყო შეზღუდული რძალი. თავის თავსაც იფასებდა, მამამთილსაც და ოჯახსაც აფასებდა. ეს მნიშვნელოვანი იყო.  დაფასების საკითხი იყო ეს.

მამა მყავდა ძალიან მკაცრი.  ოჯახში რომ შემოდიოდა, მეორე ოთახში ვიყავით აქეთ როგორ გამოვიდოდით. რომ  გამოგვხედავდა, ჩვენ უკვე ვიცოდით რას გვანიშნებდა. მე საკუთარ მამასთან გადაბმულად 3 სიტყვა არ მქონდა ნათქვამი. არ გვაძლევდნენ უფლებას.

სკოლას რომ ვამთავრებდი მამაჩემმა ჩემი გათხოვება გადაწყვიტა. სასტიკ უარზე ვიყავი, ჯერ ვსწავლობდი და გათხოვებას არ ვგეგმავდი. ოთახში გამოვიკეტე, ჯერ რძალი შემომიგზავნეს, რძალს რომ უარი ვუთხარი მერე და შემომიგზავნა, შემდეგ ძმა.. მე ვქვითინებდი, ბალიში დასველებული მქონდა ცრემლებისგან. მამაჩემი შემოვიდა - მე მიცემული მყავხარ, აბა გაბედე რამე, ყველაფერი გადაწყვეტილიაო.

მშობლის სიტყვა კანონი იყო. თორემ არ ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ გაუცნობლად გავთხოვილიყავი. მე რომ მამაჩემმა ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა, დავფიქრდი, შემეძლო უარი მეთქვა. სხვა დროს, რომ გავპარულიყავი ეგეც შემეძლო, მაგრამ ვიფიქრე ვაითუ არ გამიმართლოს. ან მეუღლე გარდაიცვალოს ან რაიმე უთანხმოება მომსვლოდა, სად მივდიოდი, ბოლოს ვინ მიპატრონებდა? ისევ მშობელი.. მერე რა პირით მოვბრუნებულიყავი უკან? ეს გავთვალე და ამიტომ გავთხოვდი მამის ნებაზე.

ქორწილი გადაწყდა. ნანახი არ მყავდა საქმრო. სიძე ეზოში შემოვიდა და მე თვალი ვერ გავუსწორე. ფეხებში ვუყურებდი. ვიცოდი ყველა მე მაკვირდებოდა. ყველამ იცოდა, რომ უარი მქონდა ნათქვამი და ძალით მათხოვებდნენ. მაშინ ფეხის დაბიჯების ტრადიცია იყო. ცოლი თუ დაასწრებდა და ფეხს დააბიჯებდა, მაშინ ცხოვრებაში ქმარს მის სიტყვაზე დაიყოლიებდა. თუ ქმარი დაასწრებდა, პირიქით იქნებოდა. ამიტომ ვუყურებდი ფეხებში და დავასწარი დაბიჯება. მაინც გადაწყვეტილი იყო ჩემი გათხოვება და ეს ერთი რამ მაინც მომესწრო. ოთახში შესვლამდე ქმარს არ ვიცნობდი. 17 წლის ვიყავი მაშინ. ოჯახმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და სწავლა დამამთავრებინა. მერე ბავშვი შემეძინა. მაშინდელი ცხოვრება სულ სხვა იყო...ძალიან რთული იყო".

 

ელზა, 18 წლის
ელზა, 18 წლის

"მე-12 კლასში ვსწავლობ. აბიტურიენტი ვარ. 10 თვეა, რაც ჰიჯაბი მახურავს. მინდოდა და ოჯახშიც ვისაუბრეთ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ დავიხურავდი, მაგრამ პრინციპში სკოლა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჰიჯაბი არ მეფარა. სახლში, გარეთ და ლოცვისას, ისედაც მეფარა. მაგრამ მერე სკოლის დამთავრებას ვეღარ დაველოდე. ვიფიქრე, რას მიშლიდა სკოლა და მომინდა ამ ნაბიჯის გადადგმა. დედაჩემმა სთხოვა მამას, რომ  გადავერწმუნებინე, მაგრამ მამაჩემიც ისეთი კაცია, მითუმეტეს როცა რელიგიას ეხება საქმე, ვერაფერს დაგიშლის. მამაჩემმა მითხრა, რომ დიდი გოგო ხარ და გატყობ, გადაწყვეტილი გაქვსო. მხარი დამიჭირა.

ძველ თაობაზე რაც მესმის, როგორი მკაცრი მშობლებიც იყვნენ...მამაჩემი ასეთი რომ ყოფილიყო, ალბათ, არ ვიცი, სახლში ვერ გამაჩერებდნენ.

მხარდაჭერა მართლა ბევრს ნიშნავს. დირექტორს რომ უფლება არ მოეცა, მე ვერ მივიდოდი ისე ჰიჯაბით. თუ უფლებას არ მომცემდნენ მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი სოფლის სკოლაში წავიდოდი.

გზაში ვფიქრობდი, მეგონა ისეთი ძლიერი ვიყავი, მთას ავწევდი. დირექტორთან რომ შევედი,  მობილურზე ლაპარაკობდა და გაჩერდა. დამაჯინა. რა ფორმაში ხარო? თუ გახვალ გარეთ, ჰიჯაბს მოიხსნი და ისე შემოხვალ, დაგელაპარაკებიო. მე დავარწმუნე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მქონდა მიღებული.

დირექტორმა ბოლოს მითხრა: „დაგიშვებ, იმიტომ რომ სხვას დავანახო, რომ ეს შესაძლებელია.“ ახლა ჰიჯაბით დავდივარ სკოლაში და,  სხვათაშორის, ამის მერე უფრო მეტ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ კლასის მხრიდან.

ახლა ჰიჯაბის მოდაც წამოიწყეს. ერთი გოგო მეკითხება, ყოველთვის ერთნაირად რატომ იფარებო, შეცვალე ცოტა იმიჯიო. მე ვუთხარი, რომ მოდისთვის არ დამიხურავს, მე რელიგიისთვის მაფარია.  

ძველი ტრადიციები, რომლებზეც მსმენია, ძირითადად ქალებს უკავშირდება. ქალი მაშინ თითქოს უფრო მოკრძალებული იყო, მეტი შიში და მორიდება ჰქონდა. ახლა უფრო თავისუფლად ვართ. ალბათ, განვითარებამ და მენტალიტეტის შეცვლამ იმოქმედა. ასევე, ალბათ, ცოდნამ და განათლებამ. ეს ყველაფერი გვხდის ასეთებად".

 

მასწავლებელი, 23 წლის

"ვფიქრობ, რომ, დღესდღეობით, ახალგაზრდობა ცდილობს უფრო მეტად შეისწავლოს რელიგია. ადრე ცოდნა თითქოს უფრო ნაკლები იყო და, შესაბამისად, ცრურწმენა - უფრო მეტი. ბევრი რამ არასწორად აღიქმებოდა. ახლა, რადგან რელიგია ისწვალება, უფრო სწორად იქცევიან.

სხვადასხვა თაობის მოსწავლეები გვყავს. ძველი თაობის წარმომადგენლებმა უფრო ტრადიციებიდან გამომდინარე იციან რელიგია. ისეთ რამეს მიიჩნევენ ცოდვად, რაც არ არის ისლამში ნახსენები. ახალი თაობა, კი უფრო მეტად სწავლობს და ამიტომ ნაკლები ცრურწმენით საზრდოობს.

თავიდან არაფერი ვიცოდი რელიგიის შესახებ. შემდეგ გავიცანი ისეთი მეგობრები, რომლებიც რელიგიურები იყვნენ და უფრო საფუძვლიანად შევისწავლე სარწმუნოება და ახლა მეც ვასწავლი".

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია